დაზაფრული მეზობლები, ვერსიები, შსს-ს დუმილი - ისანში კორპუსიდან გადმოვარდნილი ოჯახის ცხედრები პროზექტურაში რჩება

კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. 4 ოქტომბერი, 2025 წელი

მოკლედ

  • რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მეზობლები და საცხოვრებელი კომპლექსის დაცვა?
  • რას ამბობს შსს?
  • რას გვეუბნებიან "არქიში"?
ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ისანში, საცხოვრებელი კორპუსის ძირში, სათამაშო მოედანზე, მეზობლებმა სამი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანის, ცხედარი აღმოაჩინეს. შსს დღემდე დუმს იმის შესახებ, თუ რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება - იყო ეს თვითმკვლელობა თუ მკვლელობა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ცხედრები კვლავ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში არიან დასვენებული და არავის მოუკითხავს.

საჯაროდ არაფერია ცნობილი დაღუპულთა მოქალაქეობასა და ასაკზე. რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გარდაცვლილები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი არასრულწლოვანი შვილია. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილები რუსეთის მოქალაქეები არიან.

მეზობლების თანახმად, 3-4 ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით ღამის 2 საათიდან 3-ის ნახევრამდე პერიოდში, ოჯახის სამი წევრი ერთმანეთის მიყოლებით გადმოვარდა 22-ე სართულიდან.

სათამაშო მოედანი, სადაც მეზობლებმა ცოლ-ქმრისა და შვილის ცხედრები ნახეს. 4 ოქტომბერი, 2025 წელი

"ხალხი დაზაფრულია"

„არქი ისნის“ შეშინებული ბინადრები დღემდე ელოდებიან, როდის გაავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას 3-4 ოქტომბრის ღამეს ერთი ოჯახის სამი წევრის სიმაღლიდან ვარდნის მიზეზების შესახებ.

მანამდე სამეზობლოში არაერთ ვერსიას განიხილავენ, მათ შორის, ცოლ-ქმრისა და მათი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობაზეც.

7 ოქტომბერს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ერთ-ერთმა მეზობელმა თქვა, რომ კომპლექსის დაცვის თანამშრომლის ინფორმაციით, ოჯახი მოკლულია:

„ოჯახი რუსეთიდან ჩამოვიდა ცოტა ხნის წინ, დაკავებულები ჰყავთ სავარაუდო დამნაშავეების ნაწილიო. მეზობლებს შეეშინდათ, გარდაცვალების მიზეზი ძარცვა ან რაიმე მსგავსი ხომ არ იყო და ამიტომ მიმართა სამეზობლომ კომპლექსის დაცვის თანამშრომელს და მან მიაწოდა ეს ინფორმაცია“, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას „არქი ჰოუმის“ ბინადრები.

7 ოქტომბერს კომპლექსის დაცვის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებასაც უთხრეს, რომ მათი ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ბრალდებული:

„ოთხია დაკავებული. გარდაცვლილ ოჯახს სამი დღის დაქირავებული ჰქონდა ეს ბინა და შაბათს უნდა წასულიყვნენ. სხვა დეტალები არ ვიცით“, - დაცვის სამსახურის თანამშრომლები ვერ აკონკრეტებენ, საიდან აქვთ მათ ეს ინფორმაცია, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ „ასე შეიტყვეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურეს და მკვლელობის ვერსიაზე არაოფიციალურად უპასუხეს: "რა სისულელეა!“

კორპუსი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. 4 ოქტომბერი

მოსახლეობა გამოძიების ოფიციალური ვერსიის მოლოდინშია:

„ყოველდღე აქ ვარ. ტრაგედია დატრიალდა, ხალხი დაზაფრულია და არაერთი ვერსია ვრცელდება, რომ თითქოს თავი მოიკლეს, თითქოს დახოცეს და ისე გადმოყარეს. ვინც ცხედრები ახლოდან ნახა, ის ჰყვება, რომ ქალს მუცელი დასერილი ჰქონდა. მეც და ადგილობრივებსაც არაერთი კითხვა გვაქვს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ამოღებულია კამერების ჩანაწერები, სადაც, როგორც ამბობენ, ჩანს ვარდნის მომენტი. ჩვენც ველოდებით, რას იტყვის გამოძიება“, - ეუბნება კომპლექსის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებას.

22-ე სართულზე, იმ ბინის კარი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, დალუქულია.

იმ ბინის კარი, სადაც ოჯახი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა. 7 ოქტომბერი, 2025 წელი

"სიახლე არ არის"

ამ სადარბაზოში რადიო თავისუფლებამ ვერ იპოვა ერთი ბინადარიც კი, რომელიც გარდაცვლილ ოჯახს იცნობდა. მათი კარის მეზობელი, უფრო კონკრეტულად კი მეზობელი ბინის მფლობელის დამხმარე ქალი გვეუბნება, რომ როგორც ამ სართულზე, ისე მთელ სადარბაზოში, ბინები ძირითადად გაქირავებულია, მათ შორის, დღიურად და ამიტომ მეზობლები ერთმანეთს არ იცნობენ.

ტრაგედიის გამოძიების პროცესში თანამშრომლობის შესახებ კითხვებით რადიო თავისუფლებამ კომპანია „არქის“ მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ მათთვის კითხვები წერილობით გაგვეგზავნა: „თქვენს კითხვებს შესაბამისი დეპარტამენტი განიხილავს და პასუხების შემთხვევაში, ან მოგწერთ ან დაგიკავშირდებით“.

ინფორმაცია შსს-ს გამოძიების დეტალების, მათ შორის, სავარაუდო დაკავებების შესახებ არ აქვთ პროკურატურაში.

4 ოქტომბერს, სამსულიანი ოჯახის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, რადიო თავისუფლებას ადგილობრივები უყვებოდნენ, რომ მეზობლებმა სიმაღლიდან ვარდნის ხმა გაიგონეს:

„არ ვიცი, როდესაც სიმაღლიდან ვარდება ადამიანი, ალბათ ინსტინქტურად მაინც უნდა დაიყვიროს, მაგრამ სამივე ისე გადმოვარდა, რომ ვარდნისას არ უყვირიათ. მეზობლებმა ისიც კი იფიქრეს, უკვე დახოცილები ხომ არ იყვნენ და ისე გადმოყარესო“, - გვითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც მე-19 სართულზე ცხოვრობს.

ასევე ნახეთ „კაცს ჯიბეში წერილი უპოვეს“ - თბილისში, 22-ე სართულიდან გადმოვარდნილი ცოლ-ქმარი და მათი შვილი

რადიო თავისუფლება მეოთხე დღეა ცდილობს, მოიპოვოს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, გარდაცვალების რა ვერსიაზე მუშაობენ გამომძიებლები, თუმცა მეოთხე დღეა უწყებაში გვპასუხობენ, რომ „ამ ეტაპზე არ აქვთ სიახლე“ და როგორც კი რაიმე გაირკვევა, შეგვატყობინებენ.