სამინისტროში 29 აპრილს გამოცხადებულ რეორგანიზაციას თანამშრომელთა ნაწილი და მათ შორის ოლგა სპირანდიც, „ოცნებისთვის“ მიუღებელი კადრების წმენდად აფასებს. ამ პროცესში სამინისტროდან 40-ზე მეტ ადამიანს მოუწია წამოსვლამ, ზოგს საკუთარი ნებით, ზოგს კონკურსის ვერ გავლის გამო.
“ნატოს მხრიდან საქართველოს…რეფორმების უაღრესად დადებითი შეფასების დოკუმენტები წარსულს ჩაბარდა. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული განზომილება სერიოზულ რეგრესს განიცდის“ - დაწერა ოლგა სპირანდიმ გამოსამშვიდობებელ პოსტში ფეისბუკზე 2 ივლისს. ამ პოსტს თან ახლდა საქართველოსა და ნატოს დროშების ფოტო და ილია ჭავჭავაძის ციტატა: „შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენისას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინდისი არ გეუბნებათ. იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია.“
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ოლგა სპირანდი საუბრობს რეორგანიზაციის პროცესზე, მის არჩევანსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე.
ქალბატონო ოლგა, რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა გასაუბრებაში და რა ფორმით ჩატარდა კონკურსი, რომესაც თქვენ ეგრეთ წოდებულს ეძახით?
დიახ, ნამდვილად ასეა - მე არ ვმონაწილეობდი ე.წ. კონკურსში და ეს გადაწყვეტილება შეგნებულად და პრინციპულად მივიღე. მე აღარ მსურდა იმ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გაგრძელება, რომელმაც გადაუხვია კონსტიტუციით გამყარებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტების განხორციელების გზიდან.
მე და ჩემი გათავისუფლებული კოლეგები ერთგულად ვაგრძელებდით მოვალეობის შესრულებას მანამ, სანამ ეს შესაძლებლად გვესახებოდა. ჩემთვის ცხადია, რომ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ვერ გამოსწორდება მანამ, სანამ მმართველი ძალა გააგრძელებს არსებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკას.
სანამ ხელისუფლება აჯერებს ხალხს, რომ იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარებით, თითქოს და იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და სანამ დესტრუქციულ ძალად და არაკეთილმოსურნეებად აცხადებს იმ სახელმწიფოებს, რომელთა ერთობაშიც „მიუძღვება“ ქვეყანას. საქართველოს სუვერენიტეტი მაშინ იქნება გამყარებული, როდესაც ის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის საერთო მაგიდასთან თანაბარუფლებიან წევრად დაიმკვიდრებს ისტორიულად კუთვნილ ადგილს.
ასევე ნახეთ „ხვალ ალბათ შენი ჯერი იქნება“ - საჯარო მოსამსახურეები ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენსამინისტროში გატარებული ე.წ. ძირეული რეფორმა არ ემსახურება ამ მიზნებს. ახალ სტრუქტურაში დაკნინებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთეულები, რადგან აღარ არსებობს ამ ორ პრიორიტეტულ მიმართულებაზე ცალკე მომუშავე გენერალური დირექტორატები. ეს გენდირექტორატები სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რათა უზრუნველეყოთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროკავშირსა და ნატოში საბოლოო გაწევრება. რა შეიცვალა მას მერე? მივაღწიეთ დასახულ მიზნებს?
ამას გარდა, გაუქმებულია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციის და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წამყვანი ერთეული იყო. ნუთუ აღარ გვჭირდება მეტი ძალისხმევით დეზინფორმაციასთან და მავნე ჰიბრიდულ ტაქტიკებთან ბრძოლა ქვეყანაში?
დაბოლოს, გაუქმებულია დიპლომატიური ინსტიტუტი, რომელიც მნიშნელოვან როლს ასრულებდა დიპლომატების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში. ნუთუ ამას შეიძლება დაერქვას სამინისტროს განვითარების ხელშემწყობი რეფორმა?
სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან ეს კრიტიკული დამოკიდებულება გახდა ჩემთვის წყალგამყოფი და ე.წ. კონკურში არ მონაწილეობის მიზეზი.
თავის დროზე მე და სხვა გათავისუფლებული დიპლომატები თანამდებობებზე დავინიშნეთ დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში გაწერილი კონკურსისა და გამოცდების ჩაბარების შედეგად. ის, რასაც ახლა დაერქვა „კონკურსი“, იყო სამინისტროში „ძირეული რეფორმის“ გატარების საბაბით გამოყენებული ინსტრუმენტი იმ დიპლომატების მიმართ, ვინც არსებული ხელმძღვანელობისთვის არასანდო კადრებად იქნა მიჩნეული.
ასევე ნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაცია იწყება
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ ოცნება აჩერებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს 200-მდე თანამშრომელმა მეორე დღესვე უპასუხეთ წერილით. ამ წერილში თქვენ იცავდით კონსტიტუციის 78-ე მუხლს და წედით, რომ ეს განცხადება „არ შეესაბამებოდა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“. როდის გაგიჩნდათ განცდა, რომ ხელისუფლება სანდო კადრად ვეღარ მიგიჩნევდათ?
პირადად მე, მიმდინარე წელს შემეზღუდა უფლებამოსილების სრულად განხორციელება, რადგან ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე გრიფიან დოკუმენტებთან მიწევდა მუშაობა, მათ შორის წლიურ ეროვნულ პროგრამაზე. ეს იყო სიგნალი, რომ მე არ ვიყავი სასურველი კადრი სამინისტროსთვის. ამით, ასევე დადასტურდა რომ ჩემი სამმართველოს ფუნქციონირება არ ყოფილა არც პრიორიტეტული და არც მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა სამინისტროში, და ის შეეწირა კიდეც უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას.
რაც შეეხება დიდ სურათს. ჩემთვის ეს დღე [28 ნოემბერი - რ.თ.] ორმაგად ტრაგიკული იყო, რადგან მამაჩემი საბოლოო გზაზე უნდა გამეცილებინა...
როგორც აღმოჩნდა, ე.წ. რეფორმა და კონკურსი ასევე მიზნად ისახავდა პეტიციის ხელმომწერთა დაყოფას, რადგან საფუძველი გამოეცალათ იმ დიდი ერთობისთვის, რაც მაშინ შედგა. და შედგა იმიტომ, რომ ეს იყო გარდაუვალი და გულწრფელი რეაქცია იმ დიპლომატების, რომელთაც მრავალწლიანი შრომა ჩადეს, რათა საქართველო საბოლოოდ დაბრუნებულიყო ევროპულ ოჯახში. ამ დიპლომატების ნაწილმა მიიღო კონკურსში მონაწილეობა და ზოგი მათგანი აგრძელებს მუშაობას.
ჩვენ წლების განმავლობაში საერთო საქმეს ვაკეთებდით და ბევრი გამოწვევა და მიღწევაც გვქონდა, ამას ვერავის დავუკარგავ, თუმცა, გულწრფელად ვისურვებდი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში მათ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღოთ. ეს იქნებოდა მკაფიო გზავნილი, რომ თავიანთი ხელმოწერების ერთგულნი დარჩნენ და ე.წ. კონკურსში მონაწილეობით უსამართლო თამაშის წესები არ გაიზიარეს. კონკურსის შედეგებმა კი გვაჩვენა, რომ მასში მონაწილეობა ნამდვილად არ იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დარჩენის გარანტია.
შარშან, ჩვენ საქართველოს რიგით მე-16 წლიური ეროვნული პროგრამა წარვუდგინეთ ნატოს, წელს კი, 10 წლის მანძილზე „გამოზრდილ შვილთან“ მიწევს გამომშვიდობება არა ჩემი ნებითა და სურვილით. ეს გამომშვიდობება არ იქნებოდა ჩემთვის ასე მტკივნეული, რომ არა ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი პროცესები. ერთ დროს სიამაყით აღვსილი, როდესაც წლიურ ეროვნულ პროგრამაში პენიტენციალური რეფორმის თავი ჩავხურეთ, ახლა, სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესის დაღმასვლას ვადევნებ თვალს.
ნატოს მხრიდან საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების უაღრესად დადებითი შეფასების დოკუმენტები წარსულს ჩაბარდა. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული განზომილება სერიოზულ რეგრესს განიცდის, და ამის გამოსწორებას ბევრი დრო და რესურსი დასჭირდება.
პირადად თუ გქონდათ ახალ მინისტრთან შეხვედრის და საუბრის შესაძლებლობა და თუ კი, როგორი იყო ეს საუბარი?
არც მე და არც ჩემს დეპარტამენტს მინისტრი არ შეგვხვედრია, შესაბამისად საუბარიც არ შემდგარა.
იმ სამმართველოს გაუქმებას, რომელსაც ხელმძღვანელობდით, რა გავლენა ექნება ქვეყანაზე?
ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველოს მთავარ ფუნქცია იყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა… სამმართველო ასრულებდა წამყვან როლს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების - საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავება-განხორციელებაში და ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფუნქციონირებაში.
