ვახტანგ მაჭავარიანი დიდუბეში დაკრძალეს

ვახტანგ მაჭავარიანი

დირიჟორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი 5 მაისს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვახტანგ მაჭავარიანს 80-ზე მეტ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობდა, მათ შორის ლონდონის, საფრანგეთის, ბელგიის, შტუტგარტის, ისრაელისა და პეტერბურგის სიმფონიურ ორკესტრებთან.

პაატა ბურჭულაძე

„ბრწყინვალე დირიჟორი იყო, მასთან ერთად არაერთი სპექტაკლი მაქვს ნამღერი, მათ შორის საფრანგეთსა და ბელგიაში“, - იხსენებს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე - „ბორდოში დავდგით „ბორის გოდუნოვი“, იმდენი ხალხი მოვიდა, ტევა აღარ იყო და სპექტაკლები სპორტის სასახლეში ჩაატარეს. ფონდ „იავნანასთვისაც“ რამდენი რამ აქვს გაკეთებული, უსახლკარო ბავშვებს ეხმარებოდა“.

სცენარისტი და პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე იმ საქველმოქმედო პროექტებს იხსენებს, როდესაც ვახტანგ მაჭავარიანი სცენაზე ლექსო თორაძესთან და პაატა ბურჭულაძესთან ერთად იდგა.

„ეს სამი განუყრელი მეგობრები იყვნენ. მახსოვს, 2018 წელს პაატაზე ცილისმწამებელი კამპანია რომ დაიწყო [იგულისხმება გამოძიება ფონდ „იავნანას“ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე - რ.თ.], ვატოს ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუზე მიაკითხა, ამ თემაზე რას იტყვითო. რუსულად უპასუხა, განავალს ნუ შეეხებით, აყროლდებაო. ამ თემაზე საუბარიც კი შეურაცხყოფად მიაჩნდა.

ძალიან მებრძოლი ადამიანი გახლდათ. რომ შემოდიოდა, ისეთი პეწი შემოჰქონდა, რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე ყოფილიყავი, კარგ ხასიათზე დგებოდი. უყვარდა ჯაზი, დაკვრა, ცოტა ვისკი. უღირსობის წინაშე უკომპრომისო იყო. ძალიან განიცდიდა იმ ყველაფერს, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, უკიდურესად განიცდიდა“.

პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალებასთან დაკვშირებით ფეისბუკზე პოსტი დაწერა და ორიოდე წლის წინანდელი ვიდეოც დადო.

ვახტანგ მაჭავარიანი

„უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე მოვიწვიეთ საზოგადოება და ღია რეპეტიციის ფორმატში ვატომ ეროვნულ ორკესტრთან ერთად შეასრულა თავისი სიმფონიური ნაწარმოები „მარიუპოლი“, რომელიც გამოხატავს საოცარ თანაგანცდას საერთო მტრის აგრესიის მსხვერპლი ჩვენი მეგობარი ერის მიმართ. ფინალურ ეპიზოდში, საიდანაც ეს ვიდეო იწყება, ჟღერს სამხედრო მარშის დამახასიათებელი მუსიკალური ინტონაციები, რომელშიც საოცარი ოსტატობით შემოჰყავს ცნობილი უკრაინული სიმღერის მელოდია, რომელიც ამ ომის დროს გამარჯვებისა და იმედის სიმბოლოდ იქცა…“

ვახტანგ მაჭავარიანი კომპოზიტორისა და დირიჟორის ალექსი მაჭავარიანის შვილი იყო. ის 1951 წლის 18 თებერვალს, თბილისში დაიბადა.

„მამამისის საქმის ღირსეული გამგრძელებელი იყო. უსაყვარლესი, ძალიან თბილი ადამიანი, განათლებული და ინტელიგენტი. ვატო 15 წლისამ გავიცანი, 45 წლის მეგობრობა გვქონდა. ბოლომდე ხაზზე ვიყავით. ძალიან მოულოდნელი იყო ეს ამბავი“, - ამბობს პაატა ბურჭულაძე.

ვახტანგ მაჭავარიანი 1996 წლიდან საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი იყო, 2018 წლიდან კი ფესტივალ „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი. ასევე იყო თბილისის ოპერის მოწვეული დირიჟორიც.

2011 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ბრწყინვალების ორდენით.

ვახტანგ მაჭავარიანი 18 მაისს დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალეს.