ინტერვიუ მოსამართლის დასთან: [ძმის] სიყვარულსა და ჭეშმარიტებას შორის არჩევანს დავარქმევდი ჩემს შემთხვევას

ელენე ცაცუა და მისი ძმა, მოსამართლე მანუჩარ ცაცუა (ფოტოკოლაჟი)

მოკლედ

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, 43 წლის მანუჩარ ცაცუა, ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეებს განიხილავს;
  • უმეტეს შემთხვევებში ის გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს იღებს, პატიმრობის მისჯით;
  • რამდენიმე თვეა, მისი და, ელენე ცაცუა, ძმის მიერ გასამართლებულებს გამამხნევებელ წერილებს და საკვებს უგზავნის, რამდენიმეს პატიმრობის დასრულების შემდეგ ის იზოლატორთანაც დახვდა.
ეს არის პირველი ინტერვიუ, რომელშიც ელენე ცაცუა საუბრობს მოსამართლე ძმასა და ოჯახის ღირსების დასაცავადაც წამოწყებულ პროტესტზე. ის ინტერვიუს ჩაწერის მომენტში საქართველოში არ ცხოვრობს, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში სადოქტორო კვლევაზე მუშაობს.

რადიო თავისუფლება: რამდენიმე თვის წინ, მგონი გაზაფხულზე გავიგეთ რომ არსებობდა ახალგაზრდა ქალი, მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და, რომელიც მათ, ვისაც მისი ძმა პატიმრობას უფარდებდა, იზოლატორებში წერილებს სწერდა და საკვებს უგზავნიდა. როდის და რატომ გადაწყვიტეთ რომ სწორედ ასე უნდა დახმარებოდით პროტესტის მონაწილე თანამოქალაქეებს?

ელენე ცაცუა: 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროტესტების დროს ბევრი ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი შემდეგ სასამართლო პროცესებზე აღმოჩნდა, ხოლო ვინც ეს ჩაიდინა, მათგან არავინ დასჯილა.

ჩემთვის ტანჯვა იყო იმის ყურება, როგორ ისჯებოდნენ ადამიანები მხოლოდ იმის გამო, რომ აზრის გამოხატვა სურდათ და აპროტესტებდნენ საქართველოს შესაძლო იზოლაციას. განსაკუთრებით რთული იყო ის, რომ ამ პროცესებში ჩემი ოჯახის წევრი იყო ჩართული, ჩემი სისხლი და ხორცი.

რამდენიმედღიანი შინაგანი ბრძოლისა და უძილო ღამეების შემდეგ, 2024 წლის 12 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავაზიარე პოსტი და მოვუხადე ბოდიში ყველას ჩემი მშობლების და ჩვენი ოჯახის სახელით, ვინც იმ პერიოდში სასამართლოს წინაშე აღმოჩნდა და მათ განაჩენი ჩემმა ძმამ გამოუტანა.

ეს ნაბიჯი სპონტანური არ ყოფილა; ეს იყო საჭიროება ადამიანური და სულიერი.

მე ვარ აქტიურ მოქალაქე, რომელმაც კარგად ვიცი ჩემი უფლებები და პასუხისმგებლობები ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, ასევე პატივს ვცემ სხვის ფუნდამენტურ უფლებებს, განსაკუთრებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.

ის, რაც საზოგადოებაში ხდება, ყველა ადამიანის საზრუნავი უნდა იყოს, შესაბამისად ყველა მოქალაქე უნდა იყოს ჩართული აქტიურად მიმდინარე პროცესებში. მაგრამ ასე არ ხდება როგორც ვხედავთ. ადამიანების დიდი ნაწილს პროტესტის გამოხატვის ეშინია.

თავად მე პროტესტში განსაკუთრებით 2019 წლიდან აქტიურად ჩავერთე, გავრილოვის ღამემ იმოქმედა ჩემზე ძალიან, ისევე როგორც ათასობით ქართველზე. პირველად ტელევიზიით ვნახე რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ეს სრული შოკი იყო ჩემთვის. იმ მომენტში დავდუმდი და მერე პირველი რაც გავაკეთე, ჩემს უფროს შვილთან ერთად აქციაზე წავედი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფარულად არასდროს ვყოფილვარ, აქტიური ვარ და და ყოველთვის თამამად ვაფიქსირებ ჩემს აზრს სოციალურ ქსელში. ვფიქრობ, მსგავსი ქცევა მაქცევს სრულფასოვან მოქალაქედ და არავის აქვს უფლება, ეს ამიკრძალოს.

ჩემი სოლიდარობა უკანონო პატიმრების მიმართ, რომელიც ჩემმა ძმამ გაასამართლა, შვება იყო ჩემთვის ... გარდა იმისა, რომ მათ მიმართ გამოვიჩინე თანაგრძნობა, მეც გადავრჩი როგორც ადამიანი.

