Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

16 მაისს ევროპის ქვეყნების ლიდერები ტირანის ცენტრში მდებარე სკანდერბეგის მოედანზე შეიკრიბებიან ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტზე დასასწრებად. ალბანეთში მიწვეულია ირაკლი კობახიძეც.

EPC-ს იდეა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოაყენა რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის საპასუხოდ. სამიტი წელიწადში ორჯერ ტარდება და მას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო და ევროკავშირის 20 არაწევრი ქვეყანა მონაცვლეობით მასპინძლობენ.

ახლა ალბანეთის ჯერია და ეს ღონისძიება პრემიერ-მინისტრ ედი რამას ერთგვარ დამაგვირგვინებელ მიღწევად განიხილება. ის 2013 წლიდანაა ხელისუფლებაში, ამ სამიტის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია და, ამასთან, შეხვედრა ჩატარდება ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებიდან სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ. ამ კენჭისყრაში კი მისი სოციალისტური პარტია, დიდი ალბათობით, კვლავ პირველ ადგილზე გავა.

ბრიუსელი რამას დიდ პატივს სცემს. ევროკავშირის ოფიციალური პირები მას დიპლომატიურ უნარებსა და გამჭრიახობას უქებენ. ალბანეთმა ერთი წლის განმავლობაში შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების თავების უმეტესობა და ამ თვის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმეს გახსნას გეგმავს.

რა არის ევროპის პოლიტიკური საზოგადოება?

ევროპის პოლიტიკური საზოგადოება არც ევროკავშირის ინსტრუმენტია და არც ევროკავშირის წევრობის შემცვლელი რამ - როგორც ამას ევროკავშირის ზოგიერთი კანდიდატი შიშობს. არსებითად, ეს არის სასაუბრო ფორუმი, რომელიც ოფიციალურად არც რაიმე კონკრეტულ შედეგს არ აღწევს, არც საბოლოო კომუნიკეს არ იღებს და არც მუდმივი ადგილი ან სამდივნო არ გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთული გასაგებია, თუ ზუსტად რა მიზანს ემსახურება EPC, მაშინ, როდესაც მრავალი სხვა ევროპული ინსტიტუტიც არსებობს (მაგალითად, ევროპის საბჭო და ეუთო), ქვეყნების ლიდერებს, როგორც ჩანს, ამ სამიტებზე დასწრება უყვართ.

ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ოფიციალური ქორეოგრაფია მინიმუმამდეა დაყვანილი, ვთქვათ, ნატოს და ევროკავშირის სამიტებთან შედარებით, რომლებიც მკაცრ პროტოკოლებს მისდევენ. კი, ამ სამიტს გახსნის ცერემონიაც აქვს, პლენარული სხდომაც და ერთობლივ ფოტოსაც იღებენ. შემდეგ ლიდერები გადანაწილდებიან სამ თემატურ მრგვალ მაგიდაზე, რომლებიც ფოკუსირებულია უსაფრთხოებაზე, კონკურენტუნარიანობასა და მიგრაციაზე. თუმცა ერთდღიანი შეკრების უმეტესი ნაწილი დაეთმობა სხვადასხვა დაგეგმილ და სპონტანურ ორმხრივ შეხვედრებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს უფრო დიდ შეხვედრებში. ეს ხდება ძალიან ბევრი აკრედიტებული თანაშემწისა და მრჩევლის გარეშე, რაც ნიშნავს სწრაფ დიპლომატიურ შეხვედრებს სასიამოვნო გარემოში, ბევრი საჭმლისა და სასმლის თანხლებით. როგორც ერთმა დიპლომატმა მითხრა, ეს „ცოტა თავისუფლებას და კრეატიულობას სთავაზობს მათ სხვაგვარად სტრუქტურირებულ ცხოვრებაში“.

ვინ დაესწრება EPC-ს სამიტს

ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს წინა სამიტებზე იყო პოლიტიკური ზეწოლა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეეხვედრებინათ ერთმანეთთან, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით. ამჯერად ასეთი მცდელობა მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხულიც არაფერია.

ვინ ჩავა? ჯერჯერობით მიწვევაზე უარი არავის უთქვამს. დაპატიჟეს ყველა ევროპული ქვეყანა - ბელარუსის, რუსეთისა და ვატიკანის გარდა. სამიტს დაესწრებიან ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე.

