ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, თითქოსდა თანამდებობიდან წასვლა მოითხოვა. როგორც რუსული მედია წერს, ეს უკვე რიგით მეოთხე მსგავსი შემთხვევაა. თუმცა ჩეჩნეთის მეთაურმა მალევე სცადა აეხსნა, რომ მას არასწორად გაუგეს.
წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ჩეჩნეთის მეთაურის ამჟამინდელი თხოვნა ნამდვილად ბადებს კითხვებს. „ნოვაია გაზეტა ევროპას“ მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ გამოძიებაში კვლავ საუბარია კადიროვის ჯანმრთელობის პრობლემებზე. სტატიაში ნათქვამია, რომ კადიროვი ღამეებს საავადმყოფოში ათევს და, რომ პარალელურად თავისი ნათესავები დუბაიში გაჰყავს.
ჩეჩნეთის ლიდერის უფროსმა ქალიშვილმა, აიშატმა უკვე დატოვა სახელმწიფო სამსახური და ბიზნესს დაუბრუნდა, ხოლო კადიროვის ვაჟი, ადამი სახელმწიფო სამსახურში იკეთებს თავბრუდამხვევ კარიერას: ბოლო მონაცემებით, ის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს.
ასევე ნახეთ ადამ კადიროვს მეშვიდე ორდენი მიანიჭეს - ამჯერად ისლამის დაცვისთვისრადიო თავსიუფლების რუსული რედაქცია ძალაუფლების შესაძლო ტრანზიტზე, მოულოდნელ გადადგომებსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მომავალზე ესაუბრა „ნოვაია გაზეტა ევროპას“ ჟურნალისტს, ნადეჟდა იუროვას და ადამიანის უფლებათა დამცველ ალექსანდრ ჩერკასოვს.
რუსული მედია კვლავ წერს ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ავადმყოფობისა და ძალაუფლების სტრუქტურებში მისი საგვარეულო კლანის წევრების შესაძლო გადაადგილებებზე. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის რედაქციის საიტის Kavkaz.Realii-ის თანახმად, 2025 წლის აპრილის მონაცემებით, ჩეჩნეთისა და მთლიანად რუსეთის სამთავრობო ორგანოებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებს რამზან კადიროვის 67 ნათესავი. ამასთან, საუბარია ჩეჩნეთის მეთაურისა და მისი მეუღლის, მედნი კადიროვას მხოლოდ ახლო სანათესაო წრეზე.
ვლადიმირ პუტინისა და რამზან კადიროვის შეხვედრა, 2024 წლის თებერვალი
„ნოვაია გაზეტა ევროპას“ მიხედვით, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის შესახებაც მედია დიდი ხანია წერს, მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ის, სავარაუდოდ, დიდ დროს ატარებს საავადმყოფოში და თან ემზადება თავისი ოჯახის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გასაყვანად. გამოცემის ცნობით, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელსაც ადრე რამზან კადიროვი უძღვებოდა, ახლა ხელმძღვანელობს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მაგომედ დაუდოვი. როგორც გამოცემა წერს, მას თითქმის ყოველთვის ხელში უჭირავს ტყავის საქაღალდე რამზან კადიროვის წინასწარ გამზადებული მისასალმებელი ტექსტით , რომელსაც დაუდოვი შეკრებილ ოფიციალურ პირებს უკითხავს.
ცოტა ხნის წინ რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლა ითხოვა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ „ბევრმა ვერ გაიგო გადადგომის შესახებ ნათქვამი მისი სიტყვების მნიშვნელობა“. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა იგი რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. „მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება - ჩვენს უზენაეს მთავარსარდალს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს“, - დაწერა კადიროვმა თავის Telegram არხზე. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი გეგმავს კრემლში შეხვდეს ვლადიმირ პუტინს.
რას შეიძლება ნიშნავდეს რამზან კადიროვის ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებები და როგორ შეიძლება განვითარდეს მისი კლანის წევრთა პოლიტიკური კარიერა? - ამ კითხვის პასუხად „ნოვაია გაზეტა ევროპას“ ჟურნალისტი ნადეჟდა იუროვა ამბობს:
– კადიროვი ახლა მთელი თავისი სხეულით აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი “ნაჩალნიკი” პუტინია. როგორც ის იტყვის, ისე იქნება. გადადგომის მორიგი მოთხოვნაც, რბილად რომ ვთქვათ, პირველი არ არის. ეს ერთგვარი ფლირტია, რათა პუტინისგან კიდევ ერთხელ მოისმინოს დადასტურება, რომ მას ის სჭირდება, რომ ის კრემლისთვის შეუცვლელია. თუ მისი ქმედებების დიპლომატიურ მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, ეს ნამდვილად ასეა. აპრილში კადიროვი დაესწრო ვლადიმირ პუტინსა და კატარის შეიხს შორის გამართულ მოლაპარაკებებს. ამ მოლაპარაკებებს პუტინისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან რუსეთი ნებისმიერ ფასად ცდილობს სირიაში თავისი სამხედრო ბაზების შენარჩუნებას.
ასევე ნახეთ კადიროვს მოსცხეს? რატომ დუმს ჩეჩნეთის ლიდერი Wildberries-ში მომხდარი სროლის შემდეგკადიროვს კი აქვს ძალიან ძლიერი, კარგად ჩამოყალიბებული კონტაქტებისა და კავშირების ქსელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. კრემლი მის გამოყენებას აგრძელებს. საინტერესოა, რომ კადიროვმა, ამ მოლაპარაკებების დაწყებაში გაწეული სამსახურის სანაცვლოდ ონლაინ-მარკეტპლეისის, Wildberries-ის საკითხის (დაღესტნელ სენატორ სულეიმან ქერიმოვთან მისი კონფლიქტის) წამოწევა დაიწყო. რამზან კადიროვმა, როგორც ჩვენი წყაროები ამბობენ, სავარაუდოდ მოითხოვა მისი ინტერესების გათვალისწინება. კადიროვმა ასევე წამოჭრა ქერიმოვის „ოქროს მაღაროების“ საკითხიც.
იგულისხმება კომპანია „პოლუსი“ - რუსეთში ოქროს მომპოვებელი ყველაზე დიდი კომპანია. ჩვენი წყაროები მიიჩნევენ, რომ კრემლი კადიროვის ხალხს საშუალებას მისცემს, კონტროლი მოიპოვოს ქერიმოვის ოქროს მომპოვებელი კომპანიის ნაწილზე, თუმცა იმ დათქმით, რომ ასე მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კატარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ანუ, კადიროვს მართლაც აქვს დიპლომატიური წონა, - დარწმუნებულია ჟურნალისტი ნადეჟდა იუროვა.
Kavkaz.Realii, რომელმაც ჩეჩნეთის მთავრობაში კადიროვის ნათესავების განახლებული სია გამოაქვეყნა, ვარაუდობს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური ძალაუფლების გადაცემისთვის ემზადება. რედაქცია იხსენებს რამზან კადიროვის სამი უფროსი ვაჟის სწრაფ კარიერულ ზრდას ბოლო ორი წლის განმავლობაში: 19 წლის ახმატი, რომელიც „როსმოლოდიოჟის“ ადგილობრივი ფილიალის თავმჯდომარე იყო, სპორტის მინისტრი გახდა, ხოლო 18 წლის ალი (ელი), რომელიც სპორტულ კლუბ „ახმატს“ ხელმძღვანელობდა, ჩეჩნეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტია.
ასევე ნახეთ ჰარამხანა, ფსბ-თან მეგობრობა, კორუფცია და მკვლელობები. კადიროვის ოჯახი და ვერტიკალიპროექტის თანახმად, ყველაზე სწრაფი კარიერული წინსვლა ჰქონდა 17 წლის ადამ კადიროვს: „ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლედან, ის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, ჩეჩნეთის მეთაურის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გუდერმესში მდებარე „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის“ „კურატორი“ გახდა“, - წერს Kavkaz.Realii.
იმაზე, შესაძლებელია თუ არა ჩეჩნეთში ხელისუფლების ცვლილება და ვინ შეიძლება გახდეს რამზან კადიროვის მემკვიდრე, რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქცია ესაუბრა ადამიანის უფლებათა დამცველს, ალექსანდრ ჩერკასოვს:
– მე ვიტყოდი, რომ ეს იქნება 21 წლის წინანდელისგან ოდნავ განსხვავებული ტრანზიტი. როგორც გვახსოვს, 2004 წლის 9 მაისს, გროზნოში სტადიონზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ახმატ კადიროვი. ამის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა კრემლში მიიღო რამზან კადიროვი და დაიწყო მისი სწრაფი აღმასვლა. ასე რომ, ეს ნამდვილად იყო ტრანზიტი ფედერალური ხელისუფლებიდან ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთ ხელმძღვანელზე. მაშინ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რამზან კადიროვი აკონტროლებდა უსაფრთხოების სამსახურს და არა ის, რომ რამზანი იყო ახმატ კადიროვის შვილი. რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა ოთხიდან ერთ ძალოვან სტრუქტურას, რომელსაც კრემლი იმ დროს შეიარაღებულ იატაკქვეშა დაჯგუფებებთან საბრძოლველად ქმნიდა. შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, რამზანმა მოახერხა ყველა კონკურენტის ჩამოშორება და პუტინისთვის შეუცვლელ საყრდენად ქცევა, რადგან მისი შემცვლელი აღრავინ დარჩა. მერე და მერე მან მხოლოდ გაზარდა თავისი შეუცვლელობა.
ასევე ნახეთ სიკვდილი სტადიონზე. 20 წელი "კადიროვშჩინის" დაწყებიდანკადიროვს აქვს პუტინთან პირდაპირი წვდომა; ამ ნიშნით ის ერთადერთია თავის წრეში. მოსახლეობის, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თვალში კადიროვი კავკასიაში ახალი ომისგან დაზღვევის გარანტორია. არავის სურს მესამე ჩეჩნური ომი. რამზანი როგორღაც მანევრირებდა, მისი ფიგურა ყველგან შეუცვლელი იყო, რადგან ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული მის სიტყვებსა და გარანტიებზე. ამის შემდეგ მან მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი პოლიტიკური და პოლიციური შესაძლებლობები, ხოლო მისმა დიპლომატიურმა ქმედებებმა ახლო აღმოსავლეთსა თუ ჩრდილოეთ აფრიკაში, მისმა კავშირებმა და უკრაინის ომში მისი ხალხის ფართოდ გაშუქებულმა მონაწილეობამ აჩვენა, რომ მისი ერთადერთი უფროსი პუტინია და, რომ ის ბოლომდე მისი ერთგული იქნება.
მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს წიგნის სათაური: „ასე იყო ყოველთვის, ვიდრე არ დასრულდა“. საქმეც იმაშია, რომ ჩეჩნეთში მშვიდობის გარანტად სწორედ რამზან კადიროვი აღიქმება და არა მისი რომელიმე ნათესავი და მოსკოვის განსაკუთრებული ნდობითაც მხოლოდ რამზანი სარგებლობს და არა ვინმე სხვა. და რა იქნება, თუ რუსეთის ორი შეუცვლელი პოლიტიკოსიდან ერთ-ერთს - პუტინს ან კადიროვს - რამე დაემართება? ამიტომ, რა თქმა უნდა, კადიროვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ავად გახდომის ან დაუძლურების შემთხვევაში, მისი ოჯახი დაუცველი არ დარჩეს. თუმცა აშკარაა, რომ ძალაუთლების დათმობისთანავე მას უამრავ ანგარიშს წარუდგენენ. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა ვითარება შეიქნება. ასე რომ, ტრანზიტზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ რეალურად შესაძლებელია თუ არა ეს, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა , - მიაჩნია ალექსანდრ ჩერკასოვს.