
27 მაისს ევროკავშირი ოფიციალურად ამტკიცებს 150 მილიარდი ევროს (170 მილიარდი დოლარის) ღირებულების გეგმას ბლოკში თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად.
ე.წ. SAFE-ის (Security Action For Europe - „უსაფრთხოების მოქმედება ევროპისთვის“) რეგულაციის იდეა თავდაპირველად მარტში წარადგინა ევროკომისიამ - წევრი სახელმწიფოების მოწოდებების პასუხად. ისინი მოითხოვდნენ ფინანსურ და პოლიტიკური მხარდაჭერას ნატოს მიერ წამოყენებული ახალი თავდაცვის მიზნების მისაღწევად, და პოტენციურად უკრაინის დახმარების გასაზრდელად, თუ შეერთებული შტატები ყურადღებას სხვაგან გადაიტანს.
საბოლოო რეგულაციაში, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო, პირდაპირაა ნათქვამი, რომ „რუსეთისა და ბელარუსის მიერ წარმოქმნილი საფრთხეები განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია“ და მათ სწრაფად უნდა გასცენ პასუხი.
თავდაცვის პროდუქტების შემუშავებას და სამრეწველო წარმოების შესაძლებლობების გაზრდას დრო სჭირდება. დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ იქნება წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის დაწყება „რაც შეიძლება მალე, რათა მათ შეძლონ შეკვეთების ძალიან სწრაფად განთავსება“.
ბრიუსელის თავდაპირველი პასუხი წევრი სახელმწიფოების მოთხოვნებზე ის იყო, რომ ევროკავშირმა სამხედრო ხარჯებისთვის გამონაკლისი დაუშვა - მათი ზრდა არ გამოიწვევდა ბლოკის დასჯის მექანიზმის ამოქმედებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არღვევენ ევროკავშირის ხარჯების ლიმიტს.
ამან შექმნა ფისკალური თავისუფლება, მაგრამ წევრ სახელმწიფოებს ნაღდი ფულიც სჭირდებათ - რაც შეიძლება მალე.
რამდენიმე ქვეყანას შემოთავაზებული თანხების სწრაფად მიღება სურს და ეს ევროპარლამენტის ერთსულოვნებას ან თანხმობას არ საჭიროებს. ამიტომაც ევროკავშირის ელჩებმა ახალი კანონმდებლობა 21 მაისს დაამტკიცეს, წინააღმდეგი იყო მხოლოდ უნგრეთი.
ახალი სქემა ფუნქციონირებს ისევე, როგორც ევროკავშირის COVID-19-ის აღდგენის პროგრამა, რომლის ღირებულება 800 მილიარდი ევრო იყო.
ბლოკი SAFE-ისათვის გამოიყენებს თავის სამმაგ A საკრედიტო რეიტინგს საჭირო 150 მილიარდი ევროს მოსაზიდად და შემდეგ მას წევრ სახელმწიფოებს სესხად გადასცემს. ეს გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე ევროკავშირის წევრებს რომ ცალ-ცალკე დაეწყოთ სესხების აღება.
ევროკავშირის ხუთი ქვეყანა - დანია, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი და შვედეთი - ამჟამად თავადაც სამმაგი A რეიტინგით სარგებლობს, ამიტომ, სავარაუდოდ, მათ სქემაში მონაწილეობა არ დასჭირდებათ, ეს კი მეტ თანხას გამოათავისუფლებს უფრო ღარიბი წევრებისათვის.
ეს უპირობოდ არ ხდება
სესხების მაქსიმალური ვადა 45 წელია, პირველი ათწლეულის განმავლობაში მათი მომსახურება საჭირო არ არის და ქვეყნებს არ მოუწევთ დღგ-ს გადახდა შეძენილ აღჭურვილობაზე. ბრიუსელი იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი ევროპის თავდაცვაზე ხარჯების სწრაფ ზრდას გამოიწვევს.
თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გარკვეული პირობებიც ახლავს თან.
პირველ რიგში, არაერთი წევრი სახელმწიფო, ძირითადად სამხრეთიდან, ჩივის, რომ - COVID-ის აღდგენის სქემისგან განსხვავებით, რომელიც გრანტის კომპონენტსაც მოიცავდა - ეს ინიციატივა მხოლოდ სესხია, რაც შეიძლება დიდ ტვირთად დააწვეთ მომავალში.
ასევე იგულისხმება, რომ SAFE გამოიწვევს ქვეყნებს შორის თავდაცვის ერთობლივი შესყიდვების სტიმულირებას - ევროკომისია ამ ინსტრუმენტის გამოყენებით ცდილობს, მიიღოს თავდაცვის ერთიანი ევროპული ბაზარი დღეს არსებული ფრაგმენტირებული ბაზრის ნაცვლად.
ქვეყნებს მხოლოდ პირველ წელს შეეძლებათ სესხებზე განაცხადის შეტანა სხვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გარეშე. შემდეგ კი - 2026 წლის ბოლოდან 2030 წლამდე (სქემის ვადის ამოწურვის შემდეგ) - განაცხადი ორმა ან მეტმა ქვეყანამ ერთობლივად უნდა შეიტანოს.
აქ განხილვების მთავარი საგანი ის იყო, თუ ვის შეეძლება SAFE-ში მონაწილეობა - სხვადასხვა წევრ სახელმწიფოს განსხვავებული საჭიროებები აქვთ და ყველა კომპონენტს ევროკავშირში ვერ შეიძენენ.
დასაწყისისთვის, სქემაში შედიან თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის (EFTA) ქვეყნები - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. იგივე ეხება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანა უკრაინას.
მათ ჩართვას იმით ამართლებენ, რომ „ეს ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობაში არიან ევროკავშირთან სამრეწველო თავდაცვის წარმოებაში“ და ასევე, რომ „უკრაინა პირდაპირ დგას რუსეთის მიმდინარე აგრესიის წინაშე“.
„ბრიუსელის კომპრომისი“
ამ ყველაფერმა უკმაყოფილებაც გამოიწვია.
პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებს არ მოსწონს, რომ პროცესში არ არის ჩართული.
ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო - ვინც ტრანსატლანტიკური სამხედრო კავშირების შენარჩუნებითაა დაინტერესებული და თან SAFE-ში სხვა ახლო პარტნიორების ჩართვაც სურს - აქტიურად ლობირებდა სქემის გახსნას სხვა გარეშე მონაწილეებისათვის.
საბოლოოდ, „65-35 წესი“ დამტკიცდა. ეს ნიშნავს, რომ შეძენილი იარაღის ღირებულების 65 პროცენტი წარმოებული უნდა იყოს ევროკავშირში, EFTA-ს ოთხ ქვეყანაში ან უკრაინაში. დანარჩენი 35 პროცენტი შეიძლება იწარმოოს სხვაგან, მაგალითად, შეერთებულ შტატებში.
თუმცა საქმე ცოტა კიდევ რთულდება.
თუ ქვეყანას ევროკავშირთან აქვს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობა (SDP), იარაღის ღირებულების 65 პროცენტი შეიძლება ამ სახელმწიფოზე მოდიოდეს.
ასეთ შეთანხმებას ბლოკთან ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა დიდმა ბრიტანეთმა. მსგავსი შეთანხმებები აქვთ დადებული ალბანეთს, იაპონიას, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიას და სამხრეთ კორეასაც.
საბოლოო ჯამში, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, შედეგი „ბრიუსელის კლასიკური კომპრომისია“ - მიღწეულია საკმაოდ მნიშვნელოვანი შეთანხმება, მაგრამ ფულის მოძრაობა მანამ არ დაიწყება, სანამ ყველა, მათ შორის, ოჯახის გარეთ მყოფი ბევრი ადამიანი, თავის სამართლიან წილს არ მიიღებს.