შაქარი, სუნამო, ბანქო - აკრძალული ნივთები ციხეებში. ოფიციალური პასუხი 45 დღის შემდეგ

მოკლედ

  • რამდენს ხარჯავს დღეში სახელმწიფო ერთ პატიმარზე?
  • რამდენის დახარჯვა შეუძლია თვეში თავად პატიმარს?
  • რამდენ წუთს შეუძლიათ მათ ტელეფონზე ლაპარაკი?
  • რისი ყიდვა შეუძლიათ ციხის მაღაზიაში და რისი არა?
  • სულ რამდენი პატიმარი ჰყავს ახლა საქართველოს?
2025 წლის 26 სექტემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გაგზავნილ ამ და სხვა კითხვებზე პასუხი კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის ნაცვლად, თვე-ნახევრის შემდეგ, 12 ნოემბერს, მივიღეთ.

სტატიისთვის „რა ღირს პატიმრობა საქართველოში“, რადიო თავისუფლებას აინტერესებდა, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო პატიმრებზე და რას და რაზე ხარჯავენ თავად პატიმრები ციხეში.

მაშინ პატიმრების ოჯახის წევრები და ყოფილი პატიმრები ჩვენთან საუბარში ჩიოდნენ, რომ ციხის საკვები იმდენად მწირი და უხარისხო იყო, რომ იძულებული იყვნენ, პროდუქტები ციხის მაღაზიაში შეეძინათ. ამისათვის კი პატიმარს თვეში დაახლოებით 1000 ლარი მაინც სჭირდებოდა - ეს თანხა პატიმრების ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია. ამბობდნენ, რომ საკვების გარდა, უწევდათ ჰიგიენური საშუალებების და სხვა აუცილებელი ნივთების ყიდვა, თუმცა ფულის არსებობის შემთხვევაშიც, სასურველ ნივთებს დღეების და კვირების განმავლობაში ელოდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული პასუხებიდან ვიგებთ, რომ:

საკრედიტო ბარათები და ხარჯვის ლიმიტები

პატიმრებს ყოველთვიურად თავიანთი ბარათიდან შეუძლიათ დახარჯონ 1000 ლარი.

პენიტენციურ დაწესებულების დებულების თანახმად, თუკი პატიმარი ითხოვს, ამ ლიმიტის გაზრდაც შესაძლებელია, ოღონდ ამისათვის საჭიროა პენიტენციური სამსახურის დირექტორის თანხმობა.

მათ ბარათზე თანხის ჩარიცხვის ლიმიტი დაწესებული არ არის - ლიმიტი მხოლოდ ყოველთვიურად სახარჯ თანხას შეეხება.

ასევე ნახეთ რატომ არის კალამი და ფურცელი ციხეში საშიში?

სატელეფონო ლიმიტები

საუბრის ხანგრძლივობა პატიმრებისათვის განსხვავდება სხვადასხვა ტიპის და რისკის ციხეების მიხედვით.

მსჯავრდადებულს, რომელიც დაბალი რისკის დაწესებულებაშია, შეუძლია 1 თვის განმავლობაში თავისი ხარჯით შეუზღუდავად ილაპარაკოს ტელეფონზე - თითოეული სატელეფონო საუბარი უნდა იყოს მაქსიმუმ 15 წუთი.

ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, 1 თვის განმავლობაში, ასევე საკუთარი ხარჯით, პატიმარს შეუძლია ისაუბროს ტელეფონით დღე-ღამეში არაუმეტეს 30 წუთისა.

დახურულ ციხეებში - ისევ საკუთარი ხარჯით, პატიმრებს შეუძლიათ 3-ჯერ დარეკონ - 15-15 წუთით.

ხოლო მკაცრ, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პატიმარს თვეში 2-ჯერ შეუძლია საკუთარი ხარჯით ტელეფონზე დარეკვა. მათაც 15-წუთიანი ლიმიტი აქვთ.

ქალთა დაწესებულებაში დაშვებულია თვეში ხუთი სატელეფონო ზარი.

ბრალდებულსაც აქვს უფლება 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ისარგებლოს ამ უფლებით.

ასევე ნახეთ „ვიხრჩობით ამ კოლოფებში“ - ზაფხული ციხის საკანში

საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა

ტელევიზორი, მაცივარი, ვენტილატორი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები პატიმარს შეუძლია შეიძინოს ციხის მაღაზიაში - საკუთარი ხარჯით.

