Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვამ პრორუსულ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა


საარჩევნო პლაკატები მოლდოვაში
საარჩევნო პლაკატები მოლდოვაში

მოლდოვის საარჩევნო კომისიამ პარასკევს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა პრორუსულ პარტიას „მოლდოვის გული“.

28 სექტემბრის არჩევნებმა შეიძლება განსაზღვროს, შეძლებს თუ არა მოლდოვა ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გაგრძელებას თუ ისევ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდება.

პარტია „მოლდოვას გული“ რუსეთისადმი მეგობრული „პატრიოტული საარჩევნო ბლოკის“ (BEP) ოთხი პარტიიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც მმართველი პროდასავლური „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტად მიიჩნევა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქმედება კიშინიოვის სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთი დღით ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა, რომელმაც პარტიას საქმიანობა 12 თვით შეზღუდა.

იუსტიციის სამინისტრომ შეზღუდვების დაწესება მოითხოვა თვის დასაწყისში პარტია „მოლდოვას გულის“ წევრების ჩხრეკის შემდეგ, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის, პარტიის უკანონო დაფინანსებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით იყო გამოწვეული.

საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ „მოლდოვას გულის“ მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი უნდა ამოიღონ ბლოკის კანდიდატთა სიიდან და ბლოკს 24 საათი მისცა, რათა მათი სია საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

BEP აცხადებს, რომ მას სურს „რუსეთთან მეგობრობა“, „მუდმივი ნეიტრალიტეტი“ და „სახელმწიფო, რომელიც ემსახურება ხალხს და არა ჩინოვნიკებს“.

„მოლდოვის გულის“ ლიდერმა, ირინა ვლაჰმა, დაგმო „შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება“ და მას მმართველი პარტიის მიერ „დიდი ხნის წინ შეთხზული პოლიტიკური სპექტაკლი“ უწოდა.

ხუთშაბათს ვლაჰს ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში შესვლა აეკრძალა. ამ ქვეყნებმა მას ბრალი დასდეს „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაში ჩარევაში“.

მოსკოვმა არაერთხელ უარყო, რომ მოლდოვის საქმეებში ერევა. ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებები „ანტირუსულად“ და „უსაფუძვლოდ“ მოიხსენია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG