კრემლის უარი უპირობო ზავზე - რა გადაწყდა სტამბოლში და რას უმზადებენ რუსეთს

როდესაც სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები შეხვედრას მართავდნენ, ევროპელი ლიდერები ალბანეთის დედაქალაქიდან ურეკავდნენ აშშ-ის პრეზიდენტს - 16 მაისი, ტირანა.

მეტი ტერიტორიის მითვისება და ომის უსასრულოდ გაგრძელების მუქარა - 16 მაისს, სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს კრემლის რეალური სურვილების ექო დაჰყვებოდა. დახურული შეხვედრიდან გამოჟონილი ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო მედიამაც გაიმეორა.

3-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის პარასკევს განახლებულ პირველ პირისპირ შეხვედრაზე ტყვეთა გაცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე კი კრემლი კვლავ უარს აცხადებს.

გარღვევას ისედაც არავინ მოელოდა - რადგან პუტინმა თურქეთში ჩასვლაზე უარი თქვა და იქ “დაბალი დონის დელეგაცია” გააგზავნა. დონით შეუსაბამო რუსეთის დელეგაციას არ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ სტამბოლში 15 მაისს განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე მათი მიზანი “კონფლიქტის საბაზისო პირველადი მიზეზების” აღმოფხვრაა.

მყისიერი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მთავარ მოთხოვნად რჩება. უკრაინა სანქციების დაწესებას ითხოვს. სანქციები მომზადების ეტაპზეა - როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში.

16 მაისს, სტამბოლის შეხვედრების პარალელურად, ევროპელი ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ალბანეთიდან დაუკავშირდნენ პრეზიდენტ ტრამპს.

დღე #2 სტამბოლში

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ გამოაცხადა, რომ კმაყოფილები დარჩნენ შეხვედრითაც და შეთანხმებული საკითხებითაც. პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ სამ საკითხი ჩამოთვალა:

  • ტყვეების მასშტაბური გაცვლა 1000/1000-ზე.
  • ცნობად იქნა მიღებული უკრაინის მოთხოვნა - ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ;
  • შემდეგი შეხვედრისთვის მხარეებმა ცალ-ცალკე უნდა მოამზადონ ხედვა - თუ როგორ და რა პირობებში წარმოუდგენიათ ცეცხლის შეწყვეტა.


შემდეგი შეხვედრის თარიღი და დრო არავის გამოუცხადებია.

უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მოთხოვნას - „მყისიერი და უპირობო“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ - რუსეთმა სრულად აუარა გვერდი. თანხმობა ამ საკითხზე არ არის.

ასევე ნახეთ რუსეთი და უკრაინა სტამბოლში 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ


უკრაინული მხარე რუსეთს თარჯიმნის დახმარებით ელაპარაკებოდა - დახურული შეხვედრიდან ინფორმაცია ფრაგმენტულად ჟონავდა.

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რუსეთმა წამოაყენა პირობა მისთვის უკრაინის ოთხი ოლქის [დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე] დათმობის შესახებ. ეს ოლქები რუსეთმა საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა ამ დრომდე სრულად არა აქვს ოკუპირებული.

"ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ ვიბრძოლოთ ერთი წელი, ორი, სამი - რამდენიც საჭირო იქნება. შვედეთს 21 წელიწადს ვებრძოდით. თქვენ რამდენ ხანს შეგიძლიათ ბრძოლა?" - საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, სავარაუდოდ მედინსკის მიერ შეხვედრაზე წარმოთქმული ეს სიტყვები „ეკონომისტის“ კორესპონდენტმა, ოლივერ ქეროლმა გაავრცელა. ოდნავ მოგვიანებით კი, ამაზე ლაპარაკობდა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხიც.

კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, მარგარიტა სიმონიანმა X-ზე დაწერა, რომ შვედეთისთვის წართმეულ მიწაზე რუსებმა სანქტ-პეტერბურგი ააშენეს.

ასევე სიმონიანი, რუს ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინის არა ოთხ, არამედ რვა რეგიონს მოითხოვდა - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ.

ტყვეების გაცვლის საკითხის გადაჭრა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი შედეგია უკრაინისთვის.

„ჩვენ ახლა ხალხი [ტყვეები] უნდა გავცვალოთ და მალე მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა იქნება შემდეგი ეტაპი“, - უთხრა მედიას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტამ უმეროვმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, უმეროვმა რუსეთის დელეგაციას გადასცა პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნა, რომ შემდეგი შეხვედრა აუცილებლად პრეზიდენტების დონეზე უნდა გაიმართოს.

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს [ГУР] უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ - უახლოეს პერიოდში შედგება სია, თუ ვინ დაბრუნდება ტყვეობიდან სამშობლოში.

ასევე ნახეთ ზელენსკი ელოდა, პუტინი არ ჩავიდა - რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები (ჯერჯერობით) ვერ განახლდა


იმის გამო, რომ კრემლმა სტამბოლში პრეზიდენტის ნაცვლად „დაბალი დონის დელეგაცია“ გაუშვა, გარღვევას ისედაც არავინ მოელოდა და ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჯერ კიდევ 15 მაისს, დღის ბოლოს უთხრა ჟურნალისტებს - მას შემდეგ, რაც უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების განახლების პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა [ზელენსკი თურქეთში პუტინს ელოდებოდა, პუტინი არ ჩავიდა].

  • რუბიომ მედიას ისიც უთხრა, რომ 16 მაისს ის შეხვდებოდა მხოლოდ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და უკრაინის დელეგაციას - რომლის წარმომადგენლობაც შეესაბამებოდა მის რანგს; ხოლო რუსეთის მხარეს შეხვდებოდა “ვინმე" ამერიკული დელეგაციიდან.
  • პარასკევს, მარკო რუბიო მართლაც მხოლოდ თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდა; ხოლო რუსეთის დელეგაციას მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მაიკლ ენტონი ესაუბრა.


რუბიო 16 მაისს ჩაფრინდა სტამბოლში ანტალიიდან, სადაც 14-15 მაისს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართებოდა. 15 მაისს რუბიომ X-ზე დაწერა, რომ ნატო „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ალიანსად რჩება“.

„ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის დელეგაციამ უარი თქვა აშშ-ის წარმომადგენლის დასწრებაზე - უკრაინასთან შეხვედრის დროს, ხოლო თურქეთის მხარეს ეს შეხვედრა - საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.

უკრაინის პირისპირ მარტო დარჩენა კრემლს თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული.

  • ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდე, რუსეთის სახელმწიფო მედია წერდა მოსკოვის გეგმის შესახებ - დიალოგი მხოლოდ კიევთან, “დასავლელი კურატორების” მონაწილეობის გარეშე”;
  • რუსეთი უკრაინის სრულ იზოლაციას ითხოვდა 2022 წლის "სტამბოლის მოლაპარაკებების" ფარგლებში, რაც უშედეგოდ დასრულდა.


16 მაისს, სტამბოლში, კიდევ არაერთი შეხვედრა გაიმართა.

დილით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი [დელეგაციის ხელმძღვანელი], რუსტემ უმეროვი შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კით კელოგს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯონათან პაუელს, საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს ემანუელ ბონსა და გერმანიის კანცლერის მრჩეველს საგარეო საკითხებში - გიუნტერ ზაუტერს. ითქვა, რომ შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათის იყო.

პარალელურად - ალბანეთის დედაქალაქში

ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც, სტამბოლის შეხვედრების პარალელურად, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) სამიტზე იყვნენ შეკრებილები, იმედგაცრუება გამოხატეს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის საკითხის უგულებელყოფის გამო.

“პრეზიდენტი პუტინი მორიგ ჯერზე ამბობს უარს უპირობო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე - ამერიკელების მიერ წამოყენებულსა და უკრაინისა და ევროპელების მიერ მხარდაჭერილზე… რუსეთი აჩვენებს, რომ არ უნდა მშვიდობა და მხოლოდ დროის მოგება და ომის გაგრძელება სურს”, - წერია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

16 მაისს, საღამოს, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები ტირანადან დაუკავშირდნენ აშშ-ის პრეზიდენტს.

“თუკი რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტასა და მკვლელობის დასრულებაზე, ამას ხისტი სანქციები უნდა მოჰყვეს. რუსეთზე წნეხი უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი არ იქნება მზად ომის შესაჩერებლად”, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

ლიდერების ერთობლივი ფოტო გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმაც გამოაქვეყნა.

“ჩვენ ერთად ხელახლა ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა ომი დასრულდეს. არ დავნებდებით”, - წერს კანცლერი მერცი. მან იმედგაცრუება გამოხატა სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე - რუსეთის მხრიდან უპირობო ზავის უგულებელყოფის გამო. თუმცა თავად მოლაპარაკებების დაწყებას - „პირველი, ძალიან მცირე, მაგრამ პოზიტიური სიგნალი“ უწოდა.

POLITICO წერდა, რომ ტირანაში ჩასული ევროპელი ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხის განხილვასა და შეთანხმებას გეგმავდნენ. სამიტში თურქეთის პრეზიდენტი - რეჯებ ტაიპ ერდოანიც მონაწილეობდა, რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის 15 მაისს ანკარაში უმასპინძლა.


ასევე ნახეთ ტრამპი: პუტინს მალე შევხვდები

პრეზიდენტი ტრამპი, როგორც განაცხადა, არც გარღვევას მოელოდა და არც პრეზიდენტ პუტინის თურქეთში ჩასვლას.

აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა 15 მაისს ივარაუდეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის საკითხს მხოლოდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა მოაგვარებდა.

შეხვედრის მზადყოფნა პრეზიდენტმა ტრამპმა 16 მაისსაც გამოხატა მან ასევე თქვა, რომ დაურეკავს პრეზიდენტ პუტინს. საერთაშორისო მედიაში ბევრს წერენ აშშ-ის პრეზიდენტის ტონის შერბილებაზე და ასევე - დაპირებული სანქციების საჭიროებაზე.

16 მაისს, თურქეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, რუსეთის ფედერაცია ინტენსიურად უტევდა უკრაინის ქალაქებს. ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში დრონებით თავდასხმას 55 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. როგორც იტყობინებიან ქალი იჯდა ავტომობილში, ადგილობრივი კომუნალური სამსახურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. შემთხვევის შედეგად დაიჭრა კიდევ ოთხი ადამიანი.

დრონებით თავდასხმისა და დაჭრილების შესახებ იტყობინებიან ასევე - ოდესის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევისა და კიევის ოლქებიდან.

სანქციებზე მუშაობა დაწყებულია

ევროკავშირი სანქციების მორიგ, მე-18 პაკეტზე მუშაობს.

“ჩვენ გვინდა მშვიდობა. ახლა დროა, წნეხის გასაძლიერებლად, ვიდრე პუტინი ასევე მზად იქნება მშვიდობისთვის”, - უთხრა ჟურნალისტებს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დე ლაიენმა, 16 მაისს, ალბანეთის დედაქალაქში.

დაგეგმილ ზომებს შორის ურზულა ფონ დერ ლაიენმა დაასახელა:

  • სანქციები „გაზპრომის“ მიერ აშენებული გაზსადენების - „ჩრდილოეთის ნაკადი -1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის წინააღმდეგ;
  • სანქცირებულთა სიაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეტი გემის დამატება, რომლებსაც მოსკოვი ძირითადად ენერგომატარებლების იმპორტისთვის იყენებს;
  • ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირება;
  • მეტი სანქციის დაწესება რუსეთის საფინანსო სექტორისთვის.


სანქციების ბოლო, მე-17 პაკეტი ევროკავშირმა, ელჩების დონეზე, 14 მაისს დაამტკიცა და ახლა სანქციების მექანიზმს 20 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა დაუჭირონ მხარი. მანამდე, ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტი, 2025 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე მიიღეს.

ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა თავადვე დაარღვია 9 მაისისთვის გამოცხადებული 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი; არ გაიზიარა ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერით უკრაინის მიერ შეთავაზებული 30-დღიანი მყისიერი და უპირობო ზავის შეთავაზება და შემდეგ - პუტინი არ გამოცხადდა თავისივე ინიციატივით დაგეგმილ პირდაპირ მოლაპარაკებებზე თურქეთში, სადაც [15 მაისს] პრეზიდენტი ზელენსკი მას ელოდებოდა. ეს ყველაფერი ევროკომისიის პრეზიდენტისთვის ნათელი დასტურია, რომ - პუტინს ომის გაგრძელება სურს.

ასევე ნახეთ აშშ-ის სენატი თანახმაა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ შესაძლო სანქციები რუსეთისთვის აშშ-ის კონგრესშიც მზადდება. მაისის დასაწყისში 70-ზე მეტმა სენატორმა დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ხისტ ზომებს ითვალისწინებს.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ტრამპის ახლო მოკავშირე რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, ახალ სანქციებს შესაძლოა “ძვლების მტვრევის” [bone-crushing] ეფექტი ჰქონდეს.