მიწოდების ვადას, როგორც ირკვევა, განსაზღვრავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და შპს „ექსპრეს ქსელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პატიმარს სასურველი ნივთი შეკვეთის გაფორმებიდან 3 დღეში უნდა მიუტანონ საკანში.

სასურველი პროდუქტების სიის მოთხოვნით პატიმრები განცხადებით მიმართავენ ციხის დირექტორს, შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი კი მაღაზიას ამ სიას აწვდის - თუ იმ მომენტში კონკრეტული პროდუქცია მაღაზიაში არ არის, შეკვეთა ფორმდება და პატიმარი ელოდება, როდის მიუტანენ სასურველ პროდუქტს.

პენიტენციური სამსახური გვწერს, რომ პატიმრებს შეუძლიათ შეიძინონ ყველაფერი, გარდა აკრძალულისა, თუმცა არ ჩამოთვლის, რა არის აკრძალული და რატომ.

რამდენიმე დაწესებულების, მათ შორის ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულების, გლდანის მე-8 და რუსთავის მე-12 დაწესებულებების დებულებით, აკრძალულია:

  • ფული;
  • ძვირფასი ნივთები;
  • ქიმიკატები;
  • საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი;
  • ყველანაირი ალკოჰოლური სასმელი, ლუდი;
  • სუნამო, ოდეკოლონი;
  • ბასრი და მჩხვლეტავი საგნები;
  • ბანქო, ფოტოაპარატები;
  • აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები;
  • კომპასები;
  • ტელეფონი;
  • დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი;
  • საღებავები და კოპირების ქაღალდები.
ასევე ნახეთ პაემანი და ქორწილი ციხეში - როგორ ხვდებიან პატიმრებს ოჯახის წევრები

პატიმარს უფლება აქვს ჰქონდეს:

  • ხილი - ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, მანდარინი და ფორთოხალი - არაუმეტეს 5 კილო;
  • 3 ცალი შარვალი, „ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა;
  • 1 ცალი ქურთუკი სარჩულის გარეშე - ქურქის, „დუტისა“ და ტყავის გარდა;
  • 4 ცალი სეზონური მაისური და სვიტრი კაპიუშონის გარეშე;
  • ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა;
  • 2 წყვილი სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონრის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“);
  • 8 ცალი საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური);
  • 2 ცალი პირსახოცი - ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40 სმ და 2 ცალიც ცხვირსახოცი;
  • 2 ცალი კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი;
  • სათვალე (ოპტიკური, არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა;
  • წიგნი (ბრალდებულმა/მსჯავრდადებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდადებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას);
  • 2 ცალი ფოტოსურათი ერთდროულად;
  • ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი ერთდროულად, არაუმეტეს 2 ცალისა.

ასევე ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროთეზები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები მხოლოდ ექიმის ნებართვით.

ამ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდადებულს შეუძლია თვეში ორჯერ.

ფოტოსურათები შეუძლიათ მიიღონ ფოსტითაც.

ასევე ნახეთ რა „ღირს“ პატიმრობა საქართველოში

ციხის მაღაზიაში კი მათ შეუძლიათ ( თუ დახვდებათ) იყიდონ:

1. საკვები პროდუქტები;

2. უალკოჰოლო სასმელი;

3. თამბაქო და ასანთი;

4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და მსჯავრდადებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები;

5. საცვლები (თბილი და უბრალო);

6. წინდები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.

7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი;

8. რეიტუზები, ქამრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი;

9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში);

10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები;

11. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი;

12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები;

13. ლიტერატურა;

14. ჟურნალ-გაზეთები;

15. სპორტული ტანსაცმელი;

16. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები;

17. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები;

18. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროთეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით);

19. ტელევიზორები, რადიომიმღებები;

20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით);

21. რუკები (კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).

დღეის მონაცემებით, სახელმწიფოს ერთი პატიმრის შენახვა დღეში 71 ლარი უჯდება.

ამ დღიურ ხარჯში შედის ყველა ხარჯი, გარდა კაპიტალური ხარჯისა (კვება, ჰიგიენური საგნები, პატიმრის ხელფასი, კომუნალური და ა.შ.)

2025 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში იყო 10 887 პატიმარი - როგორც ბრალდებული, ისე მსჯავრდადებული.

ასევე ნახეთ “ფუქსები”, “ციხე-მანქანა”, ხუთი კვერცხი და ბორკილები - წერილებში აღწერილი გზა საკნიდან სასამართლომდე
ასევე ნახეთ უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები ქართულ ციხეში - რატომ მიიჩნევენ თავს პოლიტპატიმრებად?