„სერიოზული უკუსვლა“ ევროკავშირის საბჭოს გაფართოების დასკვნებშიც - რადიო თავისუფლებამ კიდევ ერთი დოკუმენტი მოიპოვა

რას იტყვის ევროკავშირის საბჭო საქართველოზე 2025 წლის დასკვნებში ევროკავშირის გაფართოების შესახებ - რადიო თავისუფლებამ კიდევ ერთი დოკუმენტის სამუშაო ვერსია მოიპოვა გამოქვეყნებამდე.

საქართველო ერთადერთი კანდიდატი ქვეყანაა, რომლის მიმართ გამოიყენება ტერმინი „სერიოზული უკუსვლა“; ევროინტეგრაციის პროცესი „გაჩერებულია“; ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს და რეგრესზე პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომლის მიღებასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკემბრის შუა რიცხვებში გეგმავენ.

დოკუმენტი ინარჩუნებს ევროკომისიის 4 ნოემბრის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით გამოკვეთილ კრიტიკულ ტონს.

გაფართოების დასკვნებში ევროკავშირის საბჭო დაასახელებს კონკრეტულ პირობებს - „თვითნებურად დაპატიმრებულთა“ გამოშვებას, „რეპრესიული კანონების გაუქმებასა“ და ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკის შეცვლას.

ასევე ნახეთ „უპრეცედენტო უკუსვლა“ - რადიო თავისუფლებამ ნახა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში და აი, რა წერია იქ საქართველოზე

რა დოკუმენტია ეს?

მოკლედ - ეს არის ევროკავშირის საბჭოს მიერ დეკემბერში გამოსაქვეყნებლად გამზადებული დასკვნები ევროკავშირის გაფართოების შესახებ.

2025 წლის 16 დეკემბერს გაიმართება ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭო. ამის შემდეგ დოკუმენტს ევროპული საბჭო 18-19 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე მიიღებს.

დასკვნები ეფუძნება 2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს, რომელიც უპრეცედენტოდ კრიტიკული იყო საქართველოსადმი.

დასკვნებში კრიტიკული ტონი შენარჩუნებულია.

ასევე ნახეთ კალასის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა „გარკვეულ ჯგუფებს“ გაუუქმოს უვიზო მიმოსვლა

რა წერია საქართველოზე?

36-გვერდიანი ანგარიშის სამუშაო ვერსიაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები „ცალსახად ვერ აკმაყოფილებს“ კანდიდატი ქვეყნის სტანდარტებს.

ავტორები მიუთითებენ „სერიოზულ მრავალმხრივ უკუსვლაზე“ შემდეგ სფეროებში:

  • დემოკრატია;
  • ადამიანის უფლებები;
  • კანონის უზენაესობა;
  • სასამართლოს პოლიტიზება;
  • ოპოზიციონერი ლიდერების დევნა;
  • დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების თვითნებური დაკავებები;
  • სამოქალაქო სივრცის შევიწროება.

ევროკავშირის საბჭო ამავე დოკუმენტით დაგმობს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ „ანტიევროპულ დეზინფორმაციულ ნარატივებს“, - დოკუმენტში წერია, რომ საბჭო გმობს ხელისუფლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და ანტიევროპულ განცხადებებს.

ამასთან, „საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ცხრა ნაბიჯის შესრულების გზაზე.

შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული მანამ, სანამ ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე სურვილს, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას“, - წერია ანგარიშის სამუშაო ვერსიაში.

ასევე ნახეთ კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს

4 საბაზისო მოთხოვნა

ევროკავშირი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას:

  • „გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები“;
  • „გააუქმოს რეპრესიული კანონები“;
  • „მიიღოს დემოკრატიული, სიღრმისეული და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“;
  • „შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ“, - ეს, ანგარიშის ხედვით, უნდა იყოს „პირველი ნაბიჯი“ ევროკავშირთან ურთიერთობაში.

ამასთან, ევროკავშირი ამ დოკუმენტით კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზს უსვამს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს.

რა წერია სხვებზე?

საქართველო ერთადერთი კანდიდატი ქვეყანაა, რომლის მიმართაც გამოყენებულია ტერმინი „სერიოზული უკუსვლა“.

ერთადერთია, რომელზეც წერია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი „გაჩერებულია“.

ბრიუსელის ხედვითვე, ერთადერთია, რომლის ხელისუფლებასაც ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკუსვლაზე და გამიჯნულია ხალხისაგან, - რომლის ევროპულ მისწრაფებებსაც ბრიუსელი მხარს უჭერს.

საქართველოსთან დაკავშირებით ტონი უფრო მკაცრია, ვიდრე თურქეთთან, რომელიც 1999 წლიდან არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. მისი დახასიათებისას ნახსენებია „ხანგრძლივი კრიზისი“, თუმცა უწოდებენ „მნიშვნელოვან პარტნიორს“. ასეთი ფორმულირება საქართველოზე არ არის გამოყენებული.

ასევე ნახეთ "სპეკულირება არ მინდა" - EU-ს ელჩი კითხვაზე, საქართველოს როგორ შეეხება ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ცვლილება

ამ დასკვნების თანახმადვე:

  • „მნიშვნელოვანი პროგრესი“ აქვთ უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთსა და მონტენეგროს;
  • მაკედონია, სერბეთი, ბოსნია - ამ ქვეყნებში, მართალია, არსებობს პრობლემები, თუმცა რეფორმები მაინც წინ მიიწევს;
  • თურქეთზე: საბჭო „ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში შემაშფოთებელი უკუსვლით“, თუმცა ასევე წერს, რომ იგი „კვლავ არის კანდიდატი ქვეყანა და საკვანძო პარტნიორი საერთო ინტერესის მრავალ სფეროში“.

კონტექსტი და „ქართული ოცნების“ რეაქცია

2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულმა გაფართოების ანგარიშმა უპრეცედენტოდ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის „შერყევის“, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო.

„საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის“, - წერია ანგარიშის ტექსტში.

ასევე ნახეთ საგარეო უწყებისთვის ევროკომისიის კრიტიკული ანგარიში „მოულოდნელი არ ყოფილა“

საქართველოს საგარეო უწყებისთვის ევროკომისიის კრიტიკული ანგარიში „მოულოდნელი არ ყოფილა“ - უწყების შეფასებით, დოკუმენტი „უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ „უკუსვლა აქვს ევროკავშირს“.

ასევე ნახეთ „უკუსვლა აქვს ევროკავშირს“ - პაპუაშვილის პასუხი ბრიუსელს, რომელიც საქართველოს რეგრესზე საუბრობს