მოკლედ
- საქართველოში გაათეთრეს ქვეყნისთვის უპრეცედენტო ოდენობის ფული - დაახლოებით 665 მილიონი აშშ დოლარი.
- ამ საქმეზე დაკავებული ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ადამიანია.
- პროსახელისუფლებო მედია სქემას „ქართული ოცნებიდან“ „გაგდებულებს“ უკავშირებს.
- რა ვიცით, რა არ ვიცით და რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ამბიდან? - რადიო თავისუფლება გიამბობთ.
პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი სქემა მოქმედებადა 2022-2024 წლებში - იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ამ ომის ეფექტებმა საქართველოს ეკონომიკას ძლიერი იმპულსი მიანიჭა.
მასშტაბური ფინანსური დანაშაული გამოააშკარავეს იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაუნდობელ ომს უცხადებს კორუფციას და ამ მოტივით საკუთარ თანაგუნდელებსაც სჯის.
რადიო თავისუფლებამ შეაჯამა, რა ვიცით ამ საქმეზე და რა კითხვებს აჩენს ის. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა:
რამდენია $624 მილიონი?
მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი.
თანაც, ჯამური თანხა - €35 მილიონის დოლარში კონვერტაციის შემდეგ - გამოდის $665 მილიონი.
რომ დავუშვათ, რომ სამი წლის განმავლობაში ამ თანხას ყოველდღიურად „ათეთრებდნენ“, გამოდის, რომ ყოველ დღე „ათეთრებდნენ“ $607 305 დოლარს.
ლარებში - 1.6 მილიონი ლარის ეკვივალენტ თანხას.
აი კიდევ რამდენიმე თეორიული დაშვება იმისათვის რომ წარმოდგენა შეიქმნათ რა თანხაზეა საუბარი:
- ადამიანმა, რომელსაც ყოველთვიურად ხელზე 1000 დოლარი აქვს ხელფასი, 665 000 წელიწადი უნდა იმუშაოს, რომ ამ ოდენობის თანხა მოაგროვოს. და თან არაფერი დახარჯოს.
- საქართველოში საშუალო ხელფასი, უკანასკნელი ცნობებით, 819 დოლარია (2212 ლარი). ასეთი შემთხვევაში 811 703 წლით მუშაობა დაგჭირდება.
- ადამიანმა რომ 50 წლის მუშაობის განმავლობაში $665 მილიონი დააგროვოს, წელიწადში უნდა იშოვოს $13,3 მილიონი. ყოველთვიურად - $1.1 მილიონი.
ჯამური თანხა მხოლოდ 4-ჯერ არის ნაკლები საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელ ოფიციალურ ქონებაზე („ფორბსის“ მილიარდერების ინდექსის თანახმად, $2.7 მილიარდზე).
ეს თანხა ლარებში არის დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარი - იმაზე მეტი, ვიდრე 2025 წელს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი (1.73 მილიარდი ლარი).
ერთი შედარებაც: ცნობილ სერიალ „ოზარკში“ მთავარ პერსონაჟს, მარტი ბერდს გავლენიანი მექსიკური კარტელი $7.5 მილიონის გათეთრებას სთხოვს შეერთებულ შტატებში - სამ თვეში. ბერდისათვის, - რომელიც პროფესიონალი თაღლითია, - „გასათეთრებელი“ თანხა ძალიან დიდი მოცულობისაა.
როგორ მუშაობდა სქემა?
პროკურატურის ვერსიაზე დაფუძნებით, ფულის გათეთრების ასეთი სურათი და სქემა იხატება:
- 2022 წლისთვის ამ მომენტისთვის უცნობი ადამიანი საქართველოში ფლობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს;
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტს აქვს ეროვნული ბანკისგან გაცემული ოფიციალური ნებართვა (საქართველოში 720-მდე ასეთი სავალუტო ჯიხური არსებობს);
- პუნქტი, სავარაუდოდ, თბილისშია - უფრო ზუსტად სად, უცნობია;
- ბრალდებული 2022 წელსვე იწყებს ფულის გათეთრების გრანდიოზული სქემის ამუშავებას;
- ჰყავს თანამზრახველებიც;
- თანამზრახველებს „მოსაზღვრე ქვეყნებიდან“ შემოჰქონდათ თანხა, უცხოური ვალუტა, - რომელიც, როგორც აღმოჩნდა, „დაუსაბუთებელი წარმომავლობისა“ იყო;
- თანხა შემოჰქონდათ მებაჟეებისგან მალულად, მანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით;
- თანხა მიჰქონდათ „თავშეყრის ადგილას“ - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში.
უშუალოდ „გათეთრება“ - სამართლებრივ ენაზე, უკანონო თანხისათვის კანონიერი სახის მიცემა - სწორედ მას შემდეგ ხდებოდა, რაც თანხა ჯიხურში აღმოჩნდებოდა ხოლმე.
აი, ასე:
- ფული ბრალდებულს სხვადასხვა პერიოდში მიჰქონდა ბანკებში და ეუბნებოდა, სავალუტო საქმიანობით მიღებული კანონიერი შემოსავალიაო;
- ამის დამადასტურებლად კომერციულ ბანკებს აწვდიდა „წარმომავლობის შესახებ ყალბ მონაცემებს“;
- შემდეგ ბანკებში ფულს აკონვერტირებდა, ურიცხავდა სხვა ადამიანებს, ყიდულობდა უძრავ-მოძრავ ქონებას (სავარაუდოდ, ბინებს, სახლებს, ნაკვეთებს, მანქანებს) და, ერთი სიტყვით, ასე მიმართავდა უკანონო თანხას „ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში“.
ჯერჯერობით ეს არის ის, რაც ვიცით. საქმეს უამრავი დეტალი სჭირდება სრული სურათის დასანახად.
ამ სქემასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით სხვა მრავალი გაჩენილი კითხვიდან რადიო თავისუფლებამ გამოყო
ხუთი ძირითადი კითხვა
- რამდენი ადამიანი იყო ჩაბმული სქემაში და რა იცის მათზე გამოძიებამ?
- ეჭვმიტანილი სქემის „მასტერმაინდი“ იყო თუ უბრალოდ შემსრულებელი?
- როგორ მოახერხა ორგანიზებულმა ჯგუფმა სახელმწიფო სტრუქტურებისათვის - მათ შორის სუს-ისთვის, ეროვნული ბანკისათვის - ამ ოდენობის თანხის უკანონო წარმომავლობის დამალვა სამი წლის განმავლობაში?
- ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი ქვეყნის პოლიტიკურ, ბიზნეს თუ საბანკო ფიგურებთან საქართველოში ან საზღვარგარეთ?
- რა წარმომავლობის იყო თანხა - იყო თუ არა კავშირში ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, ნარკოვაჭრობასთან, სანქციებისგან თავის არიდებასთან ან რაიმე სხვა უკანონო საქმიანობასთან?
კითხვების ნაწილს პასუხები ბრალდებულის სასამართლო პროცესებზე გაეცემა. პირველი სხდომა დღეს 17:30 საათზეა დანიშნული.
პროკურატურას საჯარო განცხადებაში ბრალდებულის ვინაობა არ დაუსახელებია.
თუმცა მოგვიანებით, არაერთი სპეკულაციური ინფორმაციის გავრცელების ფონზე, დამატებით განაცხადა, რომ დაკავებული „არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი“.
„ფინი“ - ტვ პირველის ცნობები
„ტვ პირველის“ ცნობით, დაკავებულია 49 წლის კაცი, კახა კოტორაშვილი, - კომპანია „ფინის“ მფლობელი.
„ფინი“ თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს. მის 90%-ს კახა კოტორაშვილი ფლობს, 10%-ს - ვახტანგ კოტორაშვილი.
2022-24 წლებში კახა კოტორაშვილის სახელზე ახალი უძრავი ქონება არ გაფორმებულა.
„ფინის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ამჟამად დაკეტილია.
