ჩვენ მოგიყვებით:
- რა უჯდებათ ოჯახებს პატიმრის შენახვა ციხეში;
- სულ ცოტა, რა თანხა უნდა ჰქონდეს ბრალდებულს თუ მსჯავრდადებულს "პატიმრის ბარათზე" თვეში, რომ საკვების, ჰიგიენის ნივთების თუ სიგარეტის ციხეში შეძენა შეძლოს;
- რა უჯდება თავად სახელმწიფოს, ანუ რა უჯდებათ გადასახადების გადამხდელებს პატიმრების შენახვა;
- რას აჭმევენ ციხეში? და შეიძლება თუ არა მხოლოდ ამ მენიუს იმედად პატიმრის დატოვება?
- რას ყიდულობენ და რას ვერ საპატიმროს მაღაზიებში?
ამ სტატიის გმირები არიან გლდანის ციხის ყოფილი და ახლანდელი პატიმრები, რომლებიც ამბობენ, რომ ფული რომც გქონდეს, ციხის მაღაზიაში სულ მარაგის პრობლემაა:
შეიძლება სიიდან რამე აარჩიო, მაგრამ ჩამონათვალის ნახევარიც კი ვერ მოგიტანონ უბრალო მიზეზით: რაც სიაშია, ის მაღაზიაში არ არის. მაგალითად - ვაშლი, რომელსაც პატიმრებს კვირაში ერთხელ ერთ ცალს აძლევენ:
“სულ ვუკვეთავდით ხოლმე მაღაზიაში, მაგრამ ოთხი თვე ვაშლი არ იყო. გვპასუხობდნენ, ვისთანაც კონტრაქტი გვაქვს, იმას კარგი ვაშლი არ აქვს და ცუდი რომ შემოიტანოს, არ გაიყიდებაო… მე ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ჭიანიც იყოს, მოგვიტანეთ-მეთქი, ვეხვეწებოდი. ვაშლზე ვოცნებობდით. ბოლოს მარიამობაზე ჩვენებმა შემოგვიტანეს”, - ეუბნება დეკემბრის აქციებზე დაკავებული ნიკუშა კაცია რადიო თავისუფლებას.
ან სანატრელი შეიძლება გახდეს, მაგალითად, ვენტილატორი - პაპანაქება ივლისში. ნიკუშა კაცია იხსენებს, როგორი ბრძოლა დასჭირდათ მას და მის თანასაკნელ გიორგი ახობაძეს ვენტილატორის საყიდლად:
“ვიხრჩობოდით სიცხისგან და სანამ მედიით არ გაშუქდა ამბავი, ვენტილატორი ვერ მოვიპოვეთ”.
ციხეში, სადაც პატიმარს ყველაფერი შეზღუდული აქვს, ფული ძალიან სწრაფად იხარჯება.
იქ ყველაფერი გენატრება - ხან ტკბილი, ხან ცხარე, ხან ნამცხვარი, ხან შოკოლადი.
ციხის მაღაზია, როგორც ნიკუშაც ამბობს, არ არის იაფი, - “ზოგი რამე, მგონი, უფრო ძვირიცაა”, - თუმცა როცა 24 საათი საკანში ზიხარ, მზად ხარ ბოლო თეთრებიც გაიღო:
“ციხის ის მენიუ, რომელიც საიმიჯო კლიპებშია, ძალიან განსხვავდება პატიმრის საკვებისგან. ნახევარზე მეტს ვერც ვჭამდით. მაგ მენიუთი იქ ვერ იარსებებ, ამიტომ იძულებული ხარ, თავად იზრუნო.. დილის ფაფა საშინლად თხელი იყო. ასევე ე.წ. თევზის კატლეტი - პურში გახვეული რაღაც - თევზისმაგვარის პატარა ნაწილით, ან ცნობილი "წყლის სუპი" - წვნიანი, რომელშიც სამი ცალი კარტოფილი დაცურავდა. იყო კიდევ "კერძი” მეტსახელად “მთელი ციხე არ ჭამს” - კომბოსტოს ჩაშუშული, - რომელიც არც კი გამისინჯავს. უბრალოდ ვერ ჭამ და იწყებ ფიქრს, რით ჩაანაცვლო ეს ყველაფერი, რომ გადარჩე.”
კვერცხით, საკანშივე შემწვარი კარტოფილით, რძის პროდუქტებით, ხილით, ყავით.
“ციხის მენიუდან, შედარებით ნორმალური იყო ლობიო, რასაც ვჭამდით და მაწვნის სუპი. თუმცა ზოგადად, საკვები ხან ძალიან ცხარე მოჰქონდათ, ხან - უმარილო. ყველი კვირაში ერთხელ იყო ხოლმე… მოკლედ, ყველა ვარიანტში რაღაც უნდა გეყიდა “გარეთ”. ისე, პატიმრებს ტორტის ან პიცის გამოძახებაც შეგვეძლო, თუმცა შეკვეთის მოტანას ხან რამდენიმე დღეც სჭირდებოდა.”
კვების ხარჯებს ემატება პატიმრის ჰიგიენური საშუალებების ხარჯებიც: საპონი, შამპუნი, ქაღალდი, ხელსახოცი, კბილის პასტა, ჭურჭლის სარეცხი ჟელე…
ეს ნივთები ხან საერთო იყო, ხან ყველას თავისი ჰქონდა, ზოგჯერ პატიმრები ხარჯებს ინაწილებდნენ. დეკემბრის აქციებზე დაკავებულები ასე იქცეოდნენ. თუმცა ცხრა თვის განმავლობაში მათ უცნობ პატიმრებთანაც უწევდათ საკნის გაყოფა და ასეთ დროს, როგორც ნიკა კაცია იხსენებს: “მათაც ვთავაზობდით, რამე ხომ არ უნდოდათ. იქ არის ხალხი, ვისაც არავინ არაფერს ურიცხავს, ვერ ეხმარებიან. ასეთ დროს ყველაფერი იყოფა”.
ციხეში ყოფნის ცხრა თვის განმავლობაში ნიკა კაციას არ ახსოვს არცერთი შემთხვევა, როცა ბადრაგს მაღაზიაში საყიდლების სია გაატანა და იქიდან ყველაფერი მოუტანეს. ჩამონათვალს ყოველთვის რაღაც აკლდა:
“წინასწარ ვეკითხებოდით ხოლმე, მაგალითად, კივი არის მაღაზიაში? ვერა, მაგას ვერ იყიდი, - გვპასუხობდა ციხის თანამშრომელი. ფორთოხალიც კი სპეცშეკვეთით უნდა მოგეპოვებინა… მოკლედ, შვიდასი-რვაასი ლარი ის თანხა გამოდის, რაც ციხეში შედარებით გაგაძლებინებს. არავინ თქვას, რომ იქ ფული არ გჭირდება ან ას ლარად გაძლებ.”
პატიმრობაში მყოფი გივი თარგამაძეც ხშირად წერს ციხის “მაღაზიასთან თავის პაექრობასა” და იმაზე, როგორ გაახარა თავიდან შესაკვეთი პროდუქტების სიამ, თუმცა, როგორ აღმოჩნდა, იმ სიიდან უმეტესი რამ არ არის ან ხან არის და ხან - არა:
“პირველ ამოტანაზე მოთხოვნილიდან მომივიდა რადიოს გამო შეკვეთილი დენის დამაგრძელებელი და ყურსასმენები, თვითონ რადიო კი არა. ამიტომ, ეს ორი ნივთი, რომელთა მოსვლაც მიხაროდა, სრულიად უსარგებლო გახდა… საპარსი ქაფი რომ მქონდა, მაგრამ თვითონ საპარსი არა, ხომ გახსოვთ? ახლა ორივე მაქვს, მაგრამ არ მაქვს წყალი (ხშირად). ის წმინდა სამებაც შევკარი - დენის დამაგრძელებელი, რადიო, ყურსასმენები - მაგრამ, ოლოლო! დამაგრძელებლის ე.წ. „ვილკის“ რეზინის გარსი, რატომღაც, არასტანდარტულად განიერია და არ ეტევა შტეფსელის ფოსოში, ანუ, დენში არ ერთდება. შესაბამისად, ეს ნივთი კვლავაც უსარგებლოა"...
პატიმარი თავად იხდის ტელეფონის საფასურსაც - წინასწარ პატიმრობაში მყოფ ნიკა კაციას თვეში ასეთი სალაპარაკო 75 წუთი ჰქონდა.
„ფონდის თანხა რომ არა, ალბათ, დღე და ღამე უნდა მემუშავა, იმდენი რომ მეშოვნა, ოჯახსაც გვერჩინა თავი და თორნიკესთვისაც ჩამერიცხა პატიმრის ბარათზე“, - გვითხრა დეკემბრის აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ მარიზი კობახიძემ.
თორნიკეს ოჯახს "სოლიდარობის ფონდი" თვეში რვაას ლარს ურიცხავს. როგორც პატიმრის დედა გვიყვება, ახლა მისი შვილი თავის თანამებრძოლებთან ერთად ზის, ყველაფერს ინაწილებენ და ეს თანხა ციხეში მთელი თვის განმავლობაში მეტ-ნაკლებად ჰყოფნით.
თუმცა პატიმრობის პირველი რამდენიმე თვე, როცა თორნიკე საკანში უცნობებთან ერთად იჯდა, ასე არ იყო.
„იქ იყვნენ მისთვის უცხო ადამიანები, რომლებსაც არავინ ურიცხავდა ფულს და ამიტომ, როგორც ვიცი, თორნიკე ყიდულობდა საჭმელს, სიგარეტს, ხანაც გასახვევ თამბაქოს... იქ სხვანაირად არ გამოდის“.
ისეც ხდებოდა, რომ მთელი დღით სასამართლო სხდომაზე მყოფ თორნიკეს, საკანში დაბრუნების შემდეგ თავისი ბარათი გამოყენებული ხვდებოდა. სხვა პატიმარს მისი თანხმობის გარეშე ხან მისი სატელეფონო ბალანსი ჰქონდა ამოწურული, ხან კი მაღაზიაში ნაყიდი ნივთები.
„თორნიკესთან საკანში ერთადერთი ბიჭი იჯდა - მერე ეგ ბიჭი ყაველაშვილმა შეიწყალა, რომელიც სულ ამის ბარათს იყენებდა ხოლმე. ციხიდან გამოშვებიდან ერთ თვეში ის ბიჭი უკან შეაბრუნეს და რატომღაც ისევ თორნიკესთან აღმოჩნდა. თორნიკემ მაშინვე სთხოვა ბადრაგებს, რომ სხვა საკანში გადაეყვანათ - ბადრაგს უთქვამს, მაგასთან კიდევ დიდხანს გაძელიო და გადაიყვანეს“.
საკვები და სიგარეტი პატიმრისთვის ყველაზე დიდი ხარჯია - მარიზი კობახიძეს შვილთან საჭმლის შეგზავნა მხოლოდ დღესასწაულებზე შეუძლია. თორნიკესგანაც იცის, რომ ციხის კვება საპატიმროში არავის მოსწონს და ამიტომ ერთადერთი გზა, რომ ეს საკვები რამით ჩაანაცვლონ, ციხის მაღაზიაში ვაჭრობაა.
„ხორციანი სუპი როცა აქვთ ხოლმე მენიუში, იმ ერთ ცალ მოტივტივე ხორცის ნაჭერს იღებენ, რეცხავენ, კანს აცლიან და მერე თავიდან იქვე აკეთებენ - კარტოფილს დაამატებენ ან რამეს და რაღაც კერძს ამსგავსებენ. პლასტმასის დანები აქვთ და ალბათ, იმით თლიან კარტოფილს“.
შაქარი ციხეში აკრძალულია, კუსტარული სასმლის (ბრაგა) დასამზადებლად რომ არ გამოიყენონ პატიმრებმა და ამიტომ ტკბილის მოთხოვნილებას შოკოლადით იკმაყოფილებენ. ხანდახან რომელიმე ტკბილი გაზიანი სასმელიც გამოსავალია. ან ხილი - თუმცა ხილიც, ხშირად, ციხის მაღაზიაში დეფიციტშია.
ბანანზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა. ამას ემატება სიგარეტიც. ციხეში უმრავლესობა ეწევა.
„ჩემი დათვლით, 1000 ლარიც კი სჭირდება პატიმარს ცოტა ღირსეულად რომ იგრძნოს თავი და იქ ყოფნის დღეები გაიადვილოს, - ამბობს მარიზი. - მე როგორც ვიცი, იქ ისეთი პატიმრებიც არიან, ვინც ციხის საკვებს საერთოდ არ ჭამს და ეგ კიდევ სხვა ხარჯია... ფული თქვი, თორემ ციხეში ტორტის შეკვეთაც შეუძლიათ. ციხის ტერიტორიაზე ტექნიკის მაღაზიაცაა და ავეჯისაც. თუ გინდა, მატრასსაც იყიდი“.
პატიმრებისთვის სასურველი პროდუქტები თუ სხვა საჭირო ნივთები, შეკვეთის შემდეგ მათთან ციხის თანამშრომელს მიაქვს - ბარათს პატიმრები სწორედ მას აძლევენ. ის კი საყიდლებთან ერთად მაღაზიიდან ქვითარსაც მოაყოლებს ხოლმე. თავიანთ ანგარიშზე დარჩენილ ბალანსს პატიმრები სწორედ ამ ქვითრით აკონტროლებენ.
ცარო ოსიყმაშვილი, რომელიც 2024 წლის დეკემბრის აქციებზე დაკავებული არჩილ მუსელიანცის დედობილია, გვეუბნება, რომ თავიდან მისთვის წარმოუდგენელი იყო, რაში შეიძლება პატიმარს ციხეში ფული დახარჯოდა.
„მალე დავრწმუნდი, რომ სინამდვილეში, იქ ყველაფრის ყიდვა უწევთ - სიგარეტიდან და საჭმლიდან დაწყებული, საპნით დამთავრებული... საკვების შეგზავნა მხოლოდ დღესასწაულებზეა შესაძლებელი, ამიტომ ციხის მაღაზიაში უნდა იყიდოს, რაც დასჭირდება - ეს აადვილებს იქ მათ ყოფნას, თუმცა, როგორც ვიცი, არიან ისეთებიც, ვისაც არავინ ეხმარება და ასეთ დროს მათ უყოფენ რაც აქვთ.
როგორც ვიცი, ისეთებიც არიან, ვისაც საკანში „ფლეისთეიშენები“ აქვთ. ყველაფერი შეძლებაზეა. არჩილი, მაგალითად, ტანსაცმელს და ფეხსაცმელს დიდად არ ითხოვს, სასეირნოდ გასვლას აზრი არა აქვს და ჩუსტებიც მეყოფაო“, - გვეუბნება ცარო.
N8, გლდანის დაწესებულების გასასეირნებელ სივრცეს, არჩილის გარდა, სხვადასხვა დროს არაერთი პატიმარი უჩიოდა. სახალხო დამცველის 2024 წლის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდგომ ანგარიშში კი პირდაპირ წერია, რომ წინა წლების მსგავსად, იქ ადამიანებს ისევ არ აძლევენ 1 საათზე მეტი ხნით გასეირნების უფლებას და პატიმართა დიდი ნაწილი უარს ამბობს სასეირნოდ გასვლაზე, რადგან მათ იქ გაყვანას, როგორც სახალხო დამცველი წერს, დილის 7 საათიდან სთავაზობენ, რაც სეირნობისთვის ძალიან ადრეა. ამას გარდა, გისოსებით გადახურული ამ სასეირნო სივრცეებიდან, რომლებიც კორპუსების სახურავებზეა მოწყობილი, ცის გარდა, არაფერი ჩანს, არც ბუნებასთან კონტაქტის საშუალებაა.
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ პატიმრების ყოველთვიური ხარჯები მათი ოჯახების ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით განსხვავდება - ვიღაცისთვის ეს თვეში 100 ლარია, ვიღაცისთვის კი ათჯერ მეტი, თუმცა პატიმრების ოჯახები, ადვოკატის თქმით, როგორც წესი, ყველაფერს აკეთებენ, რომ საკვების ხარჯები მაინც გაიღონ, ციხის კვებით მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებული პატიმრები კმაყოფილდებიან.
ადვოკატი გვეუბნება, რომ არაერთი პატიმარი თავად არის ოჯახის მარჩენალი და მისი გარედან „შენახვა“ ოჯახისთვის დიდი ტვირთია. ასეთი პატიმრები ტელევიზორს, მაცივარს თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ვერ ყიდულობენ.
უკვე თითქმის ორი წელია, პატიმრების უფლებებსა და ზოგადად ციხის მონიტორინგზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ციხეში ვეღარ შედიან და არც ბოლო ცნობები არ აქვთ, რა ხდება იქ.
მაგალითად, ასეთია ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ ან „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - ეს უკანასკნელი სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრიცაა, თუმცა ამ ორგანიზაციიდანაც, ორი წელია, სახალხო დამცველს ექსპერტად არავინ მიუწვევია.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტს, ეკა ქობესაშვილს, მაინც ვკითხეთ, ბოლო წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით და მისივე შეფასებით, დაახლოებით რა თანხა სჭირდება პატიმარს ციხეში იმისთვის, რომ სიგარეტის და ხანდახან ხილის ან სხვა საკვების ყიდვა შეძლოს.
„ალბათ, სულ მინიმუმ 300 ლარი. მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ციხის საკვებს ძალიან ბევრი არ ჭამს, ეს თანხა არაფერში ეყოფათ - და თან იქ ხომ ყველაფერი იყოფა და ნაწილდება პატიმრებს შორის. პატიმართა უმრავლესობის ოჯახებს ხშირად არც ამ თანხის ჩარიცხვის შესაძლებლობა აქვთ“, - გვითხრა ეკა ქობესაშვილმა.
ციხის კვების საკითხი საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშებში არაერთხელ მოხვედრილა და გამონაკლისი არც 2024 წლის ანგარიშია, რომელშიც წერია, რომ პატიმრების ნაწილი ისევ ჩიოდა უხარისხო საჭმელსა და მის სიმწირეზე, განსაკუთრებით კი დახურული ტიპის დაწესებულებებში. მაგალითად, ხილს პატიმრებს მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ აძლევენ. ამ ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს აღარ აქვთ უფლება, ამანათებით მიიღონ თაფლი, სასმელი (ქარხანაში დალუქული მინერალური წყლები და შეუფერავი უალკოჰოლო გაზიანი სასმელები), ამასთან დაშვებულია მხოლოდ ექვსი სახეობის ხილი.
საპატიმროები და პატიმრები რიცხვებში
- საქართველოში დღეს სულ 14 მოქმედი პენიტენციური დაწესებულებაა.
- 2022 წლის 31 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში იყო 9389 პატიმარი. 2025 წლის იანვარში მიხეილ ყაველაშვილმა 613 პატიმარი შეიწყალა.
- ევროპის საბჭოს 2024 წლის ანგარიშში წერია, რომ „აღმოსავლეთ ევროპა კვლავ ლიდერობს პატიმრობის მაჩვენებლებით: ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი, აფიქსირებენ პატიმრობის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს“.
ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფოს ერთი პატიმრის შენახვა წლიურად 21 604 ლარი უჯდება. ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი ერთი პატიმრის შესანახად დღეში 59,18 ლარს, თვეში კი 1 800 ლარს იხდის. წელიწადში ჯამურად პატიმრების შენახვაზე დაახლოებით 183,6 მლნ ლარი იხარჯება.
რას ამბობს კანონი?
საქართველოს პენიტენციური კოდექსი ამბობს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდადებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს.
დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ლიმიტს იუსტიციის მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს. იგივე დოკუმენტი ამბობს, რომ ყიდვა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით შეიძლება.
საქართველოს პენიტენციური კოდექსის 116-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს/მსჯავრდადებულს ტელეფონზე დარეკვა შეუძლია თავისივე ხარჯით, ოღონდ პენიტენციური დაწესებულების კონტროლით. საპატიმროების მიხედვით წუთობრივი ლიმიტები განსხვავებულია:
მაგალითად, დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმარს 1 თვის განმავლობაში შეუძლია საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით შეუძლია ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში არანაკლებ 30 წუთისა და ა.შ.
რას ამბობს პენიტენციური სამსახური - პასუხების მოლოდინში
ხარჯების შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კითხვებიც გავუგზავნეთ - კითხვებზე პასუხებს ოფიციალური უწყებიდან ამ დრომდე ველით და მათი მიღების შემთხვევაში, ამ კითხვებს პასუხებით ჩავანაცვლებთ:
- რა თანხის დახარჯვა შეუძლია ერთ თვეში პატიმარს თავისი ბარათიდან? არსებობს თუ არა ლიმიტი?
- თვეში რა თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი ამ ბარათზე ციხის გარედან?
- რამდენია პატიმრის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთ თვეში? ანუ ჯამში რამდენი წუთი შეუძლია მას ილაპარაკოს?
- რისი ყიდვა შეუძლია მას დაწესებულების მაღაზიაში, თუ არსებობს სია და როგორია პროდუქციის ჩამონათვალი?
- რა საკვები პროდუქტების შეძენა შეუძლიათ პატიმრებს ციხის მაღაზიაში?
- როგორ ხდება სასურველი პროდუქტის თუ ნივთის ყიდვა?
- განსხვავებულია თუ არა თანხის, სატელეფონო ზარების ლიმიტები და მაღაზიის პროდუქციის სია სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების მიხედვით?
- რა საკვების და რა ნივთების შეტანაა აკრძალული ციხის მაღაზიაში და რატომ?
- რა დრო სჭირდება მაღაზიაში არჩეული ნივთების პატიმრამდე მისვლას?
- რა პროცედურის დაცვით ხდება ისეთი ნივთების ყიდვა, როგორიცაა ტელევიზორი, მაცივარი, ვენტილატორი ან მსგავსი საყოფაცხოვრებო ნივთები?
- რა უჯდება სახელმწიფოს ერთი პატიმრის შენახვა დღეში და რა შედის ამ ხარჯში?
- რა თანხაა გამოყოფილი კონკრეტულად საკვებზე ერთ დღეში - ერთ პატიმარზე?
- დღეის მონაცემებით, სულ რამდენი პატიმარი ჰყავს საქართველოს?