აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 მაისს განაცხადა, რომ გეგმავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების ჩატარებას, რაც შეიძლება მალე.
„ვფიქრობ დროა, უბრალოდ გავაკეთოთ ეს“, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიანი ვიზიტის დასრულებისას და დასძინა, რომ შესაძლოა პუტინს მალე დაურეკოს. „მე და ის შევხვდებით და ვფიქრობ, რომ მოვაგვარებთ ან შეიძლება - არა“, - თქვა ტრამპმა. „ყოველ შემთხვევაში, გვეცოდინება. და თუ ვერ მოვაგვარებთ, ეს ძალიან საინტერესო იქნება“.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ გაჰკვირვებია პუტინის მიერ თურქეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების გამოტოვება. პუტინს არ მოუნდა ჩასვლა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი იქ არ იქნებოდა, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ პუტინთან შეხვედრას ჩაატარებს, „როგორც კი შევძლებთ ამის დაგეგმვას“.
სტამბოლში უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 16 მაისს დაიწყო. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას - პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.
უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები პირისპირ მოლაპარაკებას პირველად მართავენ 2022 წლის მარტის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე სტამბოლში დაიწყო მხარეთა მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება გუშინ, 15 მაისს, უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ შედგა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.
ფორუმი