თითქმის 400 გვერდიანი დოკუმენტში აღწერილია სიღარიბე, ძალადობა, ეკოლოგიური პრობლემები, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შეფერხების შემთხვევები, დაბინძურებული სასმელი წყლის გადაუჭრელი პრობლემა და გენდერული უთანასწორობის ფორმები.
ანგარიშიდან ჩანს, რომ აპარატმა წვდომა მოიპოვა შოვის სტიქიით შემდეგ დაწყებულ გამოძიებაზე, და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც სახელმწიფოს მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის კვალი იკვეთება. ომბუდსმენის შეფასებით არც ერთი ეს საქმე არ ტოვებს ეფექტიანი გამოძიების შთაბეჭდილებას.
2024 წელს, მიუხედავად იმისა რომ დემონსტრანტებზე ძალადობამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე მიმართვის მაჩვენებელი შემცირებულია. თავად ომბუდსმენმა შარშან 2 საკონსტიტუციო სარჩელი და 11 სასამართლო მეგობრის მოსაზრება მოამზადა.
2024 წელი ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გამორჩეულია ერთი მხრივ ახალი რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების სიმრავლით და მეორე მხრივ ანტისამთავრობო აქციებზე გამოსული ადამიანების მიმართ სახელმწიფოს ძალადობით. სახალხო დამცველის ანგარიშიდან ცნობილი ხდება ამ დრომდე გაუსაჯაროებელი მნიშვნელოვანი გარემოებები აქციებზე ძალადობის შემთხვევებიდან.
- იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო არ ადასტურებდა 2024 წლის გაზაფხულზე “აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო გამოსვლებზე რეზინის ტყვიების გამოყენებას, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან რამდენიმე მოქალაქე, რომელიც ამ აქციებში მონაწილეობდა, მიუთითებდა (ცრემლსადენი გაზის გარდა) რეზინის ტყვიების სროლის შემთხვევებზე ერთ-ერთი მათგანის თქმით, კლინიკაში გაუკეთეს ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, პაციენტს ჰქონდა ლოყისა და საფეთქელ-ქვედაყბის ღია ჭრილობა, რბილ ქსოვილებში დარჩენილი იყო უცხო სხეული, რომლიც ოპერაციისას ამოუღეს. ეს რეზინის ტყვია აღმოჩნდა. სხვა მოქალაქე კი ყვებოდა, რომ რეზინის ტყვიამ გაიარა მის აირწინაღში და წარბთან მოხვდა. . კიდევ ორი მოქალაქე აღწერდა რეზინის ტყვიებით დაზარალებას - ერთ-ერთი - ჩაფხუტსა და ფეხის თითზე (ფეხსაცმელიც გაუხვრიტა); ხოლო მეორე - ჩანთაზე (ჩანთა დაზიანდა), ასევე, ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა და სასწრაფომ დაუმუშავა.
- 2024 წლის მიწურულს, ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის პირველ დღეებში ნიღბიანი სპეცნაზელების დემონსტრანტებზე ძალადობის შედეგად ასზე მეტ ადამიანს მძიმე დაზიანებებით დაკავების შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ამ პერიოდში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა კლინიკაში ნახეს ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი ისეთ სტრესში იყო, რომ მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მეორე კი ვერ დადიოდა - , თავი და სახე ჰქონდა შეხვეული და ეტლში იჯდა, ქვედა კიდურებს ვერ გრძნობდა.
ანგარიშის ნაწილია პოლიციელების მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევები დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში.
- 2024 წლის მიწურულს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 ადამიანი ყვებოდა, რომ ის პოლიციის შენობაში, შესასვლელში, 10-მდე ადამიანის თანდასწრებით სრულად გააშიშვლეს და დასამცირებლად ბუქნების გაკეთება აიძულეს;
- ერთი ყვებოდა, რომ აგინეს კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის შენობაში, ემუქრებოდნენ, ტელეფონის კოდის მოხსნას ითხოვდნენთავში ურტყამდნენ ტელეფონს და ლაზერს.
გასულ წელს პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე დაკავების შემდეგ ძალადობის შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი - თუკი 2023 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს საეჭვოდ ჰქონდათ დაზიანებული სხეული, თითქმის 32%-ში 2024 წელს ეს რიცხვი ორჯერ, 64%-მდე გაიზარდა. 2021 - 2022 წლებში ეს მაჩვენებელი 30%-ს არ აღემატებოდა.
ასევე ნახეთ Amnesty International-ი ანგარიშს აქვეყნებს ქალ დემონსტრანტებზე ძალადობის მზარდ შემთხვევებზეკარგად ცნობილი პრობლემების მიღმა, სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს არაერთ ისეთ საკითხს, რომლებზეც საჯარო სივრცეებსა და პოლიტიკურ დღის წესრიგში იშვიათად მსჯელობენ - ამ სტატიაში სწორედ ასეთ რვა პრობლემაზე ვამახვილებთ ყურადღებას.
#1 ფსიქიატრიული კლინიკები - გარდაცვალების მიზეზების ბუნდოვანება, ძალადობა, დაშინება
ფსიქიატრიული დაწესებულებების მრავალმხივი პრობლემებიდან სახალხო დამცველი გამოყოფს პაციენტების გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის სიმწირეს. ერთი მხრივ, დაწესებულებები ერთიან სტატისტიკას არ აწარმოებენ, მეორე მხრივ კი არ ატარებენ ექსპერტიზას გარდაცვალების მიზეზების დასადგენად.
ფსიქიატრიული დაწესებულებები არ აღრიცხავენ იმ პაციენტთა გარდაცვალებას, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის გაწერის შემდეგ, დაწესებულებას აღარ მისი მდგომარეობის დადგენის ვალდებულება.
2024 წელს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 4 პაციენტი გარდაიცვალა - მათგან ერთი თერჯოლამედში, ორი ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში და ერთიც სენაკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა ფსიქიატრიულ კლინიკებში ისევ გრძელდება პაციენტებზე ძალადობა.
მაგალითად, პაციენტის მონაყოლით, სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაცვის თანამშრომელმა მას სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, როდესაც ის კარს ხელებს ურტყამდა და სახლში წასვლას ითხოვდა. პაციენტები ასევე აღწერენ პერსონალის უხეშ მოპყრობაზე, ხმამაღალ ყვირილზე, ასევე, დაშინებასა და ინექციებით მუქარაზე.
ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში ომბუდსმენის აპარატმა გაიგო, ისეთ შემთხვევაზე, როდესაც პერსონალმა პაციენტის შესაშინებლად პატრული გამოიძახა და ასე აიძულებდა ინექციის გაკეთებას.
მიუხედავად კანონიერი უფლებისა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნებაყოფლობით მოხვედრილები, საკუთარი ნებით ვერ ტოვებენ სტაციონარს. ფსიქიატრიული დაწესებულებები და განსაკუთრებით დიდი ზომის კლინიკები, ისევ გადატვირთულია ბენეფიციარებით, რომელთა ნაწილს იძულებითი ინექციებით მკურნალობენ, ბოჭავენ გასანეიტრალებლად და სამედიცინო დოკუმენტაციაში არ წერენ, რა მიზნით გამოიყენეს ესა თუ ის მეთოდი მკურნალობისას.
ასევე ნახეთ თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები სუფთა ჰაერზე ვერ გადიან - ომბუდსმენი#2 ციხეები - „ბარაკები“, მხოლოდ 1 საათით ჰაერზე და ბორკილებით სამარტოო საკანში
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. „ბარაკული“ ტიპის საერთო საცხოვრებლები, სადაც შეუძლებელია ჰიგიენის დაცვა, პატიმრების პირადი სივრცე კი სტანდარტულ 4 კვ. მ. -ზე ნაკლებია.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზეც. ამ დაწესებულებებში მყოფი პატიმრები, 23 საათის განმავლობაში რჩებიან საკანში და მხოლოდ 1 საათით გადიან სასეირნო ეზოებში. ეს სივრცეებიც მწირია და არასაკმარისი ჯანრთელობის შესანარჩუნებლად.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, 14 პენიტენციური დაწესებულებიდან 5 დაწესებულებაში მოთავსებული იყო პატიმრების საერთო (9098 პატიმარი) რაოდენობის 77% .
ომბუდსმენის აპარატმა შეაგროვა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პატიმრები დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში უმიზეზოდ, დასასჯელად და ხანგრძლივად მოათავსეს. სახალხო დამცველის შეფასებით ეს სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. ეს ოთახები მოწყობილია იმგვარად, პატიმარს თვითდაზიანებების მიყენება არ შეუძლია - ყოფილა შემთხვევები, რომ ამ რისკისგან თავის დასაზღვევად მათ ხელბორკილებით შებოჭილს, ხანგრძლივად ტოვებენ საკნებში.
მაგალითად, ანგარიშში აღწერილია #2 დაწესებულებაში მომხდარი ასეთი შემთხვევა- დეესკალაციის ოთახში ერთ-ერთ პატიმარს თანამშრომლებმა ზურგს უკან დაადეს ხელბორკილი, პირქვე დააწვინეს იატაკზე და ზურგზე აჭერდნენ ფეხს. ამავე დაწესებულებაში, ერთ-ერთ პატიმარს დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად ედო ხელბორკილი, ითხოვდა საპირფარეშოთი სარგებლობას, თუმცა დაწესებულების თანამშრომლებმა არ მოხსნეს ხელბორკილი და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იქვე მოუწია.
ციხეების კიდევ ერთი და მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში წელსაც იჩენს თავს, არაფორმალური მმართველობა და ე.წ. ქურდული სამყაროს გავლენებია.
#3 მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი - ცემა, დამცირება, გაუპატიურების მუქარა
2024 წელს თითქმის გაორმაგდა საქართველოდან გაძევებულ უცხოელთა რიცხვი. 2024 წელს საქართველოდან 363 ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, მაშინ როდესაც 2023 წელს მხოლოდ 190.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა შარშან თავშესაფრის 1 533 საქმე განიხილა, თუმცა, უმრავლესობას - 1418 ადამიანს უარი უთხრეს დაცვაზე. მხოლოდ 104-ს მიანიჭეს ჰუმანიტარული (6.78 %), ხოლო, 11-ს - ლტოლვილის სტატუსი (0.72 %).
2024 წელს სახალხო დამცველის აპარატის ჯგუფმა მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში მოხვედრილი 4 ადამიანისგან შეიტყო, რომ ისინი აწამეს და არასათანადოდ მოეპყრნენ.
მიგრანტები ამბოდნენ, რომ ხელმძღვანელის კაბინეტში სხვადასხვა დროს, ხელბორკილით შეიყვანეს, ცემეს ხელებით და ფეხებით, შეასხეს წიწაკის სპრეი. მათგან ორი ამბობდა, რომ დაემუქრნენ გაუპატიურებით და სხვა სექსუალური ხასიათის, დამამცირებელი მოპყრობით. მათ სახესა და ტანზე ჰქონდათ სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, თუმცა ექიმს მათი დაზიანებები არ აღუწერია.
სახალხო დამცველის აპარატმა, ამ ადამიანების თანხმობით, რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
სახალხო დამველი წერს, რომ პრობლემების შემთხვევაში, ადმინისტრაცია ცენტრში მოხვედრილების იზოლირებას ცდილობს - გადაყავს მკაცრი ზედამხედველობის ოთახში, სადაც საცხოვრებელ ფლიგელთან შედარებით ბევრად მძიმე პირობებია.
მათ შორის არასრულწლოვანებიც, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებს, ბავშვის უფლებათა კონვენციის სულისკვეთებას და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობაა.
ერთ შემთხვევაში არასრულწლოვნს რამდენჯერმე ხელბორკილიც კი დაადეს, მათ შორის ექიმთან ვიზიტებისას, და ამ დროს ხელბორკილის ერთი რგოლი სკამზე იყო მიბმული.
საპოლიციო იზოლატორებისგან განსხვავებით, მიგრანტთა განთავსების ცენტრებში ექიმები უფრო გულმოდგინედ აღწერენ დაზიანებებს, თუმცა, არ არკვევენ არის თუ არა ეს ძალადობის კვალი. მაგალითად, დაზიანება მარჯვენა თვალის უპეში ახსნილია როგორც შედეგი თავბრუსხვევის შედეგად დაცემისა, ქუთოთოს არეში დაზიანება კი შემთხვევით იატაკის ჯოხის მოხვედრით გამოწვეულ ტრავმადაა მიჩნეული.
#4 რეგიონები - ბაღებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არასაკმარისია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საბავშვო ბაღები, რაც ომბუდსმენის შეფასებით, აფერხებს ქალების და გოგოების წვდომას განათლებასა და დასაქმებაზე
მაგალითად:
- სკრის დევნილთა დასახლებაში მოსახლეობა წუხს, რომ ტრანსპორტი არ არის მორგებული სამუშაო საათებზე;
- სოფელ გორაკაში ქალს სურდა ემუშავა, თუმცა ვერ დასაქმდა, რადგან უტრანსპორტობის გამო ყოველ დღე რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მოუწევდა;
- სოფელ წილკანიდან ტრანსპორტი მხოლოდ თბილისში დადის, არადა ადგილობრივს სხვა ქალაქში ჭირდება წასვლა;
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ტრანსპორტი ყოველდღე არ დადის.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში არ არის საბავშვო ბაღი, ბაღი მდებარეობს ქვემო ჭალაში, ტრანსპორტი არ ემსახურებათ, რის გამოც ბავშვები რეგულარულად ვერ დაჰყავთ ბაღში.
საბავშვო ბაღი არც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშია, ბავშვები მეზობელ სოფელში გადაყავთ.
#5 არასრულწლოვანთა ორსულობა
2024 წელს არასრულწლოვანთა ორსულობის და მშობიარობის რიცხვი 37%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა მონაცემები კვლავ საგანგაშოა. ოფიციალური სტატისტიკით:
- 2023 წელს 679 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, არასრულწლოვან მშობლად კი - 409 ადამიანი
- 2024 წელს 427 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა , ხოლო არასრულწლოვან მშობლად კი 365 - მათ შორის, არასრულწლოვანი დედა იყო 347, არასრულწლოვანი დედა და მამა 7, არასრულწლოვანი მამა 11;
ბავშვთა ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების შესწავლა აჩვენებს, რომ კვლავ ხარვეზიანია კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ზრუნვის სააგენტოს შორის.
მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა 16 წლის ასაკს მიუღწეველი გოგოს სხეულში სექსუალური შეღწევის შემთხვევაზე, ვერ მოხერხდა განმეორებით ამავე დანაშაულის პრევენცია, არასრულწლოვანი - დაორსულდა.
ანგარიშში მოხვდა სხვა შემთხვევაც - არასრულწლოვანი გოგო მეორედ დაქორწინდა.
კიდევ ერთი პრობლემა სოციალურ მუშაკთა სტერეოტიპული და არაემპათიური დამოკიდებულებაა. ამ პრობლემის საილუსტრაციოდ სახალხო დამცველს ეს ფრაზები მოყავს:
„გოგონა მხნედ და თამამად გამოიყურებოდა ოჯახში, სადაც იგი ამ ეტაპზე იმყოფება“; „მიუხედავად იმისა, რომ გოგოს და მისი მეუღლის მშობლები მხარს არ უჭერენ ადრეულ ქორწინებას, გაგებით ეკიდებიან შვილების გადაწყვეტილებას“; „ოჯახის წევრები თავს ევლებიან”; „ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევის მართვის ფარგლებში, ჩემ მიერ არ გამოკვეთილა ეჭვის საფუძველი მისი უფლებების დარღვევის შესახებ, რაც შემდგომ რეაგირების საფუძველი გახდებოდა”.
#6 ხე-ტყის რესურსები - უკანონო ვაჭრობა
2024 წელს ხე-ტყის უკანონო ჭრის, გადატანის, არარეგისტრირებული სახერხი საამქროების მუშაობით, გარემოს თითქმის 1 მლნ ლარის ზარალი მიადგა. ჯამში კი, 1 750-ზე მეტი კანონდარღვევა აღინუსხა.
ხე-ტყით უკანონო ვაჭრობა ძველი პრობლემაა - 2020-2023 წლებში ამ დანაშაულით გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა საქართველოში 8,9 მლნ ლარს გადააჭარბა.
მონაცემების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ყველაზე დიდი მაჩვენებელი კახეთის რეგიონშია (595 შემთხვევა), ხოლო სისხლის სამართლის ნიშნების მქონე ფაქტების ყველაზე დიდი რაოდენობა (53 საქმე) სამეგრელო-ზემო სვანეთში.
მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლში გამოვლენილი სამართალდარღვევების/დანაშაულების რაოდენობა შედარებით ნაკლებია ( სულ 51 შემთხვევა), გარემოსათვის მიყენებული ზიანის ყველაზე დიდი მაჩვენებელი (354,264.58 ლარი) ამ რეგიონშია, რაც საერთო ზიანის თითქმის მესამედს შეადგენს;
#7 ბავშვთა სიღარიბე გაიზარდა
სახალხო დამცველის ანგარიში აჩვენებს რომ ბავშვები კვლავ მოწყვლადები არიან როგორც ძალადობის, ისე სიღარიბის მიმართ.
2024 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6,51%-ით გაიზარდა, გარდა ამისა, იმ ოჯახების რიცხვი, სადაც ერთი არასრულწლოვანი მაინც იზრდება, 125 743- ს გაუტოლდა, ხოლო ბაზაში 2024 წლის განმავლობაში პირველად დარეგისტრირდა 34 758 18 წლამდე ასაკის ბავშვი.
პირველად რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი ბავშვი მაინც არის, 20,368-ს შეადგენს. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩაერთო 4161 ოჯახი.
#8 ხანდაზმულები - ოჯახში ძალადობის მსხვერპლები
2024 წლის განმავლობაში, 61 წელს გადაცილებული ასაკის 298 კაცი და 860 ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი - ეს მონაცემები ეყრდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალწარმოებასა და გამოცემულ შემაკავებელ ორდენებს;
ზოგადად ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევები ხშირია და ოჯახის ინსტიტუტის განუზომლად მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძალადობის შემთხვევების უმეტესი ნაწილი დაფარულია, რაც იძლევა იმის ვარაუდს, რომ ხანდაზმულებზე ძალადობის მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს.