განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 15 მაისს ანტალიაში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დაწყებამდე.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი "ღიაა ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან, გამძლე და ხანგრძლივ მშვიდობამდე".
მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ აშშ მზად არის, კონსტრუქციულად მიუდგეს ყველა მექანიზმსა და პროცესს, რომლებიც უკრაინაში ომს დაასრულებს.
მანვე გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ "არ არსებობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სამხედრო მოგვარება. ეს ომი დასრულდება არა სამხედრო მოგვარებით, არამედ დიპლომატიური გზით და რაც უფრო მალე მოხერხდება ამ ომის დასრულებაზე შეთანხმების მიღწევა, ნაკლები ადამიანი დაიღუპება და ნაკლები ნგრევა იქნება. საბოლოოდ ეს არის პრეზიდენტის მიზანი".
მარკო რუბიომ დონალდ ტრამპის მიზნებს შორის დაასახელა უკრაინიდან წასული მოქალაქეების დაბრუნება:
"მილიონობით უკრაინელი ცხოვრობს თავიანთი ქვეყნის საზღვრებს მიღმა და მსოფლიო, რომლის ხილვაც სურს პრეზიდენტს, არის ისეთი, სადაც ადამიანები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, თავიანთი ქვეყნის აღდგენას, ეკონომიკის შექმნაზე ფოკუსირებას და არა - ომზე".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მონაწილეობს თურქეთში მიმდინარე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაში.
თურქეთში იმყოფება და პრეზიდენტ ერდოანთან შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში მინისტრების მოადგილეებისა და ექსპერტების დონის დელეგაცია გაგზავნა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა 14 მაისს ღამით, როცა კრემლის ოფიციალურ საიტზე დელეგაციის წევრთა სია გამოქვეყნდა.
დღესვე სტამბოლში უნდა დაიწყოს უკრაინის და რუსეთის ოფიციალური პირების მოლაპარაკება, რომელზეც მოსკოვის დელეგაციას პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.
სტამბოლში მოლაპარაკების წინ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 15 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 110 დრონით.
ფორუმი