Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მოლდოველ მღვდლებს ფულს უხდიდა არჩევნებზე გავლენის მოსახდენად


მოლდოვა - კიშინიოვი, მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძარი
მოლდოვა - კიშინიოვი, მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო ტაძარი

რუსეთმა დააფინანსა მოლდოველი მართლმადიდებელი მღვდლების პილიგრიმობა (მომლოცველობა) მოსკოვში, სადაც მათ გადაეცათ წინასწარ თანხებით შევსებული საბანკო ბარათები.

სანაცვლოდ, მოლდოვაში დაბრუნებულ სასულიერო პირებს უნდა შეექმნათ Telegram არხები, რათა გავლენა მოეხდინათ მრევლზე საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმის წინ, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გაიმართა. ამის შესახებ წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

15 სასულიერო პირთან საუბრისა და რუსეთში ვიზიტის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების ანალიზის შემდეგ, სააგენტოს ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ 2024 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე რუსეთს მოლდოვიდან რამდენიმე ასეული ადამიანი (ძირითადად მღვდელი ან მოლდოვის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული საერო პირი) ეწვია.

ყველა მოგზაურობა სრულად დაფინანსდა რუსეთის მიერ. არქიდიაკონი მიჰაი ბიკუ 2024 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის წევრი იყო. მოსკოვში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა მათ 10,000 რუბლის (120 აშშ დოლარი) ვაუჩერები გადასცეს ეკლესიის მაღაზიებში დასახარჯად, დაჰყავდათ თეოლოგებისა და ისტორიკოსების ლექციებზე, სადაც ისმენდნენ საუბრებს იმაზე, თუ როგორ აკავშირებთ რუსეთსა და მოლდოვას საუკუნოვანი ტრადიციები, საერთო რწმენა და როგორ უნდა გაერთიანდნენ ისინი „მორალურად გახრწნილი დასავლეთის“ წინააღმდეგ.

მისი თქმით, მოლდოვაში გაფრენამდე მან და ჯგუფის სხვა ბევრმა წევრმა მიიღო საბანკო ბარათი და თხოვნა, შინ დაბრუნებულებს შეექმნათ სოციალური მედიის გვერდები თავიანთი სამრევლოებისთვის, რათა „გაეფრთხილებინათ თავიანთი სამწყსოები პროდასავლური მთავრობის ევროინტეგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ“.

ბარათის ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ, ანგარიშზე 1200 აშშ დოლარი ჩაირიცხა. თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, ბიკუმ არ განახორციელა რუსული გეგმა და 2024 წლის დეკემბერში ბესარაბიის ეპარქიაში (რუმინეთის საპატრიარქო) გადავიდა.

Reuters-მა დაადგინა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა მოლდოვური მართლმადიდებლური სამრევლოების კუთვნილი თითქმის 90 ახალი Telegram არხი, რომელთა ანალიზმა აჩვენა, რომ არხების უმეტესობა პრაქტიკულად იდენტურ კონტენტს ავრცელებდა: ყოველდღიურად მოუწოდებდა მორწმუნეებს, წინააღმდეგობა გაეწიათ მთავრობის პროდასავლური პოლიტიკისათვის.

ამ პუბლიკაციების მიხედვით, საფრთხის ქვეშაა მოლდოვას ტრადიციული ოჯახური ღირებულებები“ და, რომ ამის ევროკავშირია, რომელიც „ხრწნის მორალურ პრინციპებს და ანადგურებს რელიგიურ თავისუფლებას“. სააგენტოს ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ შინაარსი არ არის აშკარად პრორუსული, მაგრამ სრულად შეესაბამება მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირების მომხრე პარტიების პოზიციას.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლდოვის პრეზიდენტის მრჩეველმა სტანისლავ სეკრიერუმ განაცხადა, რომ „მოლდოვის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ყველაზე ამორალური გამოვლინებაა უძველესი ინსტიტუტის - ეკლესიის - გამოყენება“: „მოსკოვი ცდილობს მოსალოცად ჩასული სასულიერო პირების გადაბირებას, რათა რელიგია აქციოს იარაღად. რუსეთიდან დაბრუნებულები მღვდლები თავიანთ გავლენას უნდობლობის დასათესად იყენებენ “.

Reuters-ის ცნობით, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები განაგრძობენ მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებს:

  • 2025 წლის აპრილიდან, რუსული პროსამთავრობო ბოტების ქსელი „მატრიოშკა“ და „რეპრესიების საწინააღმდეგო ფონდი“ აწარმოებენ მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ.
  • 2025 წლის 25 ივლისს ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მოლდოვის მოქალაქეებს შეუძლიათ ერთი წლით ჩავიდნენ რუსეთში და იმუშაონ სპეციალური სამუშაო ნებართვის გარეშე.
  • 23 სექტემბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ევროპის ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მოლდოვამ რუსოფობიური პოლიტიკა გაატარებინოს და, რომ ამის გაკეთებას ნებისმიერ ფასად გეგმავენ”.


მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთს 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში „უპრეცედენტო“ ჩარევის მომზადებაში ადანაშაულებს. თავის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში მან განაცხადა, რომ „კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს ასობით ათასი ხმის საყიდლად“. სანდუმ მოლდოველებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაეწიონ რუსეთს და მხარი დაეჭირონ ქვეყნის პროევროპულ ძალებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG