როგორ მოუწევთ ჟურნალისტებს გაამხილონ წყაროები და ამტკიცონ უდანაშაულობა

ჟურნალისტები და იურისტები ამბობენ, რომ ახალი შეზღუდვები, კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა იქნება ჟურნალისტიკასა და გამოხატვის თავისუფლებაზე. 

შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების რიგში ახლა უკვე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ჩადგა. სადავო პარლამენტი გეგმავს, რომ ცვლილებები დაჩქარებულად განიხილოს.

გუშინ, 23 ივნისს გახდა ცნობილი იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლის ავტორებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე და ირაკლი შატაკიშვილი.

მაშინ, როდესაც სადავო პარლამენტის მიღებული და ამოქმედებული კანონები - „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ე.წ."ქართული FARA", „მაუწყებლობის შესახებ კანონი“, „უცხოური გრანტების შესახებ“ კანონი, რომლებსაც იურისტები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები აღიქვამენ კრიტიკულად განწყობილი მედიის შევიწროების ინსტრუმენტებად, ახალი შემზღუდავი ცვლილებების ამოქმედება, მათივე შეფასებით, კიდევ ერთი დარტყმა იქნება როგორც მედიის, ისე გამოხატვის თავისუფლების კუთხით.

ცვლილება ცილისწამების სტანდარტში - ვინ და რა უნდა ამტკიცოს?

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონი, რომლითაც დღეს ვხელმძღვანელობთ, 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიიღო პარლამენტმა.

ამ კანონით სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ყველას, გარდა ადმინისტრაციული ორგანოსი, აქვს გამოხატვის თავისუფლება, აზრის აბსოლუტური თავისუფლება, ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების ძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლება.

ამ კანონში წერია, რომ სახელმწიფომ უნდა ცნოს და დაუშვას მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, ჟურნალისტის უფლება, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოება და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუკი საჯარო ან კერძო პირი ჩათვლის, რომ მას, მაგალითად, რომელიმე მედიასაშუალებამ, ჟურნალისტმა ცილი დასწამა, მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ამ მოსაზრების მტკიცების ტვირთი სასამართლოში სწორედ მას, ანუ მოსარჩელე მხარეს ეკისრება.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, ეს ჩანაწერი იცვლება და თუკი სადავო პარლამენტი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ჟურნალისტი იქნება ვალდებული დაამტკიცოს, რომ ინფორმაცია, რომელიც მან გაავრცელა, სიმართლეა და მას ცილისწამება არ ჰქონია მიზნად.

იურისტი და უფლებადამცველი, გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებების ერთადერთი მიზანი, მედიის დასუსტება და შევიწროებაა. ის ელის, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საზოგადოება არაერთ სარჩელს იხილავს:

გოგა ხატიაშვილი, იურისტი და უფლებადამცველი

„აქამდეც გვინახავს, როგორ იყენებენ პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად გავლენიანი ადამიანები ასეთი ტიპის სარჩელებს და მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგ ცილისწამების მოტივით შეაქვთ სარჩელები სასამართლოში. ხშირად ასეთი სარჩელი არის სრულებით უსაფუძვლო და მისი მიზანია არა თავად მოსარჩელის პატივის და ღირსების დაცვა, არამედ მოპასუხის უფლებების შეზღუდვა, მისთვის ზიანის მიყენება, რადგან უსაფუძვლოდ დაწყებული დავისას, მოპასუხე მხარეს, მედიასაშუალებას, თავის დასაცავად უწევს დროის, საპროცესო ხარჯების, რესურსების გაღება და შედეგად, ამ პროცესში ის მეტად სუსტდება.

ფაქტობრივად, ამ საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, რომ „ქართული ოცნების“ დაცვის მექანიზმები კიდევ უფრო გაძლიერდეს, შეიქმნან სრული კომფორტი. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ ასეთ არაერთ სარჩელს, განსაკუთრებით სწორედ კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რადგან ამ ცვლილებების მიზანიც სწორედ ეს არის, მათი დასუსტება“, - ეუბნება გოგა ხატიაშვილი რადიო თავისუფლებას.

„სტუდია მონიტორის“ რედაქტორი, მაია მეცხვარიშვილი, რომელიც წლებია, კოლეგებთან ერთად მუშაობს რეზონანსულ ჟურნალისტურ გამოძიებებზე, თვლის, რომ ჩანაწერი მოქმედ კანონში, რომელიც მტკიცების ტვირთს მოსარჩელე მხარეს აკისრებდა, მედიისთვის იყო საუკეთესო თავდაცვის მექანიზმი და იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ამა თუ იმ მედიის გაქრობითა და დასუსტებით, ეს ჩანაწერი ჟურნალისტებზე ზეწოლის გაცილებით ნაკლებ ბერკეტს ანიჭებდა.

ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, უკვე არსებობს მთელი რიგი სარჩელები კონკრეტული ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ, რომლებიც ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მალევე შევა სასამართლოში:

მაია მეცხვარიშვილი, ჟურნალისტი, "სტუდია მონიტორის" რედაქტორი

„ხელისუფლების მიერ არამართვადი მედია დღეს ძალიან გაღარიბებულია და ფაქტობრივად, მათთვის თითოეული ლარის დაკისრებაც კი იქნება საშიშროება, რომ მათ არსებობა შეწყვიტონ. თუ ვინმე გადარჩება იმ პირობებში, რა საკანონმდებლო ცვლილებებიც უკვე განხორციელდა, ვგულისხმობ, მაგალითად „ფარას“ თუ „მაუწყებლობის შესახებ კანონს“, ალბათ იმ გადარჩენილების მიმართ შემდეგ უკვე ამ ცვლილებებს გამოიყენებენ, რომ ჯარიმებითა და შეზღუდვებით ისინიც საბოლოოდ მოგუდონ“.

კიდევ ერთი გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე, არაერთი საგამოძიებო ფილმისა თუ სტატიის ავტორი, ამბობს, რომ მტკიცების ტვირთის სტანდარტის ცვლილება, დღევანდელი მართლმსაჯულებისა და სასამართლოს პირობებში, საფრთხის შემცველია თითოეული იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს და მათ შორის არიან სწორედ გამომძიებელი ჟურნალისტები:

გიორგი მგელაძე, რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი

„ჩვენ ხომ კარგ და სასიამოვნო ამბებზე არ ვწერთ. ამიტომ მგონია, რომ ასეთი ცვლილებები კრიტიკულად მოდარაჯე ჟურნალისტებისთვის გარკვეულწილად მსუსხავი ეფექტის მქონეც იქნება და თუკი ხელისუფლება მოინდომებს, ნაკლები დამოუკიდებლობის მქონე სასამართლოს პირობებში, ნამდვილად გაართულებს ჟურნალისტების საქმიანობას.

როდესაც კანონმდებლობა ვერ იცავს ჟურნალისტს, სხვა ადამიანებს, რომლებიც რეპორტიორების პოტენციური წყაროები არიან, შესაძლოა უფრო და უფრო ნაკლებად მოუნდეთ მათთან თანამშრომლობა. ბოლო წლებია, ეს ტენდენცია უკვე ისედაც შეინიშნება. სპეციალისტის, შიდა წყაროს პოვნა უფრო და უფრო ჭირს. მგონია, რომ ასეთი ცვლილებები, ამ კუთხით, კიდევ უფრო გაართულებს პროცესს. თუკი ადამიანი ხედავს, რომ მედია თავის უფლებებსაც ვერ იცავს და საკანონმდებლო უფლებებშიც კი პრობლემა აქვს, მის მიმართ ნდობაც ნაკლები ექნება და სურვილიც, რომ ასეთ მედიასთან და ჟურნალისტებთან ითანამშრომლოს“, - ამბობს გიორგი მგელაძე.

დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას, გოგა ხატიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შესაძლოა, მოსარჩელე მხარემ მაშინაც კი უჩივლოს ცილისწამებისთვის ჟურნალისტსა თუ მედიასაშუალებას, როდესაც მათ მომზადებულ მასალაში, ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება არა მტკიცების, არამედ ვარაუდის სახით:

„ფაქტობრივად, რას სთხოვენ მედიას ან მოქალაქეს? რომ მან ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება და მხოლოდ ამის შემდეგ ილაპარაკოს. ისიც კი შესაძლოა იქცეს პრობლემად, თუკი მედია იტყვის, რომ მაგალითად, „სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი“. ასეთ დროს, მედია სხვადასხვა წყაროზე, მათ შორის, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იღებს ინფორმაციას, ჟურნალისტს არ აქვს ყველა ბერკეტი, რომ სრულყოფილი საგამოძიებო ფუნქციით იყოს აღჭურვილი. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ მიუკერძოებელი მედია, რომ მან ასეთი ფაქტები ამხილოს და შემდეგ შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ გამოძიება.

ამ შემთხვევაში, ძალიან კარგი პარალელი იქნება რომეო მიქაუტაძის საქმე. განა პირველად მედიამ არ გამოავლინა სავარაუდო კორუფციის ფაქტი? ბრალდება ხომ წარუდგინეს ამ ადამიანს რამდენიმე წლის შემდეგ? ფაქტობრივად, ამ ცვლილების მთელი მიზანი არის ის, რომ მედიას შეეზღუდოს მათ შორის, გამოავლინოს შესაძლო კანონდარღვევის ფაქტები, რომლებიც პოლიტიკოსებს ეხებათ", - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, მისი კორუფციული საქმიანობის შესახებ რამდენიმე წლის წინ მოამზადეს საგამოძიებო მასალები „თავისუფლების მონიტორმა“ და ტვ პირველმა. ის რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ჟურნალისტებში კითხვებს აჩენს, ეს შეეხება მოქმედი კანონმდებლობის მე-15 მუხლს, რომელიც ცვლილებების მიხედვით, სრულად უქმდება.

