პრორუსული ძალები დასუსტდნენ, მაგრამ არ გამქრალან - ინტერვიუ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან

იულიან გროზა, ევროპის პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი

„მიუხედავად იმისა, რომ პრორუსული პარტიები პარლამენტში რჩებიან, ისინი სულ უფრო იზოლირებულები გახდებიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იულიან გროზა - ევროპის პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. მას გიორგი გვახარია ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: პროდასავლური ძალები მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ. ნიშნავს თუ არა ეს პრორუსული ძალების საბოლოო დამარცხებას? მათ ხომ მაინც ერგოთ ადგილები პარლამენტში.

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე...

იულიან გროზა: ეგ ძალები მნიშვნელოვნად დასუსტდნენ, მაგრამ არ გამქრალან. მოლდოვაში ჩატარებული ბოლო საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იყო ქვეყნის მომავლისთვის, არჩევანი ევროპული გზის გაგრძელებასა და რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას შორის.

საარჩევნო კამპანიას ჰიბრიდული ჩარევის უპრეცედენტო ტალღა გასდევდა: დეზინფორმაცია, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციას საფრთხედ წარმოაჩენდა, პრორუსული პარტიების ფარული დაფინანსება და კიბერშეტევები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. მიუხედავად ამისა, მოლდოვის ინსტიტუტები, მედია და სამოქალაქო აქტორები გაცილებით უკეთ იყვნენ მომზადებული, ვიდრე წინა არჩევნებში და შეთანხმებულად მოახერხეს დემოკრატიის დაცვა.

შედეგი აშკარა იყო. 52%-ზე მეტი აქტივობით, პროევროპულმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ (PAS) ხმების 50%-ზე მეტი და 55 ადგილით მყარი უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში, მაშინ როდესაც პრორუსულ ძალებს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდათ.

მოლდოველებმა ეფექტურად დაიცვეს თავიანთი დემოკრატია საარჩევნო ყუთებთან და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი სტრატეგიული არჩევანი - რეფორმების დაჩქარება, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლისთვის დასრულება და 2030 წლისთვის კავშირში გაწევრიანება.

მიუხედავად ამისა, ეს პრორუსული პარტიები პარლამენტში რჩებიან და შეეცდებიან დააბრკოლონ მთავრობის დღის წესრიგი. ისინი ასევე რჩებიან რუსული დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული გავლენის არხებად.

ახლა მთავარი მართვაა. თუ პროევროპული მთავრობა რეალურ შედეგებს მიაღწევს, კანონის უზენაესობის განმტკიცებით, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებით, ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდით და გამჭვირვალე კომუნიკაციით, შეძლებს საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციას და ანტიევროპული ძალების კიდევ უფრო მარგინალიზაციას, ისინი სულ უფრო იზოლირებულები გახდებიან და ვერ შეძლებენ მოლდოვის სტრატეგიული კურსის შეცვლას.

საბოლოო ჯამში, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ძლიერი გარე ზეწოლის ქვეშაც კი, მოლდოველებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი დემოკრატია და უზრუნველყონ ქვეყნის მომავალი ევროკავშირში.

რადიო თავისუფლება: მოსკოვი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ არჩევნები მოლდოვაში არადემოკრატიულად ჩატარდა, რომ აიკრძალა პრორუსული პარტიები და არ იყო თავისუფალი მედია. ეს მოსაზრება საქართველოშიც გავრცელებულია და მას ხშირად „ქართული ოცნების“ მომხრეები იმეორებენ. რას უპასუხებდით მათ?

ზოგიერთი მედიაპლატფორმა - დაკავშირებული სანქცირებულ ოლიგარქებთან, რუსეთის პროპაგანდასთან ან კრიმინალური ქსელებთან - გაჩერდა. მათ კანონმდებლობა დაარღვიეს...

იულიან გროზა: ეს განცხადებები რეალობის ამოყირავების მცდელობაა. ისინი, სავარაუდოდ, განზრახ პოლიტიკური დეზინფორმაციის სტრატეგიის ნაწილია და სამწუხაროა, რომ საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას იმეორებს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ღრმად აფასებს თავად ქართველი ხალხი დემოკრატიასა და ევროპულ პრინციპებს.

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე. ეს არჩევნები ჩატარდა ინტენსიური გარე ზეწოლის ქვეშ, მაგრამ დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით. ათასობით საერთაშორისო დამკვირვებელმა დაადასტურა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო და ასახავდა ხალხის ნებას.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც დისკვალიფიცირებული იქნა, აიკრძალა არა მათი იდეოლოგიის, არამედ ქვეყნის კანონმდებლობის დოკუმენტირებული დარღვევების გამო, მათ შორის უკანონო უცხოური დაფინანსების, ფულის გათეთრების და რუსული ქსელების მიერ კოორდინირებულ ჰიბრიდულ ოპერაციებში მონაწილეობის გამო.

მოლდოვის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მოითხოვს პარტიების გამჭვირვალობასა და უცხოური გავლენისგან დამოუკიდებლობას. მათ, ვინც ვინც ეს ვერ შეძლო, სამართლებრივი შედეგები დაეკისრათ, ხოლო გადაწყვეტილებები სასამართლო გადახედვას დაექვემდებარა.

მოლდოვაში მედიასივრცე კვლავ პლურალისტური და ცოცხალია, ბევრი დამოუკიდებელი საშუალება - მათ შორის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი - თავისუფლად მუშაობს. ზოგიერთი მედიაპლატფორმა - დაკავშირებული სანქცირებულ ოლიგარქებთან, რუსეთის პროპაგანდასთან ან კრიმინალური ქსელებთან - გაჩერდა. მათ კანონმდებლობა დაარღვიეს, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და უკანონო დაფინანსება ჰქონდათ. ისინი აშშ-ის, ევროკავშირის და საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებიან.

მოსკოვი და ისინი, ვინც მის ნარატივებს ავრცელებენ, ცდილობენ იმ დემოკრატიული შედეგის დელეგიტიმაციას, რომელზეც გავლენა ვერ მოახდინეს. ეს არის ნაცნობი ტაქტიკა, რომელიც შექმნილია დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შესასუსტებლად და რეალობისგან ყურადღების გადასატანად. ეს არჩევანი იმსახურებს პატივისცემას და არ [იმსახურებს] დამახინჯებას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველი პოლიტიკოსები შეუერთდებიან ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერებს, აღიარებენ ამ არჩევნებს და მოიწონებენ იმას, რომ მოლდოვამ დაიცვა საარჩევნო პროცესი და დემოკრატია რუსეთის ჩარევისგან.

რადიო თავისუფლება: 2030 წლამდე, როცა მოლდოვა ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს, ქვეყანაში რეფორმებია გასაგრძელებელი. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა და შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა, როცა რუსული ძალები დამარცხდნენ, რეფორმების გატარება გაადვილდება?

მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკვე შესანიშნავია...

იულიან გროზა: არჩევნების შედეგი მოლდოვას ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად, ერთ პროევროპულ პარტიას აქვს მკაფიო საპარლამენტო უმრავლესობა და ძლიერი სახალხო მანდატი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის. ეს პოლიტიკურად აადვილებს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას - თუმცა ტექნიკური და ინსტიტუციური თვალსაზრისით ამის გაკეთება სულაც არ არის უფრო მარტივი.

მომდევნო ხუთი წელი გადამწყვეტი იქნება იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა მოლდოვა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას 2028 წლისთვის და ევროკავშირში შესვლას 2030 წლისთვის, როგორც ამას ამომრჩევლები აშკარად ითხოვდნენ. მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკვე შესანიშნავია.

ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო, 2024 წელს დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და დაასრულა ევროკავშირის კანონმდებლობის 100 000-ზე მეტი გვერდის სკრინინგი - გაწევრიანების პროცესის გადამწყვეტი ეტაპი.

შემდეგი ნაბიჯი არის მოლაპარაკებების დაწყება ცალკეულ თავებზე, დაწყებული „საფუძვლების“ კლასტერით, რომელიც ფოკუსირებულია კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე, სასამართლო რეფორმის წინსვლაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და საჯარო მმართველობის მოდერნიზაციაზე. პარალელურად, სახელმწიფო ინსტიტუტები უფრო მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახდნენ, ხოლო კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის ტემპი კვლავ მატულობს.

თუმცა, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. მოლდოვამ უნდა დაასრულოს სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმები, გადახედოს და პროფესიონალურად გარდაქმნას საჯარო ადმინისტრაცია, აამაღლოს კონკურენცია ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის. ამავდროულად, დემოკრატიის განმტკიცებისა და ქვეყნის ევროპული ტრაექტორიის შეუქცევადობისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლების გაძლიერება, დეზინფორმაციის მიმართ მედეგობის გაზრდა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.

რეფორმების პროცესი მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებთან, მათ შორის 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის „ზრდისა და რეფორმების მექანიზმთან“, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ამ რესურსების ეფექტიანად გამოყენება იქნება არსებითი შიდა ერთიანობისა და მოქალაქეთა ყოველდღიურობის ხელშესახები გაუმჯობესებისთვის - დაწყებული თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის შექმნით, უკეთესი განათლებითა და სახელმწიფო სერვისებით გაგრძელებული და საბოლოოდ - მოლდოვის ევროპული მომავლის რეალობად ქცევისთვის.

რადიო თავისუფლება: საქართველოს პრემიერმინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ გაუჭირდება მიულოცოს მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება, სანამ მოლდოვა დსთ-ს წევრია. როგორ კომენტარს გაუკეთებთ ამ განცხადებას და რა უშლის ხელს მოლდოვას გამოვიდეს დსთ-ს შემადგენლობიდან?

მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველო დაუბრუნდება საკუთარ დემოკრატიულ გზას და ევროპულ ამბიციებს, როგორც ეს ოდესღაც იყო...

იულიან გროზა: მოლდოვის მიმართულება ნათელი და შეუქცევადია: ჩვენი სტრატეგიული ღუზა ევროკავშირია. უკვე რამდენიმე წელია, მოლდოვა მეთოდურად და შეგნებულად ტოვებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ). ჩვენ უკვე გავაუქმეთ 100-ზე მეტი შეთანხმება, გავყინეთ მონაწილეობა პოლიტიკურ დონეზე შეხვედრებსა და ფორმატებში და ჩვენი პოლიტიკისა და სამართლებრივი ჩარჩოების უმრავლესობა შევუსაბამეთ ევროკავშირისას. პრაქტიკაში, მოლდოვა ოთხ წელზე მეტია არ მონაწილეობს დსთ-ს პოლიტიკურ სტრუქტურებში და მისი როლი ორგანიზაციაში ამჟამად უმეტესწილად ნომინალურია.

თუმცა, სრული გასვლა არ არის მყისიერად მისაღები გადაწყვეტილება. ეს არის რთული სამართლებრივი და ტექნიკური პროცესი, რომელიც მოიცავს სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან ფრთხილად გამოსვლას, მოქალაქეთა უფლებების დაცვას; მაგალითად, საზღვარგარეთ მომუშავე მოლდოველებისთვის სოციალური უზრუნველყოფისა და შრომითი საკითხების უზრუნველყოფას და იმის უზრუნველყოფას, რომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური და კომერციული კონტრაქტები არ დაირღვეს.

დსთ არ არის რუსეთის სინონიმი. ის ასევე მოიცავს სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც მოლდოვას სურს პრაგმატული ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გაგრძელება, განსაკუთრებით - შუა აზიაში. ეს მოითხოვს გაზომილ, ეტაპობრივ გასვლას და არა წმინდა სიმბოლურს. ყველაზე მნიშვნელოვანი არა იურიდიული იარლიყია, არამედ მოლდოვის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, ევროპულ ღირებულებებთან მისი შესაბამისობა და ჩვენს სახელმწიფოებსა და საზოგადოებებს შორის დამყარებული ორმხრივი ურთიერთობები.

სამწუხაროა, რომ საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ამ ფორმალურ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს მოლდოველი მოქალაქეების დემოკრატიული ნება, რომლებმაც ევროპული მომავალი აირჩიეს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველო დაუბრუნდება საკუთარ დემოკრატიულ გზას და ევროპულ ამბიციებს, როგორც ეს ოდესღაც იყო. მოლდოვა და მოლდოველი ხალხი ყოველთვის იდგება საქართველოს ხალხის გვერდით, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე ღირებულებებს, მისწრაფებებს და რწმენას საერთო ევროპული მომავლის მიმართ.

რადიო თავისუფლება: სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობა მგრძნობიარე საკითხია. რა პოლიტიკა ექნება პროდასავლურ ხელისუფლებას ამ საკითხზე?

კვიპროსის შემთხვევა აჩვენებს, რომ გაწევრიანება შესაძლებელია გადაუჭრელი ტერიტორიული დავების პირობებშიც კი. ამავდროულად, ეს პოლიტიკურად რთულ პროცესად რჩება...

იულიან გროზა: დნესტრისპირეთის რეგიონის მშვიდობიანი რეინტეგრაცია მოლდოვისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება, თუმცა ეს ევროკავშირის წევრობის იურიდიულ წინაპირობას არ წარმოადგენს. ევროკავშირის კანონმდებლობა გაწევრიანებამდე სრულ ტერიტორიულ კონტროლს არ მოითხოვს, როცა კონსტიტუციური წესრიგი, დემოკრატიული ინსტიტუტები და ევროკავშირის კანონმდებლობა ეფექტურად ფუნქციონირებს მთავრობის მმართველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.

კვიპროსის შემთხვევა აჩვენებს, რომ გაწევრიანება შესაძლებელია გადაუჭრელი ტერიტორიული დავების პირობებშიც კი. ამავდროულად, ეს პოლიტიკურად რთულ პროცესად რჩება, რომლის მჭიდრო კოორდინაციაც მოლდოვას ევროკავშირთან მოუწევს. ჩვენი მიდგომის ფუნდამენტური პრინციპია, რომ რუსეთს აღარ უნდა მიეცეს რაიმე სახით ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა მოლდოვის შიდა ან საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მოლდოვის სტრატეგიაა თავად ევროკავშირში გაწევრიანება გამოიყენოს, როგორც რეინტეგრაციის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი.

როგორც კი ქვეყანა მტკიცედ ჩაერთვება ევროკავშირის სამართლებრივ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სივრცეში, კონფლიქტის ბუნება შეიცვლება - რუსეთის მიერ მანიპულირებული გეოპოლიტიკური დაპირისპირებიდან გარდაიქმნება ტექნიკურ და ინსტიტუციურ გამოწვევად, რომლის მოგვარებაც დროთა განმავლობაში უფრო ეფექტიანად იქნება შესაძლებელი. ხელშესახები პროგრესი უკვე მიღწეულია. დნესტრისპირეთის ვაჭრობის 70%-ზე მეტი ახლა ევროკავშირის ბაზრებთან მიდის, მოლდოვას მარეგულირებელი ჩარჩოების შესაბამისად. მდინარე დნესტრის გასწვრივ ინფრასტრუქტურული კავშირები და ხალხთა შორის კონტაქტები ფართოვდება, მოლდოვამ კი მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება და გააძლიერა სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი.

შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს რეგიონის დემილიტარიზაცია, მათ შორის რუსული ჯარების გაყვანა და საბრძოლო მასალების საწყობის გატანა კობასნიდან. ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის გაგრძელებასთან ერთად. რუსეთის გავლენის შესუსტებისას, მან შეიძლება სცადოს დნესტრისპირეთის უფრო აგრესიულად გამოყენება დეზინფორმაციის, ჰიბრიდული ზეწოლის ან ენერგეტიკული შანტაჟის გზით. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანება და მდგრადობის გაძლიერება ურთიერთსასარგებლოა. ევროპული მოლდოვა არა მხოლოდ უკეთეს მდგომარეობაში იქნება კონფლიქტის სამართავად, არამედ გაცილებით მიმზიდველ მოდელად იქცევა დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის - საფუძველს ჩაუყრის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ ღირებულებებს დაფუძნებული მდგრადი, მოლაპარაკებების გზით მიღწეული მოგვარების პროცესს.

რადიო თავისუფლება: საქართველოში ხშირად ავლებენ პარალელს ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკს შორის. რამდენადაც ვიცი, პლაჰოტნიუკმაც ივანიშვილის მსგავსად დაიწყო - როგორც ევროპასთან ინტეგრაციის მომხრემ. ხედავთ თქვენც ამ პარალელს?

მოლდოვის გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც ინსტიტუტები უფრო მედეგები ხდებიან, ყველაზე ფესვგადგმული ოლიგარქიული ქსელების დაშლაც კი შესაძლებელია - და ეს გაკვეთილი აქტუალურია მოლდოვას საზღვრებს მიღმაც...

იულიან გროზა: მართლაც არსებობს გარკვეული მსგავსება. ივანიშვილმაც და პლაჰოტნიუკმაც შექმნეს პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლის ფართომასშტაბიანი სისტემები, რომლებიც პირად ძალაუფლებაზე იყო ორიენტირებული. ისინი ეყრდნობოდნენ მსგავს მეთოდებს: მედიასივრცის დომინირებას, მფარველობითი ქსელების გამოყენებას, ინსტიტუტებზე შერჩევით ზეწოლას და სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების სამსახურში ჩაყენების მცდელობებს.

ორივე შემთხვევაში ეს ხშირად პროევროპული რიტორიკით იყო შეფუთული, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ძალაუფლების ლეგიტიმაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. პლაჰოტნიუკის გავლენა მოლდოვაზე საბოლოოდ დაინგრა სასამართლო გამოძიებების, საერთაშორისო ზეწოლისა და საზოგადოების წინააღმდეგობის ერთობლიობის შედეგად. მოლდოვის მართლმსაჯულებისგან ექვსწლიანი მალვის შემდეგ, ის ახლა დაპატიმრებულია და ბრალი ედება სერიოზული დანაშაულებისთვის, მათ შორის - კორუფციისა და ფულის გათეთრებისთვის.

მოლდოვის დემოკრატიული სისტემა, რომელიც ჯერაც სუსტია, გასცდა მაგ თავს და დღეს ყურადღება მიმართულია ინსტიტუტების გაძლიერებისკენ - იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ, პოლიტიკური ბრენდინგის მიუხედავად, ვეღარ შეძლოს სახელმწიფოს მისაკუთრება.

მთავარი გაკვეთილი აქ ისაა, რომ დეოლიგარქიზაცია ინდივიდებს კი არა, სახელმწიფოსა და სისტემების შექმნას უკავშირდება. ეს ნიშნავს გამჭვირვალე პარტიულ დაფინანსებას, დამოუკიდებელ პროკურორებსა და სასამართლოებს, ქონების დეკლარაციისა და კონფისკაციის ეფექტიან ინსტრუმენტებს, კონკურენტულ და პლურალისტურ მედიასა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ მარეგულირებლებს. მოლდოვის გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც ინსტიტუტები უფრო მედეგები ხდებიან, ყველაზე ფესვგადგმული ოლიგარქიული ქსელების დაშლაც კი შესაძლებელია - და ეს გაკვეთილი აქტუალურია მოლდოვას საზღვრებს მიღმაც.

რადიო თავისუფლება: საქართველოს ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ ევროპასთან ურთიერთობის გაუარესება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირის ჩინოვნიკები საქართველოსგან მოითხოვდნენ უფრო მკაფიო პოზიციის დაკავებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმართ. როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება უკრაინის და მოლდოვის ურთიერთობის მიმართ და ჯერაც აქვს თუ არა რუსეთს ძლიერი მხარდაჭერა მოლდოვის საზოგადოებაში, როცა საქმე ამ კონფლიქტს ეხება?

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მცირე ნაწილი კვლავ იმეორებს კრემლის ნარატივებს, ეს კონტინგენტი მცირდება. რუსეთის სისასტიკემ, ენერგეტიკულმა შანტაჟმა და არჩევნებში ჩარევამ მოსკოვის მიმართ ნდობა წაშალა...

იულიან გროზა: მოლდოველთა უმრავლესობისთვის უკრაინა მხოლოდ მეზობელი არ არის - ის არის სტრატეგიული პარტნიორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ბუფერი. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ფუნდამენტურად შეცვალა მოლდოვური საზოგადოების დამოკიდებულება როგორც რუსეთის, ასევე საკუთარი სტრატეგიული არჩევანის მიმართ. ამჟამად არსებობს ფართო გაგება, რომ უკრაინის წინააღმდეგობა პირდაპირ იცავს მოლდოვის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფს ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო გეოპოლიტიკურ სივრცეს.

უკრაინის თავდაცვის გარეშე მოლდოვა მოსკოვის მხრიდან გაცილებით დიდი ზეწოლის ქვეშ იქნებოდა, მათ შორის - აღმოჩნდებოდა მისი ევროპული გზის ჩაშლის მიზნით დესტაბილიზაციის მცდელობების პირისპირ. თავიანთი სამშობლოს დაცვით, მამაცი უკრაინელები იცავენ ასევე ევროპას, მათ შორის მოლდოვას. ჩვენი ქვეყანა, უკრაინის შემდეგ, რუსული აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალებულთა შორისაა, რაც მოიცავს დეზინფორმაციას, კიბერშეტევებს, არჩევნებში ჩარევას და ეკონომიკურ ზეგავლენებს. ომმა შეცვალა ევროკავშირის მიდგომაც, რამაც განაპირობა მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მიღება.

ევროკავშირში გაწევრიანება ახლა არის არა მხოლოდ სტრატეგიული მიზანი, არამედ უსაფრთხოების გარანტიაც ჩვენი რეგიონისთვის. მოლდოვა დღეს მნიშვნელოვნად უფრო მედეგია ევროკავშირისა და აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერის წყალობით. ჩვენი ინსტიტუტები უფრო ძლიერია, საზოგადოება უფრო ერთიანი და სისუსტეებიც შემცირებულია.

