თუ შეწყალებას მთხოვთ და არჩევნებზე კენჭს იყრით, შეგიწყალებთ - ყაველაშვილი დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს

მიხეილ ყაველაშვილი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს მიმართავს

მიხეილ ყაველაშვილი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, „დაადასტურონ“, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სთხოვონ მას შეწყალება და ასეთ შემთხვევაში მათ შეწყალებას ჰპირდება.

„ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი ფეისბუკზე 4 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არჩევნები სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დანიშნული, თუმცა ოპოზიციის ნაწილი (რვა პოლიტიკური პარტია) მას ბოიკოტს უცხადებს.

ყაველაშვილი აცხადებს, რომ „მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს“.

„ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს“, - წერს ის.

პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების გამოხმაურებების შემდეგ, ინფორმაცია განახლდება.

ასევე ნახეთ „მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით“ - „ლელო“ ყაველაშვილს შეწყალების შეთავაზებაზე
ასევე ნახეთ პოზიცია უცვლელია, არა რეჟიმის ლეგიტიმაციას - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ყაველაშვილს პასუხობს
ასევე ნახეთ ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე - ვაშაძის პარტია ყაველაშვილს შეწყალების შეთავაზებაზე

თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რვა პოლიტიკოსი ერთდროულად არის პატიმრობაში.

მათგან 6 სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერია.

ნაწილი წინასწარ პატიმრობაში იყო, თუმცა ამ დროისთვის, ოთხი ივლისისთვის, რვავეს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა.

ორი მათგანი - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე - აპირებენ პარტიულად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

ყველა მათგანი დაპატიმრებულია იმ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ.

ესენი არიან:

  • ნიკა მელია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
  • ნიკა გვარამია („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („ახალი“/„კოალიცია ცვლილებისთვის“)
  • მამუკა ხაზარაძე („ლელო“/„ძლიერი საქართველო“)
  • ბადრი ჯაფარიძე („ლელო“/„ძლიერი საქართველო“)
  • გიორგი ვაშაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“/„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“)
  • ირაკლი ოქრუაშვილი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი)
  • გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტიკოსი)
ასევე ნახეთ გისოსებს მიღმა - როგორ მოხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები ციხეში (ამჯერად)

იმ რვა პარტიას შორის, რომლებიც უარს ამბობენ, მათი სახელდებით, „ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე“, - რადგან მიაჩნიათ, რომ ეს „ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს“, - არიან:

  1. „თავისუფლების მოედანი“ („ძლიერი საქართველოს“ კოალიციის ყოფილი წევრი)
  2. „ევროპული საქართველო“
  3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  4. „სტრატეგია აღმაშენებელი“
  5. „ახალი“
  6. „გირჩი-მეტი თავისუფლება“
  7. „დროა“
  8. „ფედერალისტები“
ასევე ნახეთ ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს