გისოსებს მიღმა - როგორ მოხვდნენ ოპოზიციური პოლიტიკოსები ციხეში (ამჯერად)

8 პოლიტიკოსი, რომლებიც დააპატიმრეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არ ცნობენ წულუკიანის კომისიის ლეგიტიმაციას.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე 8 პოლიტიკოსი ერთდროულად აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მათგან 6 სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერია, 7-ს უკვე შეუფარდეს სასჯელი, ორი აპირებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

ყველა მათგანი დაპატიმრებულია იმ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ.

პატიმრობა შეიძლება დაემუქროს კიდევ ერთ პოლიტიკურ ლიდერს, ოცნების ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას. ის ერთხელ პირადად მივიდა თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე და მეორედ ონლაინ ჩაერთო. მის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ საქმე, რომელსაც პროკურატურა კომისიაზე განხილული ჩორჩანის საგუშაგოს გახსნის გარშემო იკვლევს. გახარია საქართველოში არ იმყოფება და ბუნდოვანია, აპირებს თუ არა დაბრუნებას უახლოეს მომავალში.

იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია „ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველად ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების დასასჯელად შექმნა, ციხეში აღმოჩენილი რვა პოლიტიკოსიდან ოთხს 2012 წლამდე არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ ჰქონია და არც რომელიმე პარტიაში ყოფილან გაწევრიანებულები.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლა მათ უმეტესობას თავისუფლების აღკვეთასთან ერთად 2 წლით საჯარო სამსახურში მუშაობაც აეკრძალათ.

აქ ვიხსენებთ მნიშვნელოვან ამბებს დაპატიმრებულთა მიერ აქამდე განვლილი პოლიტიკური და საჯარო ცხოვრებიდან.

ასევე ნახეთ ოპოზიციონერთა დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს - Amnesty

ზურა გირჩი ჯაფარიძე

პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი 23 ივნისს 7-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ციხის საკანში შეხვდა. ის ჯერ კიდევ 22 მაისს სასამართლოს დარბაზში დააკავეს, გირაოს გადაუხდელობის გამო, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად ჰქონდა დაკისრებული საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის. 2025 წლის 22 დეკემბერს, როცა ჯაფარიძის პატიმრობის ვადა დასრულდება, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარებული იქნება. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2027 წლის ივნისამდე ჯაფარიძეს აკრძალული აქვს საჯარო სამსახურში მუშაობა.

ზურა "გირჩი" ჯაფარიძე ცოლთან, ნატა ქორიძესთან ერთად სასამართლოს დარბაზში - ნატა ქორიძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში მუშაობდა, საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად მიიჩნევს თავს.

25 ივნისს ციხიდან გამოგზავნილ მოკლე წერილში ზურა ჯაფარიძემ ქართულ ოცნებას მიმართა:

“ბიძინა არ ითაგება და მის სახელზე წერილია ციხიდან, რომ გადასცეთ:

“Mene, Tekel, Parsin”[ მენე, მენე, თეკელ, უფარსინ – ძველი აღთქმის მიხედვით, ქალდეველთა მეფის ბალთაზარის სასახლის კედელზე ეს სიტყვები ხელის მტევნით დაიწერა. დანიელ წინასწარმეტყველმა მეფეს აუხსნა ამ სიტყვების მნიშვნელობა: მენე- ღმერთმა შენი სამეფოს დღეები დაითვალა და ბოლო მოუღო მას; თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი; უფარსინ - გაიყოფა შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი. ბალთაზარი იმავე ღამეს მოკლეს, სამეფო ტახტზე კი დარიოს მიდიელი ავიდა - რ.თ.]

49 წლის ჯაფარიძე პირველადი განათლებით ექიმია, 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „მომავლის ექიმი“ ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით; 2005 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი გახდა და შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაც დაამთავრა.

სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ჯიპაში, თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში.

  • 2012 წლის აგვისტოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა, 2015 წელს პარტიის აღმასრულებელი მდივანი.
  • ყოფილი მმართველი პარტია 2013 წელს მას საპრეზიდენტო კანდიდატადაც განიხილავდა, თუმცა ენმ-მ საბოლოოდ მხარი დავით ბაქრაძეს დაუჭირა. დავით ბაქრაძე რამდენიმე წელში ენმ-ს ტოვებს და “ევროპული საქართველოს” ლიდერი ხდება, 2021 წლის თებერვალში კი პაუზას იღებს “პარტიული პოლიტიკიდან.”
  • 2015 წლის 25 მაისს ჯაფარიძე ტოვებს ნაცმოძრაობას, მიზეზად ამ პარტიაში “წარსულზე ორიენტირებული ჯგუფების” არსებობას ასახელებს და ქმნის “გირჩს”.
  • 2018 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და ხმების 2,6%-ს იღებს. ამ არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს ამარცხებს 19%-იანი უპირატესობით. 2018 წელის არჩევნების სახსოვრად ზურა ჯაფარიძეს სახელში გაჩნდა გირჩიც - იმის გამო, რომ მას საარჩევნო ბიულეტენში პარტიის სახელის ჩაწერის გარანტია არ ჰქონდა, სახელი შეიცვალა.
  • 2020 წლის დეკემბერში შიდაპარტიული განხეთქილების შემდეგ ჯაფარიძე “გირჩსაც” ტოვებს და ქმნის კიდევ ერთ ახალ პარტიას “გირჩი - მეტი თავისუფლება.”


როგორც "გირჩის", ასევე "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის სახელს უკავშირდება ხმაურიანი აქციები და ეპატაჟური პოლიტიკური ნაბიჯები:

  • პარტიის ოფისში მარიხუანის მოყვანა;
  • სუს-ის შენობების ავტომობილებით ბლოკირება;
  • წინასაარჩევნო კამპანიის დროს რეკლამების განთავსება პორნოგრაფიულ საიტზე pornhub;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივად “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახურად რეგისტრაცია, რომლის გამოყენებითაც ათასობით ახალგაზრდამ დააღწია თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს;
  • ტაქსების რეგულაციის პასუხად “შმაქსის” რეგისტრაცია;
  • პარტიის ოფისში საროსკიპო “პიონერის” გახსნა სექსმუშაკების უფლებების დასაცავად და პროსტიტუციის ლეგალიზაციის მოთხოვნით;
  • საჯაროდ გავრცელებული პირადი ცხოვრების ჩანაწერების ყურებისთვის ადამიანების დაკავების პასუხად პარლამენტარებისთვის პორნოგრაფიული ვიდეოს გაგზავნა - მის ამ ექსპერიმენტს 2019 წელს წამოეგო ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი.


ზურა ჯაფარიძის ოპონენტები ყველაზე ხშირად იხსენებენ 2018 წლის ნოემბერში მისი მონაწილეობით გამართულ საპროტესტო აქციას ატოცში, სადაც პოლიტიკოსმა და რამდენიმე სხვა ადამიანმა საოკუპაციო ზოლთან საოკუპაციო ძალებს უკანალი აჩვენეს. ეს აქცია იყო პასუხი ატოცთან მავთულხლართების გავლებაზე.

ასევე ნახეთ ატოცი - შიშის ზონა

2024 წლის არჩევნებში ზურა ჯაფარიძე გახდა კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი, “დროას” და “ახალის” ლიდერებთან ერთად.

დაკავებამდე ერთი წლით ადრე ის არაერთხელ გახდა საკუთარ სახლთან ჩასაფრებისა და თავდასხმის სამიზნე - რამდენჯერმე თავის დაცვა პირადი იარაღითაც მოუხდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას იარაღის ტარების უფლებაც შეზღუდული აქვს.

ასევე ნახეთ ALDE-ს საბჭოზე ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხეს

ნიკა მელია

ნიკა მელია საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადახდის ვადის ამოწურვის წინა დღეს, 29 მაისს დააკავეს ლისის ტბის სიახლოვეს - ამ დროს ის ერთ-ერთი პოდკასტის ჩაწერაზე მიდიოდა სტუმრად. მელიას, რომელიც მის დაკავებას “გატაცებად” მიიჩნევს და სასამართლოს ამ საკითხით დაინტერესებას სთხოვდა, 27 ივნისს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 2 წლით შეუზღუდეს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება.

მან ციხე 2026 წლის 29 იანვარს უნდა დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ მას დამატებით სასჯელს არ დააკისრებენ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო - ეს დანაშაული (სასამართლოს/მოსამართლის უპატივცემულობა) 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის შემდეგ საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს - განაჩენის გამოცხადებისას ის სასამართლოში აღარ მისულა და მისთვის შეფარდებული სასჯელი მოსამართლემ თითქმის ცარიელ დარბაზში გამოაცხადა

45 წლის პოლიტიკოსი განათლებით იურისტია. სანამ პარტიულ საქმიანობას დაიწყებდა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდებოდა, რამდენიმე სახელმწიფო უწყებაში მოასწრო მუშაობა - ენმ-ის წევრი ის მას შემდეგ გახდა,რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა და ყოფილი მმართველი პარტია ოპოზიციაში გადავიდა.

  • 2007 წელს მელია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩეველი;
  • 2008- 2010 წლებში ჯერ აღსრულების ბიუროს დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი ხელმძღვანელი;
  • 2013 წელს მთაწმინდის გამგებელი გახდა;
  • 2014 წელს ენმ-ს სახელით თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი იყო;
  • 2016 წელს ენმ-ს სახელით დეპუტატი გახდა, პარალელურად ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო;
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მელია გლდანის ოლქში იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, სადაც პირველ ტურში ოცნების კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო - მეორე ტურში მონაწილეობაზე მან პროტესტის ნიშნად თქვა უარი და ხანმოკლე ბოიკოტის მერე მეათე მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით შევიდა;
  • 2020 - 2023 წლებში იყო ენმ-ის თავმჯდომარე, რომელიც საბოლოოდ პარტიაში, მისი განმარტებით, ჩრდილოვანი მმართველობის გამო დატოვა;
  • 2024 წლის მარტში ნიკა გვარამიასთან ერთად დააფუძნა პარტია "ახალი" - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ცვლილებებისთვის, რომლის წევრიც იყო “ახალი”, 11% მიიღო.


ეს მელიას პირველი პატიმრობა არ არის.

პირველად სასამართლომ ნიკა მელია დამნაშავედ მიიჩნია 2019 წლის 20 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში. ამ დღეს ათასობით დემონსტრანტი პარლამენტთან რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომას აპროტესტებდა რუსთაველზე; მელიას გამოძიება პარლამენტზე შტურმის ორგანიზებაში ადანაშაულებდა. ამის გამო მას ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება და 30 000-ლარიანი გირაო დააკისრეს, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ სავალდებულოდ სატარებელი სამაჯური საჯაროდ მოიხსნა. პროკურატურამ სასამართლოს გირაოს გაზრდის მოთხოვნით მიმართა - მელიამ გაზრდილი გირაო აღარ გადაიხადა და ციხეში აღმოჩნდა 2021 წლის 23 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ.

ნიკა მელია დაკავების სპეცოპერაცია ენმ-ს ოფისში - 23 თებერვალი, 2021 წელი

ამ სპეცოპერაციამდე, 18 თებერვალს გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. მელიას პატიმრობა ამ საქმეზე ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდამ დაასრულა.

2023 წლის სექტემბერში მელიას კვლავ აკავებენ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით - დაკავების მიზეზია ინციდენტი, რომლის დროსაც გლდანში თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს.

მელია ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული 2025 წლის 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე. გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკოსმა თქვა, რომ მასზე პოლიციელმა გიორგი ჩოქურმა იძალადა. ამ საქმით გამოძიება არ დაინტერესებულა.

2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელთან აქციაზე პოლიციამ 20-მდე ადამიანი დააკავა - აქციის მსვლელობისას დემონსტრანტებთან მივიდა გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც თავადაც აყენებდა დაკავებულებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას

“აქ, რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს; ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს” - ეს არის ფრაგმენტი მელიას ციხიდან გამოგზავნილი პირველი წერილიდან, რომელიც 2025 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა მის ფეისბუკის გვერდზე. გურამ აბსანძე, რომელსაც ის ახსენებს, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მთავრობის ფინანსთა მინისტრი ციხიდან 12 სხვა ადამიანთან ერთად გაიქცა გვირაბით, 2000 წელს.

ასევე ნახეთ "კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ რამე გავაკეთოთ?" - PACE-მ საქართველოზე იმსჯელა

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას გირაოს გადაუხდელობის გამო 13 ივნისს შეუფარდეს პატიმრობა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ გვარამია თავად მივიდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც 1 ივლისს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიერ გამოცხადებული სასჯელი, 8-თვიანი პატიმრობაც უნდა მოიხადოს. გვარამია კიდევ ერთხელ არის დაბარებული კომისიაზე - ამის შესახებ 17 ივნისს თეა წულუკიანმა თქვა და დაამატა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში განმეორებით დანაშაულზე კვლავ გადასცემდა საქმეს პროკურატურას.

თუკი მას ციხეში ბრალს არ დაუმძიმებენ ან ახალი დანაშაულის ჩადენაში არ დაადანაშაულებენ, საპატიმროს დატოვება მას 2026 წლის 13 თებერვალს უწევს.

ნიკა მელია ცოლთან ერთად ელოდება მის დასაპატიმრებლად პოლიციის მისვლას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

49 წლის სოხუმიდან დევნილი პოლიტიკოსი პროფესიით იურისტია. ის 2004 წელს “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ენმ-ის სახელით პარლამენტის დეპუტატი ხდება - პარლამენტარობის დროს ხელმძღვანელობდა დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელსაც საბაჟო ტერმინალ "ოპიზასთან" დაკავშირებული კორუფციული სქემა და მასში პარლამენტარების შესაძლო ჩართულობა უნდა შეესწავლა.

2007 წელს ის ხდება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, 2008 წელს იუსტიციის მინისტრი და ამ პოსტზე 10-თვიანი მუშაობის შემდეგ 2008 წელსვე ინიშნება განათლების მინისტრად, სადაც წელიწადზე ოდნავ მეტს დაყოფს. გვარამიას მხრიდან მინისტრის პორტფელის დატოვების გადაწყვეტილება მაშინ აიხსნა მისი სურვილით, გაეგრძელებინა სწავლა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნიკა გვარამია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ხდება და ტელეკომპანიას მართავს 2019 წლამდე, სანამ მას ყოფილ მფლობელებს დაუბრუნებენ. "რუსთავი 2-ის" დაკარგვიდან რამდენიმე კვირაში აარსებს ტელეკომპანია “მთავარს” - ნიკა გვარამიას პოლიტიკაში წასვლიდან ერთ წელიწადსა და ორ თვეში "მთავარმა" მაუწყებლობა შეწყვიტა.

გვარამიაც რამდენჯერმე დააპატიმრეს სხვადასხვა ბრალდებით :

  • 2012 წლის დეკემბერში მას კორუფციისთვის აპატიმრებენ, თუმცა დანაშაულს ვერ უმტკიცებენ და საპატიმროდან მალევე ათავისუფლებენ;
  • 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს „ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის“ ბრალდებით. გამოძიება მას კომპანიის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნებით გამოყენებას ედავებოდა - საქმის ნაწილი იყო გვარამიას ცოლის და არასრულწლოვანი შვილის ფარულად გადაღებული კადრები, რითაც გამოძიება ამტკიცებდა თავისი ბრალდებას. გვარამიამ საპატიმრო 2023 წლის 22 ივნისს დატოვა, ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. გვარამიას ამ პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა სახალხო დამცველი და არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია;
  • 2023 წლის 17 ნოემბერს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ - Committee to Protect Journalists) მას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადასცა. 2023 წელსვე გვარამია უკრაინის რადის თავმჯდომარემ უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის რადის მედლით დააჯილდოვა კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს;
  • 2024 წლის დეკემბერში ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით დააკავეს პარტიის "ახალი" ოფისში ჩხრეკისას - ამ დროს პოლიციამ თბილისში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების პარალელურად პარტიის ოფისიდან წაიღო ნიღბები და ფეიერვერკები;


2024 წლის 11 მარტს გვარამიამ ნიკა მელიასთან ერთად დააარსა პარტია “ახალი.” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ცვლილებებისთვის, რომლის წევრიც იყო “ახალი”, საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგებით, 11% მიიღო. კოალიციამ, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, ვინც ოფიციალური მონაცემებით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, არჩევნები გაყალბებულად და "მოპარულად" გამოაცხადეს.

ასევე ნახეთ გაგრძელდება დისკუსია, რათა სანქციები დავუწესოთ მოსამართლეებს - კაია კალასი

ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ გამოტანილი არ აქვს - მისი დაკავების შემდეგ ციხეში წარედგინა ბრალდება საყოფაცხოვრებო კონფლიქტში მონაწილეობის გამო. ის 14 მაისს დააკავეს, მოსამართლე ნინო თარაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც აღკვეთის სახით დაკისრებული გირაო პატიმრობით შეცვალა.

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში მისი დაკავების დღეს, 14 მაისს

ცხინვალში დაბადებული 51 წლის ირაკლი ოქრუაშვილი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია - 2000 წლამდე ის კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ეტაპზე, 2007 წლამდე ოქრუაშვილი მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა და სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე ახლო თანამებრძოლად ითვლებოდა, თუმცა 2007 წლის შემდეგ მისი ოპონენტი გახდა.

  • ოქრუაშვილი სააკაშვილის მოადგილე იყო ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე, 2001-2002 წლებში, როცა სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა;
  • 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის გორის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან";
  • ვარდების რევოლუციის შემდეგ დაინიშნა შიდა ქართლის გუბერნატორად - ამ პოსტზე ყოფნისას მან ყურადღება მიიქცია ბორდელებში ჩატარებული რეიდებით;
  • 2004 წლის 14 იანვარს ის გენერალური პროკურორი ხდება და ამ პოსტზე 6 თვის განმავლობაში რჩება;
  • 2004 წლის 7 ივნისს ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად, ამავე წლის დეკემბერში ხდება თავდაცვის მინისტრი. ოქრუაშვილის შს მინისტრობისას, 2024 წლის გორში საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკა და შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების მებრძოლები გამოჩნდნენ. ძალის დემონსტრირების ამ მცდელობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაიღუპა ათობით ჯარისკაცი, 40 ტყვედ ჩავარდა. აგვისტოში ოქრუაშვილი შეტევაზე გადავიდა და ერთი დღით სოფელი თლიაყანა დაიკავა. მეორე დღესვე თბილისმა და ცხინვალმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს;
  • “თუ ჩვენ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ცხინვალში ვერ ვიზეიმებთ, მე აღარ ვიქნები საქართველოს თავდაცვის მინისტრი“, - თქვა ოქრუაშვილმა 2006 წელს;
  • 2006 წლის 10 ნოემბერს ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა. 1 კვირაში ის ამ პოსტს ტოვებს და სააკაშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობის შეკვეთებში ადანაშაულებს;
  • 2007 წლის 27 სექტემბერს ოქრუაშვილს ენმ-ის ოფისში აკავებენ - მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ. ერთ თვის თავზე ოქრუაშვილი სააკაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს, დანაშაულს აღიარებს და იძულებული ხდება წავიდეს საფრანგეთში, სადაც იღებს პოლიტიკურ თავშესაფარს. საზღვარგარეთ ის რჩება 2012 წლამდე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. 2008 წელს მას სასამართლო დაუსწრებლად უსჯის 11 წლით თავისუფლების აღკვეთას;
  • 2012 წლის 20 ნოემბერს საქართველოში დაბრუნებულ ოქრუაშვილს აკავებენ - 2008 წელს დაუსწრებლად მისჯილი 11 წლით თავისუფლების აღკვეთის სისრულეში მოყვანისთვის. 2013 წელს მას "ოცნება" პოლიტიკურ დევნილად ცნობს, ყველა ბრალდებას უხსნის და გლდანის ციხიდან ათავისუფლებს.


„ვუერთდები იმ პოზიციას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი „ნაციონალური ხელისუფლების“ მიერ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი”, - ამბობდა იუსტიციის მაშინდელი მინისტრი თეა წულუკიანი 2012 წელს და ასე ხსნიდა მსჯავრდებული მინისტრის საქართველოში დაბრუნების მოტივს - ”პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მიუხედავად, არ აპირებს სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ, ცვლილებებმა გააჩინა სამართლიანი სასამართლოს იმედი.“

სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის კომენტარი გაავრცელა ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“, რომლის ეთერში გასული სამოყვარულო კამერით ჩაწერილი კადრების მიხედვით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აუსრულდა ორი ოცნება: მოეშორებინა მიხეილ სააკაშვილი და სამშობლოში დაბრუნებულიყო.

2015 წელს ოქრუაშვილის სახელი ჩნდება "რუსთავი 2-თან" დაკავშირებული დავის კონტექსტში - არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი მისცა ქიბარ ხალვაშს წინა მფლობელებისგან არხის წილების შესასყიდად. 2016 წელს მას გორში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან - ოქრუაშვილი მოგვიანებით იტყვის, რომ ეს იყო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დაკვეთა მისთვის "რუსთავი 2-ის" წილების დათმობის მიზნით. 2019 წელს ოქრუაშვილის ადვოკატისგან ირკვევა, რომ შეთანხმება, რომელიც ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის არსებობდა, ოქრუაშვილის გარეშე ტელეკომპანიის გასხვისების შემთხვევაში ხალვაშს 7 მილიონი ლარის გადახდის ვალდებულებას აკისრებდა - ამ დროს ოქრუაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაყადაღების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

2019 წელს ირაკლი ოქრუაშვილით გამოძიება კვლავ დაინტერესდა - 25 ივნისს ის “გავრილოვის ღამედ” წოდებულ 20 ივნისის ღამეს “პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს” “ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. შსს-მ ბრალდების დასტურად 20-21 ივნისს აქციაზე ოქრუაშვილის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოქრუაშვილი ბრძოლის ველზე მიდის რუსეთის წინააღმდეგ საომრად - 2022 წლის მარტში ფრონტზე მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იღებს ზარს, რომელიც ატყობინებს, რომ დაბარებულია გამოკითხვაზე ბუტა რობაქიძის საქმეზე - გამოძიება ამ საქმეზე მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

ასევე ნახეთ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო მეორე ბელარუსად იქცევა - ევროპარლამენტარი კოლსი

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე, რომელმაც საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობის შემდეგ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თავისუფლების სანაცვლოდ გირაო გადაიხადა, 24 ივნისს დააკავეს პარტიის ოფისში - ამ დღეს მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით შეუზღუდა პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება. 30 ივნისს თეა წულუკიანმა ის მეორედ დაიბარა კომისიაზე გასაუბრებისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი ბრალს არ დაუმძიმებენ, მას საპატიმროს დატოვება 2025 წლის 24 იანვარს უწევს - თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 4 თვის შემდეგ.

ვაშაძე ფოტოს იღებს თანამებრძოლებთან ერთად პარტიის ოფისში, სანამ მას დააკავებენ. 24 ივნისი, 2025 წელი

44 წლის პოლიტიკოსმა კარიერა საჯარო სამსახურში - 2005 წელს დაიწყო - იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და ერთ წელიწადში ამ სააგენტოს თავმჯდომარე ხდება, რომელსაც 2012 წლამდე ხელმძღვანელობს. 2010–2012 წლებში არის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - მისი იუსტიციის სამინისტროსა და რეესტრში მუშაობის პერიოდში იხსნება იუსტიციის სახლების თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ხორციელდება დოკუმენტების “ერთი ფანჯრის პრინციპით” გაცემის სისტემის დანერგვა და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები.

2010 წელს ის დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს ვაშაძე პარლამენტარი ხდება ენმ-ის სიით - ამ პარტიას ის 2016 წლის აგვისტოში ტოვებს.

„ვერ ვხედავ დემოკრატიულ შესაძლებლობებს ამ გუნდში, სადაც განსხვავებული აზრი ვერ ვრცელდება” - ასე ხსნიდა ის პარტიიდან წამოსვლას.

ენმ-ის დატოვების შემდეგ ერთ თვეში, 2016 წლის სექტემბერში ვაშაძე აარსებს პოლიტიკურ პლატფორმას “ინოვაციებისა და განვითარების ფონდი”, რომელიც მალევე გარდაიქმნება პარტიად “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 3,15% მიიღო, 2024 წელს კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ გაერთიანებულ ერთიანობის კოალიციაში გაწევრიანდა, რომელმაც ჯამში, ოფიციალური მონაცემებით, 10.17% მიიღო. პარტიამ არჩევნების შედეგები არ ცნო.

ასევე ნახეთ წულუკიანის კომისიამ გვარამიას, ხაზარაძისა და ვაშაძის საქმეები პროკურატურას კიდევ ერთხელ გადაუგზავნა

გივი თარგამაძე

2008-12 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, რომელიც რამდენიმე წელია აქტიურ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს, 27 ივნისს დააკავეს - მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ მისთვის 7-თვიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თარგამაძე თავად მივიდა პოლიციის სამმართველოში. თარგამაძეს ციხის დატოვება უწევს 2025 წლის 27 იანვარს.

გივი თარგამაძე დაკავებამდე მედიას აძლევს კომენტარს - ის სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებასთან თავად მივიდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომელსაც სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში ელოდებოდა.

54 წლის პოლიტიკოსმა აქტიური პოლიტიკა და პარტია “ევროპული საქართველო” 2021 წელს დატოვა. პოლიტიკაში წასვლამდე:

  • 1985-1987 წლებში ის N 1 პოლიკლინიკაში მუშაობდა სანიტრად, 1990-1992 წლებში უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკში;
  • 1997-2002 წლებში თარგამაძე ჟურნალისტი იყო, “თავისუფლების ინსტიტუტის” საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამების მთავარი კოორდინატორი.


ვარდების რევოლუციის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით სამჯერ, 2004, 2008 და 2012 წელს გახდა პარლამენტის წევრი, 2017 წელს კი ენმ-სგან გამოყოფილ "ევროპულ საქართველოში" გაწევრიანდა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს ასე ახასიათებს: „2004 წლის უკრაინული მაიდნის და ყირგიზეთის 2005 წლის აქტიური მონაწილე, ჰააგის სასამართლოს მთავარი მოწმე, ვისი ჩვენების საფუძველზეც გაიცა რუსი სამხედროების დაპატიმრების ორდერი“.

2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე, გივი თარგამაძის ავტომობილი თბილისში, ორბელიანის მოედანზე ააფეთქეს. აფეთქება 21:30 საათზე მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ოფისთან ახლოს.

  • გამოძიება მაშინ აცხადებდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანაში დარჩო ხეჩუაშვილმა დაამაგრა და აამოქმედა;
  • სიკვდილს გადაურჩნენ გივი თარგამაძე და მისი მძღოლი; რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მძღოლს დღემდე არაერთი ოპერაცია დასჭირდა. მძიმედ დაშავებულთა შორის იყო სამარშრუტო ტაქსის მძღოლიც. თბილისის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას დაშავდნენ გამვლელებიც;
  • გივი თარგამაძე და მისი თანაგუნდელები მოითხოვდნენ, რომ აფეთქებისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცათ, თუმცა ეს არ მოხდა.


გივი თარგამაძისათვის პატიმრობა აქვს შეფარდებული რუსეთის სასამართლოს. 2013 წლის გადაწყვეტილებით, იგი დამნაშავედ ცნეს „მასობრივი არეულობის ორგანიზებაში“.

მას ბრალი ედებოდა ოპოზიციური „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერთან, სერგეი უდალცოვთან და კონსტანტინ ლებედევთან თანამშრომლობით რუსეთში „მასობრივი არეულობების ორგანიზების მომზადებაში“. ბრალდებას თარგამაძე „პუტინის მოგონილ პროპაგანდას“ უწოდებდა.

გივი თარგამაძე ამჟამინდელ დაპატიმრებაზე ამბობს, რომ „რუსეთის დაკვეთა“ თეა წულუკიანმა შეასრულა.

“მე-12 დაწესებულება, 302 საკანი

შაბათ-კვირა დაემთხვა, ადვოკატიც ვერ შემოდიოდა და საფოსტო მტრედებიც ვერ გავიჩინე ჯერ. ამიტომაც, აქამდე ვერ შეგეხმიანეთ. ვინც იღელვეთ, გაცნობებთ - პოლიციიდან აქამდე მშვიდ, ადამიანური საუბარის რეჟიმში ვიმგზავრე. აქაც ასევე შემოვსახლდი - არანაერი დაძაბულობა, თავაზიანი საუბარი, გაცნობა. ეს დღეებიც ასეა - ყველა ხარვეზი დროულად გამისწორეს, მიუხედავად უქმე დღეებისა. მოკლედ, ჩემი tv-ში გამოთქმული მოსაზრება, რომ აქ ურჩხულები კი არა, ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ, ხელფასს იღებენ და ოჯახში მიაქვთ - სრულად გამართლდა.

...ბიბლიოთეკიდან მომიტანეს წიგნები, ხოდა, ვეცნობი გელა ჩარკვიანის უშველებელ წიგნს მისი შევარდნაძესთან მუშაობის შესახებ. თან ვრწმუნდები, როდინდელი ვარ, რომ ეს მოვლენები უბრალოდ კი არ მახსოვს, მათში ვმონაწილეობდი კიდეც” - წერს თარგამაძე მე-12 პენიტენციური დაწესებულების 302 საკნიდან გამოგზავნილ პირველ წერილში. ამ დროს მას საკანში ჯერ კიდევ არ აქვს ტელევიზორი და რადიო და თავს ნაბიჯების თვლით ირთობს:

“12 ნაბიჯი კარამდე, შემდეგ იქიდან ფანჯარამდე 12. დავდივარ ადრიან დილითაც, რაც აქამდე მომაკვდინებლად მიმაჩნდა. ამას დავუმატოთ სასეირნო ოთახში 30 ნაბიჯი კვადრატზე ერთი საათი უწყვეტად, მაღალ ტემპში.”

ასევე ნახეთ გივი თარგამაძის აფეთქების ექო არჩევნებიდან არჩევნებამდე - ძებნილი მსჯავრდებული დაკავებულია

ბადრი ჯაფარიძე

პარტია ლელოს ლიდერები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით 23 ივნისს დააკავეს - მათ გირაო გადახდილი ჰქონდათ და საბოლოო განაჩენს, 8-თვიან პატიმრობას პარტიის ოფისში დახვდნენ. ორივე პოლიტიკოსი 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მომხრეები არიან - "ლელოს" ლიდერებს საპატიმროში ყოფნის ვადა 2025 წლის 23 თებერვალს ეწურებათ - თვითმმართველობის არჩევნების თარიღიდან 5 თვის შემდეგ.

ბადრი ჯაფარიძე პარტიის ოფისში დააკავეს - აქ ელოდა ის თანაგუნდელებთან ერთად მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას

64 წლის პოლიტიკოსს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე 1991 წლის 9 აპრილს. ამ დროს ის საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო, ონის მაჟორიტარის სტატუსით.

ბადრი ჯაფარიძე

  • 1992-2019 წლებში "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 1995-2019 წლებში დირექტორატის წევრი. "თიბისის" ჯგუფი დღეს ერთ-ერთია იმ ქართულ კომპანიათა შორის, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა;
  • 1995-2004 წლებში იყო “ბორჯომის” ვიცე-პრეზიდენტი, 2004-2010 წლებში ბორჯომის დირექტორთა საბჭოს წევრი;
  • 2004 წლიდან ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორატის წევრი;
  • 2006 წელს ბადრი ჯაფარიძე აირჩიეს ევროპა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, მოგვიანებით კი ის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.


პარტია "ლელო" ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის სექტემბერში დააარსეს - პარტიის პრეზენტაცია ოკუპირებული აფხაზეთიდან 4 კილომეტრში, ანაკლიაში, ზღვის სანაპიროზე გაიმართა.

ახალმა მოძრაობამ საზოგადოებაში "ახალი ტალღის შემოტანა" უნდა შეძლოს - ამბობდა მაშინ ბადრი ჯაფარიძე - იმ დროისთვის ბიზნესმენების წყვილს პროკურატურა 11 წლით ადრე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, ანუ ფულის გათეთრებას ედავებოდა. გამოძიების მიმდინარეობისას ორივე ბიზნესმენს დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღეს.

ჯაფარიძე-ხაზარაძის აღქმით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე განაჩენი საქალაქო სასამართლომ 2022 წლის იანვარში გამოიტანა - მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მაშინ სასამართლომ მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა მოსამართლემ ისინი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.

ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის გამოძიებას მათი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან ჩამოშორებას უკავშირებდნენ, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

ამ ამბების გამო მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ – ჯერ "თიბისი ბანკში", შემდეგ კი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმში სამეთვალყურეო საბჭოში დაკავებული პოსტები დატოვეს.

ასევე ნახეთ „ოცნება“ ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს, თუმცა ამას მალევე გეგმავს

მამუკა ხაზარაძე

58 წლის ბიზნესმენი პოლიტიკაში 2019 წელს ჩაება, მის წინააღმდეგ პროკურატურაში აღძრული საქმის შემდეგ, რომლითაც სახელმწიფო "თიბისი ბანკის" ერთ-ერთ დამფუძნებელს ფულის გათეთრებას ედავებოდა.

მამუკა ხაზარაძე მოსამართლე გურამ შარაძის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს დააკავეს პარტიის ოფისში - მას თანამებრძოლ ბადრი ჯაფარიძის მსგავსად 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

პარტიის დაფუძნებიდან მალევე, 2020 წელს ის “ლელო საქართველოსთვის” სახელით მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა - ამ პარტიამ არ დაიცვა ოპოზიციის ბოიკოტი, რომლითაც არჩევნების გაყალბებას პასუხობდნენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდნენ.

მამუკა ხაზარაძეს ბიზნესმენის გრძელი გზა აქვს გავლილი.

  • 1991 წლიდან ის "TBC თბილისის ბიზნეს ცენტრის" პრეზიდენტია;
  • 1992-2019 წლებში იყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
  • 1995 წლიდან კომპანია საქართველოს მინისა და მინერალური წყლების, იგივე Borjomi Beverages-ის დამფუძნებელი და პარტნიორი;
  • 2004 წლიდან საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) დამფუძნებელი და პარტნიორი;
  • 2007 წლიდან იგი ასევე ხელმძღვანელობს კომპანიას "ლისის ტბის განვითარება", რომლის პრეზიდენტიცაა;
  • 2010 წლიდან არის ამერიკული აკადემიის თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
  • 2014-2019 წლებში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;


2010 წლის 1 იანვარს ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

მისი სახელი დაკავშირებულია ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემია საბასთან, რომელიც 2002 წელს დააარსა "თიბისიმ" და პოეტმა რატი ამაღლობელმა.

2024 წელს მან გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი “სიმართლე გითხრათ.”

“მეკითხებიან, რა გინდა პოლიტიკაში, თავს რატომ ალანძღვინებ ამ ხალხს, ხომ იცი, რა ბინძური საქმეა, საქართველოში - განსაკუთრებით. ამხელა შესაძლებლობები გაქვს, ფული, თავისუფლება, შენს ადგილზე სადმე უცხოეთში ვიქნებოდი, ვიმოგზაურებდი, ამ ქვეყანას, ხომ იცი, მაინც არაფერი არ ეშველება. თითქმის ყოველი ასეთი საუბარი ამ წინადადებით მთავრდება.

ზოგი სხვანაირად მეკითხება: რატომ მოხვედით პოლიტიკაში? ბიზნესის დაცვა გინდათ? სასამართლოსგან თავის არიდება? აბა, რა გინდათ? გჯერათ, რომ რამეს შეცვლით? ვის ატყუებთ? ხომ იცით, რომ პოლიტიკაში ძირითადად იტყუებიან… და ბოლოს იგივე ფრაზა: ხომ იცით, რომ არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. თუმცა არიან ისეთებიც ჩემ გარშემო, რომელთაც ნამდვილად სჯერათ იმის, რამაც პოლიტიკაში მომიყვანა - რომ დარწმუნებული ვარ ცვლილებების აუცილებლობაში, რომ ვხედავ, როგორი შეიძლება იყოს ძლიერი საქართველო და ვიცი, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. ვგრძნობ მთელი სხეულით, გონებით. ვიცი, რამდენი წინააღმდეგობა მელოდება და გველოდება კიდევ წინ. საშიშია? კი, რა თქმა უნდა. აქ, ამ ქვეყანაში წარმატებაა საშიში, თორემ დამარცხებულებს უცბად აყრიან მიწას, ივიწყებენ, გაკვეთილადაც არ განიხილავენ” - წერს ხაზარაძე წიგნის ბოლო გვერდებზე.

ასევე ნახეთ არ ვიცი, რატომ არ მიბარებენ. მაწყობს ვერსია, რომ „დიპ სტეიტის“ უკან ვდგავარ - ბოკერია წულუკიანის კომისიაზე