Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთში 6 პირი დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით


ექვსი პირის დაკავებამდე, 23 ივნისს სერბეთის პოლიციამ დააკავა სტუდენტების საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. მისი გათავისუფლების მოთხოვნით 26 ივნისს საპროტესტო აქცია გაიმართა
ექვსი პირის დაკავებამდე, 23 ივნისს სერბეთის პოლიციამ დააკავა სტუდენტების საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. მისი გათავისუფლების მოთხოვნით 26 ივნისს საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში დააკავეს 6 პირი, რომლებსაც ხელისუფლება ბრალად სდებს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ეს პირები გეგმავდნენ შეჭრას მთავრობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების შენობებსა და სერბეთის ტელევიზიის და რადიოს და ზოგიერთი სხვა მედიასაშუალების ოფისებში და სახელმწიფო მოხელეებსა და პოლიციელებზე თავდასხმებს.

დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან სერბეთის კონსტიტუციური წყობისა და უსაფრთხოების საწინააღმდეგო აქტების მომზადებაში. სერბეთის შსს დაკავებულებს მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული არიან სამხედრო მოსამსახურეთა პროფკავშირის ყოფილი თავმჯდომარე ნოვიცა ანტიჩი, პოლიტიკოსი ივან მატოვიჩი, თადარიგის კაპიტანი ბრანკო მომჩილოვიჩი, ყოფილი სამხედრო ვიდან კოლიაიჩი და ყოფილი პოლიციელი სერჯან გაიოვიჩი. მეექვსე დაკავებულის ვინაობა მედიისთვის უცნობია.

ნოვიცა ანტიჩის დაკავება მისმა ადვოკატმა დაუდასტურა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს. 2024 წლის მარტში გამოცემა Politico წერდა, რომ დასავლეთის დაზვერვა ანტიჩს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტად მიიჩნევს.

სერბეთში ნახევარ წელზე მეტია გრძელდება სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები ხელისუფლების პოლიტიკისა და კორუფციის წინააღმდეგ. მორიგი მასშტაბური მსვლელობა 28 ივნისსაა დანიშნული.

23 ივნისს პოლიციამ კონსტიტუციური წყობის ძალით შეცვლისკენ მოწოდებების ბრალდებით დააკავა აქციების აქტიური მონაწილე, სტუდენტი სტეფან ტომიჩი. დღეს, 26 ივნისს მისი გათავისუფლების მოთხოვნით ბელგრადში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG