ასეთი შეტყობინება მარიამ სიჭინავამ 22 მაისის დილას მიიღო, თუმცა, რამდენიმე საათში, ზუგდიდელმა აქტივისტმა ბანკიდან მიღებული კიდევ ერთი SMS-ით გაიგო, რომ მის ანგარიშებს ყადაღა მოეხსნა.
მარიამს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ბავშვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი აქვს და ყოველთვიურ შემწეობას (100 ლარს) იღებს. მისი ერთადერთი მარჩენალი ახლა დედაა. სწორედ მარიამის სახელზე ირიცხება შვილის შემწეობაც.
დაზუსტებით თქმა არ შეუძლია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამ ეტაპზე, ყადაღის გაუქმების გადაწყვეტილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერის გამო მოხდა.
როგორც იურისტები უხსნიან რადიო თავისუფლებას, კანონის თანახმად, სახელმწიფოსგან მიზნობრივი სახდელის, ანუ სოციალური შემწეობის მიმღები პირების მიმართ აღსრულების წარმოების სხვა პრინციპები მოქმედებს.
მაგალითად, კანონის თანახმად, მართალია, შესაძლებელია, რომ სოციალური შემწეობის მიმღები პირის ქონებას ყადაღა დაედოს, თუმცა, ამ ქონების გაყიდვა ვერ მოხდება. ან თუკი მის ანგარიშებს ყადაღა დაედება, ეს ყადაღა არ შეეხება მისთვის დარიცხულ შემწეობას.
ერთ დღეში დადებული და მოხსნილი ყადაღა
მარიამი სიჭინავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბოლო თვეებია, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს არღვევს, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჯარიმები მას დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული უგროვდება.
აქტივისტი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისთვის გამოწერილი ჯარიმების საერთო თანხა 70 ათას ლარს აღემატება. მათ შორის, 8 ჯარიმა უკვე ატვირთულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში და ე.წ ვალის რაოდენობა 30 ათას ლარს შეადგენს.
„კანონში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, შავით თეთრზე წერია, რომ ანგარიშების დაყადაღება ვერ მოხდება იმ პირებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ შემწეობას. ჩემი შვილის მამა გარდაცვლილია, მე ვარ ბავშვის ერთადერთი მარჩენალი, თუმცა, როგორც ჩანს, ამ დილას, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ქართული ოცნების“ პარლამენტარის, ირაკლი ზარქუას დავალების შესრულება ნაჩქარევად, კანონის გვერდის ავლით გადაწყვიტა“, - ამბობს მარიამი. „ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა მას სასამართლოში უჩივის. სხდომა 23 მაისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოშია დანიშნული.
მარიამ სიჭინავა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 20 მაისს, ზუგდიდში, ირაკლი ზარქუამ, თანმხლებ პირთან ერთად, მას და კერენ ესებუას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქტივისტებმაც უპასუხეს:
„როგორც ის გვაგინებდა, ჩვენც ზუსტად იმავე სიტყვებით ვპასუხობდით. ამის შემდეგ, ზარქუას თანმხლები პირი კერენს შეეხო ხელით, რომელსაც ტელეფონი დაუვარდა და დაიმტვრა. თავდაპირველად, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა, როგორც მოგვიანებით შეგვატყობინეს, პოლიციას მიმართა ირაკლი ზარქუამაც".
სიჭინავამ არ იცის, რა მუხლით ედავებიან.
"მგონია, რომ ამ დილას, ეს დაანონსებული ყადაღა იყო მოსამზადებელი ნაბიჯი, რომ ხვალ ბრალმდებლებმა ცალსახად მოითხოვონ ჩემი პატიმრობა, რადგან არ ვიხდი ჯარიმებს“, - შიშობს ის.
24 ჯარიმა და 16 ათასლარიანი ყადაღა
24 ჯარიმა აქვს მიღებული ნიკა ნარსიას. მათგან სამი ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მის საბანკო ანგარიშებს უკვე დაედო ყადაღა. ჯარიმების საერთო თანხა 16 ათასი ლარია.
„ერთ ბარათზე მქონდა 400 ლარი და სრულად ჩამომაჭრეს. როგორც კი ჩემს ანგარიშებზე გაჩნდება თანხა, სავარაუდოდ, ასე წაიღებენ. რამდენიმე დღის წინ ჩამოაჭრეს ბარათიდან თანხა ჩემს მეგობარსაც. შვილისთვის გადადებული თანხა ჰქონდა 1600 ლარი და ეს თანხა მთლიანად წაიღო აღსრულების ბიურომ“, - ეუბნება ნიკა ნარსია რადიო თავისუფლებას, რომელიც გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ყოველდღე გადის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციებზე.