აქ ჩატარდება გერმანიის ახალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პირველი მრავალმხრივი შეხვედრა. ელიან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გამოჩენას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო წუთამდე არ დადასტურდება. წესით, თურქეთის ლიდერი რეჯებ ტაიპ ერდოანიც ჩავა, მიუხედავად იმისა, რომ მან EPC-ს რამდენიმე წინა სამიტი გამოტოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძეც მიწვეულია, ისევე როგორც ნოემბერში, ბუდაპეშტში ჩატარებულ წინა სამიტზე. ევროკავშირის დიპლომატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეხვედრას ტირანაში EPC ატარებს და არა - ევროკავშირი, რომელიც აღარ ხვდება მაღალი რანგის ქართველ ოფიციალურ პირებს გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. თუ კობახიძე ჩავა, საინტერესო იქნება, რა რეაქცია ექნებათ ევროკავშირის ლიდერებს.

ფიცო და ვუჩიჩი ყურადღების ცენტრში

ისიც საინტერესოა, თუ როგორ იურთიერთებენ ევროკავშირის ლიდერები სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, რომლებიც მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრნენ ვლადიმირ პუტინთან ერთად.

ფიცო დიდწილად იზოლირებულია ევროკავშირის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მისი ვიზიტის შემდეგ არანაირი სანქციები ან სასჯელი არ განიხილება. ბრიუსელმა გააფრთხილა ვუჩიჩი, არ ჩასულიყო რუსეთში, რადგან სერბეთი, ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი, ბლოკის საგარეო პოლიტიკას უნდა იზიარებდეს.

თუმცა, როგორც ჩანს, ვუჩიჩი ამას დაუსჯელად გადაურჩება. ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამიტის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ სერბეთი რჩება კანდიდატ ქვეყნად და წევრ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს კონსენსუსი ამ ქვეყნისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.

ერთადერთი შედეგი იქნება ის, რომ სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას ვერ შეძლებს, რაც დიდი ვერაფერი სასჯელია - ბალკანეთის ამ რესპუბლიკას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ისედაც არ გაუხსნია მოლაპარაკებების არცერთი თავი.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი არჩევიდან სამი დღის შემდეგ ბრიუსელში ჩავიდა ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან შესახვედრად.

მერცზე დიდ მოლოდინებს ამყარებენ. მოელიან, რომ ის ახალ ენერგიას შესძენს გერმანიისა და ევროპის საგარეო პოლიტიკას.

სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ გერმანიის ახალი კანცლერის მოღვაწეობა უხერხულად დაიწყო. ისტორიაში პირველად, ბუნდესტაგს ორჯერ მოუწია მისი დამტკიცება, რადგან პირველ ტურში გასამარჯვებლად ექვსი ხმა დააკლდა.

ეს ვერ იყო ისეთი მტკიცე მხარდაჭერა, რაც ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერს სჭირდებოდა.

სავარაუდოდ, მერცის წინაშე არსებული ყველაზე აქტუალური საკითხია ქარიშხლიანი ურთიერთობა ამერიკულ ადმინისტრაციასთან, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ლიბერალური მსოფლიო წესრიგის თითქმის ყველა ასპექტს, რომელსაც გერმანიის ომისშემდგომი პოლიტიკა ათწლეულების განმავლობაში ეყრდნობოდა.

მერცმა უნდა შეკრიბოს ძირითადად ევროპული ქვეყნებისაგან შემდგარი „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის მხარდასაჭერად და, რაც მთავარია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დასაპირისპირებლად.

საშინაო თავის ტკივილებიც ბევრია - გერმანიის ეკონომიკას სტიმულირება სჭირდება. ის 2023 და 2024 წლებში შემცირდა და, სავარაუდოდ, არც წელს ექნება საქმე ბრწყინვალედ. საჭიროა პასუხის პოვნა პოპულისტური ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წინააღმდეგ, რომელმაც თებერვლის საყოველთაო არჩევნებში რეკორდული მაჩვენებლებით მეორე ადგილი დაიკავა და ახლა მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატებს უტოლდება პოპულარობით.

მან უკვე მოახერხა ცვლილებები შეეტანა ქვეყნის კანონებში, რომელიც ვალის აღების წესებს მეტისმეტად ხისტად განსაზღვრავდა. ახლა შესაძლებელი იქნება თავდაცვის ხარჯების გაზრდა და 500 მილიარდი ევროს დახარჯვა ინფრასტრუქტურაზე, რაც, მერცის იმედით, ეკონომიკას გამოაცოცხლებს და შეაჩერებს უკმაყოფილებას, რაც დამატებით წყალს დაასხამდა AfD-ს წისქვილზე.

თუმცა, როგორც ჩანს, ახლად დანიშნული კანცლერი სწორედ საგარეო ასპარეზზე შეეცდება ყველაზე ძლიერი ადრეული შთაბეჭდილების მოხდენას.

დამტკიცებიდან მალევე ის პარიზს, ვარშავას, ბრიუსელსა და ლონდონს ეწვია ევროპის ერთიანობის გასაძლიერებლად და ადრეული, სიმბოლური გამარჯვებების მოსაპოვებლად.

მერცს სურს გამოაცოცხლოს გერმანია-საფრანგეთ-პოლონეთის „ვაიმარის სამკუთხედი“ და წესით, არ გაუჭირდება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის დაყოლიება. ეს სამი ლიდერი საგარეო პოლიტიკის უმეტეს ასპექტში ერთ აზრზე არის.

ისინი მოითხოვენ ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდას, რუსეთის მიმართ მეტ სანქციებს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას და კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას. ელიან, რომ ბერლინი გერმანული Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისათვის გადაცემას დაამტკიცებს, რაც პოლიტიკურად შეუძლებელი იყო წინა მთავრობის დროს.

წესით, არც დიდ ბრიტანეთთან უნდა გაჭირდეს უფრო მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის დამყარება. გამოცდილი იოჰან ვადეფულის საგარეო საქმეთა მინისტრად არჩევამ და პოპულარული სოციალ-დემოკრატი ბორის პისტორიუსის თავდაცვის მინისტრად დატოვება პარტნიორ ქვეყნებში პოზიტიურად შეფასდა.

მაგრამ ყველაფერი მარტივად ვერ ჩაივლის.

მერცს მოუწევს ცენტრალური ევროპის პოპულისტებთან - უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან ბრძოლა. ვიქტორ ორბანმა და რობერტ ფიცომ ხელი შეუშალეს ევროკავშირის მხრიდან უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის ზრდას და კრემლისთვის უფრო მკაცრი სასჯელების დაწესებას.

თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნება.

თეორიულად მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივე მათგანმა უმაღლესი თანამდებობა დაიკავა ისე, რომ მანამდე პოლიტიკური და აღმასრულებელი გამოცდილების თვალსაზრისით ორივე „აუტსაიდერად“ ითვლებოდა. ორივემ იცის, რა ხდება დიდი კომპანიების სამეურვეო საბჭოებში. გოლფის თამაშიც ორივეს უყვარს.

ბოლო დრომდე მერცი ტრანსატლანტიკოსიც გახლდათ, თუმცა, ბევრი გერმანელის მსგავსად, ისიც გააღიზიანა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის ევროპის მკაცრმა კრიტიკამ თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე; და იმან, თუ როგორ მოეპყრნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკს მარტში თეთრ სახლში ვიზიტის დროს.

არჩევნებში გამარჯვებისთანავე მერცმა მოუწოდა ევროპას აშშ-საგან დამოუკიდებლობისკენ. ცოტა ხნის წინ მან გააკრიტიკა ამერიკელი მინისტრები და მოუწოდა მათ, გერმანიის შიდა პოლიტიკაში ჩარევისგან თავი შორს დაეჭირათ. ეს იყო პასუხი ვაშინგტონის კრიტიკაზე გერმანიის შიდა სადაზვერვო სააგენტოს მიერ AfD-ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად კლასიფიცირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

თუმცა მთავარი მაინც პრაქტიკული ასპექტებია. ამ მხრივ კი მას ვაშინგტონის მხარდაჭერა ჯერაც კარგა ხნით სჭირდება. ის ტრამპს ჯერ ივნისის შუა რიცხვებში, კანადაში, დიდი შვიდეულის სამიტზე შეხვდება, შემდეგ კი იმავე თვის ბოლოს, ჰააგაში, ნატოს სამიტზე.

მერცს ამერიკისაგან ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: ერთია ამერიკის ერთგულება სამხედრო ალიანსის მიმართ, მათ შორის გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაგრძელება. მეორე კი მას ასევე სურს უზრუნველყოს, რომ ექსპორტზე ორიენტირებულ გერმანიის ეკონომიკას არ დაემუქროს ზედმეტად მაღალი ამერიკული ტარიფები, რომლებიც ამჟამად 8 ივლისამდეა შეჩერებული, რადგან ბრიუსელი და ვაშინგტონი პოტენციურ სავაჭრო შეთანხმებას განიხილავენ.

მერცზე ბევრი რამაა დამოკიდებული და ის თავს უფლებას ვერ მისცემს, კიდევ ახალი უხერხულობები შეემთხვეს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG