ირენა სხირტლაძე, "ირკა" - 16 წლის მედდა ვარშავის აჯანყებიდან

თბილისში, ყაზბეგის და უნივერსიტეტის გზებს შორის ერთი პატარა ქუჩაა, რომელიც ირენა (ირინა) სხირტლაძის სახელს ატარებს - ეს “ირკაა”, ვარშავის 1944 წლის აჯანყების მონაწილე და იმავე დღეებში დაღუპული 16 წლის ქართველი გოგო - დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ყოფილი იუნკრის, შემდეგ კი, პოლონეთის არმიის ოფიცრის, კატინში დახვრეტილი მფრინავის - კაპიტან არკადი სხირტლაძის ქალიშვილი.

,,ირენა სხირტლაძე, ირკა, 16 წლისა. დაიღუპა 1944 წლის 14 სექტემბერს. ბატალიონი ,,პარასოლი” - აწერია მისი საფლავის ქვას ვარშავის პოვონსკის სამხედრო სასაფლაოზე.

ეს ის ირენაა, რომელსაც ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობისას გამოჩენილი სიმამაცისთვის, პოლონეთის დაცვის საბჭოს მიერ დაწესებული "მამაცთა ჯვრის" მედლით დააჯილდოვებენ - სიკვდილის შემდეგ.

ირენა სხირტლაძე, ირკა - ფოტო დავით ყოლბაიას კოლექციიდან

ჩვენი ,,ირკა” - მედდა ბატალიონ ,,პარასოლიდან”

ირენა სხირტლაძე 1928 წლის 7 აპრილს, ლვოვში დაიბადა - ამ ქალაქში ცხოვრობდნენ თავიდან მისი მშობლები, არკადი სხირტლაძე და იანინა კიჩინსკა. ირენა მათი პირველი, უფროსი ქალიშვილი იყო, რომელმაც ბავშვობა ქალაქ დებლინში გაატარა, სწორედ იქ, 1937-1939 წლებში, საჰაერო ძალების სასწავლო ცენტრში სახელად „არწივის მართვეები“, მუშაობდა არკადი სხირტლაძე მფრინავ-ინსტრუქტორად.

“ეს მათი ყველაზე ბედნიერი წლები იყო”, - იტყვის დებლინში გადაღებული ფოტოების თვალიერებისას წლების შემდეგ, უკვე ასაკში მყოფი ირენას და, ქრისტინა - პოლონელი რეჟისორის, იერჟი ლუბახის, დოკუმენტურ ფილმში, რომლის სცენარიც ქართველ ისტორიკოსსა და მკვლევარს, დავით ყოლბაიას ეკუთვნის.

1943 წელს (ამ დროს არკადი სხირტლაძე უკვე ცოცხალი აღარ არის), ირენა დედასთან და უმცროს დასთან ერთად საცხოვრებლად ვარშავაში გადადის და იქ ქართველ მასწავლებელთან იწყებს სიარულს ენის უკეთ შესასწავლად.

16 წლის ირენა ვარშავაშივე უერთდება ანტიფაშისტურ მოძრაობას და მალე ვარშავის ცნობილი აჯანყების მონაწილე ხდება.

არკადი სხირტლაძის პასპორტი

1944 წლის აგვისტოში, აჯანყების დაწყების პირველივე დღეებში, ის პოლონეთის წინააღმდეგობის არმია „კრაიოვას“ რიგებში მოხალისედ ჩაეწერა - ბატალიონ “პარასოლის” (რაც ქართულად ქოლგას ნიშნავს) მეკავშირედ და სანიტრად. ფსევდონიმად - “ირკა” აირჩია. ამ ბატალიონთან ერთად იყო ბოლომდე, სექტემბრის იმ დღემდე, როცა ლუდნას ქუჩაზე, თანამებრძოლის დახმარების მცდელობისას გერმანელების ნასროლი ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრა.

სექტემბრის იმ დღეებში, სწორედ ეს უბანი იყო აჯანყებულებსა და გერმანელებს შორის შეტაკებების ეპიცენტრი.

ვარშავის აჯანყება - 1944 წლის 1 აგვისტოს, პოლონელი ხალხი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ამხედრდა და ასე დაიწყო “ვარშავის აჯანყებად” ცნობილი 63 სისხლიანი დღის ისტორია. პოლონეთის დედაქალაქი ნაცისტებმა სასაკლაოდ გადააქციეს და მიწასთან გაასწორეს. “ვარშავის აჯანყებას” 20 ათასი არმიელისა და ათობით ათასი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ის ვინც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, ქალაქიდან განდევნეს. ხოლო ვარშავა, ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, მიწასთან გაასწორეს. საბჭოთა წითელმა არმიამ, რომელიც ამ დროს ვარშავის კართან იდგა, არაფერი გააკეთა პოლონელების დასახმარებლად.

სიკვდილის შემდეგ, ირენა სხირტლაძე, ბრძოლის ველზე გამოჩენილი სიმამაცისათვის, “მამაცთა ჯვრის” მედლით დააჯილდოვეს და თავისი თანამებრძოლების გვერდით, ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალეს.

მისი სიკვდილიდან 33 წლის შემდეგ, 1977 წლის ივლისში, მისი დედა და უმცროსი და, თავის მეუღლესა და ვაჟთან ერთად, საქართველოში ჩავიდნენ.

ირენამ სამშობლოში ჩასვლის სურვილი ვერ აიხდინა.

იანინა შვილებთან ერთად, კადრი იერჟი ლუბახის დოკუმენტური ფილმიდან

ირკას სახელი ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის ერთმა ცნობილმა ლექსმა “ირინოლამაც” შემოინახა. ლექსის ცნობილი ფრაზა “საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”, სწორედ ირენა სხირტლაძეზეა.

ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის კავკასიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი,ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დავით ყოლბაია გვეუბნება, რომ ირენა სხირტლაძის ამბავი ჯანსუღ ჩარკვიანმა პოლონელი ქართველოლოგის, ივანე ბრაუნისგან მოისმინა, რომელიც 1956 წელს სტუმრად იყო საქართველოში. მონათხრობი ლექსის შთაგონებად იქცა.

აი, ერთი სტროფი ლექსიდან:

“პოვონსკაში თეთრი გორა მოუჩითავთ გვირილებს,

ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინე.

აჯანყდა და მტერი ხოცა, ბინად ჰქონდა სანგარი,

საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი…”

ძველი საოჯახო ალბომი საჩუქრად

დავით ყოლბაია უკვე ბევრი წელია იკვლევს და მისდევს პოლონეთში გადახვეწილი ქართველების კვალს, მათ შორის, იმ სამხედროებისაც, ვინც იქ 1921 წლის ემიგრაციის შემდეგ ჩავიდნენ - ის ამ თემაზე დაწერილი არაერთი პუბლიკაციის ავტორია, ქართველი სამხედროების (და არა მხოლოდ მათი) ამბები იბეჭდებოდა ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კვლევების ჟურნალში „პრო გეორგია“.

პოლონეთში ქართული ემიგრაციის 1921-1939 წლების პერიოდს მიეძღვნა მისი წიგნიც.

დავით ყოლბაიას წიგნი პოლონეთში ქართულ ემიგრაციაზე

ყველაფერი კი დაიწყო წლების წინ, როცა ისტორიკოსთან უცნობი ხანშიშესული ქალი მივიდა და ძველი საოჯახო ალბომი მიუტანა - ალბომში ფოტოების ნაწილს წარწერა ახლდა, ნაწილს არა. ზოგი ფოტოდან ნაცნობი სახე შემოჰყურებდა, უმრავლესობა კი მისთვის უცნობი ადამიანი იყო. მას შემდეგ დავით ყოლბაია 17 წლის განმავლობაში იკვლევდა ფოტოზე გამოსახული ადამიანების ვინაობას, ეძებდა მათ საფლავებს. სხირტლაძეების ოჯახის ამბავიც პირველად მაშინ შეიტყო.

“მაშინ, ეს თემა, ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვისაც ახალი იყო. ამაზე არავინ წერდა, პოლონეთში ჩასული ქართველი სამხედროების საკითხს მაშინ არც იკვლევდნენ. საქართველოში ამ ამბებს ტაბუ ედო...ასე ნელ-ნელა დავიწყე მათზე ინფორმაციის შეგროვება და მათი ვინაობების დადგენა, საფლავებიც ვიპოვეთ... პოლონეთში წელიწადში ერთხელ მიცვალებულთა დღე აღინიშნება, როცა ყველა თავისი ახლობლის საფლავზე მიდის. ამ ხალხს აქ არავინ ჰყავდა პატრონი - ამიტომ, ამ დღეს, მე სტუდენტები მიმყავდა ხოლმე სასაფლაოზე და იქ ვატარებდით ლექციას“, - იხსენებს დავით ყოლბაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ასე კვლევა-ძიებით მიაგნეს არკადი სხირტლაძის ოჯახის შთამომავლებსაც.

იერჟი ლუბახის ფილმში ირენა სხირტლაძის და, ქრისტინა, მისი მშობლების შეხვედრის ამბავსაც ჰყვება - პირველად მათ ერთმანეთი ქალაქ კოველში უნახავთ:

“დედაჩემი ქერა ქალი იყო. მამაჩემი ყვავივით მუქი ფერის. ერთი დანახვით დედას მამა არ მოეწონა. მაგრამ მამამ წერილი მისწერა და ცოლობა სთხოვა - პირისპირ თქმა ვერ გაუბედა, უარის შეეშინდა... 1927 წელს დაქორწინდნენ..”

არკადი და იანინა

ამ ფილმში ქრისტინა იმასაც იხსენებს, რომ როდესაც ომი დაიწყო, მამამ ისინი ომს შედარებით უსაფრთხო ადგილას გაარიდა და მეუღლეს ომის დასრულებამდე იქ დარჩენა სთხოვა. ეგონა, რომ ომი 2-3 თვეში დასრულდებოდა. მაგრამ არკადის პოლონელი მეუღლე იქ არ გაჩერდა. ქრისტინა ჰყვება:

„ბრესტამდე ჩავაღწიეთ, სადაც დედამ მატარებლის ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა საბჭოთა ჯარისკაცების მიერ დატყვევებული პოლონელი ოფიცრები, ოღონდ უნიფორმებზე სამხედრო ნიშნების გარეშე, ეს საშინელი სანახაობა იყო. დედამ სიტყვაც ვერ თქვა. და უცებ ამ ოფიცრებს შორის მამაჩემი შენიშნა. ჩუმად იყო, რადგან რუსებს რომ გაეგოთ, რომ ჩვენ მისი ოჯახი ვიყავით, ბანაკში გაგვაგზავნიდნენ“...

"ირენა და მარო ჰგვანან ერთმანეთს"

ირენა სხირტლაძის სიკვდილიდან თითქმის 80 წლის შემდეგ, ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე ირენას საფლავის მონახულება ქართველმა ფემინისტმა მწერალმა სალომე ბენიძემაც გადაწყვიტა და იასამნისფერი მიხაკებით ირკას საფლავს მიადგა.

სალომე გვიყვება, რომ ვარშავის ამ უზარმაზარ სასაფლაოზე გზის გაკვლევა არ აღმოჩნდა ადვილი, თუმცა, როგორც კი სასაფლაოს ადმინისტრაციაში სიტყვა "პარასოლი" და საქართველო ახსენა, მაშინვე მიხვდნენ, ვისაც ეძებდა, შიდა ტრანსპორტში ჩასვეს და ირკას საფლავთან მიიყვანეს.

ირენა სხირტლაძის საფლავი ვარშავის სამხედრო სასაფლაოზე

სალობე ბენიძისთვის, რომელიც მარო მაყაშვილზე დაწერილი პიესა “მაროს”, ავტორიცაა, ირენა სხირტლაძეც ის სახელია, რომელიც ერთ დღეს მის პერსონაჟად აუცილებლად იქცევა.

ვარშავამ მაშინ უცნაური განცდა დამიტოვა - ეგეთი სული თავისუფლების ძალიან ცოტა ქალაქს შეიძლება ჰქონდეს იმის გამოც, რაც ამ ქალაქს თავს გადახდა მეოცე საუკუნეში და რისი ნაწილიც ირენა სხირტლაძეც გახდა. ირენა მართლაც რაღაცით ჰგავს მარო მაყაშვილს - ისიც პატარა იყო, როცა ბრძოლაში ჩაება, მასაც არ ეშინოდა და იცოდა, რისთვის იბრძოდა, ისიც მედდა იყო”.

სალომე ბენიძის აზრით, არც ირენა სხირტლაძის მიერ არჩეული გზა უნდა იყოს შემთხვვითი და მის არჩევანზე - ბოლომდე ებრძოლა, დიდი ალბათობით, გავლენა მისმა მემკვიდრეობამაც მოახდინა:

"რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ირენას მეხსიერებაში ძალიან ცოცხალი იქნებოდა მამამისის სახეც, კატინის ამბავიც და ბევრი სხვა რამ. ირენა თავად ცხოვრობდა ვარშავის აჯანყებაში - ეგ კი, ალბათ, ის მოცემულობაა, როცა, თუ მორალურ კომპასსაც ასწორებ, დიდი არჩევანი არც გაქვს, ასეთ დროს რა უნდა გააკეთო. რეალობას მიჰყავხარ მაგ გზით და გარდა ამისა, იცი - თუ არაფერს გააკეთებ, ეს შენი რეალობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. მგონია, რომ ასე იყო ირენა სხირტლაძეც“.

სალომე ბენიძისთვის “პარასოლის” 16 წლის მამაცი გოგოს ამბის, მისი მამის და მთელი მათი ოჯახის პოლონური თავგადასავლის შემონახვა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ, ხშირად, “ომს მართლაც არა აქვს ქალის სახე”, ხოლო პატრიარქალურ კულტურებში ქალების ისტორიები უკვალოდ ქრება ხოლმე.

არკადი სხირტლაძე მფრინავის ფორმაში

"არკადიუს" - კატინის ტრაგედიას შეწირული მფრინავი

ირენა სხირტლაძის ამბავი, ერთგვარად, მისი მამის - არკადი სხირტლაძის ამბის გაგრძელებაცაა. 19 წლის იუნკრის ემიგრაცია 1921 წელს იწყება. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმების და საქართველოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ, როცა საქართველო მაშინდელმა სამხედრო და პოლიტიკურმა ელიტამ დატოვა.

არკადიუს - ამ სახელით გვხვდება ხოლმე არკადი სხირტლაძე პოლონურ წყაროებში.

იუნკრები -1919 წელს, გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების დადგენილებით, თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ. სამხედრო ხელოვნებას ეუფლებოდა სულ 182 იუნკერი («უნკერ» გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფიცერს ნიშნავს). ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა. სკოლის პირველი უფროსი გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო. მას შემდეგ, რაც გენერალი კვინიტაძე საქართველოს ჯარის მთავარსარდლად დაინიშნა, სკოლას სათავეში ჩაუდგა მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე.

პოლონეთში ის ჯერ ბიდგოშჩის სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა და შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში. პოლონეტში მყოფი სამხედრო ოფიცრებიდან მფრინავობა მხოლოდ არკადიმ აირჩია…

მერე მეორე მსოფლიო ომის დაიწყო. არკადი სხირტლაძე 1939 წლის სექტემბერში, დებლინის აეროპორტზე გერმანელების საჰაერო შეტევის დროს დაიჭრა. სხვა დაჭრილ მეომრებთან ერთად ისიც გაარიდეს ფრონტის წინა ხაზს და ჯერ ვარშავაში, შემდეგ კი უფრო აღმოსავლეთით გადაიყვანეს, თუმცა, დაცული არც იქ აღმოჩნდა.

პოდპოლკოვნიკი ვიტალი უგრეხელიძე ქართველი ოფიცრების თანხლებით. მათ შორის (მარცხნიდან) არკადი სხირტლაძე. ფოტო დავით ყოლბაიას კოლექციიდან

1939 წლის 17 სექტემბერს, პოლონეთს აღმოსავლეთიდან უკვე საბჭოთა კავშირი დაესხა თავს და კაპიტანი სხირტლაძე ბრესტის მისადგომებთან წითელარმიელებს ჩაუვარდა ტყვედ. როგორც ისტორიკოსი დავით ყოლბაია გვიყვება, ის, სხვა ტყვეებთან ერთად კოჟელსკის „НКВД“-ს (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) სპეციალურ ბანაკში მოათავსეს.

საბჭოელების ხელში პოლონეთის არმიის ქართველი მფრინავის ტყვეობა ერთ წელს გაგრძელდა - 1940 წლის გაზაფხულამდე, სანამ 20 000-ზე მეტ პოლონელ სამხედრო ტყვესთან ერთად, სტალინის პირადი ბრძანებით არ დახვრიტეს.

ეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ისტორიაში „კატინის ტრაგედიის“ სახელით შევიდა.

სამხედრო ტყვეების დიდი ნაწილი კატინის ტყეშივე დახვრიტეს.

ნაწილი კი, და მათ შორის, სავარაუდოდ, არკადი სხირტლაძეც, როგორც დავით ყოლბაია გვიყვება, ჯერ ბანაკიდან გაიყვანეს, გადაიყვანეს მოსკოვში, დაკითხეს, აწამეს, გაასამართლეს როგორც "სამშობლოს მოღალატეები" და ან ლუბიანკის ციხეში მოკლეს, ან შესაძლოა, დახვრიტეს მოსკოვის გარეთ, ე.წ. "კომუნარკას" პოლიგონზე.

კატინის ტრაგედია - 1940 წლის 13 აპრილს, სტალინის ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე დატყვევებული 22 ათასამდე პოლონელი სამხედრო პირი და ინტელიგენციის წარმომადგენელი. მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე ოფიცერი. პოლონელი სამხედროები სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში დახვრიტეს - აქედან იღებს სათავეს ტერმინი „კატინის ტრაგედიაც“, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლონელი სამხედროები სიკვდილით დასაჯეს ასევე დასავლეთ უკრაინასა და აღმოსავლეთ ბელარუსში მდებარე სხვა საბჭოთა საიდუმლო ციხეების მახლობლად, ტერმინები „კატინის ხოცვა-ჟლეტა“ თუ „კატინის სასაკლაო“ 1940 წლის აპრილ-მაისში საბჭოთა კავშირში დახვრეტილ ყველა პოლონელ მოქალაქეს გულისხმობს. ეს ფაქტი დიდხანს იყო უცნობი, ვიდრე 1943 წლის აპრილში, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მეორე წლისთავზე, ნაცისტურმა გერმანიამ არ განაცხადა, რომ კატინის ტყეში ნაპოვნ მასობრივ სამარხში, შესწავლის შედეგად, საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მიერ დახვრეტილი პოლონელი სამხედროების გვამები აღმოჩნდა.

ასევე ნახეთ „კატინის ტრაგედია“ - უბოდიშო ტყუილი და მოუშუშებელი ჭრილობა 

ქართველი იუნკრები

ქართველი სამხედროების გზა პოლონეთისკენ

პოლონეთში გადახვეწილ ქართველ სამხედროებს, როგორც ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე გვიყვება, საქართველოდან ემიგრაციისას სჯეროდათ, რომ წასვლის მიზანი ადრე თუ გვიან სამშობლოში დაბრუნება და რუსების იქიდან გაყრა იყო, მაგრამ ამისთვის ემიგრაციაში უნდა დასაქმებულიყვნენ, ესწავლათ, სამხედრო ცოდნა გაეუმჯობესებინათ.

თავიდან იუნკრების ნაწილი ათენის სამხედრო აკადემიაში მოაწყვეს, მაგრამ რადგან მათ პოლონეთმა უკეთესი პირობები შესთავაზა, პოლონეთში გადავიდნენ, სადაც მათ პოლონური სამხედრო სასწავლებლები დაამთავრეს და სამსახურიც პოლონურ არმიაში გააგრძელეს.

არკადი სხირტლაძეც მათ შორის იყო.

1921 წელს თავადაც ემიგრაციაში წასული იუნკერი ნიკოლოზ მათიკაშვილი თავის ჩანაწერებში აღწევს როგორ მიდიან ქართველები სტამბოლიდან ვარშავისკენ ბულგარეთის ნავსადგურ “ბურგასის” და მერე რუმინეთის ტერიტორიების გავლით - ჯერ გემით და შემდეგ მატარებლით.

“ჩვენი ვარშავაში ჩასვლა პოლონეთისთვის სამწუხარო დღეებს დაემთხვა. ჩვენი ჩასვლის წინა დღეს, სამხატვრო გამოფენის დათვალიერებისას მოეკლათ პოლონეთის I პრეზიდენტი ნარუტო გაბი.. ქუჩებში თეთრწითელი დროშები თავდაყირა ეკიდა... ხალხი თავჩაღუნული, ჩაფიქრებული და სევდიანი მიმოდიოდა. ქუჩები და შენობები თოვლით იყო დაფარული, ციოდა. სადგურზე დაგვხვდნენ და ტრამვაით სამხედრო სკოლაში მიგვიყვანეს რამდენიმე სკოლის ოფიცერმა და ჯარისკაცულ ფორმაში გამოწყობილმა ჩვენმა ქართველმა ამხანაგებმა. აქაც, როგორც საბერძნეთში, პატივით მიგვიღეს, დროებით საავადმყოფოში მოგვათავსეს. სამხედრო ტანსაცმელი გადაგვაცვეს, ოცეულათ მოგვაწყეს, მწვრთნელი ოფიცრები დაგვინიშნეს და ჩვენ წრთვნასა და სწავლებას შეუდგნენ”...

ასევე ნახეთ „უკანასკნელი იუნკერის“ ჩანაწერები: ნიკოლოზ მათიკაშვილი

ალექსანდრე ლორთქიფანიძის დოკუმენტურ ფილმში “ქართველები პოლონეთში”, პოლონეთის ავიაციის პოლკოვნიკი თადეუშ კშონსტეკი ჰყვება, რომ პოლონეთის არმიაში ქართველი სამხედროების დიდი ნაწილი - ქვეითი იყო, მცირე რაოდენობა იყო არტილერიასა და კავალერიაში და მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ავიაციაში: კაპიტანი არკადი სხირტლაძეო.

კშონსტეკი ამ ფილმში ახსენებს ირენა სხირტლაძესაც და ჰყვება, რომ როცა გოგონა მძიმედ დაიჭრა, ის თანამებრძოლებმა სარდაფში დამალეს. ერთ-ერთი მათგანი, ისიც მეკავშირე, მოგვიანებით იხსენებდა, რომ მან ირკას წითელი ჯვრის სახვევი, მედდის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი დაუტოვა იმ იმედით, რომ გერმანელები მას ამ ნიშნის გამო მაინც არ გაწირავდნენ, თუმცა ამ სახვევმა ირკა ვერ გადაარჩინა.