მოკლედ
- თბილისში ჰაერის ხარისხი საგანგაშოდ დაბალია, მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას ორჯერ და სამჯერ აღემატება.
- გარემოს ეროვნული სააგენტო დაბინძურებას ტრანსასაზღვრო უდაბნოს მტვერს უკავშირებს, თუმცა ქალაქის ქაოტური განაშენიანებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
- ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას რეკომენდაციებს არ სთავაზობს, თუმცა არსებობს რამდენიმე გზა ზიანის შესამცირებლად
ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს ორჯერ და სამჯერ აღემატება, რაც ნიშნავს, რომ „ჰაერის ხარისხი ჯანმრთელობისთვის საგანგაშოა".
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი, პირველი დეკემბრის მონაცემები
ანალოგიური მდგომარეობაა რუსთავში.
მალე ერთი თვე გახდება, რაც თბილისს ნისლი ადგას. ეს ნისლი არ არის რიგითი ატმოსფერული მოვლენა, როცა ჰაერში წყლის უწვრილესი წვეთები ან ყინულის კრისტალები “ეკიდება” და ამცირებს ხილვადობას.
ნისლი, რომელშიც 6 ნოემბრიდანაა ქალაქი გახვეული, ჰაერის უკიდურესმა დაბინძურებამ გამოიწვია, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტო ტრანსასაზღვრო დაბინძურებას ანუ უდაბნოს მტვერს უკავშირებს.
თბილისი 29 ნოემბერი
რა თქვა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ?
„ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებაა“ - ჰაერის დაბინძურების განსაკუთრებით სახიფათო ნიშნულამდე მისვლას გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატების მიზეზით ხსნით.
30 ნოემბერს სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია კვლავ შეინიშნება, რაც განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით“.
ჰაერის ხარისხის მკვეთრად გაუარესების შესახებ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება 15 ნოემბერსაც გაავრცელა და დაწერა, რომ თბილისში, ჰაერში მყარი ნაწილაკები დასაშვებზე ორჯერ მეტია.
ასევე ნახეთ ჰაერის ხარისხი მკვეთრად არის გაუარესებული - თბილისში ჰაერში მყარი ნაწილაკები დასაშვებზე ორჯერ მეტიარა შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვამ?
PM10 და PM2.5 ეს არის ჰაერში მოტივტივე მტვრის უმცირესი ნაწილაკები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა, რადგან მათი მიკრონაწილაკები სასუნთქ სისტემაში და ზოგჯერ სისხლშიც კი აღწევენ.
მათი ხანგრძლივი ზემოქმედება დაკავშირებულია მრავალ სერიოზულ დაავადებასთან:
- ქრონიკული ბრონქიტი;
- ასთმის გამწვავება;
- ფილტვების ფუნქციის დაქვეითება;
- ხშირად გაციების და ინფექციების რისკი;
- ფილტვის კიბოს რისკის ზრდა (განსაკუთრებით PM2.5-ის შემთხვევაში;
- ინფარქტისა და ინსულტის რისკის ზრდა;
- არტერიული წნევის მატება;
- არითმიის განვითარება;
- მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება;
რა სიმპტომები ჩნდება მყარი ნაწილაკების ხანგრძლივად შესუნთქვისას?
ამ დროს ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს:
- ხველა, ყელის გაღიზიანება:
- ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
- გულმკერდის შებოჭილობა;
- ქოშინი;
- სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას;
- თვალების წვა და ცრემლდენა;
- ცხვირის გაღიზიანება;
- სურდო
- ყელის სიმშრალე;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- დაღლილობა
რა უნდა ქნა, როცა ჰაერი „ცუდი“ ან „ძალიან ცუდია“?
მიუხედავად იმისა, რომ 6 ნოემბრიდან თბილისში და ასევე საქართველოს რამდენიმე ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის რაოდენობა დასაშვებ ნორმას მკვეთრად სცილდება, გარემოს დაცვის სააგენტოს არ გაუვრცელებია ერთი რეკომენდაციაც კი, როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი, განსაკუთრებით ჯანმრთელობის პრობლემების მქონეებმა, ჰაერის ამგვარი დაბინძურების შემთხვევაში.
სოციალურ ქსელში, გარემოს ეროვნული სააგენტოს 30 ნოემბერის ინფორმაციის ქვეშ, მოსახლეობა კითხულობს, რატომ არაფერია წერია ამ განცხადებაში რეკომენდაციების შესახებ.
სააგენტოს გვერდის ადმინისტრატორი კითხვას ასე პასუხობს: „რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს“.
რადიო თავისუფლებამ რიგითი მოქალაქის კითხვით დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე და ჰაერის დაბინძურებისას რეკომენდაციების შესახებ ჰკითხა ოპერატორს. მან გვიპასუხა:
„არ გვაქვს, ქალბატონ. ამ ეტაპზე, არანაირი რეკომენდაცია არ გვაქვს“.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო თავისუფლების დამატებით კითხვებს არ პასუხობენ. უწყების პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ მათ განცხადებაში კითხვებზე პასუხი გაცემულია.
სად შეიძლება იპოვოთ რეკომენდაციები?
ეს რეკომენდაციები მოსახლეობას შეუძლია იპოვოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე. ოღონდ სანამ რეკომენდაციებს მიაგნებს, ჯერ ის უნდა იცოდეს, რომ არსებობს ასეთი პორტალი air.gov.ge, სადაც ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება და იქვეა ინფორმაცია რეკომენდაციების შესახებაც.
ამ პორტალის მიხედვით, რეკომენდაციები ასეთია:
ჰაერის „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“ ხარისხისას, მათ ვისაც გულის ან ფილტვის დაავადებები აქვთ, ბავშვებმა და ხანდაზმულება თავი უნდა აარიდონ ყველანაირ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას. ყველა დანარჩენმა კი შეამცირონ ფიზიკური აქტივობები გარე სივრცეში.
საერთაშორისო წყაროების მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მსგავსი მასშტაბის შემთხვევაში, უმჯობესია:
- გარე სივრცეში ნიღბის ტარება
- სითხის მიღების ზრდა
- და ზოგადად, ღია სივრცეში გაჩერებისგან თავის შეკავება.
2025 წლის 17 ოქტომბრიდან, სადავო პარლამენტის მიერ გამკაცრებული კანონის თანახმად, საპროტესტო აქციაზე, შესაბამისად, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ, ნიღბის ტარება იკრძალება და ეს სამართალდარღვევა 15 დღემდე უპირობო ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
როდის გაიწმინდება ჰაერი?
ეს არის კიდევ ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ბოლო დღეების განმავლობაში - ერთ-ერთი ვერსიით, როცა ამინდი გაფუჭდება - მაგალითად, იწვიმებს, გათოვდება, ქარი ამოვარდება.
„ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა ნალექი წვიმის ან თოვლის სახით, ასევე არ დაფიქსირებულა ქარი, რამაც განაპირობა დაბინძურების შენარჩუნება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების (წვიმა, თოვლი, ქარი) განვითარებაზე”, - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა არაბიძე.
თუმცა, დარგის სპეციალისტები სხვაგვარად ფიქრობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ ბაგრატია სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალ მაჩვენებელს და წერს:
„თბილისში ისევ ძალიან ცუდი ჰაერია [ნუ გვაქვს მოლოდინი რომ წვიმა, თოვლი, ქარი, ნამი, თრთვილი, სეტყვა და ა.შ.] მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს. თბილისი უკვე განწირულია იყოს ეკოლოგიურად საფრთხის შემცველი და ჯანმრთელობის დამაზიანებელი ქალაქი [იგულისხმება ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული რისკები] და არა მარტო.
ქალაქის ქაოსური განაშენიანება დღითიდღე გააუარესებს ვითარებას თბილისში. მტკვრის ორივე მხარეს კორპუსების აღმართვა და მდინარის ხეობის ამგვარი ჩარაზვა [ მაგ. მარშალ გელოვანის გამზირზე, აკადემ.ქალაქი და სხვა] ასევე ართულებს ვითარებას ( მალე გვექნება ბომბეისთან მიახლოვებული ჰაერი)", - წერს თამარ ბაგრატია
სხვა დროს არ შემოსულა ქვეყანაში უდაბნოს მტვერი?
კი, არაერთხელ. უდაბნოს მტვრით ჰაერის დაბინძურების შესახებ წინა წლებში, მათ შორის, 2025 წლის გაზაფხულზეც გააკეთა განცხადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ.
