სახლს თუ დაარქმევ, კოლონია აღარ იქნება? - რა გზა იპოვა „ოცნებამ“ იმ ბავშვების წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულს სჩადიან

საილუსტრაციო ფოტო. „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ 10-დან 18 წლამდე ბავშვები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენენ, დახურული ტიპის დაწესებულებაში გამოკეტოს.

მოკლედ

  • საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 14 წლამდე ასაკის მოზარდთა კრიმინალის პრევენციასა და რეაბილიტაციას.
  • კანონპროექტით დაგეგმილია არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნა და დახურული ტიპის სახლის აშენება მძიმე დანაშაულის ჩამდენი მოზარდებისთვის.
  • ფსიქოლოგები და უფლებადამცველები აკრიტიკებენ ინიციატივას, მიიჩნევენ, რომ იზოლაცია და სტიგმატიზაცია მოზარდების ფსიქოლოგიურ ტრავმას და ანტისოციალურ ქცევას გააძლიერებს.
„ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ 10-დან 18 წლამდე ბავშვები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენენ, დახურული ტიპის დაწესებულებაში გამოკეტოს.

ხელისუფლება ამ გზით აპირებს ებრძოლოს 14 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის კრიმინალს - მაგალითად, ქურდობას სურსათისა და ტექნიკის მაღაზიებში, ავტომობილების ძარცვა-დაზიანებას.

პარლამენტს უკვე წარედგინა კანონპროექტი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ და პროექტის განხილვა კომიტეტებში უახლოეს დღეებში დაიწყება.

20 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველო „გერმანულ მოდელს“ მიჰყვება და ასე მოაგვარებს „წუხილებს, რომელიც საზოგადოებას და არაერთ კერძო ბიზნესს ჰქონდა“.

„მათ ზარალი მიიღეს და სახელმწიფოს არ ჰქონდა ეფექტური მექანიზმები ასეთი ტიპის ქმედებების წინააღმდეგ. შესაბამისად, ზრუნვით, რეაბილიტაციით და შესაბამისი პროგრამების განხორციელებით ამ ბავშვების ინტერესების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი“, - თქვა შსს მინისტრის მოადგილემ.

„ავლაბარში არასრულწლოვნებმა ტანსაცმლის მაღაზია გვიან ღამით გაძარცვეს. წაღებულია თანხა და ტანსაცმელი.“

„არასრულწლოვნებმა ქუთაისში მაღაზია გაქურდეს, წაღებულია 3,000 ლარის ღირებულების თამბაქო.“

„თარხნიშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა სასმელების მაღაზიის საწყობი და ოფისი გატეხეს. ეს წელს ამ მაღაზიის გაქურდვის უკვე მესამე შემთხვევაა.“

„ქუთაისში ავტომანქანების გაქურდვის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი ამხილეს“, „არასრულწლოვნებმა დიზაინერ ზვიად ციკოლიას მაღაზიის გაქურდვა სცადეს“.

კვირა არ გავა, არ გავრცელდეს ცნობა იმის შესახებ, როგორ გატეხეს არასრულწლოვანებმა მაღაზიის კარი ან, მაგალითად, როგორ გაქურდეს მანქანები.

2024 წელს გამოქვეყნებული კვლევის - „კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა“ - ავტორები მიუთითებდნენ, რომ „ასეთი არასრულწლოვნების უკან კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები დგანან, რომლებიც არასრულწლოვნებს აძლევენ მითითებებს და სხვადასხვა კრიმინალურ პრაქტიკაში რთავენ“.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა მოზარდები კი არ უნდა გადაიყვანონ დახურულ დაწესებულებებში, ამგვარი კრიმინალური დაჯგუფებები უნდა გამოავლინონ.

რას ამბობდა „ქართული ოცნება“ ადრე?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 14 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის მომატებული კრიმინალის შესამცირებლად ცვლილებებზე ალაპარაკდა.

მაგალითად, 2018 წელს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამ პრობლემაზე საუბრისას ამბობდა, რომ დასახვეწი იყო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, თუმცა, მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ კოდექსში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 14 წელს ქვევით უნდა ჩამოსულიყო.

მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო გამოსავლის გზების ძიება და ამბობდა:

ფოტო არქივიდან: შს მინისტრი გიორგი გახარია. 2018 წელი

„სამწუხაროდ, 14 წლამდე ასაკის ბავშვები აღმოჩნდნენ იურიდიულ ჩარჩოს მიღმა. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერცერთ შემთხვევაში, ასაკის ჩამოწევაზე საუბარი ვერ იქნება, წერტილი... ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა. პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობაა ძალიან მნიშვნელოვანი, რამეთუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია აქ არის ერთმნიშვნელოვნად წამყვანი როლის და ფუნქციის მატარებელი, ისევე როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა.“

რა გვაქვს დღეს?

ზუსტად ათი წელია, საქართველოში მოქმედებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელშიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის მინიმალურ ასაკად განსაზღვრულია 14 წელი, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის – 16 წელი.

კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.

მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა.

რაც შეეხება იმ 14 წლამდე მოზარდებს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის კრიმინალურ საქმიანობაში, მათთვის პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოქმედებს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და კოორდინაციას უწევს 14 წლამდე (ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი) ბავშვების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

ამ ცენტრის სამიზნე ჯგუფი 7-დან 14 წლამდე არასრულწლოვანები არიან, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულები.

პრობაციის სააგენტოს ვებსაიტზე წერია, რომ ცენტრი აფასებს ბავშვების ინდივიდუალურ გარემოებებს, ძლიერ მხარეებს, რისკებსა და საჭიროებებს და რთავს მათ საჭირო პროგრამებში:

  • ეხმარება ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ინდივიდუალური კონსულტაციებით;
  • რთავს ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებში;
  • სთავაზობს უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებს;
  • ეხმარება და ასწავლის თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენებას;
  • აძლევს არაფორმალურ განათლებას;
  • მხარს უჭერს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს.

რეფერირების ცენტრი 2020 წლიდან მუშაობდა და 2020-2024 წლებში, ცენტრის თანამშრომლები 600-ზე მეტ ბავშვს დაეხმარნენ.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის ანგარიშის თანახმად, არასრულწლოვანთა რეფერირების პროგრამაში გასულ წელს 195 არასრულწლოვანი მოექცა, მათგან უმეტესობა, 164 - ბიჭი.

ბავშვებსა და მათ გარემოცვას სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა შესთავაზეს. მაგალითად, 33 მოზარდს და 14 მშობელს სოციალიზაციაში დაეხმარნენ, არტთერაპიის სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩაერთო 4 ბავშვი; საკვები პროდუქტები გადასცეს 139 ოჯახს.

ახალი კანონპროექტის ინიციატორებმა კი დაასკვნეს, რომ ამგვარი - რეფერირების, განრიდებისა და მედიაციის პროგრამები (ეს პროგრამა 2010 წლიდან მოქმედებს), რომლებიც სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, არ არის ეფექტური და დახურული „სახლის“ მშენებლობა გადაწყვიტეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ „არ არსებობს [ბავშვების] ჩადენილ ქმედებაზე რეაგირების“ და „პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი“.

ამავე განმარტებითი ბარათის თანახმად, „არ არსებობს დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს იმ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას, რომელთა მიმართ სხვა, ნაკლებად ინტენსიური ღონისძიების გამოყენება არ იყო ეფექტური. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებელია მსგავსი არასრულწლოვნების მიმართ განხორციელდეს საჭირო მიზნობრივი სარეაბილიტაციო ღონისძიებები“.

რა წერია კანონპროექტში?

კანონპროექტის ინიციატორები ირწმუნებიან, რომ კანონის მიზანი იქნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა და არა მათი დასჯა.

კანონპროექტის თანახმად, 10-დან 18 წლამდე მოზარდების მხარდაჭერის პროცესი დაეფუძნება მულტიდარგობრივ მიდგომას, რა დროსაც სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურა იმუშავებს შეთანხმებულად.

რა ფუნქცია ექნება “არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრს“?

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი“. კანონპროექტის ინიციატორები ირწმუნებიან, რომ სწორედ ეს ცენტრი დაუდგება მხარში ბავშვებს.

ბავშვებს, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ამ ცენტრში პროკურორი გადაამისამართებს. ეს ცენტრი არ იქნება დახურული ტიპის დაწესებულება.

ცენტრს ექნება უფლება, ბავშვის შესახებ ინფორმაცია მისი ოჯახიდან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოითხოვოს.

თუკი მოზარდის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი უარს იტყვის ცენტრთან თანამშრომლობაზე, არასრულწლოვანს სპეციალურ წარმომადგენელს დაუნიშნავენ.

ცენტრი მოამზადებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, აქ შევა ბავშვის დახასიათება და საჭიროებები.

ამ ანგარიშზე დაყრდნობით, ცენტრის მულტიდისციპლინური ჯგუფი ინდივიდუალურ გეგმას შეუდგენს ბავშვს, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება.

იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენელი უარს იტყვის ცენტრთან თანამშრომლობაზე, არ შეასრულებს მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებას, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. ეს ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვით.

სახლი, რომელსაც მოზარდები ვერ დატოვებენ

ცენტრის მიღმა, კანონპროექტით გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის აშენება.

მოზარდები იქ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხვდებიან და მათი იქ დაყოვნება 6 თვემდე ვადით იქნება დასაშვები. თუმცა ამ ვადის გახანგრძლივება შესაძლებელი იქნება მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით.

რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართდებიან ის მოზარდები, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას.

ამ სახლის აშენების გადაწყვეტილებას კანონპროექტის ინიციატორები, აი, ასე ხსნიან:

"არსებობს შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნის მახასიათებლების, საჭიროებებისა თუ ჩადენილი დანაშაულის არსისა და სიმძიმის გამო, მისი სერვისის პროგრამაში ჩართვა არაეფექტიანი იყოს. და „თავიდანვე საჭირო იყოს უფრო ინვაზიური ( იძულების - რ.თ.) მეთოდების გამოყენება“.

ბავშვებს ამ სახლის თავის ნებაზე დატოვების უფლება არ ექნებათ.

"არასრულწლოვანს ექნება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. ცოდნის მიცემის გარდა ბავშვებს „აღმზრდელობით, ფსიქოლოგიურ და თერაპიულ მუშაობას“ ჩაუტარებენ", - წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმადვე, ნებისმიერ დროს, თუ არასრულწლოვანის ამ სახლში ყოფნა აღარ იქნება აუცილებელი, მისი იქ ყოფნის გადაწყვეტილების გაუქმებაზე სახლის უფლებამოსილი პირი მულტიდისციპლინურ ჯგუფს მიმართავს.

რატომ აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ინიციატივას?

კანონპროექტი, რომლის შესახებაც 19 ნოემბერს გახდა ცნობილი, პირველივე წუთებიდან მოექცა ფსიქოლოგებისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სპეციალისტების, იურისტების კრიტიკის ქვეშ.

ნათია ალიაშვილმა 12 წელი იმუშავა პრობაციის სისტემაში. ბოლო ორი წელი ის რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი იყო. სწორედ ის და მისი კოლეგები მუშაობდნენ 7-დან 14 წლამდე მოზარდებთან, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულები ჰქონდათ ჩადენილი.

ნათია ალიაშვილი სხვა, ათამდე თანამშრომელთან ერთად, გასული წლის ბოლოს გაათავისუფლეს სამსახურიდან. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებიდან ათობით საჯარო მოხელე დაითხოვეს. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ დამსაქმებლებმა მათთან თანამშრომლობა პოლიტიკური პოზიციის, პროევროპულ აქციებზე სიარულის, დემონსტრანტებზე ძალადობის ხმამაღლა დაგმობის გამო შეწყვიტეს.

ნათია ალიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ არ არსებობს არცერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც წაახალისებს და რეკომენდაციას გაუწევს 10-14 წლის მოზარდების დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნას:

ნათია ალიაშვილი, რეფერირების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი

"ბავშვის იზოლაცია ამ ასაკში მძიმე და უაღრესად საზიანოა. საინტერესოა, კანონპროექტის ინიციატორებსა და დოკუმენტზე მომუშავე პირებს აქვთ თუ არა გააზრებული ის უარყოფითი შედეგები, რაც ამ ცვლილებას შესაძლოა მოჰყვეს? წლების განმავლობაში დაგროვებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეფექტიანია ბუნებრივ გარემოში, ოჯახზე ორიენტირებული ინსტიტუციური ჩარევები, საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურებების დროული მიწოდება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები აუცილებლად გამოიწვევს არასრულწლოვნების სტიგმატიზაციასა და „დამნაშავის“ იარლიყის მიწებებას, მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დამანგრეველ კვალს დატოვებს მათზე", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნათია ალიაშვილი.

წელიწად-ნახევარი იმუშავა პრობაციის სამსახურში, „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ნათია აბულაძემ. ის მოზარდებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა.

ნათია ალიაშვილის მსგავსად, ისიც გასული წლის ბოლო დაითხოვეს სამსახურიდან.

მისთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, რომელიც სწორედ კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობდა, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია ამ ასაკის, განსაკუთრებით კი 10-14 წლის ასაკის მოზარდების დახურული ტიპის დაწესებულებაში მოთავსება და ამას რამდენი მიზეზით ხსნის:

სოფო აბულაძე, ფსიქოლოგი

„ყოველდღიურად მიწევდა კომუნიკაცია მოზარდებთან და მათი გამოკეტვა პენიტენციური ტიპის დაწესებულებაში დიდი დანაშაულია. დარწმუნებული იყავით, რომ ამით მათ არ მიეცემათ მეორე შანსი და ეს ნიშნავს, რომ მათი დიდი ნაწილი მოირგებს კანონდამრღვევის როლს და პოზიციას. ამის შემდეგ კი რეალურად, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგება მათი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია.