საქმე ეხება ე.წ. კვალიფიციურ პრივილეგიას ცილისწამებისთვის.

რას ნიშნავს ეს? დღეს მოქმედი რედაქციით, ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება აქვს გაკეთებული, მაინც ენიჭება „კვალიფიციური პრივილეგია“, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას აი, ეს პირობები აქვს შესრულებული:

  • „მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად“;
  • „ის მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს“...
  • „მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება“.


გოგა ხატიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ეს, მე-15 მუხლი ამოღებულია კანონიდან, ის ნაწილობრივ გადატანილია საჯარო პირის ცილისწამებისთვის წამოწყებული საქმეების ნაწილში:

„ამ ნაწილში ემატება დამატებითი პუნქტი, რომელიც იქნება გადმოღებული „კვალიფიციური პრივილეგიისგან“, ის გამონაკლისის სახით ჩაიდება საჯარო პირის ცილისწამების ნაწილში. ანუ, თუკი მედია დაამტკიცებს, რომ მან ყველა ღონე იხმარა ინფორმაციის გადასამოწმებლად, მიმართა ყველა გონივრულ ზომას, ეს ჩაითვლება კეთილსინდისიერ ქმედებად“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

ეს გამონაკლისი, ანუ „კვალიფიციური პრივილეგია“ არ შეეხება კერძო პირის ცილისწამებისათვის წამოწყებულ დავას.

საჯარო პირი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

კერძო პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო.

დაავალდებულებს თუ არა კანონში ცვლილებები ჟურნალისტს გაამხილოს პროფესიული საიდუმლო, წყარო?

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, დაუშვებელია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო, გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.

ანუ, თუკი ჟურნალისტი, როგორც მოპასუხე მხარე, სასამართლოში იტყვის, რომ ის არ გაამხელს ინფორმაციის წყაროს, მოქმედი კანონის თანახმად, ეს უარი ვერ გახდება ჟურნალისტის წინააღმდეგ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კანონში ეს ჩანაწერი უქმდება. როგორც გოგა ხატიაშვილი უხსნის რადიო თავისუფლებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონი პირდაპირ დაავალდებულებს ჟურნალისტს, გაამხილოს პროფესიული საიდუმლო, წყარო. თუმცა, თუკი ჟურნალისტი უარს იტყვის წყაროს გამხელაზე, ეს შესაძლოა, გახდეს მის მიმართ საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ არ ავალდებულებს ჟურნალისტებს გაამხილონ პროფესიული საიდუმლო, დღეს მოქმედ კანონში არსებული ჩანაწერის ამოღება პროფესიულ საიდუმლოებასთან დაკავშირებით, რეპორტიორებს მაინც უჩენთ საფრთხის შეგრძნებას და მოლოდინს, რომ ცვლილებებმა, შესაძლოა, იმოქმედოს მათი მუშაობის ხარისხზე, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწორედ ანონიმურ წყაროებზე, ე.წ. whistle-blower-ებზე.

მაია მეცხვარიშვილს მაგალითად მოჰყავს მათ მიერ ჩატარებული ორი გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება, ერთი - რომეო მიქაუტაძის და მეორე - „სკამერების“ (თაღლითების) საქმე.

ჟურნალისტებმა პირველადი ინფორმაცია კანონდარღვევებისა და თაღლითობის შესახებ წყაროებისგან მხოლოდ იმ პირობით მიიღეს, თუკი ისინი ანონიმურად დარჩებოდნენ:

„ვერ იქნებოდა ეს გამოძიებები, რომ არ ყოფილიყო ამ წყაროების ანონიმურობის დაცვის გარანტია. ჟურნალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანონიმური წყაროების არსებობა, რომლებსაც თავის მხრივ, ასევე აქვთ გარანტია, რომ მათი ანონიმურობა იქნება დაცული. ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები არიან უწყების მოქმედი თანამშრომლები, ახლობლები, შეიძლება ოჯახის წევრიც კი იყოს. ამიტომ თუკი გაჩნდება მცირეოდენი ეჭვიც კი, რომ მათ ანონიმურობას შესაძლოა, როდისმე საფრთხე დაემუქროს, ისინი ჩვენთან აღარ მოვლენ“, - ეუბნება მაია მეცხვარიშვილი რადიო თავისუფლებას.

უკანასკნელ თვეებში, ყოველდღიური პროტესტის ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ 10-მდე კანონი იმ ფორმით მიიღო და შეცვალა, რომლებიც იურისტებისა და უფლებადამცველების თქმით, მნიშვნელოვნად ზღუდავენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და აქამდე დადგენილ სტანდარტებს. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამკაცრებს და ზრდის, სხვადასხვა კანონის დარღვევისათვის დაწესებულ ჯარიმებსა და სანქციებს.