ვინ არის კაცი ლაბადითა და კარაბინით, რომელიც რუსთაველზე დააკავეს? - სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა

მიხეილ ლეშკაშელი დაკავებისას, 2-3 სექტემბრის ღამე

მოკლედ

  • როგორ დააკავეს ლაბადიანი კაცი?
  • როგორ აღმოჩნდა კაცი ლაბადითა და იარაღით რუსთაველის გამზირზე?
  • ჰქონდა თუ არა ბრალდებულს საპროტესტო აქციასთან კავშირი?
62 წლის მიხეილ ლეშკაშელს, კაცს ლაბადითა და ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც პოლიციამ 2 სექტემბერს, მათი განცხადებით, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დააკავა, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაცია, რომ პოლიციამ აქციის მსვლელობისას დააკავა კაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, თავდაპირველად პროსახელისუფლებო „პოსტივიმ“ სოციალურ ქსელში გვიან ღამით გაავრცელა.

3 სექტემბრის დილას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებით დაადასტურა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს კაცი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კადრებიც, რომლებშიც მისი სახლების (წავკისსა და თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე) ჩხრეკისას ამოღებული იარაღი და თავად დაკავებული კაცია აღბეჭდილი. კადრებში მას მუხლამდე, ე.წ. ხაკისფერი ლაბადა აცვია.

3 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, კაცს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თუმცა 5 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 62 წლის კაცს ბრალი ედება არა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების, არამედ იარაღის, კონკრეტულად, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების თანახმად, მისი ორი სახლიდან 22 ცეცხლსასროლი იარაღი და 810 ვაზნა ამოიღეს.

მიხეილ ლეშკაშელის სახლიდან ამოღებული ერთ-ერთი იარაღი

მიხეილ ლეშკაშელი, მაღალი, ხმელი აღნაგობის კაცი, საქართველოს მოქალაქეა, თუმცა რუსულად ლაპარაკობს. კაცს სასამართლოში თარჯიმნის დახმარება დასჭირდა.

სხდომის დაწყებამდე, მისმა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა თქვა, „საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, ვერ ლაპარაკობს ქართულად და სჭირდება თარჯიმანი“.

თავად მიხეილ ლეშკაშელმა თქვა, რომ ის წლების განმავლობაში ბაქოში ცხოვრობდა და საქართველოში 4 წლის წინ ჩამოვიდა.

როგორ დააკავეს ლაბადიანი კაცი?

საქმის პროკურორი ნათია ქართველიშვილი ამბობს, რომ ბრალდებული 2 სექტემბრის ღამეს გადაადგილდებოდა რუსთაველისა და ჭანტურიას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა ამოიღეს ნახევრად ავტომატური, კარაბინული ცეცხლსასროლი იარაღი და 51 ცალი ტყვია.

რატომ და რის საფუძველზე გააჩერეს სამართალდამცავებმა კაცი, ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს არაფერი უთქვამს.

თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, პროკურორი ამბობს, რომ პოლიციამ შეამჩნია საეჭვო გარეგნობის კაცი, რომელსაც ეცვა „დუტი“ ქურთუკი და მისი შეჩერება სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.

როგორ აღმოჩნდა კაცი ლაბადითა და იარაღით რუსთაველის გამზირზე?

ამომწურავი პასუხი ამ კითხვაზე, შეიძლება ითქვას, რომ არ არის.

რას აკეთებდა კაცი რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამის შესახებ სასამართლოს სხდომაზე თავად ბრალდებულს არ უსაუბრია. ამომწურავი განმარტება არ გაუკეთებია არც მის ადვოკატებს.

კაცის ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბრალდებულმა ამ ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილი გააჩერა და თავისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც აქვს, მანქანიდან უსაფრთხოების მიზნით გადმოიტანა:

„მართლაც რთული ასახსნელია, რატომ გააჩერა მანქანა და რატომ გადმოიტანა მასზე რეგისტრირებული იარაღით, თუმცა ამის ახსნა ის არის, რომ როდესაც გააჩერა მანქანა და დაინახა გარშემო ძალიან ბევრი ხალხი, შეეშინდა, ეს იარაღი მანქანაში რომ დავტოვო, ვინმემ არ გატეხოს მანქანაო და ამიტომ წამოიღო თან. სპეციალურად მოიცვა ეს სანადირო ქურთუკიც, ის ხშირად ნადირობს და ჩამალა იარაღი. მას აქვს საკოლექციო იარაღები და აგროვებს მათ. თავისი მოსაზრებით, უფრო მეტი სიკეთე გააკეთა ეს იარაღი მანქანიდან რომ გადმოიტანა. ეს ქმედება, მოგეხსენებათ, სისხლის სამართლით დასჯადი არ არის“.

თავად ბრალდებულმა, 62 წლის მიხეილ ლეშკაშელმა კი სხდომათა დარბაზში თქვა:

„პატივცემულო მოსამართლევ, პატივცემულო პროკურორებო, სრულად ვაცნობიერებ ჩემს შეცდომას და იმ დარღვევას, რომელიც ჩავიდინე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს განზრახ არ ჩამიდენია, არანაირი ცუდი განზრახვა არ მქონია, არც კრიმინალის ჩადენა მქონია მიზნად. ცხოვრებაში კონფლიქტი არავისთან მქონია, არ მყავს მტრები, ყოველთვის კანონმორჩილი ვიყავი და ასე ვზრდიდი ჩემს შვილებს, საქართველოს სიყვარულით, ქართველი ხალხის სიყვარული და დიდი პატივისცემით ხელისუფლების მიმართ. ამას არასდროს გავიმეორებ“.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიხეილ ლეშკაშელს შეახსენა, რომ მას ბრალი არა ამ კონკრეტული ეპიზოდის, ანუ რუსთაველის გამზირზე იარაღით გადაადგილების გამო, არამედ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ედებოდა.

„დიახ, რაც შეეხება იმ იარაღს“, - თქვა მიხეილ ლეშკაშელმა და შეეცადა დარბაზში მსხდომებისთვის აეხსნა, როგორ აღმოჩნდა მის სახლში დაურეგისტრირებული, „გეკოს“ სისტემის იარაღი, სხვა 20-ზე მეტ, მის სახელზე დარეგისტრირებულ იარაღს შორის:

„ეს იარაღი მამაჩემს, გენერალ ვლადიმერ ლეშკაშელს, რამდენიმე ათეული წლის წინ აჩუქეს, მის 50 წლის იუბილეზე, სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის მინიჭებულ ორდენთან ერთად.

ის 35 წლის განმავლობაში ინახებოდა ჩვენს სახლში. მე ვიცოდი, რომ ის არ იყო დარეგისტრირებული, მაგრამ რაკი მამას ამის უფლება ჰქონდა... მამა რომ გარდაიცვალა, 1991 წელს, დედამ ეს იარაღი ხალიჩაზე, როგორც მამის სახსოვარი, ასე დაკიდა. იმ დრომდე ეკიდა, სანამ დედაც არ გარდაიცვალა, 2021 წელს. შემდეგ მე ჩამოვხსენი იარაღი და კარადის თავზე შევინახე. მე რად მინდა ეს ძველი იარაღი, როცა არაერთი თანამედროვე ტიპის იარაღი მაქვს, რომლებსაც ვაგროვებ. მამაჩემის იარაღს წარწერაც კი აქვს, რომ ის ნამდვილად მას აჩუქეს. ეს იყო ჯილდო სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“, - თქვა მიხეილ ლეშკაშელმა.

ქართული ენციკლოპედიის თანახმად, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ლეშკაშელი (1929, სოჭი, – 1991, 1994 გადმოასვენეს თბილისში) 1972-1974 წლებში იყო აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარების დაჯგუფების მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, 1974-80 წლებში ციმბირის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის I მოადგილე; 1980-82 წლებში ზამბიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი, 1982-91 წლებში კი ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე.

ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს ცნობები მიხეილ ლეშკაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ადვოკატები ამბობენ, კაცს სისხლძარღვებისა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მას სისტემატური მკურნალობა და გამოკვლევები სჭირდება და ნებისმიერი ვირუსული ინფექცია მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ბრალდებულის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მათი ეს შუამდგომლობა მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ არ დააკმაყოფილა, თქვა, რომ არსებობდა მომეტებული საფრთხე, რომ ის გამოძიებას მიემალებოდა ან არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, მოწმეებზე (ცოლ-შვილზე) ზემოქმედებას მოახდენდა.

ჰქონდა თუ არა ბრალდებულს საპროტესტო აქციასთან კავშირი?

მიხეილ ლეშკაშელის ცოლ-შვილი და ოჯახის სხვა წევრები. 5 სექტემბერი. თბილისის საქალაქო სასამართლო

„არა, არანაირი კავშირი არ აქვს მას საპროტესტო აქციებთან“, - თქვა მისი ოჯახის წევრმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე.

„არა, როგორც ვიცი, ის არასდროს ყოფილა საპროტესტო აქციაზე“, - თქვა მისმა ცოლმა სხდომის დასრულების შემდეგ.

„აბსოლუტურად არარელევანტურია ამ საქმისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერება, რაზეც ეს დღეებია საუბრობენ ტელევიზიებიდან პოლიტიკოსები“, - თქვეს მისმა ადვოკატებმა.

თავად დაკავებულს საპროტესტო აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ყოფნის მიზეზის შესახებ არაფერი უთქვამს.

საქმის პროკურორი ნათია ქართველიშვილი ამბობს, რომ გამოძიება ამ დეტალებს სწავლობს:

„ამ კუთხით ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება. ამ კითხვებს პასუხები გაეცემა, როდესაც სრულად იქნება დასრულებული გამოძიება. აქციის მონაწილე იყო თუ არა, რა მიზნით, რა მნიშვნელობით და როგორ გადაადგილდებოდა, ამას გამოძიების მიმდინარეობისას გაეცემა პასუხი. ბრალდებულმა აღიარებითი ჩვენებით აღიარა მხოლოდ იარაღის უკანონოდ შენახვის ფაქტი, სხვა ფაქტებზე მას ყურადღება არ გაუმახვილებია“, - ამბობს პროკურორი.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება, ხომ არ შეუმჩნევიათ 2 სექტემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეებს კაცი ლაბადითა და იარაღით რუსთაველის გამზირზე ან ხომ არ დაუნახავთ, როგორ დააკავა ის პოლიციამ. ამ ფაქტის შემსწრეები რადიო თავისუფლებამ, ამ დრომდე, ვერ აღმოაჩინა.

ბრალდების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ იარაღებზე დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, მიხეილ ლეშკაშელს ბრალი დაუმძიმდეს:

„ამ ეტაპზე, ჩატარებულია ნაწილობრივი ბალისტიკური ექსპერტიზა. 48 საათის განმავლობაში, იმ რაოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული ბრალდებულის საცხოვრებელი სახლებიდან, რომ ეს პერიოდი არ იყოს საკმარისი სრული დასკვნის გასაცემად. შესაბამისად, გრძელდება ექსპერტიზა და სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ, დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, დაზუსტდება კვალიფიკაცია“, - ამბობს ნათია ქართველიშვილი.

62 კაცის დაკავების ფაქტი დროში დაემთხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დამტკიცებას.

სადავო პარლამენტის მიერ მისი არჩევიდან მალევე, იგი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა რუსთაველის გამზირის მიმდებარედ კაცის დაკავების ფაქტს და თქვა:

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, ზუსტად რა პროვოკაციას და მის თანამდევ ცუდ შედეგს ასცდა გუშინ ქალაქი თუ ქვეყანა. ფაქტია, რომ როცა ავტომატის მაგვარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, აქ ადვილი სავარაუდოა, რომ ცუდი პროვოკაცია შეიძლება იგეგმებოდეს, მაგრამ გამოძიება დეტალებში ამ კითხვაზეც პასუხს გასცემს და რომ მივალ, პირველი ამ საკითხით დავინტერესდები, რადგან სულ ახალი ამბავია“, - თქვა მან 3 სექტემბერს.

წინასასამართლო სხდომა რუსთაველის გამზირზე დაკავებული 62 წლის კაცის საქმეზე 23 ოქტომბერს დაინიშნა.