ნოე მეგრელიშვილი, რომელმაც 21 წელი იმუშავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უდაბნოს მტვერი საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ყოველ თვეში შემოდის:
ნოე მეგრელიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე
„ამას ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უწოდებენ. რა თქმა უნდა, ჰაერს არ აქვს საზღვრები, არ სჭირდება ვიზა, რომ ერთი ქვენიდან მეორეში გადავიდეს.
თუკი რუკას დავხედავთ, უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს საჰარის უდაბნოს, არაბეთის ნახევარკუნძული თითქმის მთლიანად უდაბნოა, შუა აზიაში გვაქვს ძალიან დიდი უდაბნოები. იქ წარმოქმნილი შტორმები, იმ ქვეყნებსაც ხომ საშინლად აბინძურებს და რა თქმა უნდა, მტვერი ძალიან დიდ ტერიტორიებზეც ვრცელდება.
ჩემი გამოცდილებით, თითქმის ყოველ თვე ხდება ამგვარი მტვრის შემოჭრა. თუმცა, გააჩნია, რა დოზით და რამდენი ხნით. ამ შემოჭრას მხოლოდ შუა აზიის მტვერს ვერ დავაბრალებთ. საჰარაც მონაწილეობს, არაბეთის ნახევარკუნძულიც, თუმცა, ამჟამინდელი დაბინძურება გაგრძელდა ძალიან დიდხანს“.
რატომ მოხდა ასე?
ნოე მეგრელიშვილი ამბობს, რომ გარდა მეტეოროლოგიური პირობებისა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქალაქში წამოწყებული ქაოტური განაშენიანებაცაა:
„ჰაერი საით და როგორ წავა, ეს არავისზე დამოკიდებული არ არის და ამისგან პირდაპირ თავსაც ვერ დაიცავ. მაგრამ იმისათვის, რომ დაბინძურებული ჰაერი მალე გაიწმინდოს, ქალაქები ისე უნდა გაანაშენიანო, რომ ტერიტორია ადვილად ნიავდებოდეს და ეს მტვერი დიდხანს არ გაჩერდეს. მით უმეტეს, თბილისი, რომელიც ისედაც ქვაბულია და ისედაც ძნელია მისი განიავება, ამ ქაოტურმა განაშენიანებამ კიდევ უფრო გაართულა განიავების პროცესი.
ქალაქის განიავება პირდაპირ არის დამოკიდებული განაშენიანების ტიპზე. აი მაგალითად, საბურთალო განაშენიანებულია კვადრატულად და ის ძალიან კარგად ნიავდებოდა. თუმცა, ბოლო წლებში, სადაც დაირღვა წყობის ეს სისტემა, იმ ადგილებში საკმაოდ გაუარესებულია მდგომარეობა“, - გვეუბნება ნოე მეგრელიშვილი.
პირველი დეკემბრის მდგომარეობითა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, მაგალითად, საბურთალოზე ხარისხის მაჩვენებელი „ცუდს“ უტოლდება. დღეს, საბურთალოს მნიშვნელოვან ნაწილში, მრავალსართულიანი, მათ შორის, ე.წ. ცათამბჯენების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
„ძალიან ცუდია“ ჰაერის ხარისხი მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც ასევე განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციაა მშენებლობების.
წინასწარ გაფრთხილება არ შეიძლება?
შესაძლებელია. ამის გაკეთება შესაბამის უწყებებს დღენახევრით ან ორი დღით ადრეც შეუძლიათ. თუმცა, ნოე მეგრელიშვილის თქმით, გაფრთხილების ამ მეთოდს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო არ იყენებს:
„არსებობს მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელსაც ცალკე აქვს ბარსელონის რეგიონული უდაბნოს შტორმის ცენტრი. ეს ცენტრი აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა სატელიტებიდან და მოდელებიდან, მათ შორის, მაგალითად, მტვრის გავრცელების NASA-ს მოდელი, CAMS-ას ევროპის მტვრის გავრცელების მოდელი, სხვა განვითარებული ქვეყნების მოდელები, ახდენს ინფორმაციის შეჯამებას და შესაბამისად, დაახლოებით 2 დღის პროგნოზს იძლევა, თუ საით წავა მტვერი.
ამ პორტალის პირადად ჩემი, ორწლიანი დაკვირვებით, თითქმის 100%-იანი ალბათობით შეგვიძლია წინასწარ გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ დიდი ალბათობით, ხვალ მოსალოდნელია მტვრის მასის შემოჭრა და ამ გაფრთხილებას, თან დაურთო რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამისმა რისკ-ჯგუფებმა და ასევე რიგითმა ადამიანებმაც უნდა დაიცვან. რა უდგას წინ და რატომ არ აკეთებს ამ ინფორმაციას საქართველო, ვერ ვხვდები. უფრო სანდო და სრულყოფილ ინფორმაციას, ჩვენი გარემოს ეროვნული სააგენტო ვერ შექმნის და ვერ აჯობებს ამ პორტალს“, - ამბობს ნოე მეგრელიშვილი.
ის გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტიდან რამდენიმე თვის წინ, კონტრაქტის დასრულების მიზეზით გაათავისუფლეს.
თუმცა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი სამოქალაქო პოზიცია და პროევროპული აქციების ღია მხარდაჭერა გახდა:
„არაერთხელ გამაფრთხილეს, რომ ვიყავი საჯარო მოხელე და ჩემ საქმეში პოლიტიკა არ უნდა გამერია, რაზეც ვუთხარი, რომ ვერ გავჩუმდებოდი და ვერ დავმონდებოდი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნოე მეგრელიშვილი.
მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ შემცირდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობაც.
ნოე მეგრელიშვილი ამბობს, რომ თანამშრომლების შემცირება სფეროსთვის „კატასტროფის“ ტოლფასია:
„მანამდე სამმართველოში მუშაობდა 5 ადამიანი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, შეუძლებელია, ორი ადამიანი აუვიდეს იმ საქმეს, რა საქმეც წამოწყებულია და ეს არის ძირითადად ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში წამოწყებული საქმიანობა, როგორიც არის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, გადავედით ევროპულ მოდელზე, დავყავით ქვეყანა ზონებად და აგლომერაციებად და იქ სადაც დაბინძურება ფიქსირდება, ამას სჭირდება ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები.
შემუშავებულია თბილისის ჰაერის მართვის გეგმა, ცენტრალური ზონის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა - ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, შემუშავებულია დასავლეთის ზონის გეგმა. ამ გეგმების შესამუშავებლად ევროპის ქვეყნები და ევროკავშირი დაგვეხმარა. ორმა კაცმა რომ თუნდაც მხოლოდ ანგარიშები წერონ ამ გეგმების შესახებ, ესეც კი წარმოუდგენელია, არათუ სხვა მნიშვნელოვანი საქმე აკეთონ. აუცილებლად იქნება, ჩამორჩენა და დროში გაწელილი პროცესი“, - ამბობს ნოე მეგრელიშვილი.
მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“, უკვე სამი წელია, საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ჰაერის ხარისხის 24 საათიან მონიტორინგს.
ჰაერის ხარისხის მზომი „სიომეტრები“ საქართველოს 17 ქალაქშია დამონტაჟებულია.
ჰაერის ხარისხის გახანგრძლივებული დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად, გარდა ტრანსასაზღვრო დაბინძურებისა, ანუ უდაბნოდან შემოსული მტვრისა, ეს მოძრაობაც ქალაქში არსებული მზარდი განაშენიანების პროცესს უკავშირებს.
გიორგი ჯაფარიძე, მოძრაობის დამფუძნებელი, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, სახელმწიფო უწყებების სპეციალისტებთან ერთად, ჩართული იყო თბილისის ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის შემუშავებაში.
ეს სამოქმედო გეგმა 4 ძირითად ამოცანას მოიცავს - თბილისში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირებას. ასევე, აზოტის დიოქსიდის (NO2) გაფრქვევის შემცირებას, ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შეფასების გაუმჯობესებას და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
„ახლა ამ გეგმას სჭირდება აღსრულება. რაღაცები დაწყებულია, თუმცა, სასურველია, რომ ყველაფერი, რაც გაწერილია სამოქმედო გეგმაში, გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ამით შესაძლოა ჰაერი 100%-ით ვერ გასუფთავდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ავტომობილების რაოდენობა ქალაქში არის მზარდი და დიდი, ქალაქი სათანადოდ ვერ ნიავდება, თუმცა, ამ გეგმის განხორციელება მოგვცემს ისეთ შედეგს, რომ ვისუნთქოთ შედარებით უკეთესი ჰაერი“, - ეუბნება გიორგი ჯაფარიძე რადიო თავისუფლებას.
თბილისში „ყოველწლიურად ასობით სამშენებლო ნებართვა გაიცემა“
გარემოს დამცველი ჟურნალისტი ცირა გვასალია ყოველდღიურად ადევნებს თვალს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე ასახულ ინფორმაციას საქართველოში ჰაერის ხარისხის ცვლილების შესახებ.
მისი თქმით, რომ არა მოქალაქეებისა და ცალკეული ჯგუფების ხმაური, რომლებიც ქვეყანაში გარემოს დაცვის საკითხებით ინტერესდებიან, გარემოს ეროვნული სააგენტო, სავარაუდოდ, არც იმ განცხადებებს გაავრცელებდა, რაც ბოლო დღეებში გაავრცელეს.
როგორც დანარჩენები, ჰაერის დაბინძურების ასე გახანგრძლივებულ პროცესს ისიც ქალაქის "უხვ" განაშენიანებას უკავშირებს.
მისი თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ მეტეოროლოგიის ბარსელონის მტვრის რეგიონული ცენტრის ბოლო მოდელირების მიხედვით (1-4 დეკემბერი), რომელიც უდაბნოების მტვრის მასების გადაადგილებას სწავლობს, ტრანსასაზღვრო დაბინძურება უკვე დასრულებულია, თუმცა, ქალაქში კვლავ რჩება ნისლის მაგვარი ჰაერის მასა.
ჟურნალისტი თვლის, არა თუ წერილობით განცხადებებს, სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფი ბრიფინგებს უნდა მართავდეს და საზოგადოებას აწვდიდეს დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების ხარისხისა და რეკომენდაციების შესახებ:
„ეს არის საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ კი არც დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, არც გარემოს დაცვის სააგენტოსგან, არც მერიისგან არაფერი მოგვისმენია. ეს არ არის სახუმარო თემა, ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა, წლებია, ჩვენ მსგავსი ხარისხის დაბინძურება არ გვინახავს“.
ჟურნალისტის თქმით, ჰაერის დაბინძურების პროცესზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი სტრუქტურა დედაქალაქის მერიაა:
„გასულ წელს გამოვითხოვე ინფორმაცია მერიისგან ქალაქში სამშენებლო ნებართვების შესახებ. ამ მონაცემების თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, ასობით სამშენებლო ნებართვა გაიცემა. შედეგიც სახეზეა“.
ცირა გვასალიას ინფორმაციითვე, რამდენიმე ხნის წინ, ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობას „შეეწირა“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ვარკეთილის ავტომატური სადგური:
„აწ უკვე აღებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური ვარკეთილში 2016 წლის სექტემბერში ამუშავდა. სადგური ქართველ ხალხს იაპონიის საელჩომ აჩუქა. მისი ღირებულებაა 825, 371.87 ლარია... როგორც ჩანს, სადგური დეველოპერს თვალში გაეჩხირა. გარემოს პარამეტრის მზომი ასეთი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის ახლოს რატომ გაიცა სამშენებლო ნებართვა, არ ვიცი“, - ამბობს ცირა გვასალია, რომლის თქმითაც, გარემოს ეროვნულ სააგენტოში მას დაუდასტურეს, რომ სადგური აღებულია, მაგრამ არ უთხრეს, რატომ აიღეს, სადაა გადატანილი და სად დამონტაჟდება სამომავლოდ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ატმოსფერულ ჰაერში არსებული მტვრის უმცირესი ნაწილაკები (PM10, PM2.5), რომელიც დღეს თბილისში ზღვრულ დონეს აღემატება, ჰაერის ნებისმიერ სხვა დამაბინძურებელზე მეტად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. მყარი ნაწილაკების შესუნთქვა აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.
ასევე ნახეთ რატომ არის თბილისში ჰაერი ცუდი ან ძალიან ცუდი?