EPC-ს იდეა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა წამოაყენა რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის საპასუხოდ. სამიტი წელიწადში ორჯერ ტარდება და მას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო და ევროკავშირის 20 არაწევრი ქვეყანა მონაცვლეობით მასპინძლობს.
ახლა ალბანეთის ჯერია და ეს ღონისძიება პრემიერ-მინისტრ ედი რამას ერთგვარ დამაგვირგვინებელ მიღწევად განიხილება. ის 2013 წლიდანაა ხელისუფლებაში, ამ სამიტის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია და, ამასთან, შეხვედრა ჩატარდება ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებიდან სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ. ამ კენჭისყრაში კი მისი სოციალისტური პარტია, დიდი ალბათობით, კვლავ პირველ ადგილზე გავა.
ბრიუსელი რამას დიდ პატივს სცემს. ევროკავშირის ოფიციალური პირები მას დიპლომატიურ უნარებსა და გამჭრიახობას უქებენ. ალბანეთმა ერთი წლის განმავლობაში შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების თავების უმეტესობა და ამ თვის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმეს გახსნას გეგმავს.
რა არის ევროპის პოლიტიკური საზოგადოება?
ევროპის პოლიტიკური საზოგადოება არც ევროკავშირის ინსტრუმენტია და არც ევროკავშირის წევრობის შემცვლელი რამ - როგორც ამას ევროკავშირის ზოგიერთი კანდიდატი შიშობს. არსებითად, ეს არის სასაუბრო ფორუმი, რომელიც ოფიციალურად არც რაიმე კონკრეტულ შედეგს აღწევს, არც საბოლოო კომუნიკეს იღებს და არც მუდმივი ადგილი ან სამდივნო გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთული გასაგებია, თუ ზუსტად რა მიზანს ემსახურება EPC, მაშინ, როდესაც მრავალი სხვა ევროპული ინსტიტუტიც არსებობს (მაგალითად, ევროპის საბჭო და ეუთო), ქვეყნების ლიდერებს, როგორც ჩანს, ამ სამიტებზე დასწრება უყვართ.
ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ოფიციალური ქორეოგრაფია მინიმუმამდეა დაყვანილი, ვთქვათ ნატოს და ევროკავშირის სამიტებთან შედარებით, რომლებიც მკაცრ პროტოკოლებს მისდევენ. კი, ამ სამიტს გახსნის ცერემონიაც აქვს, პლენარული სხდომაც და ერთობლივ ფოტოსაც იღებენ. შემდეგ ლიდერები სამ თემატურ მრგვალ მაგიდაზე გადანაწილდებიან, რომლებიც ფოკუსირებულია უსაფრთხოებაზე, კონკურენტუნარიანობასა და მიგრაციაზე. თუმცა, ერთდღიანი შეკრების უმეტესი ნაწილი დაეთმობა სხვადასხვა დაგეგმილ და სპონტანურ ორმხრივ შეხვედრებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს უფრო დიდ შეხვედრებში. ეს ხდება ძალიან ბევრი აკრედიტებული თანაშემწისა და მრჩევლის გარეშე, რაც ნიშნავს სწრაფ დიპლომატიურ შეხვედრებს სასიამოვნო გარემოში, ბევრი საჭმლისა და სასმლის თანხლებით. როგორც ერთმა დიპლომატმა მითხრა ეს „ცოტა თავისუფლებას და კრეატიულობას სთავაზობს მათ სხვაგვარად სტრუქტურირებულ ცხოვრებაში“.
ვინ დაესწრება EPC სამიტს
წინა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სამიტებზე იყო პოლიტიკური ზეწოლა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეეხვედრებინათ ერთმანეთთან, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით. ამჯერად ასეთი მცდელობა მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გამორიცხულიც არაფერია.
ვინ ჩავა? ჯერჯერობით მოწვევაზე უარი არავის უთქვამს. დაპატიჟეს ყველა ევროპული ქვეყანა - ბელარუსის, რუსეთისა და ვატიკანის გარდა. სამიტს დაესწრებიან ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პარლამენტის პრეზიდენტები და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
აქ ჩატარდება გერმანიის ახალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პირველი მრავალმხრივი შეხვედრა. ელიან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გამოჩენას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო წუთამდე არ დადასტურდება. წესით თურქეთის ლიდერი, რეჯებ ტაიპ ერდოანიც ჩავა, მიუხედავად იმისა, რომ მან EPC-ს რამდენიმე წინა სამიტი გამოტოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძეც მიწვეულია, ისევე როგორც ნოემბერში, ბუდაპეშტში ჩატარებულ წინა სამიტზე. ევროკავშირის დიპლომატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეხვედრას ტირანაში EPC ატარებს და არა - ევროკავშირი, რომელიც აღარ ხვდება მაღალი რანგის ქართველ ოფიციალურ პირებს გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. თუ კობახიძე ჩავა, საინტერესო იქნება, თუ რა რეაქცია ექნებათ ევროკავშირის ლიდერებს.
ფიცო და ვუჩიჩი ყურადღების ცენტრში
ისიც საინტერესოა, თუ როგორ იურთიერთებენ ევროკავშირის ლიდერები სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, რომლებიც მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრნენ ვლადიმირ პუტინთან ერთად.
ფიცო დიდწილად იზოლირებულია ევროკავშირის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მისი ვიზიტის შემდეგ არანაირი სანქციები ან სასჯელი არ განიხილება. ბრიუსელმა გააფრთხილა ვუჩიჩი, არ ჩასულიყო რუსეთში რადგან სერბეთი, ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი, ბლოკის საგარეო პოლიტიკას უნდა იზიარებდეს.
თუმცა, როგორც ჩანს, ვუჩიჩი ამას დაუსჯელად გადაურჩება. ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამიტის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ სერბეთი რჩება კანდიდატ ქვეყნად და წევრ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს კონსენსუსი ამ ქვეყნისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
ერთადერთი შედეგი იქნება ის, რომ სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას ვერ შეძლებს - რაც დიდი ვერაფერი სასჯელია - ბალკანეთის ამ რესპუბლიკას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ისედაც არ გაუხსნია მოლაპარაკებების არც ერთი თავი.
ფორუმი