Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პოლიტიკური მოტივი და რუსეთის შესაძლო მონაწილეობა“ - ანდრიი პარუბიის მკვლელობის ვერსიები


ანდრიი პარუბიი, 2016 წელი
ანდრიი პარუბიი, 2016 წელი

მოკლედ

  • ანდრიი პარუბიის მკვლელობამ შოკი მოჰგვარა უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოებას.
  • მკვლელობის ვერსიებს შორის პოლიტიკური მოტივი და რუსეთის მონაწილეობა განიხილება.
  • პარუბიი იყო „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისათვის მებრძოლი პოლიტიკოსი.

2 სექტემბერს ლვოვში უკრაინელ პოლიტიკოსს, უმაღლესი რადის ყოფილ სპიკერსა და პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ანდრიი პარუბიის ეთხოვებიან. 30 აგვისტოს, შაბათ დილით ლვოვში, ეფრემოვის ქუჩაზე, ის უცნობმა რვა გასროლით მოკლა.

უკრაინელი სამართალდამცავები მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. პარუბიის თანაპარტიელები ამბობენ, რომ ეს შეკვეთილი, პოლიტიკური მკვლელობა იყო, იმავეს ფიქრობენ ლვოველებიც.

ანდრიი პარუბიის ცხედარი ლვოვში. 30 აგვისტო, 2025 წელი
ანდრიი პარუბიის ცხედარი ლვოვში. 30 აგვისტო, 2025 წელი

გასროლის ხმა იმ დილას მეზობელ ქუჩებზეც გაიგეს. სოციალურ ქსელში მალევე გამოჩნდა ვიდეოკამერიდან ამოღებული კადრები. მასზე ჩანს, რომ პარუბიი 11:35 საათზე ეფრემოვის ქუჩაზე სპორტული ჩანთით მოდის. დამნაშავემ, რომელსაც თავზე მუქი, „გლოვოს“ კურიერის ჩაფხუტის მსგავსი თავსაბურავი ეხურა, მას ზურგში ესროლა. გაირკვა, რომ ეჭვმიტანილი ქალაქში ელექტროველოსიპედით გადაადგილდებოდა.

პოლიტიკოსის მეზობლებმა და ლვოვის იმ უბნის მცხოვრებლებმა, სადაც მკვლელობა მოხდა, რადიო თავისუფლების უკრაინულ ბიუროსთან თქვეს, რომ პარუბიი სახლთან ახლოს, სპორტულ დარბაზში დადიოდა.

"ვხედავდი, როგორ გამოდიოდა სახლიდან დაცვის გარეშე. ჩვენი სახლი ეფრემოვის ქუჩის გვერდითაა. სპორტულ დარბაზში დადიოდა. ჩვენს სახლთან ტერიტორია ჩაკეტილია. მეზობლებმა მითხრეს, ჩაგვიარაო."

"აქ მცხოვრებმა მეზობელმა დაინახა და მიესალმა."

"ვიცოდი, რომ იქ ცხოვრობდა, ახალ სახლში."

" სროლა გავიგე, მეტი არაფერი."

ანდრიი პარუბიი. 2019 წელი
ანდრიი პარუბიი. 2019 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მკვლელობა დეტალურად იყო დაგეგმილი. ამ თემაზე ლვოვის ოლქის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბრიფინგზე, რომელიც პოლიტიკოსის მკვლელობასთან დაკავშირებით გაიმართა.

ალექსანდრ შლიახოვსკიმ, რომელიც ლვოვის ოლქში უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ უცნობმა რვაჯერ ისროლა. მასრები დანაშაულის ადგილას იპოვეს, იარაღს კი ჯერაც ეძებენ. მისი სიტყვებით, ეს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი იყო.

„ეს არის რუსეთის შურისძიება მისი პოზიციის გამო“

მსროლელი პროფესიონალი იყო? მარტო მოქმედებდა? მიმართა ანდრიი პარუბიიმ დაცვის დასანიშნად სამართალდამცავებს? ვინმე ემუქრებოდა? ეს კითხვები პასუხების გარეშე დარჩა. უკრაინის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დამნაშავეს ეძებენ და გამოძიებას ხელი რომ არ შეეშალოს, დეტალებს ჯერ ვერ გაამხელენ.

ოლქის პროკურატურის ხელმძღვანელი ნიკოლაი მერეტი ვერ ამბობს, უკავშირდება თუ არა ეს მკვლელობა უკრაინელი ენათმეცნიერის, ირინა ფარიონის მკვლელობას. ის 2024 წლის 19 ივლისის საღამოს საკუთარ სახლთან ტაქსის ელოდებოდა, როდესაც თავს დაესხნენ. ეს ორი მკვლელობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა ვერსიები არსებობს ანდრიი პარუბიის დაღუპვასთან დაკავშირებით, საოლქო პოლიციის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ვერსიები ბლომადაა, მათ შორის განიხილავენ პოლიტიკურ მოტივსაც და რუსეთის მონაწილეობასაც.

„მას თანმიმდევრული სახელმწიფოებრივი პოზიცია ჰქონდა“

უკრაინის სახალხო დეპუტატი ნიკოლაი კნიაჟინცკი მიიჩნევს, რომ ანდრიი პარუბიის მკვლელობა „რუსეთის შურისძიებაა მისი პოზიციის გამო“. „ის აქტიურად მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტში. პოზიციონირებდა, როგორც სახელმწიფო მოხელე. მიიჩნევდა, რომ ომის დროს პოლიტიკური დებატები გვერდზე უნდა გადაიდოს. ეს მისი პოზიცია იყო, თანმიმდევრული და სახელმწიფოებრივი. მოკლეს იმ ხალხის დასაშინებლად და გასანადგურებლად, ვინც ნამდვილი, ძლიერი, პასუხისმგებლობიანი უკრაინელი ლიდერია - უკრაინელ ერს მომავალი რომ არ ჰქონდეს. ეს არის რუსეთის მიზანი, ამის გამო სურთ ერისა და მისი ლიდერების განადგურება“, - ამბობს ნიკოლაი კნიაჟინცკი.

"ვერხოვნა რადის" ყოფილი თავმჯდომარის მკვლელობის ადგილას „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი პეტრო პოროშჩენკო მივიდა. ბოლო არჩევნებზე პარტიის წინასაარჩევნო სიაში ანდრიი პარუბიი მეორე ნომრად ეწერა. ამ პარტიის ლიდერი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტია. პარუბიი მაშინ პარლამენტში შევიდა.

პოროშენკო მიიჩნევს, რომ მისი თანამებრძოლის სიკვდილში რუსეთის ხელი ურევია: „რუსეთი უკრაინელი ხალხის „დენაციფიკაციას“ ახორციელებს. ვისაც არ უნდა შეესრულებინა, დამკვეთი და პასუხისმგებელი პუტინია“, - განაცხადა მან.

იაროსლავ იურჩიშინი, დეპუტატი, უკრაინის უმაღლესი რადის წარმომადგენელი სიტყვის თავისუფლების საკითხებში, სოციალურ ქსელში ანდრიი პარუბიის იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩამოთვლის, რომლებიც, მისი აზრით, სიკვდილის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო: „მოკლეს იმისთვის რომ: 1997 წელს ლვოვში კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლა არ დაუშვა; შექმნა და სული ჩაჰბერა უკრაინის ახალგაზრდულ მოძრაობას - „მემკვიდრეობა“ და „უკრაინის პატრიოტი“, 1990-2000 წლებში ისინი ძირითადი მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალები იყვნენ. აქტიურად მონაწილეობდა "ნარინჯისფერ რევოლუციაში", ხარკოვის შეთანხმების წინააღმდეგობაში, „ენობრივ მაიდანში“. მხარს უჭერდა ევროკავშირს იანუკოვიჩის დროს. "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს მაიდანის დაცვას ლიდერობდა. მოიპოვა (მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ ტურჩინოვის გარდა, თითქმის ყველა ეწინააღმდეგებოდა) იარაღი მოხალისეობრივი ბატალიონებისთვის, მაშინ, როდესაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელობდა. როცა უმაღლესი რადის თავმჯდომარე იყო, ასობით კანონი მიიღო ევროინტეგრაციისთვის, მათ შორის ანტიკორუფციული კანონები. მთავარი როლი ითამაშა უკრაინული ენის შესახებ კანონის მიღებისას (კანონი „უკრაინულის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ - ამ კანონს მკაცრად აკრიტიკებდნენ მოსკოვში რ.თ.“). ეხმარებოდა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის მოპოვებაში“, - წერს იურჩიშინი.

მკვლელობა - რუსეთის იარაღი დასაშინებლად

ეროვნულმა პოლიციამ რადიო თავისუფლებას არ უპასუხა კითხვებზე, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ ანდრიი პარუბიი რამე საფრთხეს გრძნობდა ან ემუქრებოდნენ. ვლადიმირ არევი, მოკლულის თანაპარტიელი, წერს, რომ ნახევარი წლის წინ პარუბიიმ განცხადებით ითხოვა, მისთვის დაცვა დაენიშნათ. თუმცა რადიო თავისუფლებას ლვოვის რეგიონული სამმართველოს პოლიციამ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურა. სახელმწიფო დაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ თანამდებობის პირები დაცვით სარგებლობენ უფლებამოსილების შეწყვეტიდან კიდევ ერთი წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ წინააღმდეგ ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი შედის. ამავე დროს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უმაღლესი რადის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ისარგებლოს დაცვით ამ თანამდებობაზე ყოფნისას. ანდრიი პარუბიის ეს პოსტი 2016-2019 წლებში ეჭირა.

უმაღლესი რადის დეპუტატი ანდრიი პარუბიი პარლამენტის ჭიშკარს ხერხავს. 2011 წელი
უმაღლესი რადის დეპუტატი ანდრიი პარუბიი პარლამენტის ჭიშკარს ხერხავს. 2011 წელი

2015 წლის გაზაფხულზე, როდესაც ანდრიი პარუბიი უმაღლესი რადის პირველი ვიცე-სპიკერი იყო, დაცვა ჰყავდა, რადგანაც განაცხადა, რომ არსებობდა მისი გატაცებისა და რუსეთში გადაყვანის საფრთხე. ირწმუნებოდა, რომ უკრაინული დაზვერვისგან ინფორმაცია ჰქონდა, რომ მას გატაცებას უპირებდნენ. პარტია „ევროპული სოლიდარობის“ განცხადებაში ნათქვამია, „რომ ანდრიი პარუბიის მკვლელობა შემთხვევითი დანაშაული არ არის და მას უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ტერორის ნიშნები აქვს“.

უკრაინის სახალხო დეპუტატს, ვლადიმირ ვიატროვიჩს მიაჩნია, რომ მისი თანაპარტიელის მკვლელობა რუსეთის იარაღია დასაშინებლად.

ანდრიი პარუბიის მკვლელობამ არა მხოლოდ უკრაინელი პოლიტიკოსები დაზაფრა, არამედ ლვოვის მაცხოვრებლებიც. ყველა, ვისაც კი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გაესაუბრა, ამ მკვლელობას ირინა ფარიონის მკვლელობას ადარებდა.

"რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური, შეკვეთილი მკვლელობაა."

"მეც იმ ქუჩით დავდიოდი ხოლმე, იმ დროს შეიძლებოდა იქ ვყოფილიყავი."

"თავზარდამცემია, ამ რაიონში ცხოვრობდა, თითქმის ბავშვობიდან ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო."

"აღმაშფოთებელია ასეთი მკვლელობა. კი არ გაშინებს, ჩაგაფიქრებს."

"ირინა ფარიონივით მოკლეს, იგივე კვალი ჩანს. ნათელი ადამიანი იყო."

"ყველა დამნაშავეს უკრაინელი ხალხის დაშინება სურს. მე არ მეშინია. ისევ ვივლი ჩემს ქუჩებზე. ვიცი, რომ გავიმარჯვებთ."

ვინ იყო ანდრიი პარუბიი

ანდრიი პარუბიი ლვოვის ოლქში, ქალაქ შეპტიცკში დაიბადა. წელს, 31 იანვარს, 54 წელი შეუსრულდა. განათლებით ისტორიკოსმა საზოგადოებრივი საქმიანობა ჯერაც სტუდენტმა დაიწყო. ხელმძღვანელობდა ეროვნულ ორგანიზაციას „მემკვიდრეობა“, პიკეტებს აწყობდა. 1991 წელს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო უკრაინის სოციალ-ნაციონალური პარტიისა, რომელსაც 2004 წელს სახელი გადაერქვა და „თავისუფლება“ ეწოდა. 19 წლისა ლვოვის რეგიონული საბჭოს დეპუტატი გახდა, შემდეგ ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იყო. 2002 წლიდან ლვოვის რეგიონულ საბჭოს ხელმძღვანელობდა.

"ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს კიევში უკრაინული სახლის კომენდანტი იყო. პროტესტის დროს (რასაც უკრაინაში "ღირსების რევოლუცია" შეარქვეს) მაიდანის თავდაცვის დანაყოფებს ხელმძღვანელობდა. 2014 წლის 21-22 თებერვლის ღამეს, ამ დანაყოფებმა, ანდრიი პარუბიის ხელმძღვანელობით, კიევში სამთავრობო კვარტალზე დაამყარეს კონტროლი.

ანდრიი პარუბიი იყო ვიქტორ იუშჩენკოს პარტიის, „ჩვენი უკრაინას“, წევრი - ამ პარტიიდან აირჩიეს დეპუტატად ლვოვის ოლქში, 2007 წელს კი - სახალხო დეპუტატად. 2012 წელს არსენი იაცენიუკის პარტიას, „ცვლილებების ფრონტს“ შეუერთდა. 2012-2014 წლებში უმაღლესი რადის დეპუტატი იყო სრულიად უკრაინის გაერთიანებიდან, „ბატკივშჩინა“.

2014 წლის 17 მარტიდან ანდრიი პარუბიი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, შემდეგ, 2016-2019 წლებში, უმაღლესი რადის სპიკერი გახდა.

„მისი მთელი ძალისხმევა ენის კანონის მისაღებად იყო მიმართული, ყოველთვის იდგა პარლამენტის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციისა და დემოკრატიის სიმბოლოს სადარაჯოზე“, - დაწერეს მისმა თანაპარტიელებმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში ანდრიი პარუბიი უკრაინის 206-ე ბატალიონს შეუერთდა. სამხედრო მითითებებს ასრულებდა, ბლოკპოსტებზე მორიგეობდა, მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდა, მონაწილეობდა კიევის ოლქის გათავისუფლებაში.

„რუსეთი მასზე ნადირობდა. ვიცოდით, რომ ის, ისევე როგორც ჩვენი გუნდის სხვა წევრები, კრემლს დასახვრეტების სიაში ჰყავდა, ჯერ კიდევ 2014 წლიდან. ადრეც ცდილობდნენ მასზე თავდასხმა დაეგეგმათ. 2014 წლის 24 დეკემბერს სასტუმრო „კიევთან“ უცნობმა ფეხებთან სამხედრო ყუმბარა დაუგდო. მაშინ პარუბიი დაიჭრა“, - ნათქვამია „ევროპული სოლიდარობის“ განცხადებაში.

ის ბევრს ლაპარაკობდა უკრაინული ენის მნიშვნელობაზე. „იქნება ენა, იქნება მომავალი. ენა იარაღია!“ - დაწერა მან 16 ივლისს, იმ დღეს, როდესაც 2019 წელს ენის შესახებ კანონი შევიდა ძალაში. პოლიტიკოსის ბოლო ფეისბუკპოსტი უკრაინის დამოუკიდებლობის მისალოცი ტექსტია.

პოლიტიკური მოტივის გარდა, შესაძლოა, არსებობდეს ეკონომიკური მოტივიც. ანდრიი პარუბიი მეთაურობდა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ტუსტანს“, საუბარია ნაკრძალზე, რომლის მიწაც მსხვილ ბიზნესს აინტერესებს.

ანდრიი პარუბიი მეუღლესთან ერთად ქალიშვილს ზრდიდა. მისი მამა, საზოგადო მოღვაწე ვლადიმირ პარუბიი 82 წლისაა.

რეაქცია მკვლელობაზე

უმაღლესი რადის ყოფილი სპიკერის მკვლელობას უკრაინასა და მსოფლიოში მრავალი ადამიანი გამოეხმაურა. უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ანდრიი პარუბიი ნამდვილი პატრიოტი იყო. მან დიდი როლი ითამაშა უკრაინის საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, განსაკუთრებით ღირსების რევოლუციის დროს. მისი მსახურება უკრაინისადმი, მისი მსხვერპლი ყველასთვის მისაბაძი მაგალითია“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინელი პოლიტიკოსის მკვლელობას „შოკისმომგვრელი“ უწოდეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი წერს, რომ ანდრიი პარუბიი "ღირსების რევოლუციის" დროს გაიცნო, „მაშინ ვაიმარის სამკუთხედის მინისტრები 2014 წლის ხოცვა-ჟლეტის დასრულებაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით“. სიკორსიმ ხაზი გაუსვა, რომ როდესაც რუსეთი ყირიმში შეიჭრა, პარუბიი პოლონეთს საკონსულოს სევასტოპოლიდან ევაკუირებაში დაეხმარა.

კატერინა მატერნოვამ, ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში, განაცხადა, რომ შოკირებული და დამწუხრებულია ანდრიი პარუბიის დაღუპვის გამო. „ის უმაღლესი რადის ყოფილი სპიკერი იყო, მებრძოლი უკრაინის დემოკრატიისთვის. დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ“, - დაწერა მან.

უკრაინელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მკვლელობის ამბავი თავზარდამცემი აღმოჩნდა ბევრი სხვა დასავლელი პოლიტიკოსისა და დიპლომატისთვისაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG