"ნეიტრალური საქართველოს" ხორცშესხმული ინიციატივები - რა კავშირი აქვთ "ოცნებასთან"?

"ნეიტრალური საქართველოს" საჩივარი ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში.

„საბოტაჟის საქმე“, ოპოზიციონერების გასამართლება, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება - "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივებს კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ეს ჯგუფი ახლა აქტიურად იბრძვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ.

ამ მიზნით, "ნეიტრალური საქართველო" რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვს და ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავს - მაგრამ მანამდე "ქართულ ოცნებასთან" სურს დალაპარაკება.

ევროინტეგრაციაზე უარის თქმასა და კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას "ქართული ოცნების" სხვა მომხრე და მოკავშირე ჯგუფებიც ითხოვენ. ეს ახალი ინიციატივები დროში ემთხვევა ბრიუსელის მისამართით თბილისის სულ უფრო გაუარესებულ რიტორიკას, რეკომენდაციების იგნორირებასა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმებს.

პარალელურად, თითქოსდა “ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსებისა და მათი თანამზრახველების” - კონკრეტული “სახელებისა და გვარების” გასამართლების პროცესის დაწყებაზე “ნეიტრალურმა საქართველომ” იზრუნა - 2025 წლის დასაწყისში პროკურატურაში შეტანილი საჩივრით.

  • საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” 2024 წლის ივლისში დაფუძნდა. ჯგუფის წევრებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ „საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან“.
  • 2025 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს, რომ “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” პარტიად ყალიბდება, თუმცა ჯერ არ დარეგისტრირებულა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს, “ყრილობის ჩატარება ფინანსებთან არის დაკავშირებული”, აქვთ “გარკვეული შემოთავაზებები”, მაგრამ ჯერ ყველაფერს იურიდიულად კარგად გავლა ესაჭიროება.


ამ ორგანიზაციას ხშირად “ქართული ოცნების” “სატელიტად” მოიხსენიებენ. ამავე დროს, ის თითქოს გზას უკვალავს “ქართულ ოცნებას”, როგორც ამას ერთ დროს “ოცნების” განაყოფი “ხალხის ძალა” აკეთებდა - ახმოვანებდა ინიციატივებს, რომლებსაც შემდეგ “ქართული ოცნება” ასხამდა ხორცს [მაგალითად, “უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონმდებლობა, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება].

“ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლებს ბევრად ადრე აქვთ ნათქვამი ის, რასაც “ოცნება” ამჟამად აცხადებს ღიად - არ სურთ “ისეთ ევროკავშირში” გაწევრიანება, როგორიც ახლაა.

მოქმედებს თუ არა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით ან/და კოორდინაციით?

ასევე ნახეთ ვისთვის „დადგა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დრო“? - გაიგეთ მეტი მათ შესახებ

ოპოზიციონერების გასამართლება

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ნანა კაკაბაძე გვეუბნება, რომ 2025 წლის ზამთარში, პროკურატურას საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით მიმართეს და გამოძიება მოითხოვეს სავარაუდო კანონდარღვევებთან დაკავშირებით; შემდეგ კი საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზეც იმყოფებოდნენ.

“[პროკურატურას] ვუთხარით, რომ ეს არის ჩვენი ვარაუდები, რომ ამ ყველაფრის [ოპოზიციონერების ქმედებებისა და განცხადებების] უკან დგას არა ქვეყნის დემოკრატიისთვის და ღირებულებებისთვის ბრძოლა, არამედ - ვიღაცის მიერ ნაკარნახები დავალებების შესრულება და რომ აუცილებელია გამოძიება. [საჩივარში] ჩვენ გვქონდა ანალიზი გაკეთებული, [ოპოზიციის მიერ] იმ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისა, რომლებიც შეირჩა ერთობლივად, ჩვენ მიერ”, - ნანა კაკაბაძე გვიხსნის, რომ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ის და მისი დისიდენტი მეგობრები “მახინჯ კანონებს” არღვევდნენ, "ციხეში ჩასაჯდომადაც იყვნენ მზად"; ამჟამინდელი ოპოზიციონერების განცხადებებსა და ქმედებებს ის “კრიმინალად” მოიხსენიებს და ხაზგასმით იყენებს სიტყვას - “დამხობა”.

ერთ დროს საბჭოთა წყობის წინააღმდეგ მებრძოლი ნანა კაკაბაძე თავმჯდომარეა კიდევ ერთი ძველი არასამთავრობო ორგანიზაციისა, “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”. ამავე ორგანიზაციიდან არის "ნეიტრალური საქართველოს" კიდევ ერთი დამფუძნებელი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. დამფუძნებლებს შორის ასევე არიან ვატო შაქარაშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი, ბიძინა გიორგობიანი.

ასევე ნახეთ პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ
ასევე ნახეთ მილიონ-მილიონი ლარის გირაო დააკისრეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ახალ სისხლის სამართლის საქმეზე

6 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოცხადდა, რომ სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელთაგან 6 ამ დრომდე საპატიმროშია და მათ შორის 4 სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისიის”] სხდომაზე არმისვლის გამოა დაჭერილი.

ახალი გამოძიების ფარგლებში, მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს - მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი - ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს.

რა წერია საჩივარში?

“ნეიტრალურმა საქართველომ” პროკურატურას საჩივრით 2025 წლის 20 იანვარს მიმართა.

ტექსტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, მითითებულია, რომ “ქართულმა საზოგადოებამ ბოლო წლებში იხილა უამრავი კოორდინირებული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ როგორც გარე აქტორები, ასევე ოპოზიციაში ჩაბუდებული უცხოური ინტერესების გამტარებელი პირები” და კიდევ ერთი ციტატა: “ყველა შემთხვევაში იკვეთება შეთანხმებული განცხადებები, მოქმედებები, საერთო სტრატეგია საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად”.

ხაზგასმულია ეჭვი, რომ ასეთი კოორდინაცია “შეუძლებელია ხდებოდეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარეშე”. მაგალითად კი დასახელებულია კომუნიკაცია ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან - კანდიდატის სტატუსთან, მოლაპარაკებების გახსნასა თუ უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ასევე ხაზგასმულია საპარლამენტო არჩევნების არაღიარების საკითხი და, მაგალითად, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა “სახალხო პარლამენტის” შექმნის შესახებ.

ასევე გამოკითხვის ოქმებშიც მეორდება ნარატივი, რომელიც საზოგადოებას ბოლო წლებში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან ესმის. მათ შორის ის, რომ რადიკალიზმი და "მოლოტოვის კოქტეილების" დამზადება მსუყედ იყო დაფინანსებული ამერიკული და ევროპული ფონდების მიერ და იქამდე, ახალგაზრდებს ძალადობრივი წინააღმდეგობის შესახებ ტრენინგებს უტარებდნენ. ამ ყველაფერს დეზინფორმაციას უწოდებენ ბრალდების უშუალო ადრესატები და საერთაშორისო პარტნიორები.

  • “ნეიტრალური საქართველოს” განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება 2025 წლის თებერვალში დაიწყო და, როგორც საგამოძიებო მასალებიდან ჩანს, თანდათან [საქმეების გამოყოფისა თუ კვალიფიკაციის დაზუსტების დროს] სისხლის სამართლის კოდექსის თითქმის ყველა ის მუხლი მოიცვა, რომლებსაც "ნეიტრალური საქართველო" თავის საჩივარში მიუთითებდა.
  • თებერვალში, როცა გამოძიება დაიწყო, “ქართული ოცნება” უკვე ლაპარაკობდა “გარე ჩარევებზე”, "აგენტურულ ქსელზე" და “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის გეგმაზე, რა მიზნითაც მან სადავო პარლამენტში საგამოძიებო კომისია [“წულუკიანის კომისია”] შექმნა.
ასევე ნახეთ “დიდი კომპრომისების დრო” რუსეთთან - რა აქვთ ჩაფიქრებული მამუკა ფიფიასა და კრემლის სხვა მომხრეებს საქართველოში?


„უსამშობლო აგენტურა“

2025 წლის მარტში, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვით, პროკურატურაში აღძრული „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ საქმის ფარგლებში დაყადაღდა იმ საქველმოქმედო ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებითაც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და სხვა საჭიროებებს ფარავდნენ.

ეს პროცესი გაგრძელდა შემდგომ პერიოდშიც. “ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას მარტში უთხრა, რომ დაინახეს „აგენტურული კვალი“, რომლის შესახებაც საგამოძიებო უწყებას აცნობეს. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ მათი მიზანია, გამოძიება გავიდეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე.

ასევე ნახეთ ფონდების ანგარიშები ვატო შაქარიშვილისა და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე დააყადაღეს
ასევე ნახეთ შვიდი სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადეს

2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მიზანი გაახმაურა, “ნეიტრალურმა საქართველომ” ოპოზიციის ამომრჩევლების, მათი განმარტებით - “სექტის” - დასჯაც მოითხოვა. 2024 წლის ოქტომბერში ისინი აცხადებდნენ, რომ „უსამშობლო აგენტურას, გასული 12 წლის განმავლობაში ორი ფაქტორი ასულდგმულებდა − გარე პატრონები და მათი სექტა, ანუ ამომრჩეველი“, ხოლო „უცხო ქვეყნების აგენტების, მოღალატეების მხარდაჭერა სცდება პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის ფარგლებს“ და „მათთვის ხმის მიცემა ასევე გახდება პასუხისმგებლობის საფუძველი“.

ასევე ნახეთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების გასამართლებას მოითხოვს

“დამნაშავეებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია. თითოეულ ამ ადამიანს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მტრობისა და დაუსრულებელი რყევის გამო. სწორედ ამ სექტის გასამართლებით და მათი პასუხისმგებლობის დადგომის შემთხვევაში დასრულდება აქამდე არსებული უკიდურესი რადიკალიზაცია და მრავალწლიანი სიარული ერთ ჩაკეტილ წრეზე”, - წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მაშინდელ განცხადებაში.

სხვა ინიციატივების მსგავსად, „ნეიტრალური საქართველოს“ ამ მოწოდებებსაც ფართოდ აშუქებდა პროსახელისუფლებო მედია. კანონის წინაშე ამომრჩეველთა პასუხისმგებლობაზე ტელეკომპანია „იმედმა“ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც ჰკითხა, საპარლამენტო არჩევნების წინ ჩაწერილი ინტერვიუს დროს.

მაშინ ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

რა კავშირი აქვს "ნეიტრალურ საქართველოს" “ოცნებასთან”?

“რა კავშირი გაქვთ “ქართულ ოცნებასთან”? უთანხმებთ თუ არა მათ და თუ კი, რა სახით უთანხმებთ თქვენს გეგმებს, მოქმედებებს?” - ვეკითხებით ნანა კაკაბაძეს.

გვპასუხობს, რომ “ქართულ ოცნებასთან” არც ახლო და არც საქმიანი კავშირი არა აქვთ.

“განა არ გვინდა კონსულტაციები… მე ხელისუფლებას ვეუბნები: არ გიპირისპირდები, უბრალოდ გავარკვიოთ, საჭიროა თუ არა [პლებისციტი, რეფერენდუმი]. დავჯდეთ, დავილაპარაკოთ - იქნება მე მეშლება… ჯერჯერობით ასეთი კონსულტაციები ჩვენს შორის არ მომხდარა იმიტომ, რომ მათი მხრიდან არ ყოფილა ამაზე თანხმობა. ჩვენი მხრიდან კი არა, მათი მხრიდან”, - გვეუბნება კაკაბაძე.

ადამიანები, რომლებიც დღეს “ნეიტრალურ საქართველოს” წარმოადგენენ, ყოველთვის გამოკვეთილად უჭერდნენ მხარს “ოცნებას”, სიტყვით თუ საქმით, განსაკუთრებით ყოველი არჩევნების წინ. ისინი აწყობდნენ შეხვედრებს, ახდენდნენ ხალხის მობილიზებას. გამორჩეულად აქტიურობდა ნანა კაკაბაძე, ხშირად - ხმაურით, ზოგჯერ აგრესიულადაც - ოპონენტებისა და მედიის წინააღმდეგ.

“არასოდეს გიფასდებოდათ?! “ქართულ ოცნებასა” და თქვენ შორის თანამშრომლობა არასდროს ყოფილა?” - ისევ ვუბრუნდებით ნანა კაკაბაძეს. პასუხად კი ის საკუთარი შვილისა და სიძის ამბავს გვიყვება, რომლებიც დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ შვილებთან ერთად დაბრუნდნენ აშშ-დან, კერძოდ - სან-ფრანცისკოდან. “ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, წარმატებული იურისტი და ეკონომისტი” - და “დღემდე უმუშევრები არიან” – “...და თქვენ მეკითხებით, რას მიკეთებს “ქართული ოცნება”?!” - გვიბრუნებს კითხვას კაკაბაძე.

ნანა კაკაბაძე: ჩემი შვილი სან-ფრანცისკოში, ყველაზე მდიდარ ქალაქში, მერიაში იურისტად მუშაობდა... ჩემი სიძე ისეთ კომპანიაში მუშაობდა, რაც კი მსოფლიოში ცნობილი ფილმებია, იქიდან ქირაობენ ეკონომისტებს, იურისტებს... მაგრამ დღეს [საქართველოში] საერთოდ არავინ პასუხობს CV-ზე.

რადიო თავისუფლება: საჯარო სექტორში სურდათ დასაქმება?

ნანა კაკაბაძე: სადაც კი კონკურსები გამოცხადდა, ყველგან გააგზავნეს [CV].

ასევე ნახეთ „სამშობლოს ძალა“ გიხმობს - როგორ ცდილობს რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომში ქართველები მიიზიდოს

მიცემულია დრო - ნოემბრის ბოლომდე

“ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება ხელისუფლებასთან… გვინდა უბრალოდ შევხვდეთ და დაველაპარაკოთ - საბოლოოდ მისი დასანიშნია [რეფერენდუმი თუ პლებისციტი]”, - როგორც ნანა კაკაბაძე გვეუბნება, “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრის იმედით ნოემბრის ბოლომდე - “მაქსიმუმ”- კიდევ აპირებენ მოცდას, ხოლო შემდეგ ხალხის აზრის გამოსაკითხად, რეფერენდუმისთვის ან პლებისციტისთვის ხელმოწერების შეგროვებას თავად დაიწყებენ.

“ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ” ოქტომბერში გამოაცხადა, რომ იწყებს მოქმედებას, რათა “უმოკლეს ვადაში” ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც “უტყუარად გამოარკვევს საქართველოს მოსახლეობის ნებას, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველო გახდეს ისეთი ევროკავშირის წევრი, სადაც ბავშვები სქესს იცვლიან, ხოლო მშობლები ხმას ვერ იღებენ”.

ასევე ნახეთ 78-ე მუხლი და "ბავშვები შეცვლილი სქესით" - „ქართული ოცნება“ ისევ ბრიუსელის წინააღმდეგ

ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში

კაკაბაძეს ვეკითხებით, გულწრფელად სჯერა თუ არა, რომ არსებობს “გლობალური ომის პარტია”, იგივე “დიპ სტეიტი”, რომელსაც “ქართული ოცნება” უზარმაზარი უფლებებით აღჭურვილ ძალად წარმოადგენს, რომელსაც ზეგავლენა აქვს აშშ-შიც, ევროკავშირშიც - და მას ვერავინ ეწინააღმდეგება. თუმცა ორგანიზაციის კონკრეტული წარმომადგენლები ან მმართველთა ჯგუფი არასოდეს დასახელებულა.

“მე ეს სახელები ["გლობალური ომის პარტია"/"დიპ სტეიტი"] გაგებული არ მქონდა… ამის უკან რა იგულისხმება, ის არის მთავარი... იგულისხმება ის, რომ მსოფლიო წესრიგში ვიღაცას აქვს ომის ინტერესი, იმიტომ რომ ეს ბიზნესინტერესიც არის. და ასეთი ინტერესი არის მას შემდეგ, რაც პოლიტიკა არსებობს… რაც დღესდღეობით ჩანს, არის ის, რომ უკრაინის ომი აწყობთ”, - გვიხსნის ნანა კაკაბაძე და ამატებს, რომ უკრაინის ომის მსგავსად, 2008 წლის აგვისტოს ომიც “პროვოცირებული” იყო და ასევე “რუსეთის გასაღიზიანებლად” არის გამოგონილი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაც.

“ევროკავშირში არ გაგვაწევრიანებენ. ეს არის ტყუილი”, - დარწმუნებით ამტკიცებს და ამატებს, რომ თავიდანვე წინააღმდეგი იყო, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციაში შეიტანა 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალებს, გააკეთონ მაქსიმუმი საქართველოს გასაწევრიანებლად ევროკავშირსა და ნატოში.

“ნეიტრალურ საქართველოს” ბევრი პრორუსულ ძალად მოიხსენიებს. ნანა კაკაბაძე კი გვეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ნეიტრალიტეტს უჭერენ მხარს, როგორც “ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენის გზას” და ამ პოზიციიდან სურთ ითანამშრომლონ მსოფლიოს “დიდ მოთამაშეებთან” - ეკონომიკური ინტერესები დააბალანსონ საქართველოსთან ერთად.

რადიო თავისუფლება: სჭირდება თუ არა საქართველოს გამოკვეთილი, სტრატეგიული პარტნიორები?! ვინ უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარტნიორი?!

ნანა კაკაბაძე: გამოკვეთილი პარტნიორი გვინდა რომ იყვნენ მსოფლიო პოლიტიკაში სიტყვის მთქმელი ქვეყნები.

რადიო თავისუფლება: და რომლები?

ნანა კაკაბაძე: ახალი წესრიგის შემდგომ უფრო კარგად გამოიკვეთება… ვნახოთ, უკრაინის ომის მერე უფრო გამოჩნდება.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: [არ გვინდა გავხდეთ] ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს


„მე ასეთ ევროპაში შესვლა, რასაც ჩვენს წინ მაგას [უკრაინას] ექაჩებიან, დიდად არ მომინდებოდა. არც ის, რაც მოლდავეთში ხდება რეალურად, ვინც იცის რა ხდება, ეგეთი შესვლა ჩემთვის საინტერესო არაა. [ევროკავშირში] ჩვენ უნდა შევიდეთ წელგამართულები“, - ეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 2024 წლის ოქტომბერში „იმედთან” საუბრისას, საპარლამენტო არჩევნების წინ თქვა.

2024 წლის 28 ნოემბერს, „ოცნებამ “ გამოაცხადა გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელი მომდევნო ეტაპის - გაწევრიანების მოლაპარაკებების - 2028 წლის ბოლომდე გადადების შესახებ.

"ქართულმა ოცნებამ" თანდათან უფრო თამამად დაიწყო ისეთი აქცენტების დასმა, რაზეც ადრე მხოლოდ მისი მომხრეები და მოკავშირეები ლაპარაკობდნენ.

ექსპერტებს ხშირად უსაუბრიათ რადიო თავისუფლებასთან იმის შესახებ, რომ „პროქსი ორგანიზაციების”, მათი მხარდამჭერებისა თუ მათთან დაახლოებული ცალკეული ადამიანების გახმაურებული იდეები „ქართული ოცნების“ პოზიციასთან თანხვედრაში ვრცელდება და რომ შორს აღარ არის ის დრო, როდესაც “ოცნება” პირდაპირ იტყვის უარს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ... ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება.

ჩვენ გვინდა გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს“, - უთხრა "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, მას შემდეგ, რაც [4 ნოემბერს გამოქვეყნებულ] ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში, „სერიოზული შეშფოთება" გამოიხატა "საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.

ასევე ნახეთ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“ - რა რეკომენდაციები ექნება ევროკომისიას გაფართოების ანგარიშში