თამარ მეფის გამზირზე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური „ფინი“ დაკეტილია
პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ „დანაშაულებრივი წარმომავლობის“ თანხასა და „სხვა აქტივებს“ სახელმწიფო ჩამოართმევს და საამისოდ „პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს“.
ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რას ამბობს ეროვნული ბანკი?
იმ პერიოდში, როდესაც, პროკურატურის ცნობით, სქემა მოქმედებდა, საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ-ს) ორი ხელმძღვანელი ჰყავდა:
- კობა გვენეტაძე - 2016-23 წწ.
- ნათია თურნავა - 2023 წლის ივნისიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
სებ-ი 17 სექტემბერს აცხადებს, რომ „აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან“ და „ჩართულია საგამოძიებო პროცესში“.
პრესრელიზის თანახმად, სებ-მა გამოძიებას „დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია“ და „განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები“.
აქედან ჩანს, რომ შესაძლო კანონდარღვევა ჯერ სამართალდამცავმა უწყებებმა აღმოაჩინეს და შემდეგ მიმართეს სებ-ს.
ოფიციალური მონაცემებით, მთელ ქვეყანაში ეროვნულ ბანკს 721 ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე აქვს ოპერირების ნებართვა გაცემული. მათ შორისაა შპს „ფინიც“. სებ-ის ჩამონათვალში ეს პუნქტი აქტიურადაა მითითებული.
ეროვნული ბანკი აცხადებს, ის „განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით“.
სუს-ი და პროკურატურა
როგორც პროკურატურაში 16 სექტემბერს ბრიფინგზე თქვეს, დანაშაული ერთად გახსნეს პროკურატურამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი სქემა 2022-24 წლებში მუშაობდა.
- მთავარი პროკურორი ამ პერიოდში იყო ირაკლი შოთაძე (2015-18, 2020-24 წწ. აშშ-ის მიერ „FSB-სთან თანამშრომლობის“ ბრალდებით სანქცირებულს მედიაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის კადრად მიიჩნევდნენ);
- მან 2024 წლის 23 მაისს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ „გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო თანამდებობას ტოვებდა;
- შოთაძე შეცვალა ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა გიორგი გაბიტაშვილმა, თუმცა 2025 წლის 4 ივნისიდან ისიც შეცვალეს.
რაც შეეხება მეორე უწყებას - სუს-ის უფროსი იყო გრიგოლ ლილუაშვილი (2019-2025).
ამჟამად ორივე უწყებას ახალი მენეჯმენტი ჰყავს:
- გენერალური პროკურორი არის გიორგი გვარაკიძე;
- სუს-ის უფროსი არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე, მამუკა მდინარაძე (ლილუაშვილი ჯერ შეცვალა ანრი ოხანაშვილმა, თუმცა მან მხოლოდ ხუთი თვე იმუშავა ამ პოსტზე).
დანაშაულის ჩადენის პერიოდში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
პოლიტიკური სპეკულაციები
„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერებმა $665 მილიონის გათეთრების საქმე ისევ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და 2025 წლის არჩევნებს დაუკავშირეს.
„ჩნდება კითხვა - არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვის დასჭირდა ამდენი „ქეში“ და ვინ ცდილობს არადეკლარირებული თანხების „გათეთრებას“?! ძალიან დიდი ალბათობით - სოროსის ფონდით დაფინანსებულ NGO-სექტორი“, - დაწერა პარტიის წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
„იმთავითვე ცხადი იყო, რომ NGO კლასტერი ამ სქემაზე გადაერთვებოდა და კარგია, რომ სპეცსამსახურები ფხიზლად არიან“, - დაწერა პარტიის წევრმა დავით ქართველიშვილმა.
ორივე მათგანის განცხადებები „იმედინიუსმა“ გააშუქა და ცალ-ცალკე „ნიუსები“ მიუძღვნა.
- სინამდვილეში, დანაშაულებრივი სქემის არასამთავრობოებთან კავშირი პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში არანაირად არ იკვეთება;
- სქემა არ ეხება „არჩევნებამდე ორი კვირით ადრე“ პერიოდს - 2022-24 წლებზეა საუბარი;
- სქემა მოქმედებდა 2025 წლამდე, - როდესაც საქართველოში „FARA“, „აგენტების კანონი“ კი 2024 წლის აგვისტოდან ამოქმედდა.
„იმედის“ ახალ ამბებში მოხვდა კიდევ ერთი სპეკულაციური შეფასება, რომელიც ამ სქემას არამხოლოდ „არეულობასთან“, არამედ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებთან აკავშირებს.
„700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდება, არც დიდი „კრიშის“ გარეშე და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის მიღმა“, - ციტირებს „იმედინიუსი“ „ექსპერტ ნინო ფოჩხუას“.
ფოჩხუას ხშირად ციტირებენ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები, როგორც ექსპერტს.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ვგულისხმობ უკვე წასულ/გაგდებულ ხალხს!“ - განმარტავს ფოჩხუა და იკითხავს:
„ხომ არ იყო ეს თანხა არეულობის დასაფინანსებლად? ხომ არ იყო ეს სქემა ოპოზიციასთან მოთანამშრომლე გაყრილებისგან „დაკრიშული“?!
ვინ არიან „გაგდებულები“?
ფულის გათეთრების სქემა გამოააშკარავეს იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ ომს უცხადებს კორუფციას და ამ მოტივით საკუთარ თანაგუნდელებსაც სჯის.
16 სექტემბერს გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული ცვლილებებით, საჯარო მოხელეებს/პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ მხილებულნი არიან კორუფციაში, 30 წლის განმავლობაში მოუწევთ ქონებრივი დეკლარაციების შევსება.
ეს ცვლილება პარტიამ დააანონსა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლოების პარალელურად.
ასევე ნახეთ კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლით დაევალებათ - „ოცნების“ კანონპროექტიამასთან, „ოცნების“ ლიდერები საუბრობენ „გუნდიდან გაგდებულ“ ადამიანებზე და მათ პირადი გამორჩენის მიზნით ოპოზიციასთან კავშირებზე მიუთითებენ.
ოპოზიციურ მედიაში კი პარალელურად საუბრობენ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შესაძლო სისხლის სამართლებრივ დევნაზე.
- ორგზის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების შემდეგ ხშირად ვრცელდება მედიაში დაუდასტურებელ ან დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით.
- „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს ჟურნალისტების კითხვაზე, „შესაძლოა თუ არა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ მორიგი სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილი გახდეს“, თქვა:
„ეს არის ჩემთვის სპეკულაციური კითხვა, ამიტომ არ ვთვლი თავს ვალდებულად ამ კითხვას პასუხი გავცე. სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ“.
ამასთან, კობახიძე დაკავებულ ოპოზიციონერს, ლევან ხაბეიშვილს ადანაშაულებს „შავი ფულის მიღებაში“ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებისგან. თუმცა ის კვლავ არ ასახელებს გვარებს.
ირაკლი კობახიძის ბრალდების თანახმად, ხაბეიშვილი „იღებდა შავ ფულს კონკრეტული წყაროდან და ბოლო პერიოდის განმავლობაშიც აგრძელებდა ამ თანხის მიღებას“.
„ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები იყვნენ, ვისგანაც იღებდა თანხას. დანარჩენზე აქაც შეიძლება მხოლოდ შესაბამისმა უწყებებმა ისაუბრონ“, - განაცხადა კობახიძემ 11 სექტემბერს.
კობახიძეს ამ დრომდე არც „შავი ფულის“ წარმომავლობა დაუსახელებია და არც ის, რომელ ყოფილ თანაგუნდელს გულისხმობს.
„დაანებეთ თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს, დაელოდეთ გამოძიებას“ - განაცხადა დღეს „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
„ეს ხომ ერთჯერადი შემოტანილი არაა? წლების განმავლობაში შემოდიოდა, როგორც წავიკითხე და მოვისმინეთ. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ ახლაც მეგობარია, თანაგუნდელი იყო, მეგობარი იყო - კალაძის თქმით, არ ახსოვს როდის ესაუბრა ბოლოს ღარიბაშვილს