„ხალხო, ისევ გამოჩნდა კორონა?“ - რა ვირუსებით ავადდებიან დღეს საქართველოში?

სამედიცინო ნიღაბი

მოკლედ

  • რა ვირუსებია ქვეყანაში და მათ შორის, როგორია კოვიდის წილი?
  • უნდა იცოდეს თუ არა ადამიანმა, რომ მას კოვიდი აქვს?
  • იტარებენ თუ არა პაციენტები კოვიდ-ტესტებს და როგორია დადებითობის მაჩვენებელი?
  • შესაძლებელია თუ არა კოვიდ-ვაქცინაცია?
  • თუ აღარ გახსოვთ, როგორ დაიწყო კოვიდპანდემია
„ჩემ გარშემო ბევრს აქვს კოვიდი“, „ალბათ, კოვიდია, ისე ცუდად ვარ“, „რამდენდღიანია ეს ვირუსი?“ - ბოლო პერიოდია სოციალურ ქსელში იმატა პოსტებმა და კომენტარებმა, რომლებშიც რესპირაციული ვირუსით დასუსტებული ადამიანები ეჭვობენ, რომ კოვიდი აქვთ და ერთმანეთს აფრთხილებენ თავი დაიცვან.

ხველა, ცემინება, ყელის ტკივილი, სურდო, სიცხე, სისუსტე - ეს ის სიმპტომებია, რომლებსაც ვირუსით დაავადებულები ჩამოთვლიან და ამბობენ, რომ მათი ცუდად ყოფნა 5-6 დღეს გრძელდება.

რა ვირუსებია ქვეყანაში და მათ შორის, როგორია კოვიდის წილი?

რა ვირუსული ინფექციები ცირკულირებს დღეს ქვეყანაში და მოიმატა თუ არა მათ შორის კოვიდინფექციის წილმა - ვკითხეთ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, ივანე ჩხაიძეს.

მან გვითხრა, რომ ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, სადაც ვირუსების სტრუქტურის ანალიზი ტარდება, აგვისტოს თვეში უმრავლესი მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია (71%) გამოწვეული იყო სწორედ კორონავირუსის გამო, ანუ გამოჩნდა მკვეთრი სიჭარბე სხვა ვირუსებთან შედარებით.

თუმცა, მეორე მხრივ, ივანე ჩხაიძე იმასაც ამბობს, რომ ქვეყანაში არ გაზრდილა სამედიცინო დაწესებულებებში (ამბულატორიებსა და კლინიკებში) მიმართვიანობის რაოდენობა, რაც ინფექციების მატების მთავარი მაჩვენებელია:

ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი

„არც პირველად ჯანდაცვაში, არც სტაციონარებში მაღალი მიმართვიანობა ან კორონავირუსის, ან რომელიმე სხვა ინფექციის გამო, არ გაზრდილა, ეს ფაქტია. ანუ კითხვაზე, მოიმატა თუ არა ავადობის მაჩვენებელმა ქვეყანაში, ამაზე პასუხია - არა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი სტაბილურად დაბალი რჩება“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისივე თქმით, ლუგარის ცენტრის მონაცემებით, დღეს, ვირუსული ინფექციების უმეტესობა, მათ შორის კორონავირუსი (ომიკრონი), არის გაციების გამომწვევი ვირუსი და უმეტეს შემთხვევაში, არცერთ მათგანს არ აქვს უნარი, გამოიწვიოს მძიმე დაავადება:

„ 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც ომიკრონი გახდა კორონავირუსის დომინანტი შტამი, კოვიდმა უმრავლეს შემთხვევაში დაკარგა გართულების უნარი. ის უმეტესად არის მსუბუქი დაავადების გამომწვევი“.

უნდა იცოდეს თუ არა ადამიანმა, რომ კოვიდი აქვს?

ამ კითხვას ივანე ჩხაიძე ასე პასუხობს:

„კოვიდი დღეს აღარ არის ის ვირუსი, რომლის შესახებაც მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა აუცილებლად იცოდეს. დღეს რა ვირუსებიც ცირკულირებს ქვეყანაში, არცერთი არ მიეკუთვნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებების რიცხვს. არ იწვევენ გართულებებს. ასე რომ, რომც იცოდე, კოვიდი გაქვს, ეს არც არაფერს შეცვლის.

პაციენტებს, უმრავლეს შემთხვევაში, საავადმყოფოში მკურნალობა არ სჭირდებათ, მათ რაიმე განსაკუთრებული მართვა არ სჭირდებათ. თუკი პაციენტს აქვს სიცხე, უნდა დალიოს სიცხის დამწევი, მიიღოს სითხე, დაიცვას ჰიგიენის წესები, გაანიავოს ის სივრცე, სადაც უწევს ყოფნა“.

იტარებენ თუ არა პაციენტები კოვიდ-ტესტებს და როგორია დადებითობის მაჩვენებელი?

ინფექციონისტი და კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური დირექტორი, მაია ბუწაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მართალია გაცილებით ნაკლები რაოდენობით, მაგრამ დღეს ისევ იტარებენ ლაბორატორიაში PCR ტესტირებას.

ზუსტი სტატისტიკის დასახელება არ შეუძლია, მაგრამ ამბობს, რომ ჩატარებული ტესტების მნიშვნელოვანი ნაწილი დადებითია. მისივე თქმით, იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ხანდაზმულ პაციენტებს სტაციონარში გადაყვანა დასჭირდათ:

მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი

„ბევრი ადამიანი ტესტირებას სახლში იტარებს, მაგრამ ვინც კლინიკაში იკეთებს ტესტს (იგულისხმება აგვისტო-სექტემბრის პერიოდი - რ.თ.), ბევრი დადებითია.

არ მიყვარს ცალკეულ შემთხვევებზე მსჯელობა, მაგრამ დაფიქსირდა უფრო რთული შემთხვევებიც, მაღალი ცხელებით, რამდენიმე ხანდაზმულს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი, მისი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ზოგადად, ეს საკითხი ნამდვილად არის ყურადღების ღირსი, მაგრამ, ჯერჯერობით, თითქოს არ ისმის არაფერი ოფიციალური სტრუქტურებიდან“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.

ისევ შეიძლება კოვიდ-ვაქცინაცია საქართველოში?

არა, დღეს საქართველოში კოვიდ-ვაქცინაცია აღარ არის შესაძლებელი. ქვეყანაში ვაქცინების მარაგი ორ წელზე მეტია ამოიწურა.

თუმცა, სეზონური გრიპის ვაქცინა, რომელიც მორგებული იქნება იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაცაა მოსალოდნელი გრიპის სეზონზე, უფასოდ იქნება და ვაქცინაცია ოქტომბრიდან დაიწყება.

დღეს ევროპის ქვეყნებში კოვიდ-ვაქცინაცია ისევ ტარდება, თუმცა, რეკომენდებულია ძირითადად მაღალი რისკის მქონე მოსახლეობისთვის, ანუ მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემები აქვთ.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) აგრძელებს ვაქცინაციის მაჩვენებლების მონიტორინგს სხვადასხვა ქვეყანაში, ასაკობრივ ჯგუფებსა და ბუსტერ-დოზებზე.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) კი დაამტკიცა Moderna-ს განახლებული ვაქცინა, 2025–2026 წლების სეზონისთვის. ეს ვაქცინა დაამტკიცა აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომაც (FDA).

თუ აღარ გახსოვთ, როგორ დაიწყო კოვიდპანდემია

COVID 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, 2019 წელს დაფიქსირდა. 2020 წლის 11 მარტს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიის დაწყების შესახებ.

WHO-ს ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2024 წლამდე არსებულ მონაცემებს მოიცავს, მსოფლიოში ამ ვირუსით 770 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 7 მილიონზე მეტი.

რაც შეეხება საქართველოს, COVID 19-ის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 2023 წლის მონაცემებით (მას შემდეგ ეს მონაცემები აღარ განახლებულა), საქართველოში ამ ვირუსით დაავადდა 1 მილიონ 900 ათასამდე ადამიანი. გარდაიცვალა 17 151.

2023 წლის 5 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ COVID-19 აღარ არის „გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა“.

თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტებმა თქვეს, რომ ვირუსი არსად გამქრალა, ის დარჩა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად, როგორც სხვა რესპირატორული ვირუსები.