ავტორები: მაიკლ სკოლონი, კობა ლიკლიკაძე
მიუხედავად იმისა, რომ 80 წელია გასული მას შემდეგ, რაც სტალინის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე დატყვევებული 22 ათასამდე პოლონელი სამხედრო პირი და ინტელიგენციის წარმომადგენელი, „კატინის ტრაგედიის“ შესახებ უბოდიშო პროპაგანდა რუსეთის საინფორმაციო სივრცეში კვლავ ცდილობს დაუპირისპირდეს ისტორიულ სიმართლეს და რუსეთის ხელისუფლების პოზიციას, რომელიც „კატინის ხოცვა-ჟლეტას სტალინური რეჟიმის სასტიკ დანაშაულად“ აღიარებს.
სისხლიანი ისტორია
1939 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიას შორის ხელმოწერილი თავდაუსხმელობის ხელშეკრულებისა და ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის საიდუმლო პაქტის ხელმოწერის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში ასობით ათასი პოლონელი ჯარისკაცი და ოფიცერი აღმოჩნდა დატყვევებული საბჭოთა არმიის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ პოლონეთის ტერიტორიაზე.
მოსკოვმა მათი უმრავლესობა ან გაათავისუფლა, ანდა გადასცა გერმანელებს, რომლებსაც დასავლეთი პოლონეთი ჰქონდათ ანექსირებული. მიუხედავად ამისა, ათასობით პოლონელი სამხედრო კვლავ რჩებოდა სმოლენსკში, კალინინსა და ვოროშილოვგრადში (დღევანდელი ლუგანსკი) მდებარე საბჭოთა საიდუმლო პოლიციის (НКВД) ციხეებში.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეექვსე თვეზე სტალინის წინაშე დადგა ამოცანა, გადაეწყვიტა პოლონელი ტყვეების საკითხი, რასაც საკმაოდ მუქ ფერებში ხატავდა საბჭოთა საიდუმლო პოლიციის შეფი, ლავრენტი ბერია.
1940 წლის 5 მარტს ბერია სწერდა სტალინს: „(...) სამხედრო ტყვეების ბანაკებში (ჯარისკაცებისა და უნტეროფიცრობის ჩაუთვლელად) ამჟამად არის 14 736 ყოფილი ოფიცერი, ჩინოვნიკი, მიწათმფლობელი. (...) 97 %-ზე მეტი პოლონური ეროვნებისაა. (...) დასავლეთ უკრაინის და დასავლეთ ბელორუსიის ციხეებში მოთავსებულია კიდევ 10 685 პოლონელი. (...) გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან საბჭოთა მთავრობის გამოუსწორებელი მტრები, სსრკ-ის შინსახკომი მიიჩნევს საჭიროდ, (...) მათი საქმეები იქნეს განხილული განსაკუთრებული სახით და მათ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სიკვდილით დასჯა“.
იოსებ სტალინმა გადაწყვიტა, რომ პრობლემის გადაჭრის ჩვეული მეთოდით ემოქმედა, ამბობს ონჟეი ნოვაკი, პოლონელი ისტორიკოსი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
„1939 წლის 5 მარტს ბერიას მოხსენების საფუძველზე, პოლიტბიურომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება 22 ათასამდე ადამიანის დახვრეტის შესახებ“, - განაცხადა ონჟეი ნოვაკმა.
1940 წლის აპრილ-მაისში იოსებ სტალინის ბრძანებით მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შინსახკომი) დახვრიტა 21 857 პოლონელი სამხედრო და ინტელექტუალი, ხოლო მათი ოჯახები გადაასახლეს ციმბირსა და ყაზახეთში.
პოლონელი სამხედროები სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში დახვრიტეს და აქედან იღებს სათავეს ტერმინი „კატინის ტრაგედია“, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პოლონელი სამხედროები სიკვდილით დასაჯეს ასევე დასავლეთ უკრაინასა და აღმოსავლეთ ბელორუსიაში მდებარე სხვა საბჭოთა საიდუმლო ციხეების მახლობლად, ტერმინები „კატინის ხოცვა-ჟლეტა“ თუ „კატინის სასაკლაო“ 1940 წლის აპრილ-მაისში საბჭოთა კავშირში დახვრეტილ ყველა პოლონელ მოქალაქეს გულისხმობს.
ეს ფაქტი დიდხანს იყო უცნობი, ვიდრე 1943 წლის აპრილში, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მეორე წლისთავზე, ნაცისტურმა გერმანიამ არ განაცხადა, რომ კატინის ტყეში ნაპოვნ მასობრივ სამარხში, შესწავლის შედეგად, საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მიერ დახვრეტილი პოლონელი სამხედროების გვამები აღმოჩნდა.
მაგრამ სულ მალე, წითელი არმიის მიერ სმოლენსკის გათავისუფლების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ, სამარხში აღმოჩენილი გვამების ექსჰუმაციის ჩატარების საფუძველზე, დაადგინა, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტა თავად ნაცისტების მიერ იყო მოწყობილი.
სწორედ ეს დასკვნა დაედო საფუძვლად დეზინფორმაციასა და ტყუილს, რომელსაც კატინის ტრაგედიის შესახებ 50 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ავრცელებდა საბჭოთა კავშირი.
ბოდიში, სინანულის გარეშე
ვითარება უცვლელი იყო 1990 წლის აპრილამდე, ვიდრე საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, მიხაილ გორბაჩოვმა, არ აღიარა კატინის ხოცვა-ჟლეტაში კრემლის პასუხისმგებლობა, რაც სააგენტო „იტარ-ტასმა“ გაავრცელა“.
ამას მოჰყვა რუსეთის სამხედრო პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება, რომელიც თავიდან წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ 2004 წელს გამოძიება შეწყდა, ხოლო თავის დროზე პრეზიდენტ ბორის ელცინის მიერ დეკლასიფიცირებულ საარქივო დოკუმენტებს მალე კვლავ საიდუმლოების გრიფი მიენიჭა.
ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2010 წლის 26 ნოემბერს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მიიღო დეკლარაცია „კატინის ტრაგედიისა და მსხვერპლის“ შესახებ, რომელშიც აღიარებულია, რომ კატინის ტყეში პოლონელი მოქალაქეები დახვრიტეს სტალინის პირდაპირი ბრძანების საფუძველზე და რომ ეს სტალინური რეჟიმის დანაშაულია. ამით უარყოფილ იქნა საბჭოთა პროპაგანდის მიერ ნასაზრდოები მითი, თითქოს კატინის დანაშაული ნაცისტებს ჩაედინოთ.
სახელმწიფო სათათბიროს დეკლარაციას და ასევე რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის, განცხადებას, რომ კატინის ტრაგედია ეს იყო „სტალინისა და მისი დამქაშების დანაშაულებრივი მოქმედების შედეგი“, კმაყოფილებით შეხვდნენ ვარშავაში, რომლისთვისაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე იყო ამ ტრაგედიის შესახებ სიმართლის დადგენა.
მაგრამ ხაზგასასმელია ერთი ნიუანსი. როდესაც 2010 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ზემოხსნებული დეკლარაცია მიიღო „კატინის ტრაგედიაში“ სტალინის დანაშაულებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რუსი პარლამენტარები ფიქრობდნენ, რომ მხარეები, რუსეთი და პოლონეთი, ამით საბოლოოდ დაუსვამდნენ წერტილს მრავალწლიან დისკუსიას.
„ჩვენ არ გვსურს, რომ კატინის პრობლემა კვლავ იყოს შიდა და საერთაშორისო დისკუსიის თემა. ჩვენ გვსურს, რომ ეს საკითხი დაიხუროს“, - განაცხადა მაშინ კონსტანტინ კოსაჩევმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა.
მაგრამ ბოლო წლებში კვლავ მთელი სისრულით გამოჩნდა, რომ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ეს ჭრილობა კვლავაც მოუშუშებელია და მასზე მარილის მოყრას ბევრი ცნობილი რუსი პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი ცდილობს.
მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ 2012 წელს რუსეთი დაადანაშაულა კატინის ტრაგედიის მსხვერპლთა ჭირისუფლების უფლებათა დარღვევაში და მოსთხოვა მოსკოვს 1990-2004 წლებში ჩატარებული საგამოძიებო მასალების გასაჯაროება, ზოგიერთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ გორბაჩოვისა და ელცინის მიერ დეკლასიფიცირებული ისტორიული დოკუმენტები საერთოდ „ფეიკია“.
რუსეთის საინფორმაციო სივრცეში კვლავ ცოცხალია საბჭოთა კავშირის დროინდელი ძველი არგუმენტი, თითქოს საბჭოთა საიდუმლო პოლიცია (НКВД) არ იყენებდა იმ კალიბრის ტყვიებს, რომლებითაც პოლონელები აღმოჩნდნენ დახვრეტილი.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტმა დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა, 2020 წლის იანვარში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ კატინის ხოცვა-ჟლეტა არასოდეს ყოფილა დადასტურებული, ხოლო ბერიას წერილი „ნაღდი ფეიკია“.
რაც შეეხება ბოდიშს, კომუნისტი დეპუტატი აცხადებს, რომ ბოდიში პოლონეთს აქვს მოსახდელი რუსეთისათვის 1919-1920 წლების პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს პოლონურ ბანაკებში მრავალი რუსი სამხედრო ტყვის სიკვდილის გამო.
რუსი დეპუტატის აზრს იზიარებს კრემლთან დაახლოებული ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთს პოლონეთთან საბოდიშო და თავის სამართლებელი არაფერი აქვს.
„თუ პოლონეთის ისტორიაში არ არსებობს შავი ლაქები, მაშინ ის არ არსებობს არც ჩვენს ისტორიაში. თუ პოლონეთს არაფერი აქვს ჩვენთან საბოდიშო, მაშინ არც ჩვენ გვაქვს რამე საბოდიშო არც პოლონეთთან და არც სხვებთან, მათ შორის - არც კატინისთვის“, - აცხადებს რუსი ჟურნალისტი.