ჯარიმების უმეტესობა სამართალდამცავებმა მას გზის უკანონო გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გამოუწერეს. ჯარიმების ნაწილი გასაჩივრებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში:
„ორი დღის წინ დამირეკეს და კიდევ სამი ჯარიმის შესახებ შემატყობინეს. ყველა ჯარიმა გზის გადაკეტვაზეა. ორი დღე ვერ გავედი რუსთაველზე და იმ დღეებზეც კი მომივიდა ჯარიმები.
თავიდანვე ვთქვი, რომ ამ ჯარიმებს არ გადავიხდი. ყველა ჯარიმის გასაჩივრება ვერ მოვახერხე, რადგან ამ რაოდენობის ჯარიმებში რამდენიმე მათგანი გამომრჩა და გამოვტოვე ჯარიმების გასაჩივრების ათდღიანი ვადა.
ჩემი ჯარიმების განხილვა ჯერჯერობით ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს. მათ დამატებით მოითხოვეს განხილვის რამდენიმეთვიანი პერიოდი და როდის დაასრულებენ განხილვებს ჯერ არც ეს ვიცი. არცერთი თეთრი არ გადამიხდია ჯარიმებში და არც ვაპირებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა ნარსია.
უცნობი სტატისტიკა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბოლო ცვლილებებით, რომელიც 2025 წლის 7 თებერვლიდან შევიდა ძალაში, შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია უწერს და საჯარიმო ქვითრებსაც პოლიცია აბარებს მათ. 5000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმების რაოდენობაც.
დაჯარიმებულთა უმეტესობას შსს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174-ე პრიმა მუხლით ჩადენილ სამართალდარღვევას, „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. თუმცა, ეს მუხლი სხვა სამართალდარღვევებსაც მოიცავს, მაგალითად, „მანიფესტაციების შესახებ კანონის“ დარღვევა - სახის ნიღბის ტარება, ლაზერის ფლობა, პიროტექნიკის გამოყენება და სხვა.
რადიო თავისუფლებამ არაერთხელ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით, მოითხოვა ბოლო თვეებში, დაჯარიმებულთა და ჯარიმების საერთო რაოდენობის სტატისტიკა.
ერთ-ერთი ოფიციალური წერილი რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ თებერვალში გააგზავნა.
რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, თვეები დავამატეთ და უწყებას წერილობით კიდევ ერთხელ მოვთხოვეთ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 31 აპრილის ჩათვლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), 166 (წვრილმანი ხულიგნობა) და 174 პრიმა მუხლით, ერთი მხრივ დაკავებული და მეორე მხრივ, სასამართლოში დაბარებული მოქალაქეების ჯამური სტატისტიკა და ასევე:
- მათ მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული სასჯელების სახე და რაოდენობა.
- გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა
- ადმინისტრაციული პატიმრობების ხანგრძლივობა და მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
ადმინისტრაციულ კოდექსში შესულ ცვლილებებამდე, ანუ 7 თებერვლამდე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2023 წლიდან 2025 წლის 7 თებერვლის მონაცემებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ, ადმინისტრაციული სამართლის საქმის წარმოება 1600-ზე მეტ პირს შეეხო. იმ დროისათვის დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 600 ათას ლარს აჭარბებდა.
ჯარიმა მოვიდა, ახლა როგორ მოვიქცე?
რეკომენდაციებს რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნინო ხუციშვილი უზიარებს.
- წვრილმანი ხულიგნობა ან სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა
თუკი მოქალაქეს სასამართლო აჯარიმებს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე ან 173-ე მუხლების თანახმად, მან ჯარიმა სასამართლოს დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღეში უნდა გადაიხადოს. გასაჩივრება შეუძლია სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ ეს საჩივარი გადახდის ვადას არ აჩერებს.
- გზის ხელოვნურად გადაკეტვა, - სახის ნიღბის ტარება, ლაზერის ფლობა, პიროტექნიკის გამოყენება და სხვა.
რაც შეეხება 174-ე პრიმა მუხლს, როდესაც მოქალაქეს პირდაპირ პოლიცია აჯარიმებს, ანუ, პოლიციელი აბარებს ქვითარს, აქ აი, ასეთი საფეხურების გავლა მოუწევს დაჯარიმებულს:
მას შეუძლია ჯარიმა გაასაჩივროს შინაგან საქმეთა სამინისტროში - ჯარიმის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ დაადგენს, რომ პირი სამართალდამრღვევია, ამჯერად საჩივარი უკვე სასამართლოში იწერება.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრება, ასევე 10 დღის ვადაში, შესაძლებელია უკვე სააპელაციო სასამართლოში.
როგორც ნინო ხუციშვილი უხსნის რადიო თავისუფლებას, თუკი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებამდე, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის, პირს ჯარიმა მაინც უნდა გადაეხადა და ამის შემდეგ გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, ეს შეიცვალა:
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, 290-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება აჩერებს აღსრულებას, ანუ პირს აღარ აქვს ვალდებულება, რომ მაინც გადაიხადოს ჯარიმა და შემდეგ გაასაჩივროს ის სააპელაციოში. ანუ, თუკი დაცული იქნება კანონის მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ჯარიმის გადახდის ვადა ჩერდება“, - ამბობს ნინო ხუციშვილი.
თუმცა, როგორ იქცევა ან მოიქცევა სასამართლო ჯარიმების გასაჩივრების შემთხვევაში, ამის პრაქტიკა, ნინო ხუციშვილის თქმით, ჯერჯერობით, არ გვაქვს, რადგან ამ ეტაპზე, ყველა დაჯარიმებულის საქმეს ჯერ ისევ შსს განიხილავს და მათ სასამართლომდე არ მიუღწევია
თუკი ჯარიმას არ ასაჩივრებ
ამ შემთხვევაში, საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ერთვება.
ის ან საბანკო ანგარიშებს აყადაღებს და ანგარიშიდან შესაბამისი თანხის ჩამოჭრას იწყებს ან თუკი პირს საბანკო ანგარიში არ აქვს, შეუძლია მის სახელზე არსებული ქონების, მათ შორის, უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება და მაგალითად, მათი აუქციონზე გაყიდვა.
„თუკი არანაირი ანგარიში და ქონება არ არსებობს პირის სახელზე, ამ შემთხვევაში, ეს პირი აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოვალეთა რეესტრში ეწერება, რომ მას შესასრულებელი აქვს ვალდებულება და როდესაც მას გაუჩნდეს რაიმე ქონება, მაშინვე დაიწყება აღსრულების პროცესი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი ნინო ხუციშვილი.
მისივე თქმით, თუკი დაჯარიმებულს არც ანგარიში აქვს, არც რაიმე უძრავი ქონება, აღმასრულებელს შეუძლია მივიდეს იმ სახლში, სადაც ის ჩაწერილია და ჯარიმის ღირებულების ნივთები, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთები დააყადაღოს. თუ ეს ნივთები დაჯარიმებულს არ ეკუთვნის, მაშინ ნივთების მფლობელმა სასამართლოს უნდა მიმართოს და მოითხოვოს ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება.
ყადაღის გამოყენება აღსრულების ბიუროს შეუძლია მაშინაც, თუკი დაჯარიმებული გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის, სასამართლო კი მაინც დაადგენს, რომ პირი სამართალდამრღვევია და მას დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია.
გირაო და არა ჯარიმა - ფინანსური წნეხის კიდევ ერთი გზა
ბოლო კვირებია, აღკვეთის ღონისძიების სახით ათასობით ლარს უფარდებს სასამართლო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ეს არის გირაო და არა ჯარიმა.
საქმე ეხება ე.წ წულუკიანის კომისიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად, „ქართული ოცნების“ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას, რის გამოც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეები სასამართლოში მიდის, მოსამართლეები კი მათ აღკვეთის ღონისძიების სახით მრავალათასიან გირაოს უფარდებენ.
22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, პარტია "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და კოალიციის "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე პრინციპული უარი განაცხადა.
გირაოს პრინციპულად გადაუხდელობის გამო, რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსაც შეუცვალა 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, რომელსაც მსგავსი ბრალდება აქვს წაყენებული, ამბობს, რომ არც ის გეგმავს გირაოს გადახდას.
ამავე საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი) და გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი).
გირაოს გადახდის ვადად 30 დღეა განსაზღვრული.
როგორც საიას იურისტები უხსნიან რადიო თავისუფლებას, ამ შემთხვევაში, თუკი მოსამართლის მიერ გამოყენებულ გირაოს არ იხდის პირი, პროკურატურა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე შუამდგომლობს სასამართლოში და ეს ალტერნატივა, როგორც წესი, პატიმრობაა.
თუმცა, მათივე განმარტებით, კანონმდებლობა არ ავალდებულებს პროკურატურას, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიებად აუცილებლად პატიმრობა მოითხოვოს:
„გირაოს დაკისრების დროს გაწერილია სხვა ვალდებულებებიც, მათ შორის, მაგალითად, პროცესებზე გამოცხადების ვალდებულება, საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთის აკრძალვა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, პროკურატურას შეუძლია, რომ არ მოითხოვოს პატიმრობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საიას იურისტი.
„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაჯარიმებულები 25 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შუშებიანი შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი ამბობენ, რომ ჯარიმები, ხშირ შემთხვევაში, კანონისა და პროცედურების დარღვევითაა გამოწერილი და ჯარიმები მიზნად ისახავს საპროტესტოდ განწყობილი მოქალაქეების დაშინებას.
ფორუმი