ვინ არის 15 წლის ბიჭის წამების ორგანიზებაში ბრალდებული, რა კავშირი აქვს "ბერგმანთან", რას ამბობს ადვოკატი?

ლევან აბესაძე, რომელსაც გამოძიება არასრულწლოვანის წამების ორგანიზატორად მიიჩნევს და 15 წლის ბიჭის დანით დასერილი სხეული. ფოტოკოლაჟი

15 წლის მოზარდის წამების ორგანიზებაში ბრალდებული 30 წლის ლევან აბესაძე, რომელსაც პროკურატურა ე.წ. „ფაშისტური“ დაჯგუფების ლიდერს უწოდებს, რამდენიმე წლის წინ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივი დისკრიმინაციით ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულში.

2018 წლის იანვარში, ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომებზე შესწავლილი მტკიცებულებებით, მოსამართლემ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, ლევან აბესაძემ კიდევ ერთ ბრალდებულთან ერთად, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ნიგერიის მოქალაქეებს.

იმავე დღეს, უცხოელებს ლევან აბესაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეტროსადგურ რუსთაველთანაც.

სასამართლომ მაშინ აბესაძეს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2015 წლის სექტემბერში, მედია წერდა, რომ კადრები, რომელზეც უცხოელებზე თავდასხმა იყო გადაღებული, ფეისბუკის გვერდზე Georgian Ultras, გამოქვეყნდა მინაწერით: “ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ”.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო, დაჯგუფების წევრებმა, ვიდეო წაშალეს.

კადრები ვირუსულად მაინც გავრცელდა და 10 წლის თავზე, ეს ვიდეო ისევ იძებნება youtube-ზე ამ სათაურით - „ფაშისტური დაჯგუფება "ბერგმანი" არაქართველ ადამიანებს თავს ესხმის“

„პოულობს ბავშვებს“ - რას ჰყვება ლევან აბესაძეზე ანონიმური წყარო

30 წლის ლევან აბესაძე სპორტსმენია, ძალისმიერი სამჭიდის ათლეტი.

ლევან აბესაძე სავარჯიშო დარბაზში

მისი და ე.წ. ფაშისტური დაჯგუფების კავშირების შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა წყარო, რომელსაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ სურს საკუთარი ვინაობის გამჟღავნება.

ის გვიყვება, რომ 2025 წლის იანვარში, მას დაუკავშირდა დაჯგუფება „ბერგმანის“ ყოფილი წევრი (რადიო თავისუფლება ვერ ადასტურებს ამ ინფორმაციის სანდოობას) და როგორც ამ დაჯგუფების, ისე მისი წევრებისა და მათ შორის, ლევან აბესაძის შესახებაც ესაუბრა, მიაწოდა ფოტოებიც.

„მითხრა, რომ სურდა საუბარი ე.წ. „ტიტუშკებზე“ და სწორედ მათ შესახებ საუბრისას გაამახვილა ყურადღება ლევან აბესაძეზე. თქვა, რომ უკვე რამდენიმე წელია ის ქმნის სხვადასხვა დაჯგუფებებს და ამ დაჯგუფებებში გადაიბირა ფაშისტური დაჯგუფება „ბერგმანისა“ და „თეთრი მამბერის“ წევრებიც.

მითხრა, რომ ლევან აბესაძის დაჯგუფებაში უმეტესობა არასრულწლოვანია და ამას ადასტურებს მის მიერ გამოგზავნილი ფოტომასალაც. ახალი დაჯგუფებების შექმნა დაიწყო გასული წლის ნოემბრიდან და ჰყავს დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფი. მითხრა, რომ ამ ბავშვების დედების უმეტესობა ემიგრაციაშია, ანუ პოულობს მოწყვლად ბავშვებს და მათზე ზემოქმედებს“.

რადიო თავისუფლების წყარო ამბობს, რომ ფორმირების ყოფილი წევრის მონათხრობით, ლევან აბესაძე და მისი ახლანდელი დაჯგუფების ერთ-ერთი სამიზნე პროევროპული აქციების აქტივისტები არიან, როგორც ლიბერალები და იდეოლოგიური მტრები.

„წყაროს ინფორმაციითვე, ლევან აბესაძეს არაერთხელ უხსენებია, რომ ხვდებოდა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს... დაჯგუფების წევრებს ეუბნებოდა, რომ „ყველაფერი მოსულა, ყველაფერს გაგვიტარებენ, ნუ გეშინიათ, ბიჭებო, მიდით“. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ასე ამხნევებდა ხოლმე ის დაჯგუფების წევრებს“.

რადიო თავისუფლებას წყარო ასევე აწვდის ცნობას აბესაძის ნათესაური კავშირის შესახებ ერთ-ერთი ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელთან, თუმცა რადგან ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის, მის სახელსა და გვარს არ ვწერთ.

„ერთი მტკიცებულებაც არ არის, რომ ლევან აბესაძე დამნაშავეა“ - ადვოკატი

ლევან აბესაძე მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მისი ადვოკატი, სულხან კომახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაადასტურებს:

სულხან კომახიძე, ლევან აბესაძის ადვოკატი

„მას ბრალად წარდგენილი აქვს, რომ თითქოს ორგანიზება გაუწია ამ ქმედებას. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ეს...დიდი ალბათობით, მისი ბრალეულობა ვერ დადასტურდება, რადგან ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს. ცხადია, არც ბრალს აღიარებს. როგორ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია?“, - ამბობს ადვოკატი.

კითხვაზე იცნობს თუ არა ლევან აბესაძე სხვა ბრალდებულებს, სულხან კომახიძე გვპასუხობს:

„შეიძლება ვიღაცას იცნობს და ვიღაცას არ იცნობს. ასე, ახლა, ნახევარ თბილისს იცნობს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამ კონკრეტულ ფაქტთან ლევანს არანაირი შემხებლობა არ აქვს და ამას როგორც ადვოკატი ისე კი არ გეუბნებით, საქმის მასალებითაც ვერ დასტურდება“.

რაც შეეხება ლევან აბესაძის წარსულში ნასამართლობას, ადვოკატი ამბობს, რომ ამ დეტალზე აქცენტის გაკეთება არასწორია:

„აპელირება იმაზე, რომ ის წარსულში ნასამართლევია, არ არის სწორი, რადგან სამართლებრივად ითვლება, რომ ის ნასამართლობის არ მქონეა (ნასამართლობა გაქარწყლებულია მაშინ, როდესაც სასჯელის მოხდიდან გასულია რამდენიმე წელი - რ.თ.) და წარსულზე ლაპარაკი, მით უმეტეს, პრესაში, არასწორია და ხელს უშლის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას“.

პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში ლევან აბესაძე დახასიათებულია, როგორ ე.წ. „ფაშისტური იდეოლოგიის“ დაჯგუფების ლიდერი. ამაზე ადვოკატი ამბობს რომ მიზანმიმართული სიყალბეა:

„ასე რომ მოიხსენიებს, რით ადასტურებს ამას? ეს არის აბსურდული ვარაუდი. არაფრის ლიდერი არ არის და ამ ქმედებასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ეს ინფორმაცია ვრცელდება მიზანმიმართულად, რომ ლევანი საქმის განხილვამდე გამოაცხადონ დამნაშავედ და შეულახონ ავტორიტეტი“.

სულხან კომახიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი "წარმატებული კომპანიის წარმატებული IT მენეჯერია".

„უბრძანეს ბოდიში მოეხადა“ - რა უამბო ნაწამებმა მოზარდმა მეგობარს?

ფსიქოლოგიურად ახლაც მძიმედაა 15 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდების ჯგუფმა, მათ შორის თავადაც არასრულწლოვანებმა, აწამეს - მუხლებზე დაჩოქილი დანით დასერეს, სცემეს, დაამცირეს, ვიდეო გადაუღეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბავშვის წამების კადრებს, ტელეფონით, რეალურ დროში აყურებინებდნენ დაჯგუფების ლიდერს, ლევან აბესაძეს.

ბიჭი, რომელიც პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, ათ დღეზე მეტხანს არ უმხელდა მეგობრებს, რეალურად, რატომ მოხვდა ის საავადმყოფოში.

8 ივლისს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ ინფორმაცია გაასაჯაროვეს ბავშვის წამებისა და მის წამებაში ბრალდებული 9 ახალგაზრდის, მათ შორის, 7 არასრულწლოვანის დაკავების შესახებ, მან მეგობარს გაუმხილა, რომ სწორედ ის იყო ნაწამები ბიჭი და მისცა უფლება, მისი ამბავი და ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია ძალადობა გაევრცელებინა.

რადიო თავისუფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ფსიქოლოგთან კონსულტაციის შესაბამისად, არ ასაჯაროებს მოზარდის სახელსა და გვარს და იმ ფოტოებს, რომლებზეც მისი ამოცნობა შეიძლება. ასევე არ ასაჯაროებს წამების განსაკუთრებით მძიმე დეტალებს.

ბიჭის მეგობარი, თამარ თოთლაძე, რომელმაც ბავშვის ისტორია და ძალადობის ამსახველი რამდენიმე ფოტო გაავრცელა, რადიო თავისუფლებას უყვება:

„მისი მდგომარეობა ახლაც ძალიან რთულია. ის ვარაუდობს, რომ შეიძლება ამ ინფორმაციის [მისი ფოტოებისა და მომხდარის დეტალების - რ.თ.] გავრცელების შემდეგ, მის მიმართ ბულინგიც წამოვიდეს, მაგრამ თქვა, რომ მაინც ურჩევნია, რომ მისი წამების შესახებ სხვებმაც გაიგონ“.

15 წლის მოზარდის სხეული, რომელსაც ტანზე დანით აქვს მიყენებული ჭრილობები

თამარ თოთლაძე ამბობს, რომ ბიჭი ძალადობის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გაცნობილ თანატოლ გოგონას, რომელთანაც დაახლოებით სამთვიანი ნაცნობობა აკავშირებდა, უთხრა, რომ „ფაშისტები არ ევასება“:

„გოგონამ შეხვედრა სთხოვა. შეხვდნენ მეტრო სამგორთან. ფეხით გაიარეს და შემდეგ გოგომ უთხრა, იქით, მიტოვებული შენობაა, იმ მხარეს წავიდეთო. ჩემს მეგობარს თავიდან გაუკვირდა, თუმცა მაინც გაჰყვა. და როდესაც შევიდნენ ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში, იქ დახვდა რამდენიმე ადამიანი, თითქმის მისი თანატოლები და სასტიკად გაუსწორდნენ, სხეული დანით დაუსერეს, დააჩოქეს, პისტოლეტი დაუმიზნეს და უბრძანეს, რომ ბოდიში მოეხადა მათი ლიდერისთვის, ლევან აბესაძისთვის, რომელსაც ამ ყველაფერს აყურებინებდნენ ვიდეოზარით“, - უყვება რადიო თავისუფლებას თამარ თოთლაძე.

მისი მონათხრობით, ბიჭს არ დაუნახავს ვის აყურებინეს მისი წამების კადრები, თუმცა ამბობს, რომ ეს იყო ლევან აბესაძე და ბოდიში მას მოუხადა (როგორ დაადგინა მისი ვინაობა, რადიო თავისუფლებისთვის ამ ეტაპზე, უცნობია).

ასევე ნახეთ მიიტყუეს, დაამცირეს, დასერეს - თანატოლების ნაწამები 15 წლის ბიჭის ადვოკატი მომხდარის დეტალებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ ამ ამბის შესახებ საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ თქვეს, რაც გამოძიებამ დააკავა 9-კაციანი ჯგუფი, მათ შორის 7 არასრულწლოვანი, ბრალი წარუდგინა დაკავებულებს, სასამართლომ კი ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ არაფორმალური ჯგუფის ლიდერი, ყველაზე ასაკოვანი ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი 30 წლის ლევან აბესაძეა.

ბრალდებულებს შორისაა კიდევ ერთი სრულწლოვანი - 18 წლის გიორგი მუმლაძე.

დანარჩენი შვიდი დაკავებული 14-დან 17 წლამდე მოზარდები არიან, მათ შორისაა 15 წლის გოგოც.

ყველა დაკავებულს ბრალად ედებათ არასრულწლოვანის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება. რის გამოც ბავშვმა განიცადა ძლიერ ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად და წინასწარი შეცნობით. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებია.

სასჯელი 10 წლამდე პატიმრობა.

იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ბრალდებულებს დამნაშავედ ცნობს, არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის სასჯელის დანიშვნისას, მოსამართლე იხელმძღვანელებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ 14-დან 16 წლამდე ბრალდებულის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი შემცირდება ერთი მესამედით, ხოლო 16-დან 18 წლამდე ბრალდებულის შემთხვევაში, ერთი მეოთხედით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით - ბრალდებულების სახლების ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონებთან ერთად ნახეს „ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატიკური იარაღები“.

სამინისტროს კადრებში ჩანს: დასაკეცი დანები, „კასტეტები“, სამკლავურები სვასტიკის გამოსახულებით.

„ბერგმანი“ და მასთან აფილირებული ლევან აბესაძე

ულტრამემარჯვენე, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფება „ბერგმანი“, რომელთან აფილირებულ პირადაც სახელდება ლევან აბესაძე და მისი დაჯგუფება, თბილისში დაახლოებით 10 წლის წინ შეიქმნა.

ეს სახელწოდება უკავშირდება ნაცისტური გერმანიის განსაკუთრებულ დავალებათა ბატალიონის, „ბერგმანის“ სახელს, რომელიც 1941 წელს ქალაქ ნოიჰამერის სიახლოვეს შეიქმნა, როგორც ბრანდერბურგის პოლკის შენაერთი.

ეს პოლკ იყო ელიტური ნაწილი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში შეჭრის დროს. ამ ბატალიონის წევრები იყვნენ ყოფილი საბჭოთა მეომრები, ტყვეები, უმეტესად კავკასიელები. ამ ბატალიონში გაწევრიანება 130-მა ქართველმა ემიგრანტმაც მოინდომა. შექმნიდან ხუთ თვეში „ბერგმანი“ 1000-ზე მეტ კაცს ითვლიდა (წყარო: „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში“, ავტორი ერიკ ლი).

ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „ბერგმანისა“ და მისი წევრების შესახებ პირველი ცნობები 2015 წლიდან ვრცელდება.

სწორედ მათი სახელი დაუკავშირდა 2015 წლის 2 ივლისს, ქართული და აზერბაიჯანული საფეხბურთო გუნდების, „დინამოსა“ და „გაბალას“ მატჩზე, დინამოს სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებას. მატჩის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, „ბერგმანის“ წევრებმა, ფეხით გათელეს ნაცემი აზერბაიჯანელი გულშემატკივრების დროშა. მატჩის მსვლელობისას ტრიბუნებიდან გადმოფინეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ აზერბაიჯანის ორი რეგიონი საქართველოს ტერიტორიაა.

ამ ინციდენტს მაშინ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც: „მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან“.

2015 წლის სექტემბერში, ულტრამემარჯვენე დაჯგუფება ნაცისტური მისალმებითა და სიმბოლიკით გამოჩნდა მარტვილის სტადიონზეც, „მერანისა“ და „დინამოს“ მატჩის შემდეგ მათ საკუთარ სოციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნეს.

დაჯგუფება „ბერგმანის“ სახელი უკავშირდება 2016 წლის მაისში, ვეგანურ კაფეზე თავდასხმას. კაფე „კივიში“ ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „ბერგმანის” წევრები შეცვივდნენ. მათ ხელში სოსისები და მწვადებჩამოცმული შამფურები ეჭირათ.

დაეკისრა თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ინფორმაციის საჯარო წყაროებში მოპოვება ვერ ხერხდება.

2019 წელს, „ჩართულობისა და განვითარების“ ცენტრმა გამოაქვეყნა გამოკვლევა „სიძულვილის მონობაში - საქართველოში ნეო-ნაცისტური ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგი“, რომელიც 2018 წლის სექტემბერში, თბილისში მოკლული ვიტალი საფაროვის და ყველა იმ ადამიანის ხსოვნას მიეძღვნა, ვინც კაცობრიობის ისტორიაში ნეონაცისტური ჯგუფების მსხვერპლი გახდა.

გამოკვლევის ავტორები წერდნენ, რომ იმ პერიოდში შესამჩნევი იყო ისეთი ნეონაცისტური დაჯგუფებების აქტიურობა, როგორებიც იყვნენ „ქართული ძალა”, „ბერგმანი”, „დინამო ულტრას”, „ედელვაისი“ და რომლებიც საპროტესტო აქციებს ნიღბებითა და „თეთრი ნაციონალიზმის“ სიმბოლიკით ატარებენ. მათი ძირითადი მოწოდებაა „საქართველო ქართველებისთვის“.