ამ არასრულწლოვნებთან მუშაობისას საკმაოდ კარგ შედეგებს ვაღწევდით, რადგან ისინი აცნობიერებდნენ თავიანთ დანაშაულს, ჰქონდათ მოტივაცია, რომ გამოესწორებინათ ქცევა. ბევრი ისეთიც გვყოლია, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს ცხოვრების წესი და გამოუვიდათ კიდეც. არ შეიძლება 10 და 11 წლის მოზარდი მოათავსო დახურული ტიპის დაწესებულებაში, როდესაც მათი ქცევა აბსოლუტურად არ არის გააზრებული, არ არის რაციონალური“, - ეუბნება სოფო აბულაძე რადიო თავისუფლებას.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ერთ-ერთია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიღმა.

სპეციალისტი, რომელიც კარგად იცნობს იმ მოზარდთა ფსიქოლოგიას, რომლებსაც სხვადასხვა სახის მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამბობს, რომ სახელმწიფომ ეს ბავშვები „გაწირა“ :

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი

“2016 წელს საქართველომ მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებზე აიგო განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, განისაზღვრა დანაშაულის ადრეული პრევენციის აუცილებლობა, მკაფიოდ ითქვა, რომ ადრეული პრევენცია არის საყრდენი, რომელზეც შენდება მეორე და მესამე დონის პრევენცია.

სამწუხაროდ, სისტემამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი გაეწირა. და როგორ გაწირა ბავშვი, ამას ნახავთ ახალ კანონპროექტში“, - ამბობს მაია ცირამუა.

მისი თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, 10 წლის მოზარდი მოექცეს სასჯელაღსრულების სისტემასთან ასოცირებულ დაწესებულებაში:

„სტიგმატიზაცია - ასეთ დაწესებულებაში მოხვედრა ბავშვს "კრიმინალის" ან "შეუმდგარის" იარლიყს აწებებს, რაც დამანგრეველია მისი თვითშეფასებისათვის. თანატოლების უარყოფითი ზეგავლენა - მსგავსი პრობლემების მქონე თანატოლების კონცენტრაციამ შეიძლება გააძლიეროს ანტისოციალური ქცევა და ხელი შეუწყოს "დანაშაულის კულტურის" ათვისებას. ფსიქოლოგიური ტრავმა - ოჯახიდან ადრეული იზოლაცია, განსაკუთრებით "დასჯის" კონტექსტში, ზრდის ემოციურ ტრავმას და აუარესებს მიჯაჭვულობის პრობლემებს. ცხადია, ასეთ პროგრამებს არ აქვთ დადებითი ეფექტი“, - ამბობს მაია ცირამუა და ხელისუფლებას მიუთითებს პრევენციის იმ გზებზე, რომლებიც მოზარდებს კრიმინალურ გარემოს ჩამოაშორებს:

„ოჯახის გაძლიერებაზე ზრუნვა, სიღარიბის დაძლევის პროგრამები, ძალადობის პრევენციის პროგრამები და ა. შ. თუ ბავშვის ინტერესებიდან ამოვდივართ, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ინდივიდუალურ და ოჯახურ თერაპიას კლინიკურ გარემოში, სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლაში, სოციალურ-ემოციური უნარების ტრენინგს. ამ საკითხზე უამრავი ვიმუშავეთ, უამრავი ტრენინგი ჩავატარეთ თითქმის ყველა უწყებასთან და ასე, ერთი ხელის მოსმით ყველაფრის განადგურება, წარმოუდგენელი ზიანის მომტანი იქნება მომავალი თაობებისთვის“.

ლონდა თოლორაია, რომელმაც რამდენიმე წელი იმუშავა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, „პრობლემის“ გადაჭრის საბჭოურ მეთოდს უწოდებს „ქართული ოცნების“ ინიციატივას:

ლონდა თოლორაია, იურისტი

„ამ პროცესიდან ბავშვი მოგებული ვერ დარჩება. ბავშვებს სჭირდებათ გამართული განათლების, სოციალური მომსახურებისა და მხარდაჭერის სისტემები, რაც ჩვენს ქვეყანაში არათუ წინ, არამედ უკან წავიდა და ამ ხელისუფლებამ ამ სფეროების განვითარების ნაცვლად, ეს მოიფიქრა - ბავშვების დახურულ დაწესებულებაში გამოკეტვა“, - ამბობს ლონდა თოლორაია.

პროკურატურის სისხლის სამართლის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის პირველ 9 თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 575 არასრულწლოვანის მიმართ. დანაშაულთა უმეტესობა ჩადენილია ქურდობისა და ძარცვის მუხლით.

სპეციალისტები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ, სწორედ ამ მონაცემზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მოზარდთა დანაშაულის პრევენცია არა მათი დახურული ტიპის დაწესებულებებში გამოკეტვა, არამედ ქვეყანაში არსებული სიღარიბის, მძიმე სოციალური ფონის დაძლევა და ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება უნდა იყოს.

ასევე ნახეთ 10 თვეში დაღუპული 12 ბავშვის ამბავი - სიღარიბესა და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოს შეწირულები