ნატო-საქართველოს კომისია ნატოსთან პოლიტიკური დიალოგის მთავარი ფორმატია. ბევრი წლის განმავლობაში, ნატოსთან თანამშრომლობის აქტიურ პერიოდში, წელიწადში ვმართავდით 20-მდე სხდომას ნატოს შტაბ-ბინაში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს როგორც უმაღლესი და მაღალი დონის თანამდებობის პირები - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და სხვა მინისტრები და მოადგილეები, ასევე სამუშაო დონეზე - უწყებების დეპარტამენტების ხელმძღვანელები. განიხილებოდა საქართველოს პროგრესი და ნატო-საქართველოს დღის წესრიგში მყოფი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), რომელიც ალიანსის გადაწყვეტილებით საქართველოს 2008 წლის დეკემბერში მიენიჭა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ნატოს პრაქტიკიდან გამომდინარე ANP-ს მხოლოდ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში, ანუ MAP-ში ჩართული ქვეყნები ახორციელებენ.
საქართველოს ANP-ს განხორციელების საშუალება MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე მიეცა, რამაც პროცესი საქართველოზე მორგებული გახადა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ - საქართველო 2009 წლიდან ასრულებს MAP-ის პრაქტიკულ ნაწილს, ანუ წლიურ ეროვნულ პროგრამას, და ეს საკმარისი წინაპირობა იქნებოდა იმისთვის, რომ ალიანსს, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქვეყნისთვის MAP-ი მიენიჭებინა. ცხადია, ძალიან შორის წაგვიყვანს მსჯელობა იმაზე, თუ რა გეოპოლიტიკური გარემოებების თანხვედრას მოითხოვს მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და რატომ არ მიენიჭა საქართველოს ყბადაღებული MAP-ი მანამდე, ან შეუძლია თუ არა ქვეყანას მის გარეშე გაწევრიანდეს ალიანსში. როგორ ადაპტირდება ნატო ახალი გამოწვევების კვალდაკვალ, რა გავლენა იქონია, მათ შორის, გაფართოების პოლიტიკაზე რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ - ეს ყოველივე ცალკე საუბრის თემაა. თუმცა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაიმე ტიპის პროგრესზე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით საუბარი ზედმეტია.
საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში შემავალი ორი სამმართველოდან დარჩა ერთი ოთხკაციანი სამმართველო, რომელმაც უნდა გააგრძელოს ნატოს საკითხებზე მუშაობა.
სავარაუდოდ მათ მოუწევთ ჩემი და ჩემი ყოფილი კოლეგების ფუნქციების შეთავსებაც, რასაც კომპეტენცია, გამოცდილება და ინსტიტუციური მეხსიერება ჭირდება.
წლიური ეროვნული პროგრამა არის ერთგვარი მემატიანე, რომელშიც აღბეჭდილია 2009 წლიდან მოყოლებული ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ნატოსთან თავსებადობის გაღრმავების კუთხით.
ამ ეროვნული დონის დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულია 20-მდე სახელმწიფო უწყება და ამ პროცესის კოორდინირება და ინტეგრირებული დოკუმენტის შემუშავება სწორედ უკვე გაუქმებულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველოს ეკისრებოდა.
მე ამ საქმეს ბოლო 11 წელი ვემსახურებოდი, აქედან 8 წელი ამ სამმართველოს უფროსის რანგში. შესაბამისად, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთეულის გაუქმებით ზიანდება ის პროგრესი, რომელიც ჩვენ დიდი შრომით მოვიპოვეთ.
როგორ შეაფასებდით იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ესწრებოდა ნატოს ბოლო ჰააგის სამმიტს რომელიც 24-25 ივნისს გაიმართა?
როგორც კიდევ ერთ უკან გადადგმულ ნაბიჯს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. ასეთ მნიშვნელოვან დროს მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის, საქართველოს უმაღლეს დონეზე ყოფნა იქნებოდა მისი მნიშვნელოვანი როლის აღიარება საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში. რაც ნამდვილად ასეა, და საქართველომ ეს დაამტკიცა წლების განმავლობაში ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით. 32 ღირსეული ჯარისკაცი სიცოცხლის ფასად ემსახურა ქვეყანას და მის ეროვნულ ინტერესებს ქვეყნის გარეთ.
ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ ივნისის ბოლოს ჰააგაში გამართულ სამიტზე საქართველო არც ერთ პოლიტიკურ დონზე არ იყო წარმოდგენილი. ბოლოს, შარშან და შარშანწინ გამართული სამიტებისგან განსხვავებით, სადაც ვაშინგტონსა და ვილნიუსში საგარეო საქმეთა მინისტის დონეზე ვმონაწილეობდით. სამწუხაროდ, ახლა, საქართველო პასიურად ადევნებს თვალს იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რომელთა ფორმირებაში მოკავშირეებთან ერთად აქტიურად უნდა იყოს ჩართული, თავისი მნიშვნელოვანი ადგილის განსამტკიცებლად.