მამა ზაქარია (ფერაძე): „ძალიან თანავუგრძნობ ჩვენს ახალგაზრდობას, მაგრამ პატარა შენიშვნაც მაქვს“

მამა ზაქარია (ფერაძე)

„გუშინ [8 სექტემბერს] კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ტკივილი: მთავრობის მიერ დაქირავებული, სინდისზე ხელაღებული ჯანიანი ახალგაზრდები თავს დაესხნენ მშვიდობიან მარშს, რომელსაც ხალხი რუსული ჭაობის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის ახორციელებდა.“

„სასტიკად გაუსწორდნენ ქალებს და ყველას, ვინც ხელში მოხვდათ. მაგრამ გვახსოვდეს: ძალადობა ვერასოდეს დაამარცხებს ჭეშმარიტებას. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან: „სისხლი მოწამეებისა - თესლია ეკლესიისა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი კვიპროსში, მამა ზაქარია (ფერაძე) 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარს, როდესაც კახა კალაძის შტაბიდან გამოსულმა კაცებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე იძალადეს.

მამა ზაქარია კვიპროსში 2000-იანებში წავიდა და უკვე წლებია ნიქოზიაში მოღვაწეობს. მისი მრევლი ძირითადად ქართველი ემიგრანტები არიან.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის

  • გმობს კახი კალაძის შტაბის წინ მომხდარ ძალადობას;
  • საუბრობს საბჭოთა კავშირის გავლენაზე და ათეისტურ იდეოლოგიას ქართული საზოგადოების სულიერი კრიზისის მთავარ მიზეზად მიიჩნევს;
  • ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეკლესიისთვის სულიერი და მატერიალური წინსვლის შესაძლებლობა იქნებოდა;
  • არიგებს პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებსაც და ურჩევს, პოლიტიკურ ოპონენტებს ქრისტიანული პრინციპებით უპასუხონ.


რადიო თავისუფლება: თქვენთან, როგორც ეროვნული მოძრაობის მონაწილესთან, საუბარი კომუნისტური პერიოდით მინდა დავიწყო. თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რა დაგვიშავა საბჭოთა კავშირმა?

მამა ზაქარია (ფერაძე): საბჭოთა კავშირი ათეისტური ქვეყანა იყო და ადამიანის სულს ებრძოდა. ადამიანის მიზანი მარტო ჭამა ხომ არ არის, არამედ ის, რომ მარადიულ ცხოვრებაში გადავიდეს პირნათლად, სულს გაამარჯვებინოს თავის ვნებებზე, სხეულზე. თავისუფლება სწორედ სინდისის თავისუფლებაა, როდესაც შენს სულზე ამაღლდები, არავისი გეშინია, არც ხელისუფლების, არც სხვისი.

საბჭოთა კავშირმა მხოლოდ ის ხალხი დატოვა, ვინც მუცელზე იყო ორიენტირებული და ყველაფერზე ტაშს აკვრევინებდა. დღესაც ამ სახის კრიზისი გვაქვს საქართველოში. ქრისტე ამბობს: „შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს თქვენ“. აი, მაშინ გამოვა ათიათასობით ადამიანი, მაგრამ ეს შეგნება, სამწუხაროდ, არ არის ხალხში.

მამა ზაქარია (ფერაძე)

რადიო თავისუფლება: რატომ ეშინია ხალხის ნაწილს დასავლეთის? თქვენ რომ პირველად ჩახვედით კვიპროსზე, რა სტერეოტიპები დაგემსხვრათ?

მამა ზაქარია (ფერაძე): უფრო მეტად დავინახე, რას ნიშნავს თავისუფლება. გაუნათლებლობის ბრალია, რომ პროპაგანდა ასე მოქმედებს ადამიანებზე. ამბობენ, რუსეთი ერთმორწმუნეა, პუტინი გადაგვარჩენსო. იმას კი აღარ უყურებენ, ვინაა პუტინი, რა პიროვნებაა ან რუსეთის იდეოლოგია რა არის, რა გაგიკეთა. ქრისტე გეუბნება, ხე ნაყოფით შეიცნობაო. რუსეთმა ტერიტორიები, ავტოკეფალია წაგართვა, მეფე წაგართვა, შენს ენას ძაღლის ენა უწოდა, რუსულად გასწავლიდა და მაინც ის გგონია მხსნელი?!

დასავლეთსა და რუსეთს ასე აფასებენ - ორივე ცუდია, მაგრამ ამ ორიდან ნაკლებ უარესი რუსეთიაო. თურმე დასავლეთი, რომელიც გაცმევს და გიცავს, მტერი ყოფილა.

რადიო თავისუფლება: ერთმორწმუნეა იგივე საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, რომლებიც ევროკავშირში არიან.

მამა ზაქარია (ფერაძე): კვიპროსი ევროკავშირის ქვეყანაა. არანაირი ქორწინება კაცების კაცებზე და ქალების ქალებზე აქ არ ხდება. უარი თქვა ამ ქვეყანამ, მორწმუნე ერია და მათთვის მიუღებელი იყო. ამის გამო არავითარი სანქციები არ დაუწესებიათ. ევროკავშირში შესვლის შემდეგ ეკლესია სრულად ფინანსდება. ყველა სასულიერო პირს აქვს ხელფასი და დაზღვევა, ისე არაა, როგორც საქართველოში, სადაც მღვდლებს ხელფასი არა აქვთ და თვითონ ცდილობენ, როგორმე თავი ირჩინონ. არის ფონდიც, თუ მრავალშვილიანია ან ავადაა მღვდელი, ეხმარებიან. რაც მთავარია, საეკლესიო სასამართლო არსებობს. სასულიერო პირი რომ არის, ამის გამო გადაცდომას არ აპატიებენ.

რადიო თავისუფლება: ანუ თქვენ ამბობთ, რომ იხეირა ეკლესიამ ევროკავშირში შესვლით?

მამა ზაქარია (ფერაძე): რა თქმა უნდა, მატერიალურადაც და სულიერადაც. თუმცა აქაც ძალიან დიდი პროპაგანდაა რუსეთის. აქაც აბრმავებენ ხალხს. ეუბნებიან, მოვა რუსი, თურქებს განდევნის, ბიზანტიას აღადგენს და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეს ბერძნებს ჩააბარებსო. ადრე უფრო სჯეროდათ ასეთი ზღაპრების, ახლა - ნაკლებად. წინა მთავარეპისკოპოსმა, ქრიზოსტომოს II-მა, პირდაპირ ამხილა რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს დაბომბვასა და ომის დაწყებაში. კვიპროსის ეკლესიამ ღიად დაუჭირა უკრაინას მხარი. ძალიან დიდი განხეთქილება იყო, როდესაც გარდაიცვალა, მის დასაფლავებაზე არცერთი რუსი არ ჩამოსულა.

კირილი ამბობს, რომ უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა ყველა მისი სამწყსოა. ბომბებს აკურთხებს. რუსის ჯარს ეუბნება, თუ ომში მოკვდებით, სამოთხეში წახვალთ, ისინი კი ჯოჯოხეთში წავლენო. რა ერთმორწმუნეობაა ეს? რა სარწმუნოებაა?

ერთმა რუსმა სასულიერო პირმა მითხრა, თვალებში ვერ გიყურებ ჩემი სახელმწიფოს გამოო. არის პატიოსანი ხალხიც, მაგრამ...

ერთხელ ვიყავი რუსეთში პირველად და უკანასკნელად, 1989 წლამდე. ზაგორსკის სასწავლებელში რომ შევედი, სასწავლებელი იყო თუ კომპარტიის დაწესებულება, ვერ გაიგებდი, ბოლშევიკების სურათები ეკიდა ხატების ნაცვლად.

ასევე ნახეთ „დიქტატორსაც სჭირდება ხალხი“ - ინტერვიუ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან

რადიო თავისუფლება: რატომ დაემართა ეს რუსეთის ეკლესიას? მათაც ხომ ჰყავდათ მრავალი წმინდანი და კარგი მოძღვარი?

მამა ზაქარია (ფერაძე): ნამდვილად ჰყავდათ, მაგრამ ყველა წმინდა მამა დევნილი იყო რუსეთში.

რადიო თავისუფლება: საქართველოში არის ნიჰილიზმიც, რომ, აი, ვერ მოვერევით რუსეთს, მის გავლენას და ტყუილად რატომ შევაკვდეთ.

მამა ზაქარია (ფერაძე): დიდგორის ქვეყანა ამას არ უნდა ამბობდეს. თითქმის დამარცხებული იყო რუსეთი. გაწევრიანებულიყო საქართველო ევროკავშირში და ვერავინ შეეხებოდა. აგერ თურქეთი სულ ემუქრებოდა კვიპროსს, გაწევრიანდა ევროკავშირში და ახლა ხალხი (კვიპროსის თურქული ნაწილიდან) უკვე აქეთ მოილტვის, გაერთიანება უნდათ.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რას ვკარგავთ ევროკავშირისგან ჩამოშორებით?

მამა ზაქარია (ფერაძე): განვითარებას. ევროკავშირი ქრისტეს მცნებებზეა დაფუძნებული, ადამიანია მთავარი ღირებულება. ბავშვი დაიბადება თუ არა, ფულადი შემწეობა აქვს, მოხუცებს საუკეთესო პენსია. მშიერ-მწყურვალს არავის ტოვებენ.

რადიო თავისუფლება: რას ურჩევთ ხალხს?

მამა ზაქარია (ფერაძე): ძალიან თანავუგრძნობ ჩვენს ახალგაზრდობას, მაგრამ პატარა შენიშვნაც მაქვს. მოწინააღმდეგეს მათივე ენით არ უნდა ებრძოლო. შენი დედის პატივისცემის გამო არც სხვას უნდა შეაგინო დედა. ეს პირდაპირ გაშორებს ღვთის მფარველობას. ჩვენთვის ქრისტეა მთავარი, მას უნდა მიბაძო.

ურწმუნო ადამიანისთვის, ვისაც სულის უკვდავების არ სჯერა, მოხვეჭაა მთავარი. ამ ორი ქვეყნის ხელმძღვანელის (გულისხმობს ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის საუბარს უკვდავებაზე - რ.თ.) ლაპარაკს ხომ უსმინეთ - 70 წელი რა არის, ბავშვი ხარო. კარგი, 150 წლის რომ გახდები, მაშინ ხომ მოკვდები?

ასევე ნახეთ დიქტატორთა ოცნება უკვდავებაზე? მედიცინამ, არაო!

მე რაღაცას რომ ვაკეთებდი, არ მაკმაყოფილებდა, მეტი მინდოდა, მერე კიდევ მეტი და ბოლოს ბრეჟნევმა მომიყვანა გონზე. მსოფლიოს ერთი მესამედის მფლობელი ლეონიდ ილიას ძე რომ გარდაიცვალა და მარხავდნენ, კუბო ჩაუვარდათ სამარეში. ტელევიზორში ვუყურებდი და რომ დაიძახა ამ კუბომ „ბრაახ“... მაშინ მივხვდი, რომ არაფერი არ არის ეს ცხოვრება. ამან მიმიყვანა ქრისტიანობამდე.

ასევე ნახეთ „რომ მკითხონ, მამაო, სად იყავი, როდესაც ქუჩაში წიხლებს მირტყამდნენო?“ - ინტერვიუ არქიმანდრიტ შიოსთან