"დღეს სრული სერიოზულობით გეუბნებით: ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და და ევროპული მომავალი საფრთხეშია.
კრემლი ასხამს ასობით მილიონ ევროს, რომ იყიდოს ასიათასობით ხმა დნესტრის ორივე ნაპირზე და საზღვარგარეთ. ხალხი ყოველდღიურად იწამლება ტყუილებით. ასობით პირს უხდიან თანხას არეულობის, ძალადობისა და შიშის გავრცელების პროვოცირებისთვის.
მივმართავ ყველა მოქალაქეს: ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაბარდეს უცხოურ ინტერესებს".
სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვის სახელმწიფოებრივი ინტერესებია "მშვიდობა და თავისუფლება", აგრეთვე ეკონომიკური განვითარება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროინტეგრაცია და ქვეყნის განვითარება:
"თუკი რუსეთი კონტროლს დაამყარებს მოლდოვაზე, ამას ექნება მყისიერი და საშიში შედეგები ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის. თითოეული მოლდოველი დაზარალდება, მიუხედავად იმისა, ვის მისცა ხმა.
ევროპა შეჩერდება ჩვენს საზღვართან. ევროპული ფონდები შეჩერდება მდინარე პრუტთან. შესაძლოა გაქრეს გადაადგილების თავისუფლება. ჩვენი მიწა შესაძლოა იქცეს ოდესის ოლქში ინფილტრაციის პლაცდარმად. დნესტრისპირეთის რეგიონში იქნება დესტაბილიზაცია. ესაა მათი მიზნები - და ისინი ამის შესახებ ღიად ლაპარაკობენ".
მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლდოვის ხალხი ვერ დაუშვებს სტაბილურობისა და მშვიდობის დათმობას და რომ ქვეყანა დაცული უნდა იყოს რუსეთის მხრიდან თავდასხმისა და დესტაბილიზაციის მცდელობებისგან. ამასთან, მისი თქმით, რუსეთს მოლდოვაში თანამზრახველები ჰყავს:
"რუსეთი მარტო არ მოქმედებს. კრემლს ჰყავს თანამზრახველები მოლდოვაში - ხალხი, რომელიც დროდადრო აჩვენებს, რომ მზად არიან ფულზე გაყიდონ თავიანთი ქვეყანა. მათ არ გააჩნიათ სამშობლო, მათ მხოლოდ ბატონები ჰყავთ.
მათ არ სჯერათ რუსეთის. არ სჯერათ ევროპის. მათ სჯერათ მხოლოდ ფულის. მათ სურთ სუსტი მოლდოვა, კორუმპირებული მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც მათ კორუფციისა და ღალატისთვის პასუხისმგებლობისგან დაიცავს.
ჩვენ გვიცხოვრია იმ დროში, როცა ისინი, ვინც ახლა ხმებს ყიდულობს, ძალაუფლებაში იყვნენ. გვახსოვდეს, რამხელა ზიანი მოუტანეს მათ მოლდოვას და როგორ ვიბრძოლეთ ძალაუფლებისგან მათ ჩამოსაშორებლად. ამდენი მსხვერპლის შემდეგ, ამდენი თაობის მიერ გაჭირვების გამოვლის შემდეგ, არ გვაქვს უფლება, ქვეყანა კვლავ კორუმპირებულებსა და მოღალატეებს ჩავაბაროთ".
მაია სანდუს სიტყვებით, რუსეთი მოლდოვას არა ქვეყნად, არამედ ტერიტორიად თვლის:
"კრემლს ჰგონია, რომ ჩვენ ყველანი ვიყიდებით; რომ ძალიან მცირენი ვართ და წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ; რომ ქვეყანა კი არა, მხოლოდ ტერიტორია ვართ.
მაგრამ მოლდოვა ჩვენი სახლია. ჩვენი სახლი კი არ იყიდება. ის დგას ჩვენი ხალხის ღირსებაზე - თქვენ ხართ მშვიდობისა და ჩვენი შვილების მომავლის დაცვის საყრდენი".
პრეზიდენტი სანდუ ამომრჩეველს განუმარტავს, რომ დღეს მოლდოვა პატიოსანი ხმით უნდა დაიცვან:
"ჩვენი წინაპრები სიცოცხლესაც სწირავდნენ მოლდოვის დასაცავად. დღეს ჩვენ ვიცავთ მას პატიოსანი საარჩევნო ხმითა და ნათელი გონებით.
მოლდოვის დაცვა და მშვიდობის შენარჩუნება ჩემი ვალია. თქვენს გარეშე ვერ მოვახერხებ. თქვენშია ჩემი ძალა.
ძვირფასო მოქალაქეებო, საფრთხე დიდია, მაგრამ ჩვენი ძალა უფრო ძლიერი უნდა იყოს. მოდი, ვიყოთ მოლდოვის ღირსნი! არ მივყიდოთ ის ქურდებს და არც სხვებს მივცეთ მისი გაყიდვის უფლება! ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ მოლდოვა ოცდაათ ვერცხლად გასაყიდი მიწის ნაგლეჯი კი არა, ჩვენი წმინდა სახლია".
22 სექტემბერს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა X-ზე დაწერა, რომ მოლდოვა ევროინტეგრაციის მორიგ ეტაპზე გადავიდა, ვინაიდან დაასრულა კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი:
"დღეს მოლდოვის რესპუბლიკამ მიაღწია მორიგ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ ხანში მან დაასრულა მოლდოვის კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი. მოლდოვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მზად არის ევროკავშირში გაწევრიანების მორიგ ეტაპზე გადასასვლელად. ახლა მნიშვნელოვანია ამ შემართების შენარჩუნება!" - წერს ევროკომისარი.
ფორუმი