რუსეთ-უკრაინის შეხვედრა 15 მაისს სტამბოლში დღის პირველ ნახევარში უნდა გამართულიყო, მაგრამ საერთოდ არ გაიმართა. გვიან საღამომდე ჯერ კიდევ მსჯელობდნენ, ვარაუდობდნენ, მაგრამ არაფერი შეიცვალა.
“დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ აპირებს ომის დასრულებას, საკმაოდ დაბალი დონის დელეგაციის გამოგზავნით [თურქეთში]. მეტიც, რუსეთის მიდგომა უპატივცემლობის გამოვლინებაა მშვიდობის, ყველა პარტნიორის მიმართ. ველით პარტნიორების მკაფიო და ძლიერ პასუხს“, - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 15 მაისს ფეისბუკპოსტში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ; ხოლო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოლაპარაკებებზე, სტამბოლში, უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს და ჯგუფი თურქეთში დარჩება 16 მაისსაც - აშშ-ის დელეგაციასთან შესახვედრად.
კიევის მთავარი მიზანი ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტაა და ამ მიზნის გზაზე უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის ზელენსკიმ ერდოანს საჯარო მადლობაც გადაუხადა.
ერდოანმა ვერაფერი გააწყო. მედიაში გავრცელდა მისი სიტყვები, რომ ნებისმიერ დროს მზად არის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების დიალოგის ორგანიზებისთვის, თუკი ასეთი შეხვედრა შეთანხმდება.
30-დღიან ზავს კრემლი პრიორიტეტად არ თვლის. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოლაპარაკებების მიზანი “კონფლიქტის საბაზისო პირველადი მიზეზების” აღმოფხვრაა, რათა მერე - “ადრე თუ გვიან” მოხერხდეს “ხანგრძლივი მშვიდობის” დამყარებაც.
პუტინი არ ჩავიდა, არც - ტრამპი
სტამბოლში შეხვედრა პუტინის ინიციატივა იყო.
11 მაისს კრემლში გამართულ ბრიფინგზე მან უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი "სტამბოლის მოლაპარაკებების" განახლება შესთავაზა - 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების კატეგორიული მოთხოვნა 30-დღიან მკაცრ ზავზე და იქვე იყო მუქარაც - ვინც არ იქნებოდა თანახმა, სანქციებს დაუწესებდნენ.
პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებას მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა ტრამპმა და მოუწოდა ზელენსკისაც, რომ დათანხმებოდა პუტინის ინიციატივას. ზელენსკი დათანხმდა და ჩავიდა კიდეც სტამბოლში; მაგრამ პუტინმა სხვები გაუშვა.
დელეგაციის შემადგენლობა პუტინმა 14 მაისს, ღამით დაამტკიცა და უკვე ჩანდა, რომ თავად არ აპირებდა თურქეთში ჩასვლას. მას არც მანამდე არ დაუდასტურებია, რომ ასეთ შესაძლებლობას განიხილავდა. თუმცა მაინც ბევრი მოელოდა, რადგან ინიციატივა მას ეკუთვნოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტამბოლში ჩასვლას არ გამორიცხავდა და არც ახლა არ გამორიცხავს. თუმცა ფაქტია, რომ 15 მაისს ეს არ მოხდა, ხოლო კატარში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვის საპასუხოდ მან თქვა, რომ არც პუტინის ჩასვლას არ მოელოდა და საერთოდაც, სამშვიდობო პროცესი წინ ვერ დაიძვრება, ვიდრე თავად არ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს.
„რატომ ჩავა [პუტინი სტამბოლში], თუკი მე არ ჩავალ?“ „არ მგონია, რომ პუტინი იქ ჩავა, თუკი მე იქ არ ვიქნები“, „თუ რაღაც მოხდება, პარასკევს გავემგზავრები, თუ ეს მიზანშეწონილი იქნება“, - პრეზიდენტ ტრამპის განმარტებები ექსპერტების ნაწილს რუსეთის პრეზიდენტის ქმედების შერბილების მცდელობად ეჩვენათ, ნაწილისთვის კი ეს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი სვლაა - საკუთარი მნიშვნელობის ხაზგასმა.
ასევე ნახეთ ტრამპმა ისევ არ გამორიცხა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების გამო თურქეთში ჩასვლა ასევე ნახეთ მარკო რუბიო: არ არსებობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სამხედრო მოგვარება. ეს ომი დასრულდება...დიპლომატიური გზითთურქეთშია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც, მაგრამ არა ანკარაში ან სტამბოლში, არამედ - ანტალიაში, სადაც 14-15 მაისს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი, არაფორმალური სხდომა იმართებოდა. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში, რუბიო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრიი სიბიჰას, შეხვდა.
გვიან საღამოს, მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ 16 მაისს ის გამართავს შეხვედრას სტამბოლში - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და უკრაინის დელეგაციასთან; თუმცა, როგორც BBC იტყობინება, სახელმწიფო მდივანს არა აქვს იმედი, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.
რუბიო, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, შედეგის მიღწევის ერთადერთ გზად დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრას ხედავს და ფიქრობს, რომ სწორედ ამ გზით უნდა გაირკვეს, რა უნდა რუსეთს და შესაძლებელია თუ არა მშვიდობა. მისთვის გარღვევის შესაძლებლობებზე არ მიანიშნებს რუსეთის მიერ სტამბოლში გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ 16 მაისს სტამბოლში იქნებიან პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კით კელოგი და სტივენ უიტკოფი.
ვინ შედის რუსეთის დელეგაციაში?
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ზელენსკიმ “ბუტაფორიული” უწოდა, შედიან:
- ვლადიმირ მედინსკი - რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე;
- მიხაილ გალუზინი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- იგორ კოსტიუკოვი - მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი;
- ალექსანდრ ფომინი - თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მედინსკი და ფომინი 2022 წელსაც მონაწილეობდნენ უკრაინასთან მოლაპარაკებებში, რომლის გაგრძელებაც რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივაა.
რუსეთის დელეგაციის ასეთ შემადგენლობაზე ყოფილი რუსი დიპლომატი ბორის ბონდარევი “მედუზასთან” აღნიშნავს, რომ პუტინს 2022 წლის პროცესების იმგვარად გაგრძელება სურს, რომ თითქოს მას შემდეგ “არაფერი მომხდარა", ანუ "სამი წელი გავიდა და ისევ იმ ადგილას ვართ”.
- “მედუზას” ცნობით, ГРУ-ს უფროსი იგორ კოსტიუკოვი სანქცირებულია აშშ-ის მიერ, 2016 წლის არჩევნებში ჩარევისთვის და სანქცირებულია ევროკავშირის მიერაც - 2018 წელს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლის გამო.
- დელეგაციის წევრებს თან ახლავთ ექსპერტებიც. მათ შორის არის ГРУ-ს გენერალი ალექსანდრ ზორინი, რომელმაც [2015-2017 წლებში] მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკების უნარებით თავი გამოიჩინა. წერენ, რომ ზორინი მონაწილეობდა „აზოვსტალის“ მებრძოლებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ზორინის შერჩევა ექსპერტებისთვის მრავლისმთქმელია.
ვინ შედის უკრაინის დელეგაციაში?
უკრაინის დელეგაცია თურქეთში პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით ჩავიდა; თუმცა, რადგან მეორე მხარეს პრეზიდენტი არ გამოცხადდა, საბოლოოდ, საღამოს გადაწყდა, რომ ზელენსკი სტამბოლში თავდაცვის მინისტრს გააგზავნიდა. ითქვა, რომ რუსტემ უმაროვი შესაბამისი კანდიდატურაა, რადგან ფლობს ოთხ ენას: უკრაინულს, რუსულს, ინგლისურსა და თურქულს.
15 მაისს, დღის ბოლოს, ცნობილი გახდა უკრაინის დელეგაციის ვრცელი შემადგენლობა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა:
- რუსტემ უმეროვი - თავდაცვის მინისტრი [დელეგაციის ხელმძღვანელი];
- სერგეი კისლიცა - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
- ალექსანდრ პოკლადი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [СБУ] უფროსის მოადგილე;
- ოლეგ ლუგოვსკი - საგარეო დაზვერვის სამსახურის [СВР] თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- ალექსეი შევჩენკო - უკრაინის გენერალური შტაბის [ВСУ] უფროსის მოადგილე;
- ვადიმ სკიბიცკი - თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს [ГУР] უფროსის მოადგილე;
- ევგენი შინკარიოვი - საჰაერო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე;
- ალექსანდრ დიაკოვი - სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მიადგილე;
- ალექსეი მალოვაცკი - გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული სამმართველოს წარმომადგენელი;
- ალექსეი შერიხოვი - გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ოფიცერი;
- გეორგი კუზმიჩევი - შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის უზრუნველყოფის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი;
- ალექსანდრ ბევზი - პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.
15 მაისს, გვიან საღამოს გაირკვა, რომ დელეგაციების შეხვედრა ხუთშაბათს აღარ გაიმართებოდა. შეხვედრები პარასკევისთვის გადაიტანეს.
წინასწარი ინფორმაციით, 16 მაისს გაიმართება სამი შეხვედრა: ორი სამმხრივი და ერთი - ოთხმხრივი.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ თურქეთი გვიან საღამოს დატოვა და ალბანეთში გაემგზავრა.
რის მიღწევაა შესაძლებელი, თუკი შეხვედრა გაიმართება?
„ყირიმი უკრაინაა - ჩვენ არ ვცნობთ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის კუთვნილებად“, „ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ ტერიტორიული საკითხები - ეს ჩვენი კონსტიტუციის დარღვევა იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 15 მაისს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან არაერთხელ გაიმეორა, რომ საუბრის უპირველესი თემა ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს და ასევე შესაძლებელია ჰუმანიტარული შინაარსის საკითხების განხილვა.
2022 წლის „სტამბოლის მოლაპარაკებების“ დროს, ისევე, როგორც ახლა, რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინის ტერიტორიებია. თუკი სამი წლის წინ უკრაინელებისგან ყირიმის და დონბასის ოკუპირებული რეგიონებისა [დონეცკი, ლუგანსკი] და სევასტოპოლის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვდა, ახლა კრემლის მადა კიდევ უფრო გაზრდილია და მას უკრაინის გაცილებით დიდი [კონსტიტუციით მითვისებული] ტერიტორიის დაკანონება სურს.
ასევე ნახეთ "ერთი მაყურებლისთვის" - ჯერ ცეცხლის შეწყვეტა თუ ჯერ მოლაპარაკებებისხვადასხვა წყაროს ცნობით, 2022 წელს ჯერ ბელარუსში და შემდეგ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის ფარგლებში რუსეთი ითხოვდა ასევე:
- უკრაინას უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანებაზე და ამ მიზნით კონსტიტუციაც შეეცვალა;
- შეემცირებინათ შეიარაღებული ძალების მასშტაბი და მომზადების დონე;
- რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებულიყო.
„დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” რუსეთის მთავარი მოთხოვნა იყო სტამბოლშიც 2022 წელს - კიევი კი აცხადებდა, რომ ამ აბსურდული საკითხის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
“ჩვენსა და რუსების მოლოდინებს შორის მკვეთრი კონტრასტი იყო. მათი მთავარი გზავნილი იყო: „კეთილი ინებეთ და დაგვნებდით.“ ჩვენ კი იქ დასანებებლად არ ჩავსულვართ. ჩვენ დროის მოგება გვჭირდებოდა – ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება, ტყვეების გაცვლა, და რაც მთავარია, დასავლეთის დარწმუნება, რომ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვიყავით, რომ ჩვენ გვერდით დარჩენილიყვნენ”, - იხსენებს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.
რეზნიკოვის თქმით, “რუსებს მშვიდობა არ უნდოდათ — უნდოდათ წელში გატეხილი უკრაინა, რომელიც ვეღარასდროს იბრძოლებდა” და მიიღეს "არა".
"ჩვენ ვთქვით: არა. ჩვენ კონსტიტუციას არ შევცვლით, რადგან უკრაინელი ხალხის უმრავლესობას ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა სურს. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი არჩევანი", - აცხადებს რეზნიკოვი რადიო თავისუფლებასთან.
ასევე ნახეთ "იმედი გვქონდა: იქნებ მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს?" - რეზნიკოვი სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ტრამპის ტაქტიკასა და საქართველოზე ასევე ნახეთ სინამდვილეში რა გეგმები ჰქონდა პუტინს უკრაინაში შეჭრისას2024 წელს საგამოძიებო პროექტმა „სისტემამ“ მოიპოვა რუსეთის მიერ 2022 წლის მოლაპარაკებებზე წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც აშკარას ხდის, რომ რუსეთის მოთხოვნები თანდათან სულ უფრო იზრდებოდა. სხვა საკითხებთან ერთად, კრემლი პრაქტიკულად მოითხოვდა საბჭოთა და კომუნისტური სიმბოლოების დაკანონებას უკრაინაში.
რუსეთი ასევე კატეგორიულად მოითხოვდა უკრაინის თითქმის სრულ განიარაღებას და იზოლირებას დასავლეთისგან, საერთაშორისო დახმარების აკრძალვით.
ერთი სიტყვით, რუსეთი ითხოვდა ყველაფერს, ხოლო უკრაინას მხოლოდ „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმსა“ და „საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებებს“ სთავაზობდა. თუკი რუსეთის წარმომადგენლების განცხადებებს გადავხედავთ, ეს მიდგომა არც ახლა, სამი წლის შემდეგ არ შეცვლილა.
ასევე ნახეთ "მათი საშიში სამყარო" - როგორ ამზადებს კრემლი მოსახლეობას ნატოსთან ომისთვის