სამი პატიმრის სამი მშობელი - ისინი, ვინც შვილების პატიმრობისას გარდაიცვალნენ

ონისე ცხადაძის მამა გელა ცხადაძე 26 ივნისს გარდაიცვალა

26 ივნისს გარდაიცვალა პროევროპულ აქციებზე დაკავებული მსახიობის, ონისე ცხადაძის მამა, გელა ცხადაძე. ის მესამე მშობელი გახდა ბოლო ექვს თვეში, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულებმა დაკარგეს.

ვის გარდაეცვალა მშობელი?

  • გურამ მირცხულავას - გარდაეცვალა მამა, 4 იანვარს;
  • გიორგი ახობაძეს - გარდაეცვალა დედა, 14 იანვარს;
  • ონისე ცხადაძეს - გარდაეცვალა მამა, 26 ივნისს.

რას ედავება მათ გამოძიება?

გურამ მირცხულავასა და ონისე ცხადაძეს გამოძიება ედავება პროევროპული აქციებისას ჩადენილ ჯგუფურ ძალადობას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითაა აღძრული და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ელით.

პროფესიით ექიმ გიორგი ახობაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან - მას 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

შეუძლია თუ არა პატიმარს დაესწროს ოჯახის წევრის პანაშვიდს, დაკრძალვას?

შეუძლია.

პენიტენციური კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს, გასცეს ნებართვა საპატიმროს 2 დღემდე ვადით დატოვებაზე, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ამ სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.

დაესწრება თუ არა მამის დაკრძალვას ონისე ცხადაძე?

ონისე ცხადაძე, თბილისის საქალაქო სასამართლო

ონისე ცხადაძის მამა 26 ივნისს გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შესახებ ონისეს ძმას ტელეფონით სწორედ მაშინ შეატყობინეს, როდესაც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძმის მორიგ სასამართლო სხდომას ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ონისეს ძმამ, სანდრო ცხადაძემ, სოციალურ ქსელში დაწერა: "ამ დროს გამაგებინეს მამას ამბავი" და ფოტო გამოაქვეყნა.

ონისე ცხადაძის მამას სამშაბათს, პირველ ივლისს, თერჯოლაში დაკრძალავენ.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს:

„დღესვე უნდა შევიტანოთ განაცხადი, რადგან შემდეგ შაბათ-კვირა ემთხვევა და დოკუმენტაციის მომზადებას დრო დასჭირდება. გარდაცვალების მოწმობას წარვადგენთ პენიტენციურ დაწესებულებაში. მე დავწერ დასაბუთებულ განცხადებას და მივუთითებთ, როდის გვსურს, რომ ციხემ განახორციელოს ბადრაგირება. რაკი ონისე ჯერ ბრალდებულია, დაგვჭირდება პროკურორის თანხმობა. ამიტომ პროკურორსაც უნდა შევატყობინო, რომ თანხმობა გასცეს.

წესით და რიგით, პრობლემა არ უნდა შეიქმნას. დაკრძალვა თერჯოლაშია, თუმცა კანონში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ პატიმრის სხვა ქალაქსა თუ რეგიონში გადაყვანა არ შეუძლიათ“.

გაიგო თუ არა ონისემ მამის გარდაცვალების ამბავი?

ადვოკატის თქმით, ონისემ გუშინვე შეიტყო მამის გარდაცვალების შესახებ:

„ონისე ყველა სხდომის შემდეგ ურეკავს ხოლმე ძმას, სანდროს და როგორც ვიცი, ძმამ გუშინვე შეატყობინა ამის შესახებ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ვიცი, როგორია მისი ემოციური მდგომარეობა“.

ონისე ცხადაძის მამა, სხვა პატიმრების მშობლებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, გულზე დაკიდებული ტრანსპარანტით, რომელზეც თავისი შვილის ფოტო იყო აღბეჭდილი, მოითხოვდა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას.

ადვოკატი ამბობს:

„ონისეს მამა ძალიან განიცდიდა შვილის მდგომარეობას, ნერვიულობდა, ძალიან დარდობდა“.

ონისე ცხადაძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციებში, 5 დეკემბერს სახლში, ქალაქ თერჯოლაში დააკავეს.

მამის დაკრძალვას ვერ დაესწრო გურამ მირცხულავა, რატომ?

გურამ მირცხულავა და მასთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული სხვა პირები თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში

ილია მირცხულავა 2025 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა. პატიმრის ადვოკატი, ომარ ფურცელაძე, რადიო თავისუფლებას უხსნის, რატომ ვერ მოხერხდა გურამ მირცხულავას საპატიმროდან გაყვანა:

„არაერთი მიზეზის თანხვედრა მოხდა. პირველი ის, რომ მთავრობის დადგენილებით, 13 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები იყო გამოცხადებული. გარდა ამისა, პენიტენციური დაწესებულების მორიგე პერსონალისთვისაც დასვენების დღეები იყო, შაბათ-კვირა.

ამასთანავე, გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა პარასკევს, დღის მეორე ნახევარში. ოჯახის წევრებს, ცხადია, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გარდაცვალების შესახებ ჩემთვის დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინათ, რომ საჭირო დოკუმენტაცია დროულად მოგვეგროვებინა და შეგვძლებოდა პატიმრის გამოყვანა.

მეც, პროკურორიც, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილეც ვცდილობდით ტექნიკური დეტალების მოგვარებას, თუმცა საბოლოოდ, მისი დაწესებულებიდან გაყვანა ვერ მოხერხდა“.

ომარ ფურცელაძე ამბობს:

„გურის და მამამისს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, არა მხოლოდ ბიოლოგიურ-ნათესაური. ამიტომ გურისთვის მის გარდაცვალებას, ცხადია, ჰქონდა მძიმე გავლენა. გურის მამას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რომლის მოვლასა და მხარდაჭერაში გური ძალიან აქტიურად იყო ჩართული“.

რამდენიმე საათით „გათავისუფლებული“ გიორგი ახობაძე

გიორგი ახობაძე, თბილისის საქალაქო სასამართლო, 8 აპრილი, 2025 წელი

პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, ექიმ გიორგი ახობაძეს, დედის პანაშვიდზე დასწრების საშუალება 17 იანვარს მისცეს. ის რამდენიმე საათით გაიყვანეს გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან.

პატიმრობამდე ის თავად უვლიდა დედას, რომელიც მძიმე ავადმყოფი იყო. სასამართლო სხდომაზე მან თქვა, რომ ის იყო დედის მოვლასა და მზრუნველობაზე პასუხისმგებელი, რადგან დედამისს გადატანილი ჰქონდა ინსულტი, წართმეული ჰქონდა მეტყველება და არ შეეძლო გადაადგილება.

ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლოს სხდომაზე „სპექტაკლი“ უწოდა მისთვის ნარკოტიკების „ჩადებას“ და დაკავებას.

ასევე ნახეთ ვის სჯიან, ვის არა - შეადარეთ მაგალითები

რატომ დაიწყო პროევროპული აქციები?

ზუსტად შვიდი თვეა, არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. შვიდი თვის წინ, პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, პარტია აღარ დააყენებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე.

დღევანდელი მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათგან 10 დაკავებულია 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას, 52 კი - 2024-2025 წლების ნოემბერ-თებერვალში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე.

ასევე ნახეთ "კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ რამე გავაკეთოთ?" - PACE-მ საქართველოზე იმსჯელა