ჩემი სოლიდარობა უკანონო პატიმრების მიმართ, რომელიც ჩემმა ძმამ გაასამართლა, შვება იყო ჩემთვის, როგორც ადამიანური აქტი. წარმოიდგინეთ, ჟანგბადი რომ არ იყოს და იგუდები, ისე ვიყავი ზუსტად. მახსოვს ალბის, თათიას და საბას მიმართ ყურადღება რომ გამოვიჩინე, იმ ღამეს ცოტა მშვიდად ჩამეძინა. გარდა იმისა, რომ მათ მიმართ გამოვიჩინე თანაგრძნობა, მეც გადავრჩი როგორც ადამიანი. თან მახსოვს ჩემი მშობლების ფოტოებთან დავდექი და შევპირდი, რომ ვისაც ჩემი ძმა გაასამართლებდა, არც ერთს არ დავტოვებდი უყურადღებოდ და შევასრულე. მე ზოგადად ყოველთვის ვასრულებ სიტყვას.

ძალიან რთულია ისაუბრო საკუთარი ძმის ქცევებზე, რომელსაც არ ეთანხმები, თან როცა სიცოცხლეზე მეტად გიყვარს შენი ძმა, ორ ცეცხლს შუა ხარ. ურთულესი დილემა იყო ჩემთვის, რომელიც ვფიქრობ, ღირსეულად გადავჭერი, რადგან სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს დგომა უფრო რთულია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს იყო ადამიანური აქტი, რომელიც ყოველთვის უნდა გამოიჩინო ჩაგრული ხალხის მიმართ. ისე ქრისტიანი არ ხარ და ვერც ვერასდროს იქნები მონასტერშიც რომ დაასრულო სიცოცხლე.

მე სხვა მოსამართლეების მიერ გასამართლებულების ბედსაც ძალიან განვიცდი, უბრალოდ ჩემი ძმისგან ძალიან მტკივა ეს ყველაფერი. როცა იწყება ეს პროცესები და განაჩენის გამოტანა, ძალიან ცუდად ვხდები. სისასტიკეს მთელი სხეულით განვიცდი, ტუჩები, ხელები, ფეხები მიბუჟდება. ვერ ვერევი თავს და ამიტომ მახსოვს ალბი კორძაიას განაჩენის შესახებ რომ გავიგე, სახლში ძლივს მივედი, გათიშული ვიწექი, სასწრაფო გამომიძახეს. ახლაც იგივე დამემართა.

არ ვიცი რატომ მემართება ეს?
ხომ შეიძლება უფრო მარტივად გადავიტანო?
მაგრამ ვფიქრობ, რომ სისასტიკის ჩადენა იმ ადამიანისგან, რომელიც რეალურად იცი, რომ ძალიან კეთილია, რომელსაც იცნობდი როგორც ძალიან კაცთმოყვარეს, ძალიან მოქმედებს ჩემს შინაგან განცდებზე.

მანუჩარ ცაცუას არაერთი დემონსტრანტი ჰყავს ცნობილი სამართალდამრღვევად - მათ უმეტესობას მან პატიმრობა შეუფარდა.

30 ოქტომბერს მან 11 დღით იზოლატორში გაგზავნა რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებული მკვლევარი გოგა თუშურაშვილი. 19 ოქტომბერს მან 6 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტ ვახო სანაიას რუსთაველის გადაკეტვისთვის, ამავე დღეს 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ნინო სვანიძეს, 8 დღიანი საბა ხომერიკს და 9 დღიანი ლევან მარგიანს.

30 მაისს მან მიიღო 20 წლის თათია აფრიამაშვილისთვის 12 დღიანი პატიმრობის გადაწყვეტილება დეპუტატ მარიამ ლაშხის "შეურაცხყოფისთვის" - 4 ივნისს კი 10 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ალბი კორძაიას თეა წულუკიანის სახლთან მოწყობილი აქციისთვის, სადაც მას ხმის გამაძლიერებლით უწოდა "რუსეთის მონა" და "ქვეყნის მოღალატე."

10 თებერვალს ცაცუამ პოლიციელისთვის ხელის შეშლის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე, ის 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის გაშუქებისას პოლიციამ დააკავა, დაკავებამდე კი მასზე სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს.


რადიო თავისუფლება: ჩვენ ვიცით მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებები, თუმცა არაფერი ვიცით ელენე ცაცუას შესახებ - რას საქმიანობთ, რა გახარებთ, რა გაწუხებთ, რით ცხოვრობთ?

ელენე ცაცუა: მე ინგლისური ენის პედაგოგი ვარ და 15 წელიწადზე მეტია ვასწავლი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ენას.

საგაკვეთილო პროცესს პირველ რიგში თანასწორობასა და სამართლიანობაზე ვაგებ. აუცილებლად ვეკითხები სტუდენტებს აზრს, იმის შესახებ თუ როგორ ვასწავლი და ასე ვიღებ უკუკავშირს მათგან. ისინიც მეხმარებიან გავიუმჯობესო ჩემი პროფესიული უნარები და შევქმნა უკეთესი სალექციო გარემოც. ეს უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მიდგომაა. ასე უფრო დინამიკურია, ცოცხალია და გულის ფეთქვა აქვს სწავლების პროცესს. მას აცოცხლებენ მოსწავლეები და პედაგოგები. ზუსტად იმავეს ვიტყოდი სახელმწიფოზეც.

თუ კომუნიკაცია შეწყდა ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, გაჩერდება გულის ფეთქვაც. არ იქნება ცვლილებები, აღარ იქნება განვითარდება.

მახარებს ჩემში შემოქმედებითი უნარების ძიებაც და აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ გამომდის ცხოვრებაში, თუ მოვინდომებ. ჩემს სტუდენტებსაც ვახალისებ ხოლმე, რომ ბევრი იმუშაონ თავიანთ თავზე, აღმოაჩინონ თავიანთი უნიკალური უნარები და ინდივიდუალიზმი.

მე ძალიან მსიამოვნებს, როცა სხვა ადამიანს ვეხმარები უნარების აღმოჩენაში... მიხარია, როცა სტუდენტების და პედაგოგების სახეზე ბედნიერ და გულწრფელ ღიმილს ვხედავ. ეს მაბედნიერებს. სხვისი წარმატება ჩემი მგონია ხოლმე. ქართველებს გვჭირდება ამ უნარის გამომუშავება, რასაც სხვისი წარმატების აღიარება ჰქვია.

ბრიტანელი განმანათლებელი სერ კენ რობინსონი ამბობდა, რომ ადამიანს ორი თანდაყოლილი უნარი აქვს: ცნობისმოყვარეობა და შემოქმედებითობა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ გარემოში განავითარებს და არავის აქვს უფლება ეს უნარები შეუზღუდოს. სამწუხაროდ, იქ, სადაც იზღუდება დემოკრატიული ღირებულებები, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ვერც ცნობისმოყვარებას იკმაყოფილებ და შემოქმედებითობის უნარსაც გიკონტროლებენ. შესაბამისად, ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება თუ თავის ინდივიდუალურ უნარებს არ შეიცნობს შეზღუდვების გარეშე.

მე ვცხოვრობ იმ უფლებების შეგრძნებით რაც ჩემია, რაც არსთა გამრიგემ მომცა: არჩევანის თავისუფლება და ჩემი ხმა, რომელიც ყოველთვის უნდა ისმოდეს, ისე ჩემს თავს ვერ ვუწოდებ შემდგარ პიროვნებას.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, რომ ეს პირადი ამბავია, მაინც ვიკითხავ როდის აღმოჩნდით თქვენ და თქვენი ძმა ერთი ამბის სხვადასხვა მხარეს? როგორი გრძნობაა ეს და როგორ უმკლავდებით ამ სირთულეს? როდის ნახეთ ბოლოს და რაზე ლაპარაკობდით ამ შეხვედრისას?

ელენე ცაცუა: დედმამიშვილის სიყვარულსა და ჭეშმარიტებას შორის არჩევანს დავარქმევდი ჩემს შემთხვევას.

ამ შეკითხვას, ალბათ, ბოლომდე ვერასდროს ვუპასუხებ.

ძალიან მტკივნეულია ახლა ჩემთვის საკუთარი ძმის შესახებ საუბარი. ის ძალიან ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. ამ ინტერვიუთი მინდა მას ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და მინდა ეს იცოდეს.

ახლა ჩვენი და-ძმობა განსაცდელშია, რადგან დიდი სიყვარული ყოველთვის დიდ გამოცდას გადის. მე მუდმივად ვლოცულობ მისთვის და ღმერთს ვთხოვ, შეუნდოს მისი სისასტიკე.

მიუხედავად დედმამიშვილის ძლიერი სიყვარულისა, არსებობს წმინდა ღირებულებები, რომლებსაც უბრალოდ ვერ გადააბიჯებ და ესაა ჭეშმარიტება, რომელშიც მოიაზრება სამშობლოს ერთგულება, შენი წარსული, საიდანაც მოდიხარ, აწმყო და მომავალი, ადამიანების სიყვარული, სამართლიანობა და სიმართლე, სადაც უნდა იდგეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი და მათ შორის ჩემი ძმაც.

დიდი დრო დამჭირდა დამეჯერებინა ის რაც ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ ბოლოს ვისწავლე რეალობის მიღება ისე, როგორც არის, თუმცა ჩემს პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ ჩემი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ყველაზე მტკივნეული იყო როცა გავიაზრე, რომ ერთსა და იმავე ღირებულებებზე აღზრდილი დედმამიშვილები სხვადასხვა მხარეს ვიდექით, ვერაფრით ვერ ავხსნი ამას. შეიძლება ის თვლის, რომ მე ვდგავარ არასწორ მხარეს და თუ ეს ასეა, ძალიან სამწუხაროა, რადგან ადამიანების ჩაგვრა, არასდროს არის ჭეშმარიტების მხარეს დგომა.

მე არასდროს ჩავრეულვარ ჩემი ძმის პროფესიულ საქმიანობაში, ან რატომ უნდა ჩავრეულიყავი? ყოველთვის მჯეროდა მისი წესიერებისა და კეთილსინდისიერების, რაც მის საქმიანობაშიც გამოიხატებოდა. ჩემთვის ის ყოველთვის მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანი იყო, და ყოველთვის ვამაყობდი მისი შრომისმოყვარეობით. ჩვენ ყოველთვის ვედექით მხარში ერთმანეთს. ის საუკეთესო ძმაა ჩემთვის. თუმცა, მე მას არ ვუჭერ მხარს დღეს.

ამ პროცესებმა და ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობამ უამრავი სულიერი ჭრილობა მომაყენა, საიდანაც სისხლი ისევ მდის და როდის მოშუშდება არ ვიცი. ან საერთოდ თუ მოშუშდება ამხელა დარდის ფონზე.
რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება იფიქროს ისე, როგორც სჯერა. უბრალოდ, როცა აბსურდამდე მივდივართ, იქ ძნელია ისაუბრო სამართლიანობაზე.

დიდხანს ვფიქრობდი რა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო ისე, რომ საკუთარი ძმაც შემენარჩუნებინა და ჩემი პრინციპების ერთგულიც დავრჩენილიყავი. ჩვენისთანა პატარა ერი ყოველთვის გადარჩენისთვის იბრძვის და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ერთგულებისთვის ღმერთი მომავალში დამაჯილდოებს და ჩემს ძმას დამიბრუნებს.
ერთმანეთს ბოლოს პოსტის დადებამდე ერთი თვით ადრე შევხვდით. არასდროს გვიკამათია მსგავს თემებზე. ყოველთვის თბილად ვხვდებოდით ერთმანეთს და ასე იყო იმ დღესაც.

რადიო თავისუფლება: პროსახელისუფლებო პროპაგანდამ შეიძლება თქვას, “აი რადიკალები, ოჯახებს ყოფენ, და ძმას უპირისპირდება, განა ეს ნორმალურია?!” რას უპასუხებთ ამ არგუმენტებს?

ელენე ცაცუა: მე ვფიქრობ, სიმართლისთვის გასამართლებული ადამიანები სწორედ პროპაგანდის გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე ისჯებიან, რადიკალები არიან თურმე. იქნებ ჩემს ძმასაც ასე სჯერა?
მაშინ მე ვკითხავ ახლა მას: შენ, ხომ მიცნობ მე კარგად?
ხომ იცი, რომ რადიკალი არ ვარ?
ან რას ნიშნავს რადიკალი?
რომელია რადიკალი?

მწერალი, ექიმი, მსახიობი, რეჟისორი, ჩემი უამრავი ლექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, კოლეგები? ან თუნდაც ნებისმიერი ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს რა პროფესიის არის. შეიძლება საერთოდ არ აქვს პროფესია.

რაში გამოიხატება ჩვენი რადიკალიზმი? იმაში რომ მორჩილი არ ხარ ყველაფერში? იმაში, რომ კითხვებს სვამ წლებია და არ გპასუხობენ? ან გპასუხობენ და ხვდები, რომ სიცრუეა? შემთხვევით განათლებული და მოაზროვნე ადამიანი ხომ არ მოიაზრება რადიკალად?

ნამდვილად ისაა რადიკალიზმი, როცა ხვდები სადაა სიმართლე, და სადაა ტყუილი, ნამდვილად არჩევ მტერსა და მოყვარეს, ასევე მტერს როცა არ უხდი ბოდიშს. გამოდის, რომ რადიკალები იყვნენ ჩვენი წინაპრებიც, თავს რომ სწირავდნენ სიმართლისთვის!

რუსთაველზე დგანან საუკეთესო ადამიანები, რომელთაც ჩვენ თვალის ჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ.

ასევე ნახეთ რა ვიცით მოსამართლეებზე, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს განიხილავენ


რადიო თავისუფლება: როგორ იწყება ხოლმე ასეთი დაპირისპირებები ოჯახში? ერთ დღეს და მოულოდნელად თუ ნელ-ნელა? არსებობს უკან შემობრუნების რესურსი? როგორ წარმოგიდგენიათ კვლავ ჩვეულებრივი ურთიერთობების დაბრუნება ძმასთან?

ელენე ცაცუა: ჩვენს შორის არ ყოფილა ოჯახური დაპირისპირება და კინკლაობა ან მტრობა ამ თემაზე. მე უბრალოდ რამდენჯერმე გავესაუბრე და ვუთხარი, რომ იქ სადაც მე ახლა ვდგავარ, არის ადგილი, სადაც ყველა ქართველი უნდა იდგეს, სადაც წყდება ჩვენი ერის მომავალი და ისიც იქ უნდა მდგარიყო. ტრადიციულად არაფერს მპასუხობდა ამ თემაზე. ჩვენ არასდროს გვიკამათია. ის პატივს სცემდა ჩემს აზრს. მე როგორც ძალიან ოპტიმისტ ადამიანს, მჯერა რომ ყველაფერი ყოველთვის არის შესაძლებელი და უიმედობას ადამიანები ხელოვნურად იგონებენ.

გარდაცვალების წინ დედამ დაგვიბარა რომ დედმამიშვილები ერთმანეთს გავფრთხილებოდით. მას ალბათ ჰგონია, რომ მე მის წინააღმდეგ ვარ. მე ვარ წინააღმდეგი უდანაშაულო ადამიანების გასამართლების და არ მინდა ამას ჩემი ძმა აკეთებდეს. ეს ძალიან მტკენს გულს.

რადიო თავისუფლება: პირველად მისი რომელი გადაწყვეტილება მიიჩნიეთ ცალსახად უსამართლოდ? თუ იცნობთ იმ ხალხს, ვისაც იზოლატორებში ამხნევებდით, თუ გილაპარაკიათ მათთან, რას უზიარებდით?

ელენე ცაცუა: შარშან, ვიდრე გართულდებოდა პროცესები, რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ ჩემი ძმა ადამიანების მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა. თავიდან არ დავიჯერე, ვიფიქრე რომ აზვიადებდნენ. თავადაც ვკითხე, მინდოდა გამერკვია რა ხდებოდა. მან მითხრა, რომ მოქმედებდა კანონის ფარგლებში. ვიცი, რომ ასე ფიქრობს ყველა მოსამართლე, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. მათთვის მთავარი არგუმენტია „კანონის დაცვა“.

შემდეგ იყო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ამბები, სასტიკი და გამანადგურებელი კადრების ყურება ყოველ დღე, ჩემთვისაც ისევე გაუსაძლისი იყო, როგორც ალბათ ყველასთვის.

ვხედავდი გონებადაკარგულ ადამიანებს წიხლს როგორ ურტყამდნენ, როგორ დაშავდნენ ჟურნალისტები, როგორ შედგნენ ადამიანის თავზე. უკვე ემოციურად ვეღარ ვუძლებდი ამ ყველაფერს და ამიტომ რაღაც პერიოდი სოციალურ ქსელებში საერთოდ აღარ შევდიოდი, მაგრამ როცა ისევ დავბრუნდი ფეისბუკზე, წავიკითხე საშინელი კომენტარები ჩემი ძმის, დედაჩემის, ჩვენი ოჯახის მისამართით. ლანძღავდნენ ჩემს მშობლებს, ჩვენს ძვირფასს ოჯახს.

ბრალდებები, სიტყვები, რომლებიც ჩვენი ოჯახისადმი იყო მიმართული ბასრი დანასავით მიჭრიდა სხეულს. იცით როგორი განცდა მქონდა? თითქოს რაღაც ძლიერმა, ურჩხულის მსგავსმა არსებამ, ჩემი მშობლების მიერ ათწლეულების მანძილზე შექმნილი, სათუთი, გაჭირვებით ნაშენები სახელი, რეპუტაცია, ღირსება ერთი ხელის მოსმით ჩამოშალა და მიწასთან გაასწორა. მახსოვს ორი დღე გათიშული დავდიოდი. ვფიქრობდი რას იტყოდნენ ჩემი გარდაცვლილი მშობლები. ვგრძნობდი დედის და მამის სულები როგორ იტანჯებოდნენ.

ჩვენი ოჯახი ყოველთვის იდგა ისეთ ადამიანურ ღირებულებებზე, როგორიცაა სხვისი პატივისცემა, თანაგრძნობა, განათლება, ადამიანების სიყვარული, სტუმართმოყვარეობა, სიმართლისთვის თავგანწირვა.


ჩვენი ოჯახი ყოველთვის იდგა ისეთ ადამიანურ ღირებულებებზე, როგორიცაა სხვისი პატივისცემა, თანაგრძნობა, განათლება, ადამიანების სიყვარული, სტუმართმოყვარეობა, სიმართლისთვის თავგანწირვა. მამა არქიტექტორი იყო. გვქონდა უზარმაზარი სახლი, რომელიც თავად ააშენა და სადაც მუდმივად სტუმრიანობა იყო. ასე ვისწავლეთ ადამიანების პატივისცემა და სიყვარული. მამა იტყოდა ხოლმე, ადამიანობა ყველაზე დიდი და რთული პროფესიაა, მას შრომა სჭირდებაო. დედაჩემიც ძალიან კეთილშობილი ქალი იყო. ყოველთვის მზად იყო გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდა. ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და ამ ხატის შეურაცხყოფა ან უპატივცემულობა ყველაზე უღირსი საქციელი იყო.

წარმოიდგინეთ, როცა ასეთ გარემოში იზრდები და უცებ ხედავ ლანძღვა-გინების დიდი ტალღა შენი ოჯახის მიმართ არ ჩერდება. საშინელი დღეები გამოვიარე. გახსენებაც კი მიჭირს. ამიტომ მოვიხადე ბოდიში ჩვენი მშობლების სახელით. ვიგრძენი როგორ სტკივათ ადამიანებს, როცა უსამართლობა იმარჯვებს მათ ცხოვრებაში, მეც გამომიცდია და ძალიან მძიმეა ამის გაძლება. მინდოდა საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ ის ოჯახი, სადაც მათი მოსამართლე გაიზარდა, ძალიან ღირსეულია, არ იმსახურებს წყევლას და ჩემი წმინდა დედის შეგინებას.

თუმცა, გაბრაზებული ადამიანებისაც მესმის. ცხელ გულზე იტყვიან, რა თქმა უნდა, მაგრამ მე დედაჩემის შეურაცხყოფა მტანჯავს, ამიტომ ასე გადავეფარე მათ სახელს და ხსოვნას. შეიძლება ითქვას, რომ ბევრჯერ მოვკვდი ამ პროცესებში, მაგრამ მერე ისევ ვცოცხლდები და ვდგები ფეხზე. მჯერა, ყოველთვის წამოვდგები.

იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი ძმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეეხო, პირადად არ ვიცნობდი. პირველად საბას შევხვდი იზოლატორთან. მანამდე მხოლოდ წერილებს ვწერდი და საკვებს ვუგზავნიდი, ამით ვცდილობდი, ოდნავ მაინც გამემხნევებინა ისინი. დარწმუნებული ვარ, დედაც ჩემ გვერდით იქნებოდა ცოცხალი რომ ყოფილიყო. ძალიან ვწუხვარ, რომ საბას ჩემმა ძმამ წაართვა მისი ცხოვრების 30 დღე. დღეებს ვითვლიდი ვიდრე გამოვიდოდა. საჩუქარიც ვაჩუქე და ჩავეხუტე. ეს ჩახუტება სისასტიკის დამარცხების სიმბოლოა ჩემთვის. მეორედ საბა აქციაზე ვნახე. მითხრა, რომ დიდ პატივს მცემს და ვმეგობრობთ.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ საბა ბაღდავაძეს 30-დღიანი პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა. შსს მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, პოლიციელის შეურაცხყოფას, აქციაზე სახის დაფარვას და პიროტექნიკის გამოყენებას ედავებოდა. იზოლატორიდან გამოსულ საბას სხვა გულშემატკივრებთან ელენე ცაცუაც დახვდა.


ალბათ ყველა ადამიანი, ვინც მან გაასამართლა, საბოლოოდ ჩემი ძალიან ახლო მეგობარი გახდება. მე მათ უყურადღებოდ არასდროს დავტოვებ და შევეცდები ვანუგეშო. ვფიქრობ, ასე ვალსაც მოვიხდი ჩემი გარდაცვლილი, კაცთმოყვარე მშობლების წინაშე და სულიერი ტანჯვებიც ცოტა შემიმსუბუქდება. ვთვლი, რომ ადამიანობა უნდა შეინარჩუნო ურთულეს სიტუაციაშიც კი.

რადიო თავისუფლება: რაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ინტერვიუზე დაგვთანხმდით, ვის გინდათ მიაწვდინოთ ხმა? ძმას, სისტემას, პროტესტში ჩართულ საზოგადოებას?

ელენე ცაცუა: ბევრი საინფორმაციო არხი შემეხმიანა ჯერ კიდევ შარშან. ვერ შევძელი საუბარი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა, და ახლა ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ამ ყველაფერმა უკვე ძალიან დიდი მასშტაბები შეიძინა.

მე როგორც პირველ რიგში საქართველოზე უზომოდ შეყვარებული კეთილსინდისიერი მოქალაქე, მინდა უსამართლობას წინ აღვუდგე, მაშინ როცა ძალიან ბევრი უსამართლობა და უთანასწორობა შემჩნეულიც კი არ არის ჩვენს საზოგადოებაში. იტანჯებიან ქალები, კაცები, ბავშვები, მოხუცები, ვიტანჯებით იმით, რომ განსხვავებული აზრი ძირითადად არავის აინტერესებს და ჩვენი ხმა არ ესმით მათ, ვისაც უნდა ესმოდეს.

განსხვავებულობა არის ბუნების კანონი და მას გამოგონილი კანონებით არ უნდა ანადგურებდნენ. ერთფეროვნება არ სჩვევია სამყაროს, მრავალფეროვნებაშია ხიბლი, ამიტომ ყველასთვის მაქვს სათქმელი, რომ უსამართლობაზე დადუმება არ შეიძლება. ეს ნიშნავს მასში თანამონაწილეობას.
ალბათ, გვკითხავენ: რა არის უსამართლობა, მე ხომ კანონებით ვმოქმედებ?
მაშინ მე გკითხავ: რომელი კანონით მაიძულებ მტერს ბოდიში მოვუხადო?
რომელი კანონით ხელმძღვანელობ, როცა გავრილოვი ჩამოგყავს და რუსეთის მიერ ქართველთა სისხლის სმის შემდეგ, მას პარლამენტში სვამ საპატიო სკამზე?
არ უნდა შეგძრას ამან ადამიანი?

მინდა, ასევე შევეხო იმ მცდარ აზრს, რომელშიც საზოგადოების დარწმუნებას ცდილობენ, რომ თითქოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანები უღმერთოები, უსამშობლოები და სხვა ქვეყნის აგენტები არიან.

თუ ეს ასეა, მაშინ მე ასეთი კითხვა მაქვს: თქვენ ქრისტეს მსახურებს, წესით, გეცოდინებათ, როგორ შეიწყალა უფალმა განსხვავებული ადამიანები. ის განსაკუთრებით მოწყალე იყო ცოდვილების მიმართ, მრუშს მიუტევა, და ავაზაკი პირველი შეიყვანა სასუფეველში.
თქვენ რატომ დევნით განსხვავებულს და რატომ აპატიმრებთ ციხეში საქართველოს ყველაზე ინტელექტუალურ ნაწილს?
როგორ გგონიათ ციხეში ჩასმით არის შესაძლებელი რადიკალის ან უსამშობლოს ,,გამოსწორება?”
ციხიდან რომ გამოვა უსამშობლო აღარ იქნება?
ან ეს წლები რატომ ვერ შეაყვარეთ ამ ახალგაზრდებს სამშობლო? თქვენს ხელში არ იყო განათლება?
განა ადამიანის გამოსწორება სიყვარულით არ უნდა ხდებოდეს ქრისტიანული მორალის მიხედვით?
დამისახელოს ვინმემ ერთი შემთხვევა სახარებიდან სადაც უფალი ვინმეს მოუწოდებს, პასუხი აგებინონ ადამიანის ნაკლოვანებებზე ან ცოდვაზე. მან ცოდვებისთვის სხვა კი არ დასაჯა, თავად აიღო პასუხისმგებლობა და გაეკრა ჯვარზე.

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ყველაზე საშიში განაჩენი გამოაქვს თავად განგებას. მე ყოველთვის მეშინია ამ განაჩენის.

ასევე ნახეთ „ამას არ განვიხილავთ“, - როგორ აჩუმებენ მოსამართლეები ნაცემ დემონსტრანტებს, როცა ისინი ძალადობაზე იწყებენ ლაპარაკს


რადიო თავისუფლება: შეიძლება მოსამართლის დის ეს ძალისხმევა იყოს ქვეცნობიერად მოსამართლე ძმისთვის "ნამუსის მოწმენდის" მცდელობა, რომ ის ისეთი უსამართლოც არ არის, როგორ გადაწყვეტილებებსაც იღებს? თუ რასაც აკეთებთ, ეს უფრო საკუთარი თავისთვის გაკეთებული საქმეა, ვიდრე სხვისთვის?

ელენე ცაცუა: ცოტა გულზე მომხვდა თქვენი კითხვა, მაგრამ პირდაპირობა კარგია, ამიტომ მეც გულწრფელად გიპასუხებთ.

ზოგადად ამ სამყაროში ადამიანებს სიკეთის და სიყვარულის მიმართ რწმენა დაკარგული აქვთ, თითქოს გაიცვითა ეს განცდები, ეგოზე დგას დღეს სიკეთე. მეც, როცა პოსტი დავწერე პირველად ჩემს ძმაზე, დადებით გამოხმაურებასთან ერთად უამრავი საშინლად ცილისმწამებლური შეფასებებიც მივიღე.

იგივე საბა ბაღდავაძეს რომ დავხვდი, იმ დღეს ისეთი სკეპტიკური კომენტარები წავიკითხე, გაოგნებული დავრჩი. ხალხი ჩემს ქცევებს აფასებდა როგორც ჩემი თავის პიარს, ან იმას, რომ თურმე ჩემი ძმის საქციელის გამოსწორებას ვცდილობ. ეს ასე არ არის.

ეს იყო ჩემი ოჯახის ღირსების შენარჩუნება, ის, რაც ჩემს მშობლებს ეკადრებოდათ. არ ვაპირებ ვინმეს რამე ვუმტკიცო გარდა ჩემი გულწრფელობისა. საბოლოოდ ყველა ისე გაფასებს, რა შესაძლებლობაც მას აქვს. ამიტომ ყველას აქვს უფლება დაიჯეროს ან არ დაიჯეროს ჩემი გულწრფელობის, ჩემთვის მთავარია მე ვიყო მართალი ღვთის, სინდისის, საქართველოს, რუსთაველზე მებრძოლი ხალხის და რა თქმა უნდა ჩემი ძვირფასი ძმის წინაშე.

მას, ალბათ, სწყინს, რომ მე ახლა მის მხარეს არ ვდგავარ, მაგრამ აბსურდული კანონებით გასამართლებული ადამიანების მიმართ გამოჩენილი სოლიდარობა ახლა ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება. სოლიდარობა ქმნის ერთობას, ხოლო ძალა ერთობაშია.

რაც შეეხება ნამუსს, მას ვერავინ ჩამოგირეცხავს შენი თავის გარდა. ნამუსის ჩამორეცხვა ხდება მხოლოდ სინანულით და პატიების თხოვნით. გადაწყვეტილებები არის უსამართლო, რადგან ხელისუფლება არ უსმენს მოქალაქეებს და ათასნაირი ეპითეტებით ამკობენ არაჩვეულებრივ, განათლებულ ხალხს. მე ხომ ვიცნობ ძალიან ბევრს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან განვიცდი, როცა ამ პატარა ქვეყნის ადამიანური რესურსი ახლა კი არ იზრდება, ვითარდება ან ხმარდება ამ ქვეყნის წინსვლას, არამედ სრულიად პირიქით; ხდება მათი დასჯა, ციხეებში გამოკეტვა იმისთვის, რომ ისინი აზროვნებენ.
უამრავი ტრავმირებული ადამიანია, მათი და ჩვენი ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა.

ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ეს ყველაფერი გავაკეთე ჩემი ქვეყნის, ოჯახის, მშობლების, ჩემი თანამებრძოლების და ჩემი ძმის სიყვარულით. ზოგჯერ ჩემი სევდა ისეთი გაუსაძლისია, რომ ძალიან ბევრს ვტირი ხოლმე ამ ყველაფერზე.

ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ეს ყველაფერი გავაკეთე ჩემი ქვეყნის, ოჯახის, მშობლების, ჩემი თანამებრძოლების და ჩემი ძმის სიყვარულით. ზოგჯერ ჩემი სევდა ისეთი გაუსაძლისია, რომ ძალიან ბევრს ვტირი ხოლმე ამ ყველაფერზე.

ყველა ადამიანის ქცევას აქვს გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი ინტენცია, მიზანი. მე სრულიად გაცნობიერებულად ვმოქმედებ მთელი ცხოვრება და ყველა ჩემი ქცევა ადამიანების სიყვარულით არის გამსჭვალული. არც ერთი წამი სიყვარულის გარეშე ნაბიჯი არ გადამიდგამს ცხოვრებაში, არც ერთი სიტყვა არ მითქვამს სიყვარულის გარეშე არავისთვის. ჩემი აქტიურობაც მხოლოდ სიყვარულით არის ნაკარნახევი. დანარჩენი არ მაინტერესებს.

რადიო თავისუფლება: ვიცი, რომ ახლა საქართველოში არ ხართ, მაგრამ როცა აქ იყავით, თავად თუ დადიოდით სასამართლოში? რამდენად ახლო და ნაცნობია თქვენთვის ეს სივრცე და მისი წესები? როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა თქვენი ძმა მოსამართლე?

ელენე ცაცუა: ჩემი ძმა რატომ გახდა მოსამართლე ეს მას უნდა ჰკითხოთ. თუმცა ბევრი იშრომა და მეც მხარში ვედექი მუდმივად ის, რომ წარმატებული, კეთილსინდისიერი პიროვნება და პროფესიონალი ყოფილიყო. ახლა რა შედეგებიც არის, ამის ახსნა არ მაქვს მე პირადად და, ალბათ, არც არავის. რაც შეეხება სასამართლოში პროცესებზე დასწრებას, წლების წინ მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი პროცესებს ჩემ სადისერტაციო კვლევასთან დაკავშირებით. ამჟამად მე ფიზიკურად ვერ დავესწრები იმ პროცესს, სადაც ჩემი ძმა ჩემს თანამებრძოლებს ასამართლებს. ეს ჩემს ძალებს აღემატება, შეიძლება იმავე დარბაზში მოვკვდე. ურთულესი რამ იქნება ჩემთვის.

რადიო თავისუფლება: როგორ ხსნით, რატომ იქცევიან დღეს მოსამართლეები ისე, როგორც იქცევიან? მათ მართლაც სჯერათ რომ ადამიანი, რომელიც ქუჩაზე დგას საპროტესტო აქციაზე პატიმრობას იმსახურებს? მათ მართლა ეჭვი არ ეპარებათ მოწმე პოლიციელების სიმართლეში? რა ამოძრავებთ მათ? შიში, ანგარება, ჩვევა, სისტემის წესები?

ელენე ცაცუა: თქვენი კითხვებიდან ყველაზე რთული კითხვაა. ბევრი მიფიქრია ამაზე რა თქმა უნდა ჩემი ძმის კონტექსტში და შემდეგ უკვე სხვა მოსამართლეებზეც. ნამდვილად არ მაქვს პასუხი. თქვენ რაც ჩამოთვალეთ ყველა მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ჭეშმარიტება ერთია და ეს არის შენი სინდისის ხმა, რომელიც ვერასდროს მოგასვენებს, თუ ადამიანს უსამართლო განაჩენს გამოუტან. ხშირად მახსენდება შექსპირის ტრაგედია ,,მაკბეტი” რომლის მთავარი გმირი, მამაცი და კეთილშობილი შოტლანდიის მთავარსარდალი მაკბეტი თანდათანობით ძალაუფლების მოპოვების პროცესში სასტიკ პერსონაჟად იქცევა. ბოლოს მის მიერ მოკლულთა ლანდები დასდევენ და მოსვენებას არ აძლევენ მას. ეს საშინელი სულიერი ტანჯვა და ადამიანური ტრაგედიაა.

მ თანაგრძნობა არის ის უნარი, რომელიც მოქალაქეებს გვინარჩუნებს ადამიანობას ერთმანეთის მიმართ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვებრძოლოთ სისასტიკეს როგორც ჩვენში, ისე სხვაში. თანაგრძნობის გარეშე მართლმსაჯულება სისასტიკეა!


სინდისი, რომელიც ჩვენი პატარა ღმერთია ყველა ადამიანში ცოცხლობს, რაც უნდა ეცადო, მას ვერ ჩაკლავ. შეიძლება დროებით მიაძინო, მაგრამ ის აუცილებლად გაიღვიძებს მაშინ, როცა არ ელოდები და სწორედ მაშინ იწყება დაუსრულებელი ტანჯვა. სინდისის ხმა არის ერთადერთი, რომელსაც ვერ ჩაკლავ, რადგან სიმართლე არ კვდება!

ბოლოს ვიტყოდი, რომ თანაგრძნობა არის ის უნარი, რომელიც მოქალაქეებს გვინარჩუნებს ადამიანობას ერთმანეთის მიმართ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვებრძოლოთ სისასტიკეს როგორც ჩვენში, ისე სხვაში.
თანაგრძნობის გარეშე მართლმსაჯულება სისასტიკეა!

ასევე ნახეთ „პოლიციელი ყოველთვის მართალია“ - სამართალი „ქარხნული წესით“