„მეც მსმენია ჭორები. ყველანაირ რაღაცას წერენ. მაგრამ, საერთოდაც, მე თავად ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ პოსტიდან. ვინმე სხვას ექნება თავისი ინიციატივები თავისი ხედვა. იმედია, ჩემი თხოვნა მხარდაჭერილი იქნება“, - უთხრა 6 მაისს კადიროვმა Chechnya Today-ს.
კადიროვმა ჩეჩნეთის მეთაურის პოსტი გადაიბარა 2007 წელს - მამის, ახმატ კადიროვის მკვლელობიდან 3 წლის შემდეგ. მას შემდეგ თანამდებობაზეა.
შარშან აპრილში „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც კადიროვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს 2019 წლიდან და ამის გამო ფიქრობს „მემკვიდრის“ დატოვებაზე.
- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რამზან კადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის პოსტის ნებაყოფლობითი დატოვების სურვილის შესახებ აკეთებს განცხადებას.
- მსგავსი განცხადებები მას გაკეთებული აქვს 2017, 2020 და 2022 წლებში - და არც ერთხელ ამ განცხადებებს მისი გადადგომა არ მოჰყოლია.
2025 წლის 31 მარტს კადიროვმა თავისი 17 წლის ვაჟი, ადამ კადიროვი ჩეჩნეთის პოლიციის ზედამხედველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორად დანიშნა.
უფროს, 19 წლის ვაჟს, ახმატ კადიროვს კი - რომელიც სპორტის მინისტრია - 20 აპრილს „გროზნოს საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭა.
ჩეჩნეთის მმართველები სრულიად კადიროვის ოჯახის წევრებითა და ნათესავებით არის დაკომპლექტებული. Caucasian Knot-ის ცნობებით, 2018 წლის მონაცემებით, მაღალი რანგის პირთა თითქმის მესამედი მისი ნათესავია, 23% მისი მშობლიური სოფლიდანაა, დანარჩენი კი მისი მეგობრები არიან.
ამასთან, რუსული დამოუკიდებელი მედია იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინისა და რამზან კადიროვის ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა. გამოცემა „ვაჟნიე ისტორიის“ ("Важные истории") ცნობით, ამის მიზეზი გახდა ჩეჩნეთის ლიდერის საიდუმლო მოლაპარაკებები არაბულ ქვეყნებთან, რომლებთანაც კადიროვი სავარაუდოდ განიხილავს თავისი ოჯახის უსაფრთხოებისა და აქტივების გადარჩენის გარანტიებს.
ფორუმი