ამბობს რურის უნივერსიტეტის პროფესორი და ვაშინგტონის ვილსონის ცენტრის მკვლევარი, სიორენ ურბანსკი. მისი ბოლო წიგნი: „შორეული მეზობლები: ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის მოკლე ისტორია“ ორ ქვეყანას შორის ოთხსაუკუნოვან რთულ ურთიერთობებს მიმოიხილავს.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ურბანსკი საუბრობს იმაზე, რატომ არის პეკინსა და მოსკოვს შორის გაფორმებული „ულიმიტო პარტნიორობა“ ფუნდამენტურად ფასადური შეთანხმება, რომელიც უფრო მოსახერხებლობაზეა დაფუძნებული, ვიდრე ნდობაზე. ის მიუთითებს მზარდ ასიმეტრიაზე ორ ქვეყანას შორის, საუბრობს მათ განსხვავებულ, ხშირად კი ურთიერთგამომრიცხავ ინტერესებზე უკრაინაში, არქტიკასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის იმაზეც, თუ რას მოასწავებს ჩინეთის მზარდი გავლენა იმ რეგიონებში, რომლებიც ტრადიციულად რუსეთის გავლენის ზონად მიიჩნეოდა – საქართველოს ჩათვლით.
"შესაძლოა, ჩინეთის შემოსვლა კავკასიაში მოსკოვსა და პეკინს შორის მომავალი დაპირისპირების ნიადაგიც გახდეს."
რადიო თავისუფლება: მოდით, იმ ორივე მხარისათვის ხელსაყრელი გარიგებითა თუ გეოპოლიტიკური ქორწინებით დავიწყოთ, რამაც რუსეთი და ჩინეთი მოკავშირეებად აქცია – რა უდევს საფუძვლად ამ გარიგებას?
სიორენ ურბანსკი: ამ ეტაპზე, ალიანსს საფუძვლად უდევს სტრატეგიული მიზნების თანხვედრა: ჩინეთიცა და რუსეთიც მთავარ მოწინააღმდეგედ ამერიკის შეერთებულ შტატებს აღიქვამენ. ორივე ეწინააღმდეგება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ლიბერალურ წესრიგს და საკუთარ თავს უფრო იმპერიული მემკვიდრეობის ჭრილში აღიქვამს, მოდელისა, რომელიც გავლენის სფეროებზეა დაფუძნებული. ორივეს აქვს თავისი „ახლო აღმოსავლეთი“, რუსულ ტერმინს თუ ვიხმართ: ჩინეთისთვის ეს ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვას მოიცავს, რუსეთისთვის – უკრაინასა და პოსტსაბჭოთა სივრცეს. ეკონომიკურადაც, ეს ურთიერთობა ორივესთვის მომგებიანია – სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი თითქმის ყველაფერში დამოკიდებული გახდა ჩინეთზე: იქნება ეს მანქანები, ორმაგი დანიშნულებისა თუ მრეწველობისთვის საჭირო ტექნიკა. ჩინეთი კი სარგებელს იღებს ნედლეულის დაბალი ფასებით, იღებს მისთვის ფრიად საჭირო სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციას დასავლეთის ჯარებისა და ტექნიკის ეფექტურობის შესახებ და ამჟამად რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში ისტორიულად უპრეცედენტო უპირატესობით სარგებლობს.
რადიო თავისუფლება: რამდენად მტკიცეა მათი ეს კავშირი? მართლაც ულიმიტოა „ულიმიტო პარტნიორობა“?
სიორენ ურბანსკი: მოკლე პასუხია – არა, ლიმიტები ბევრია და მრავალნაირი. ორივე მხარეს სურს, ეს პარტნიორობა ინტერესთა იდეალურ თანხვედრად წარმოაჩინოს, მაგრამ რეალურად, არსებობს სფეროები, სადაც უთანხმოება და კონფლიქტი გარდაუვალია. ერთ-ერთი ასეთია უკრაინაში მიმდინარე ომის საბოლოო შედეგი – ყველა სხვა მიზეზს გარდა, ეს ომი ჩინეთისთვის ერთობ ხელსაყრელია იმითაც, რომ ის ამერიკას, ამერიკის სამხედრო ძალებს ევროპაში „აბამს“. და მაშინ, როდესაც რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ამერიკა ევროპიდან გააქროს თუ გააქციოს, ჩინეთს პირიქით – საპირისპირო სცენარი სურს, რადგან ევროპიდან წამოსული ამერიკა სწორედ ჩინეთისკენ გადმოისვრის გათავისუფლებულ კონტინგენტებს.
სავარაუდო განხეთქილებათა მეორე ვაშლია არქტიკა. ჩინეთი თავს არქტიკის მეზობლად ასაღებს. გლობუსს თუ შეხედავთ, ცოტა გაგვიჭირდება ამ განცხადების დასადასტურებლად გეოგრაფიული არგუმენტების მოძიება. და ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვაო გასასვლელსა და იქ არსებულ რესურსებს თავის ექსკლუზიურ გავლენის ზონად მიიჩნევს. სწორედ ამ კონტექსტში ხდება გასაგები ტრამპის სურვილი გრენლანდიის "ყიდვის“ შესახებ – ეს არის ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ კი არა, ჩინეთის წინააღმდეგაცაა მიმართული.
კიდევ ერთი შესაძლო კონფლიქტის წყაროა ცენტრალური აზია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციის შორის შედგა ერთგვარი „ჯენტლმენური შეთანხმება“: ჩინეთს შეეძლო რეგიონის ეკონომიკაში ჩარეულიყო და ამით ეხეირა, მაგრამ სამხედრო და პოლიტიკური გავლენა რუსეთის ექსკლუზიურ უფლებად რჩებოდა. მაგრამ დღეს ჩინეთი არა მხოლოდ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, არამედ ნელ-ნელა სამხედრო კუთხითაც იფართოებს გავლენას. იგი იწყებს სუსტი რგოლით – ტაჯიკეთით – რომელიც, ჩინური პერსპექტივით, მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ვინაიდან ის არა მხოლოდ ჩინეთს ესაზღვრება, არამედ ავღანეთსაც. იქ ჩინეთმა უკვე ააშენა რამდენიმე სამხედრო ან ნახევრადსამხედრო ბაზა, რომელთა პერსონალი ფორმალურად ტაჯიკი ჯარისკაცებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ჩინელი სამხედროები და პოლიციაც იქ იმყოფება. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჩინეთი ამით ცდილობს რუსეთთან ნიადაგის მოსინჯვას - რა რეაქცია ექნება რუსეთს, უპასუხებს კი იგი თავისი გავლენების ასეთ, თანდათანობით შემცირებას? აქვს კი ფუფუნება, უპასუხოს? და თუ უპასუხებს, რამდენად ხისტად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას?
ასევე ნახეთ ვის მიიჩნევენ რუსები მთავარ მტრად: აშშ პირველ სამეულშიც კი აღარ არის"ჩინეთის გრძელვადიანი მიზნები – ან ერთადერთ მსოფლიო ძალად იქცეს, ან მხოლოდ ამერიკა ჰყავდეს მეტოქედ – ვერ იტევს რუსეთს, როგორც თანაბარ პარტნიორს."
რადიო თავისუფლება: რამდენად შეგვიძლია ამავე კონტექსტში განვიხილოთ ე.წ. ისტორიული პრეტენზიებიც რუსეთსა და ჩინეთს შორის? თუნდაც იგივე ციმბირი?
სიორენ ურბანსკი: ისტორიული მემკვიდრეობის არგუმენტს ჩინეთი დღეს ყველაზე ხშირად ტაივანთან დაკავშირებული დისკურსისას იყენებს - „დიდი, ერთი ჩინეთის“ აღდგენა-გამთლიანების ნარატივს ვგულისხმობ. მაგრამ თუ ისტორიულ რუკებს გადახედავთ ან ჩინელ პოლიტიკოსებსა და ისტორიკოსებს პროტოკოლს მიღმა, არაფორმალურ ვითარებაში ჰკითხავთ, რას ფიქრობენ ამ საკითხზე, პასუხი ერთმნიშვნელოვნად იქნება: „რა თქმა უნდა, ციმბირი – ან რუსეთის შორეული აღმოსავლეთი – რუსეთმა წაგვართვა, სულ რაღაც ორ საუკუნეზე ნაკლები ხნის წინ.“ ეს სულაც არ არის გარდასულ საუკუნეებში ჩაკარგული ისტორია. არ ვამბობ, რომ ჩინეთი ხვალვე დააპირებს ციმბირის ანექსიას – ეს შეუძლებელია, რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა. მაგრამ ის ნამდვილად შეეცდება, ამ რეგიონში თავისი გავლენა გაზარდოს. ისტორიის მანძილზე ყოველთვის ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების თანდათანობით დათბობას მოსდევდა მკვეთრი გაცივება, განხეთქილება – და ძველი მეტოქეობა კვლავ იჩენდა თავს. დღეს ორივე მხარე თავს იკავებს, „კარგად იქცევიან“ – ჯერჯერობით.
რადიო თავისუფლება: და რამდენ ხანს გასტანს ეს „ჯერჯერობით“?
სიორენ ურბანსკი: მთავარი პრობლემა სწორედ ამ ურთიერთობის მზარდი ასიმეტრიაა. იქ, სადაც იერარქიაა, მეგობრობის ადგილი აღარ რჩება. თუ არ ჩაუღრმავდები, ერთი შეხედვით – ტელევიზორით, ფოტოებით – ყველაფერი თანასწორად გამოიყურება. პუტინს პეკინში ყოველთვის უგებენ წითელ ხალიჩას. მაგრამ კულისებში ყველა გრძნობს – განსაკუთრებით რუსი პოლიტიკოსები, დიპლომატები, ბიზნესმენები – რომ ეს თანასწორობა ფასადურია. ურთიერთობა სულ უფრო და უფრო არათანაბარი ხდება.
რადიო თავისუფლება: ანუ რუსეთი, რომელიც ყოველთვის, ყველასთან უფროსი ძმის როლს იჩემებდა, ახლა უმცროს ძმად იქცა?
სიორენ ურბანსკი: სწორედ ასეა. და ეს უკვე „ღია საიდუმლოა“ – ყველამ იცის, რუსეთშიც და ჩინეთშიც, ვინ არის უფროსი და ვინ – უმცროსი ძმა. პუტინს რომ თავისი თავდაპირველი ჩანაფიქრი განეხორციელებინა, მოკლე დროში წარმატებით რომ დაეპყრო უკრაინა, რუსეთის პოზიცია ჩინეთის მიმართაც გაძლიერდებოდა. მაგრამ მოხდა საპირისპირო – პუტინიც და რუსეთიც ჩინეთზე დამოკიდებული გახდნენ. და ეს ასიმეტრია იზრდება. ჩინეთის გრძელვადიანი მიზნები – ან ერთადერთ მსოფლიო ძალად იქცეს, ან მხოლოდ ამერიკა ჰყავდეს მეტოქედ – ვერ იტევს რუსეთს, როგორც თანაბარ პარტნიორს. ასე რომ, მათ მოუწევთ, ახალ მოდელს და ჩარჩოს მიაგნონ, მასზე გადაეწყონ.
ასევე ნახეთ “მშვიდობიანი ევრაზიული პროექტი დღეს კიდევ უფრო წარმოუდგენელია” - ანდრეი მაკარიჩევირაც მეტად იზრდება რუსეთსა და ჩინეთს შორის ასიმეტრია, მით მეტად უყურებენ ჩინელები რუსეთს, როგორც ჩამორჩენილ ქვეყანას."
რადიო თავისუფლება: რადგან ამერიკა ვახსენეთ - რას ფიქრობთ იმ მანევრზე, რომელიც ბევრმა უკვე მონათლა „შებრუნებულ კისინჯერად“ თუ „კისინჯერი უკუღმად“: ანუ, ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიაზე, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთს ჩამოაშოროს? იმუშავებს ეს მიდგომა?
სიორენ ურბანსკი: ვერა. ეს არ იმუშავებს. და, გულწრფელად რომ ვთქვა, ისტორიული პარალელიც ნაკლოვანი და არასწორია. კისინჯერი პეკინში მაშინ ჩავიდა, როცა ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის უკვე მომხდარი იყო განხეთქილება – სამი წლით ადრე დაწყებული. დღეს კი ჩინეთ-რუსეთს შორის მჭიდრო ურთიერთობაა. დრო არ არის შესაფერისი ასეთი მანევრისათვის. ახლო მომავალში ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის განხეთქილება მოხდეს, ამერიკამ კი ამით ისარგებლოს.
რადიო თავისუფლება: ადვილად შესამჩნევია, რომ პუტინსა და სი ძინპინს შორის არსებობს ურთიერთგაგება, პირადი ურთიერთობა თუ პატივისცემა. მაგრამ დიდ ერებს შორის მყარმა ალიანსმა ამ ერთა ლიდერებზე დიდხანს უნდა გასტანოს, არა? შეგვიძლია თუ არა თქმა, რომ პუტინისა და სის მეგობრობა მათ ხალხზეც - რუს და ჩინელ ერებზეც ვრცელდება? რუსი ჩინელს - და პირიქით - დღეს მეგობრად, მოკავშირედ აღიქვამს?
სიორენ ურბანსკი: ძალიან კარგი შეკითხვაა. ისტორიას რომ გადავხედოთ, იყო პერიოდები, როცა რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა – მაგრამ ეს არ ნიშნავდა ხალხთა შორის მჭიდრო კავშირს. XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში რუსულენოვანი დიასპორა იყო ჩინეთში და ჩინური თემები – საბჭოეთის აღმოსავლეთში. მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში ეს კავშირები გაწყდა – მათ შორის სტალინის იძულებითი დეპორტაციების გამო.
ერთი საინტერესო მაგალითი: ჩინეთსა და რუსეთს 4000-კილომეტრიანი საზღვარი აქვთ. აქედან 2000 კმ მდინარე ამურზე გადის. იცით, რამდენი ხიდია ამურზე? არც მეტი, არც ნაკლები - ორი. ჩინეთი მზად იყო, ხიდების აშენება ეკისრა – რუსეთმა უარი თქვა: „მადლობა, სპასიბა, ნე ნადა.“ ანუ, მიუხედავად პოლიტიკური და დიპლომატიური სიახლოვისა, ხალხებს შორის ახლობლობის განცდა ჯერ არ არსებობს. და რაც მეტად იზრდება რუსეთსა და ჩინეთს შორის ასიმეტრია, მით მეტად უყურებენ ჩინელები რუსეთს, როგორც ჩამორჩენილ ქვეყანას.
ასევე ნახეთ როცა ჯარიმაა გამოსაწერი ხედავენ, როცა პოლიციელის დანაშაულია დასამტკიცებელი, ვერა - ნახეთ, სად დაამატეს ახალი "ჭკვიანი კამერები"რადიო თავისუფლება: რას მოასწავებს ჩინეთის გავლენის ზრდა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებისთვის? მხოლოდ ცენტრალურ აზიას არ ვგულისხმობ – მაგალითად, საქართველოშიც ვგრძნობთ, რომ ჩინეთი აქტიურდება. ორმაგ საფრთხეს გვიქადის ეს, თუ შანსს იძლევა, ზესახელმწიფოებმა, ასე ვთქვათ, ერთმანეთი „გააბათილონ“?
სიორენ ურბანსკი: მგონი, რომ ერთსაც და მეორესაც, არა? ასე იქცევა უკვე წლებია მონღოლეთი – უფრო სწორად, ასე მოქცევა უწევს. მონღოლეთი საბჭოთა კავშირის ნაწილი არ ყოფილა, მაგრამ იყო საბჭოთა სატელიტი. მანამდე კი ჩინეთის იმპერიის ნაწილი. დამოუკიდებლობის შემდეგ ორივესთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს და ცდილობს, დასავლურ ქვეყნებთანაც - ძირითადად იაპონიას, კანადას, ამერიკას ვგულისხმობ -„დაალაგოს“, განსაკუთრებით სამთო მრეწველობის სფეროში.
რადიო თავისუფლება: და? გამოსდის?
სიორენ ურბანსკი: იმ გაგებით კი, რომ არც რუსეთს არ დაუპყრია და არც ჩინეთს. ანუ, ნომინალურად მაინც, დამოუკიდებელია.
რადიო თავისუფლება: და ეს რამდენად დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს?
სიორენ ურბანსკი: ამოსავალი კითხვაც ესაა, არა?! მიღწევაა ეს? პერსპექტივის საკითხია, ვინ რა გადმოსახედიდან უყურებს. მაგრამ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში სხვა თამაშის წესებია – როგორც სწორად აღნიშნეთ, რუსეთი ამ ქვეყნებს საკუთარ ისტორიული გავლენის სფეროდ მიიჩნევს, არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ იმპერიული მემკვიდრეობის თვალსაზრისითაც. და მიუხედავად ამისა, ჩინეთის გააქტიურებაზე ოფიციალური რეაქცია მოსკოვს არ ჰქონია – რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დიდი გახდა ასიმეტრია მათ შორის. რუსეთი დუმს, უწევს, მოითმინოს. სად გადის ზღვარი, როცა რუსეთი თავს ვეღარ შეიკავებს და რეაგირება მოუწევს – ძნელი სათქმელია. ამდენად, ეს მოსკოვში შფოთს იწვევს, მაგრამ სამეზობლოს დედაქალაქებისთვის – მათ შორის თბილისისთვისაც – ახალ შესაძლებლობებს ქმნის. გარკვეული დოზით – და სიფრთხილით – ალბათ შეიძლება ჩინეთ-რუსეთის ერთმანეთთან დაპირისპირება, მათი დაბალანსება საკუთარი სარგებლისათვის. ასე რომ, დიახ, შანსიც არის. მაგრამ არის რისკიც - რადგან შესაძლოა, ჩინეთის შემოსვლა ამ რეგიონებში მოსკოვსა და პეკინს შორის მომავალი დაპირისპირების ნიადაგიც გახდეს.
ასევე ნახეთ "მათი საშიში სამყარო" - როგორ ამზადებს კრემლი მოსახლეობას ნატოსთან ომისთვის