რაც მთავარია, მოლდოვა ახლა ენერგეტიკულად 0%-ით არის დამოკიდებული რუსეთზე — სულ რაღაც სამი წლის წინ მისი გაზის 100%-ის და ელექტროენერგიის 80%-ის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა. ამ საერთო რეალობამ გააღრმავა სოლიდარობა მოლდოვას, უკრაინასა და ევროკავშირს შორის. მოლდოვა პოლიტიკურად და დიპლომატიურად უჭერს მხარს უკრაინას, აქტიურად უწყობს ხელს ევროკავშირის „სოლიდარობის ხაზებს“, ეთანხმება სანქციებს, მასპინძლობს ლტოლვილებს და მჭიდროდ თანამშრომლობს უსაფრთხოების საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მცირე ნაწილი კვლავ იმეორებს კრემლის ნარატივებს, ეს კონტინგენტი მცირდება. რუსეთის სისასტიკემ, ენერგეტიკულმა შანტაჟმა და არჩევნებში ჩარევამ მოსკოვის მიმართ ნდობა წაშალა. დღეს მოლდოველთა უმრავლესობა ომს გაუმართლებელ აგრესიად მიიჩნევს და მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით, რაც გეოპოლიტიკური სიცხადეა, რომელიც მოლდოვის ევროპულ არჩევანს უდევს საფუძვლად.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტ სანდუს გამარჯვების შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა დეზინფორმაცია - მათ შორის, ყალბი ვიდეო, რომლის მიხედვითაც, თითქოს პრეზიდენტი სანდუ საქართველოს „რუსეთის კოლონიად“ მიიჩნევდა. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, როგორ ხედავთ საქართველოსა და მოლდოვის ურთიერთობას მომავალში?

ჩვენი ურთიერთობები არ უნდა განისაზღვროს დეზინფორმაციით ან ჩვენი გაყოფის მცდელობებით, არამედ იმით, რაც გვაერთიანებს: რწმენით, რომ ჩვენი რეგიონის მომავალი ევროკავშირშია. მოლდოვა ყოველთვის იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც იზიარებს ამ ღირებულებებსა და მისწრაფებებს...

იულიან გროზა: ეს ე.წ. ვიდეო დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან აღებული ნიმუშია - ყალბი ინფორმაცია, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყნებს შორის უნდობლობის დასათესად, ევროპული მისწრაფებების მქონე ერებს შორის სოლიდარობის შესასუსტებლად და რუსეთის აგრესიისგან ყურადღების გადასატანად.

მოლდოველები კარგად იცნობენ ამ ტაქტიკას: წლების განმავლობაში დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობდნენ ჩვენს წაკიდებას პარტნიორებთან და ჩვენი დემოკრატიული არჩევანის მიმართ საზოგადოების ნდობის გაქრობას. რეალობა სრულიად განსხვავებულია. მოლდოვასა და საქართველოს დიდი ხნის კავშირები აქვთ, რომლებიც საერთო ისტორიიდან, კულტურიდან და რაც ყველაზე მთავარია, დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციისკენ საერთო მისწრაფებებიდან იღებს სათავეს. ჩვენი მოქალაქეები მუდმივად ავლენენ ევროპული ღირებულებებისადმი კუთვნილებასა და სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, სუვერენულ სახელმწიფოებში, გარე დომინაციისგან დაცულად. ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ჩვენი პოლიტიკური ტრაექტორიები გაიყო. დღეს მოლდოვას აშკარად პროევროპული უმრავლესობა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ბოლომდე ერთგული მთავრობა ჰყავს, მაშინ როდესაც საქართველოში სადავო ვითარებაა.

თუმცა, ჩვენს საზოგადოებებს შორის კავშირი ჯერაც ძლიერია. ჩვენ ამას ვხედავთ ქართველების სოლიდარობაში უკრაინის მიმართ, ევროპული ინტეგრაციისადმი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში და თბილისიდან აჭარამდე გამართულ დემონსტრაციებზე საქართველოსა და უკრაინის დროშებთან ერთად მოლდოვური დროშების ფრიალის სიმბოლიზმში. წინ თუ გავიხედავთ, მჯერა, ჩვენი ურთიერთობები არ უნდა განისაზღვროს დეზინფორმაციით ან ჩვენი გაყოფის მცდელობებით, არამედ იმით, რაც გვაერთიანებს: რწმენით, რომ ჩვენი რეგიონის მომავალი ევროკავშირშია. მოლდოვა ყოველთვის იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც იზიარებს ამ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. საბოლოოდ ხომ, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და სწორედ ამის ეშინია მოსკოვს ყველაზე მეტად.