ეს ვერსია სუსის პრესტიჟს ამაღლებს - მდინარაძე ბაჩიაშვილის ნათქვამზე, რომ მისი დაბრუნებისას ბორტზე ოხანაშვილი იყო

მდინარაძე ბაჩიაშვილზე: „არ ვთქვათ, რომ ეს ასე არ იყო“. ფოტოზე მარცხნიდან: მამუკა მდინარაძე, გიორგი ბაჩიაშვილი და ანრი ოხანაშვილი

„ყველას ძალიან გთხოვთ, არ უარყოთ ეს ვერსია, თუ შეიძლება, ეს სუსის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამს, რომ სუსის უფროსი ანრი ოხანაშვილი იყო იმ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში იძულებით დააბრუნეს.

„ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და წამოიყვანა ამის შედეგად საქართველოს მსჯავრდებული სხვა ქვეყნიდან. ასეთი ოპერაციების შესახებ კინოებში გვინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით მიყურებია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 9 ივნისს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მოდით, არ უარვყოთ ეს ვერსია და არ ვთქვათ, რომ ეს ასე არ იყო“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად. შემდეგ დასძინა:

„კიდევ უფრო სერიოზულად თუ მკითხავთ, მე როგორც ვიცი, გამოძიებას მიმართა და ბუნებრივია, არსებობს ვალდებულება, ასეთი საკითხები დეტალურად იქნას გამოძიებული, მათ შორის, მისი დაკავების დეტალები და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს დეტალურ და ამომწურავ პასუხს“.

ასევე ნახეთ გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილი იყო იმ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა „პირადმა ფინანსისტმა“, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს, 9 ივნისს, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში „მოტაცებით ჩამოიყვანეს“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

„ყველა ნორმის დარღვევით, თავზე მეშოკწამოფარებული, მე უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი - ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს“, - თქვა ბაჩიაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილების დროს.

ასევე ნახეთ თუ მართალს ამბობდა, მოხარული უნდა იყოს, რომ საქართველოშია და უსაფრთხოდაა - კობახიძე ბაჩიაშვილზე

ბიზნესმენის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა მალევე განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს“. მასში არ იყო დაკონკრეტებული, როგორ და რა გზით ჩამოიყვანეს ბაჩიაშვილი.

დღეს, 9 ივნისს, რადიო თავისუფლებამ „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესსამსახურს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა - უსარგებლია თუ არა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილს მათი ბორტით. კომპანიაში განაცხადეს, რომ დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება.

ასევე ნახეთ „ტერორი საქართველოში გადაიზარდა სახელმწიფო ტერორიზმში“, - ზურაბიშვილი ბაჩიაშვილის საქმეზე