მოკლედ
- საქართველოში მუნის (სკაბიესის) შემთხვევებმა ბოლო პერიოდში იმატა.
- მუნი ადვილად ვრცელდება, თუმცა მკურნალობა სწრაფად ამცირებს გადადებას.
- განათლების სამინისტრო არ გვპასუხობს, რამდენ სკოლაში დაფიქსირდა მუნის შემთხვევები.
- მშობლები ინფორმაციას თავდაცვისა და მკურნალობის შესახებ სოციალურ ქსელებში ერთობლივად ეძებენ.
ბოლო კვირებია, სოციალურ ქსელებში გახშირდა ამ შინაარსის პოსტები, რომლებსაც თან ახლავს ფოტოებიც.
ადამიანები ცდილობენ, გაარკვიონ, რა შეიძლება იყოს იმ გამონაყარისა და ქავილის მიზეზი, რომელიც მათ ან მათი ოჯახის წევრებს მოსვენებას არ აძლევთ. პოსტები ძირითადად ანონიმურად ქვეყნდება.
თუმცა, ამასთანავე, ტიკტოკში გავრცელდა ვიდეოებიც, სადაც მშობლები ჰყვებიან, რომ ოჯახში სკაბიესი ანუ მუნი აქვთ და აღწერენ მკურნალობის გზებსა და მეთოდებს.
სოციალურ ქსელში იმ სკოლებისა და საბავშვო ბაღების ჩამონათვალის საჯაროდ შეგროვებაც დაიწყეს, სადაც, სავარაუდოდ, მათი შეფასებით, მუნის შემთხვევებმა იჩინა თავი.
მუნის აღმოჩენას ადასტურებენ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მშობლებიც, თუმცა, მათ ვინაობის გამხელა არ სურთ - „ხალხი მაინც ერიდება ამ თემაზე ლაპარაკს, რცხვენიათ. თუმცა, სკოლის დირექციამ სწრაფად უნდა გააფრთხილოს მშობლებიც და თავად სკოლამაც დეზინფექცია ჩაატაროს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის დედა.
პოსტი ერთ-ერთ ფეისბუკ-ჯგუფში
ის, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში, მნიშვნელოვნად იმატა მუნის (სკაბიესის) შემთხვევებმა, ამას რადიო თავისუფლებას უდასტურებს თამარ ებანოიძე, მედიცინის დოქტორი, იაშვილის კლინიკის დერმატო-ვენეროლოგი.
სკაბიესი ანუ მუნი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ცნობებით, სკაბიესით ყოველ წელიწადს მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონიდან 300 მილიონამდე ადამიანი ავადდება.
ოფიციალური სტატისტიკა მუნის შემთხვევების შესახებ საქართველოში არ არსებობს. როგორც ექიმი დერმატოლოგები ამბობენ, ის შემოდგომა - ზამთრის პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, თუმცა, არა იმ სიხშირით, როგორც წელს.
პოსტი ფეისბუკის ჯგუფში
მუნის გავრცელების მასშტაბი იმატებს ცივი სეზონის დადგომისას. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს - ხშირი კონტაქტი დახურულ სივრცეში, სქელი და ბევრი ტანსაცმელი ტანზე.
მუნის გამომწვევი, ადამიანის ტკიპასთვის „ხელსაყრელი გარემო“, სადაც მას გავრცელება შეუძლია, სწორედ ქსოვილები და კანით კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი შეხებაა.
90-იან წლებისგან განსხვავებით, როდესაც მუნისა და ტილიანობის (პედიკულიოზი) გავრცელების ძირითად მიზეზად ჰიგიენის დაუცველობა ითვლებოდა, ახლა ექიმები სხვა მიზეზებს ხედავენ, მათ შორის სტიგმას.
„მე ვაბრალებ იმას, რომ მუნის შემთხვევების მატება გამოიწვია ინფორმაციის ნაკლებობამ და საშინელი სირცხვილის განცდამ...
როდესაც ვეუბნებით პაციენტს, რომ ან თავად მას, ან მის შვილს აქვს მუნი, აქვთ მძაფრი, უარყოფითი რეაქცია, იწყებენ თავის მართლებას, რომ იცით, მე რა სუფთა ვარ, ყოველთვის ვიცავ ჰიგიენის პირობებს, ამიტომ მუნი არ გვექნება. არადა, მუნის გამომწვევი მიზეზი, ეს არის კანქვეშა პატარა, ადამიანის ტკიპა, რომელიც არ არჩევს სუფთა და ნაკლებად სუფთა ადამიანს, ერთნაირად გადაედება ყველას, თუკი მოხდება მჭიდრო კონტაქტი“, - ამბობს თამარ ებანოიძე.
დიაგნოსტირება და მკურნალობა
მკურნალობის დაწყებიდან 24 საათში, პაციენტი უკვე აღარ ითვლება გადამდებად. ამიტომ, სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, სკაბიესი კანის ერთ-ერთი ადვილად მართვადი დაავადებაა და რაც მთავარია, მცირდება მისი გავრცელების რისკი:
„მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 5-6 დღეში, ის უკან იხევს. ამიტომ აუცილებელია, რომ როგორც კი ვლინდება სიმპტომები, ადამიანმა მიმართოს ექიმს. ამ შემთხვევაში, ის იცავს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებსაც დაინფიცირებისგან“, - ამბობს თამარ ებანოიძე.
მისივე თქმით, სხეულის ქავილსა და გამონაყარს, ხშირად პაციენტები ალერგიას უკავშირებენ, აკითხავენ ალერგოლოგებს. თუმცა, ის ამბობს, რომ თუკი ვლინდება მუნის სიმპტომები, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ დერმატოლოგს.
„ერთ-ერთი სუბიექტური შეგრძნებაა ღამის ქავილი, რადგან მუნის ტკიპა აქტიურდება სითბოში და ამიტომ დამახასიათებელია ღამის ქავილი. ამასთანავე არის კვანძოვანი გამონაყარი თავისი ნაკაწრებით. თუმცა, შესაძლოა, არც იყოს ასეთი გამონაყარი, ამიტომ აუცილებელია, რომ დერმატოლოგს მიმართოთ“.
მუნის სიმპტომები
მუნის პირველი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს ინფიცირებიდან 2-6 კვირის შემდეგ, რადგან იმუნურ სისტემას სჭირდება დრო ტკიპაზე რეაგირებისთვის.
- ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია, ქავილი, რომელიც ძლიერდება სითბოში და ძილის დროს;
- კანზე წითელი წერტილები, ბუშტუკების ან პატარა კვანძების ფორმით;
- სკაბიესის “ბილიკები” კანზე - მცირე ხვეული ან სწორი ხაზები - ყველაზე ხშირად ჩანს თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებთან, მუცელზე, წელის მიდამოში.
მუნის გამომწვევი ტკიპა თვალით უხილავია და ის მოძრაობს კანქვეშ.
„როდესაც ვიყენებთ მუნის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ხდება ეპიდერმული შრის (კანის ზედაპირის) ჩამოფცქვნა, კანი შრება, შესაბამისად, ტკიპები კანის გარეშე ვეღარ არსებობენ და ისინი იღუპებიან. ასევე იღუპება კვერცხებიც.
ამის შემდგომ ჩვენ გვრჩება პოსტსკაბიესური, მუნის შემდგომი დერმატიტი, ეს არის გაუხეშებული კანი, რომელიც ასევე იწვევს ქავილს, რისთვისაც უკვე ინიშნება სხვა ტიპის მკურნალობა სპეციალური აღმდგენი საშუალებებით და არა ისევ განმეორებითი მკურნალობა მუნისთვის, რომელიც კიდევ უფრო გააღიზიანებს კანს“, - ამბობს თამარ ებანოიძე.
ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი მუნის მკურნალობის შემდგომი პერიოდის შესახებ
თამარ ებანოიძე მნიშვნელოვნად თვლის იმის თქმას, რომ მუნის დადგენა ხშირად ვერ ხერხდება სპეციალური ანალიზის საშუალებით და ამ დიაგნოზს დერმატოლოგები ძირითადად კლინიკური ნიშნების შესაბამისად სვამენ:
„რომ ძალიან ხშირად, ეს ტესტი არ იძლევა დადებით შედეგს, რადგან ადამიანის ორგანიზმზე მოძრაობს დაახლოებით 4-5 ტკიპა და ის, რომ ლაბორანტი გადააწყდეს ამ ტკიპებს, ამის შანსი ძალიან დაბალია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ენდოს ექიმს, რომელიც უყურებს კლინიკურ სურათს, ითვალისწინებს პაციენტის სუბიექტურ შეგრძნებებს და ასე სვავს დიაგნოზს“.
რაც შეეხება კითხვას, მუნის დაფიქსირების შემთხვევაში, აუცილებელია თუ არა პაციენტის იზოლირება, ექიმი დერმატოლოგები ამბობენ, რომ სკაბიესი არ არის ისეთი დაავადება, რომელიც მოითხოვს სრულ კარანტინს, იზოლაციას.
მაგალითად, არ არის საჭირო, რომ პაციენტი ჩაიკეტოს ცალკე ოთახში, თუმცა აუცილებელია ფიზიკური კავშირის დროებით შეზღუდვა და ასევე გარკვეული წესების დაცვა, მაგალითად, ჯანმრთელ ადამიანს არ გაუზიაროს ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი - ტკიპას აქვს უნარი რამდენიმე დღე დარჩეს ქსოვილზე.
როგორ დავიცვათ თავი მუნისგან?
როდესაც ოჯახში თუნდაც ერთ ადამიანს უსვამენ მუნის დიაგნოზს, მკურნალობას იწყებს ოჯახის ყველა წევრი. ასეთია დერმატოლოგების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია:
“სხვა შემთხვევაში, ყოველთვის ვიტრიალებთ ჩაკეტილ წრეში, ერთი გათავისუფლდება მუნისგან, მეორეს გადაედება და ა.შ. მუნი არ ტოვებს იმუნიტეტს და ამიტომ ამ დაავადებით ინფიცირების რისკი ყოველთვის არის”, - გვეუბნება თამარ ებანოიძე.
იქიდან გამომდინარე, რომ მუნის გავრცელებისთვის ძალიან „ხელსაყრელი“ გარემოა ქსოვილი, მნიშვნელოვანია მათი სტერილიზაცია - აქ იგულისხმება როგორც ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი თუ სხვა მოხმარების ნივთები, ისე რბილი ავეჯის, ბალიშების, რბილი სათამაშოების დეზინფექციაც:
„მუნი არ გადადის ჰაერით. არ გადადის მყარი საგნებიდან, ის ვრცელდება კანით კანთან მჭიდრო კონტაქტით და ასევე დასნებოვნებული ადამიანის ტანსაცმლისა თუ სხვა ქსოვილების საშუალებით. უნდა ჩატარდეს ტანსაცმლის, სხვა პირადი ნივთების დეზინფექცია. ანუ, კარგად უნდა გაირეცხოს ყველაფერი და შემდეგ ორივე მხრიდან დაუთოვდეს. მათ შორის, ქურთუკებიც.
ხალხს ეშინია, ტანსაცმელს ყრიან, ათავსებენ ცელოფანში და ყინავენ საყინულეში, არანაირად არ არის საჭირო ტანსაცმლის გადაყრა და გაყინვა, თუკი მას მაღალ ტემპერატურაზე გარეცხავთ და შემდეგ დააუთოებთ.
რბილი ავეჯის დასამუშავებლად არსებობს სპეციალური სითხეები. თუმცა, თუ არ გაქვთ ასეთი სითხე, მაშინ შეგიძლიათ რბილ ავეჯზე დააფინოთ ნაჭერი და ასე დააუთოოთ“.
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თამარ ებანოიძის თქმით, მუნის შემთხვევის დაფიქსირებისას, მნიშვნელოვანია დეზინფექცია, ქსოვილების, რბილი ავეჯის დამუშავება.
„არ არის საჭირო, რომ დაიკეტოს კლასები, სკოლები. მშობლები შფოთავენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიაა და უნდა დაიკეტოს სკოლები. ეს არ არის არანაირი ეპიდემია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ადვილად მართვადი დაავადება, რომელსაც სჭირდება ინფორმირება, დროული მკურნალობა და რაც მთავარია, ამ დაავადების არ უნდა გრცხვენოდეთ. თუკი ბავშვს დაუფიქსირდა მუნი, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ სკოლას, ბაღს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები“, - ამბობს თამარ ებანოიძე.
რას აკეთებს განათლების სამინისტრო სკოლებში მუნის გავრცელების პრევენციისთვის? ფლობს თუ არა ინფორმაციას, რამდენ სკოლაში დაფიქსირდა მუნის შემთხვევები? გეგმავს თუ არა დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას სკოლებში? - რადიო თავისუფლება არაერთხელ შეეცადა ამ კითხვებზე პასუხის მიღებას განათლების სამინისტროსგან, თუმცა, უშედეგოდ. მიღების შემთხვევაში, პასუხები ამავე სტატიაში გამოჩნდება.