თუკი პროტესტის დასაწყისში, თვეების წინ, პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მომიტინგეების მიმართ დემოკრატიული მიდგომების დემონსტრირებას ცდილობდა, ახლა მათ „ტერორისტებს“ უწოდებს და გარე ძალების მიერ დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას აბრალებს. მადლობას ის მხოლოდ მოსკოვს უხდის.
- 28 ივნისს, ბელგრადში მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა გამოიყენა. ოფიციალური ინფორმაციით დააკავეს 77 პირი, სხვა წყაროებით - ბევრად მეტი.
- 29 ივნისს, გვიან ღამით, ათასობით მომიტინგემ ბელგრადისა და სხვა ქალაქების ქუჩები ნაგვის კონტეინერებითა და რკინის კონსტრუქციებით ჩახერგა - იუწყებოდნენ ამ პროცესში კიდევ რამდენიმე პირის დაკავების შესახებ.
- 30 ივნისს, დილით ადრე, პოლიციამ ბარიკადები აიღო; თუმცა შემდეგ, აქტივისტთა მობილური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა მეთოდით, კვლავ კეტავდნენ ქუჩებს.
ახალგაზრდებმა "სამოქალაქო დაუმორჩილებლობა" გამოაცხადეს. პროცესში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები ერთვებიან. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური ესაუბრა პროტესტის მონაწილეებს. ისინი მიზნის მიღწევამდე ბრძოლის გაგრძელების პირობას დებენ.
ბელგრადი, 30 ივნისი.
როგორ მოქმედებენ პროტესტის მონაწილეები
აქტივისტთა მობილური ჯგუფები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან - რომელი უფრო მოხერხებულად შეასრულებს გზის გადაკეტვის ამოცანას.
მოქმედებენ ტაქტიკით - არ შევიდნენ კონტაქტში პოლიციასთან და სამართალდამცავთა ჯგუფების გამოჩენისას - გვერდზე გადგნენ, გაიქცნენ ან ცოტა ხნით თვალს მიეფარონ; ხოლო როცა პოლიცია ბარიკადებს აიღებს - ახალგაზრდები იქვე ახლოს ახალი ბარიკადების აგებას იწყებენ - ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებათ. ძირითადად ნაგვის კონტეინერებით. არაფერს ამტვრევენ.
ბელგრადი - 30 ივნისი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ზოგიერთი საკვანძო ადგილი, ბელგრადში, დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიკეტა. სტუდენტები ხმის გამაძლიერებლებით მოუწოდებენ მოქალაქეებს - გააგრძელონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.
ამ დრომდე პროტესტის მოთხოვნებია:
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პრეზიდენტ ვუჩიჩის გადადგომა;
- დაკავებულების გათავისუფლება;
- პრეზიდენტ ვუჩიჩის მხარდამჭერთა კარვების აღებას.
ე.წ. კარვების ქალაქი ვუჩიჩის მხარდამჭერებს პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვთ გაშლილი. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, არაერთი დღეა ისინი კარვებში ათენებენ ღამეს. მათ პოლიცია არაფერს ერჩის, რასაც პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები უსამართლოდ თვლიან.
პროცესის ორგანიზატორად მიიჩნევა სტუდენტების მიერ შექმნილი ჯგუფი „ბლოკადა“, რომელსაც სოციალურ ქსელებში ასობით ათასი გამომწერი ჰყავს. ჯგუფი ახალ გეგმებსა და უსაფრთხოების რეკომენდაციებს მუდმივ რეჟიმში აქვეყნებს. ასევე ქვეყნდება რუკები მონიშვნებით, სადაც უნდა გადაიკეტოს მოძრაობა.
პარალელურად, აქტივისტი სტუდენტები ჩართული არიან დაკავებულთა დახმარების პროცესში; მხარდაჭერას გამოხატავენ დაკავების ცენტრებთან, სასამართლოსთან, ერთმანეთს ატყობინებენ დაკავებულთა და დაშავებულთა სხვადასხვა სახის საჭიროებების შესახებ.
ბელგრადი, 30 ივნისი.
8-თვიანი პროტესტი სერბეთში მუდმივად იცვლიდა სახეს და ახალ-ახალი ხელწერით გრძელდებოდა. თუმცა ბოლო თვეებში მასშტაბური საპროტესტო აქცია აღარ გამართულა. ოფიციალური ინფორმაციით, 28 ივნისის აქციაში 36 ათასი ადამიანი მონაწილეობდა ხოლო დამოუკიდებელი წყაროების თანახმად, მომიტინგეთა რიცხვი 140 000-ს აღემატებოდა.
„ხელისუფლებას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა და საკმარისი დრო, რომ პასუხი გაეცა მოთხოვნებზე და თავიდან აერიდებინა ესკალაცია. „მაგრამ ამის ნაცვლად მათ ძალადობა და ხალხის წინააღმდეგ რეპრესიები აირჩიეს. სიტუაციის შესაძლო რადიკალიზაცია მხოლოდ მათ პასუხისმგებლობაზეა“; - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები, რომლებმაც ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის ულტიმატუმით 25 ივნისს მიმართეს. როგორც იუწყებიან ულტიმატუმის ვადა 28 ივნისს ამოიწურა.
- შაბათს პოლიცია მომიტინგეებს სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ცრემლსადენი გაზით დაუპირისპირდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დაკავებულ მომიტინგეებს სახეშენიღბული ძალოვნები სცემდნენ. გავრცელებულ ფოტო თუ ვიდეომასალებში, მომიტინგეებს დაზიანებები ეტყობათ.
- იტყობინებიან, რომ პოლიციის რამდენიმე ამოუცნობი თანამშრომლის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებას საჩივრით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ბელგრადის ცენტრმა“.
- პრეზიდენტმა ვუჩიჩმა პოლიციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის; ხოლო პროტესტის მონაწილეებს "ტერორისტები" და გარე ძალისგან მართული უწოდა.
ვუჩიჩი მადლობა უხდის მოსკოვს
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელისუფლებას - გაგებისთვის და რწმენისთვის, რომ ის პროტესტის ჩახშობას შეძლებს.
„მადლობა რუს მეგობრებს, რომ მათ ეს შენიშნეს. მადლობა სერგეის [ლავროვს], რომ შესანიშნავად გაიგო და მადლობა რუსეთის პატიოსან ანალიტიკოსებს, რომლებმაც შენიშნეს ასევე, რომ - ვუჩიჩი კერკეტი კაკალი იქნება და მე არ ვგავარ მათ, ვინც სერბეთიდან გარბოდა... ბედნიერი ვარ რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელებით“, - სერბეთის პრეზიდენტის ციტატას რუსეთის მედია ავრცელებს. ვუჩიჩი ამ დროს ესპანეთში, გაეროს ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
მანამდე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა გამოთქვა იმედი, რომ ბოლო დღეებში გაღვივებული პროტესტი კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად მოგვარდება და რომ დასავლეთის ქვეყნები „ამჯერად არ დაკავდებიან თავიანთი ფერადი რევოლუციებით“.
თუმცა კრემლი „ფერადი რევოლუციას“ არ გამორიცხავს. პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაძლოა სერბეთში გამოიყენონ „ყველასათვის კარგად ცნობილი ტექნოლოგიები „ფერადი რევოლუციის“ პროვოცირებისთვის“.
- სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა მის ხელისუფლებას მჭიდრო კავშირი აქვს მოსკოვთან და არცთუ იშვიათად დგამს ნაბიჯებს, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის ინტერესებს.
- ალექსანდარ ვუჩიჩი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთად ჩასული იყო მოსკოვში, როცა ვლადიმირ პუტინი, 9 მაისს, “დიდი სამამულო ომის” მე-80 წლისთავს აღნიშნავდა.
კრემლის განცხადებებს მწვავე რეაქცია მოჰყვა სერბეთის ოპოზიციაში.
დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ არცერთ უცხო ქვეყანას არა აქვს უფლება „იარლიყები მიაწებოს“ სერბ ხალხს, რომელიც იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას - გამოხატოს პოზიცია.
„მინისტრ ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო ბლოკადა დესტაბილიზაციის უცხოური გეგმის ნაწილია, უშუალოდ შეესაბამება სერბეთის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ნარატივს. მაგრამ ალექსანდრ ვუჩიჩს ვერავინ უშველის - ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა 30 ივნისს სერბეთის „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ნებოიშა ნოვაკოვიჩმა.
რუსეთის მედია იუწყება, რომ სტუდენტები და ოპოზიცია სამოქალაქო ომით იმუქრება, რაც დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება.
საქართველოსაც ადარებენ
სერბეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ აქტიურად მსჯელობენ რუსი ანალიტიკოსები და პარალელებს საქართველოსთან და უკრაინასთანაც ავლებენ. რუსეთის საბჭოს საგარეო საქმეთა მენეჯერი, მილან ლაზოვიჩი აცხადებს - რომ სერბეთის მოვლენები არ ჰგავს საქართველოში მიმდინარე პროტესტს, რადგან სერბეთში პროტესტის მონაწილეები „არ არიან განწყობილი ერთმნიშვნელოვნად რუსეთის წინააღმდეგ“.
„მე ვერ ვუწოდებდი მას [სერბეთის პროტესტს] ანტირუსულს ან ფერად რევოლუციას რუსეთის წინააღმდეგ. რადგან პროტესტის მონაწილეთა შორის, ნაწილს, პირიქით, რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა სურს და ადანაშაულებენ პრეზიდენტ ვუჩიჩს, რომ ის დაშორდა მოსკოვს და „ზის ორ სკამზე“. მეორე ნაწილი კი - პირიქით, უფრო პროევროპულები, ვუჩიჩს ასევე ადანაშაულებენ „ორ სკამზე ჯდომაში, მაგრამ უფრო იმისთვის, რომ ის არ იხრება ევროკავშირისკენ“, - აღნიშნავს რუსი ექსპერტი.
ასევე ნახეთ სერბეთი და საქართველო - ვადარებთ ორ პროტესტს, მიზნებს, საშუალებებს, შედეგებსსერბეთის ხელისუფლების მიმართ სიმპათიების მიუხედავად, რუსეთის მედიაში იბეჭდება მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც, პრეზიდენტ ვუჩიჩს - უკან დახევის გარდა სხვა გზა აღარ რჩება.
„სერბეთის პრეზიდენტს არა აქვს განსაკუთრებული რესურსი იმისთვის, რომ ხალხის მასა დიდხანს დაამშვიდოს. პროტესტის ჩაცხრობის ერთადერთი შესაძლებლობა მისთვის არის მომიტინგეების ულტიმატუმზე დათანხმება და არჩევნების დანიშვნა. მაგრამ ეს სარისკოა, რადგან ბოლო კამპანიის დროს მან დაკარგა მომხრეები დიდ ქალაქებში. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, თუკი არ დამარცხდება, ვერც სასურველ შედეგს მიიღებს“, - „ვზგლიადი“ ბალკანეთის საკითხების სპეციალისტ ეკატერინა ენტინას მოსაზრებას აქვეყნებს. ექსპერტი მოელის, რომ ვუჩიჩს არჩევნების დანიშვნა შემოდგომისთვის მაინც მოუწევს.
სერბეთში პრეზიდენტობა ძირითადად ცერემონიული თანამდებობაა, თუმცა ვუჩიჩი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობს, როგორც მმართველი კონსერვატიული და ნაციონალისტური „სერბული პროგრესული პარტიის“ (SNS) ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ მან პარტიული თანამდებობა ოფიციალურად 2023 წელს დატოვა, დღემდე მიიჩნევა, რომ მთავარ გადაწყვეტილებებს პარტიაში სწორედ ის იღებს. მისი პარტია, მოკავშირეებთან ერთად, პარლამენტში უმრავლესობას. ალექსანდარ ვუჩიჩს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სახელმწიფო ინსტრუმენტებზე.
როგორ იცვლებოდა სერბეთის პროტესტი
პროტესტი სერბეთში გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქალაქ ნოვი-სადში, პომპეზურად გახსნილი რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევამ 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მე-16 დაშავებული მოგვიანებით გარდაიცვალა.
პროტესტის მონაწილეები თავდაპირველად დამნაშავეების დასჯასა და დოკუმენტაციის გამოქვეყნებას ითხოვდნენ. თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს. მათთვის მიუღებელი იყო, რომ პოსტიდან მხოლოდ მშენებლობის მინისტრი გადადგა.
იანვარში გადადგა პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი და ავტომატურად - მისი მთავრობაც, თუმცა იმ დროისთვის პროტესტის მონაწილეები უკვე ახალ არჩევნებს ითხოვდნენ და ხელისუფლებას კორუფციაში სდებდნენ ბრალს.
ბელგრადი - 15 მარტი.
აპრილში, სერბეთის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ექიმი, პროფესორი ჯურო მაცუტა დანიშნა, რომელიც ასევე დაუპირისპირდა პროტესტს. მთავრობის კაბინეტის შემადგენლობა კი თითქმის იგივე დარჩა.
ნოვი-სადის ტრაგედიის საქმეზე მაღალჩინოსნები არ დასჯილან. დაკავებულთა შორის ძირითადად ინჟინრები იყვნენ.
პროტესტის 8 თვის განმავლობაში სტუდენტებმა სერბეთის მასშტაბით ათეულობით უმაღლესი სასწავლებლისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების გაფიცვა შეძლეს. მათ მხარს უჭერენ პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები - ექიმები, მოსამართლეები, მუსიკოსები, იურისტები, IT-სპეციალისტები, ომის ვეტერანები, ბაიკერები თუ ფერმერები, რომლებმაც, გაზაფხულზე, გზის გადასაკეტად მათ ტრაქტორებიც მიაშველეს.
ცალკე საპროტესტო აქციები გამართეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკებმა, პენსიონერებმა თუ ტაქსის მძღოლებმა.
ახალგაზრდები მკაფიოდ პროევროპულ განწყობას ავლენენ.
- აპრილში, სერბული მოძრაობის აქტივისტები ორი კვირის განმავლობაში ველოსიპედებით მიემართებოდნენ სტრასბურგისკენ და 16 აპრილს ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
- შემდეგ კოლონა - ბრიუსელისკენ გაემართა, სერბული საპროტესტო მოძრაობის მიმართვის ევროპელი პოლიტიკოსებისთვის გადასაცემად.
სერბეთის მედია წერს, რომ ბრიუსელიდან პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან.
მდუმარე აქციები, გზაჯვარედინებისა და ავტომაგისტრალების ბლოკირება, მარშები ქალაქებს შორის, სხვადასხვა სახის გაფიცვა, ადამიანების ინფორმირება - მასშტაბურ საპროტესტო აქციებს შორის შუალედებში პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა აქტივობით იყვნენ დაკავებული.
პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს არ ჰქონდათ ნდობა ოპოზიციური პარტიების მიმართ და ბევრი მოელოდა, რომ პოლიტიკური კომპასის გარეშე პროტესტი ჩაცხრებოდა.
ასევე ნახეთ სერბეთის პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მასობრივი არეულობა მოაწყვესსერბეთის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ნაკლოვანებად - დაქსაქსული ოპოზიცია სახელდება - მუდმივად ისმოდა ბრალდება, რომ ის ვერ უზრუნველყოფს საპროტესტო მუხტისა და სტუდენტური მოძრაობის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნას.
სერბეთში საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, პოლიტიკური გემოვნებისა და მსოფლმხედველობის ადამიანები. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ყველა მათგანისთვის მოსაწონი პოლიტიკური ლიდერის გამოძებნა არცთუ იოლი საქმეა. პროტესტს ამ ეტაპზეც ჯერ ისევ საზოგადოებრივი ჯგუფები წარმართავენ.