"ცოტათი უკეთესი იარაღი" - დასავლეთი გამალებით ემზადება რუსეთთან შესაძლო ომისათვის

Leopard 1A5 ტიპის ტანკი. გერმანია, 2023 წლის მაისი

პუტინმა დაამტკიცა „სამხედრო ფლოტის განვითარების სტრატეგია". ბრიტანეთში გამოქვეყნდა არმიის მოდერნიზების სამთავრობო გეგმა, რომელიც წყალქვეშა ნავებისა და ბირთვული ქობინების წარმოებას ითვალისწინებს, გერმანიაც სერიოზულად განიხილავს რუსეთის ნატოზე თავდასხმის შესაძლებლობას და სათანადოდ ემზადება ამისთვის.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "РИА Новости-ის" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა "რუსეთის ფედერაციის საზღვაო-სამხედრო ფლოტის 2025-2050 წლების განვითარების სტრატეგიას" - რუსეთის საზღვაო ძალების განვითარების გრძელვადიან გეგმას. პუტინის თანაშემწისა და რუსეთის ფედერაციის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, ასეთი დოკუმენტი რუსეთის უახლეს ისტორიაში პირველად მიიღეს.

"სტრატეგიის მომზადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში კრემლში გამართულ თათბირზე. პრეზიდენტის დავალებით, თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომელიც შემდგომში დაიხვეწა რუსეთის ფედერაციის საზღვაო კოლეგიის მიერ, ფედერალური უწყებებისა და ორგანიზაციების წინადადებების გათვალისწინებით. დეტალებში ჩაღრმავების გარეშე ვიტყვი, რომ ასეთი ტიპის სტრატეგიული დაგეგმარების დოკუმენტი პირველად იქნა მიღებული თანამედროვე ისტორიაში. რუსეთის პოზიციები, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო სახელმწიფოსი, თანდათანობით აღდგება", – თქვა ნიკოლაი პატრუშევმა. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (ФСБ).

ნიკოლაი პატრუშევი

ექსპერტების თქმით, დოკუმენტი მოიცავს მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ანალიზს, სავარაუდო სამხედრო კონფლიქტების წარმოშობისა და ხასიათების ვარიანტებს, ინფორმაციას წამყვანი საზღვაო-სამხედრო სახელმწიფოების პოტენციალის შესახებ. ასევე მასში მოცემულია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ამჟამინდელი მდგომარეობისა და შესაძლებლობების შეფასება, უკრაინაში ომის გამოცდილების გათვალისწინებით.

2024 წელს რუსეთი იძულებული გახდა, გაეყვანა შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილი ანექსირებული ყირიმიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედროების წარმატებული ოპერაციების შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი „მოსკვა“ და სხვა რამდენიმე გემი განადგურდა ან დაზიანდა.

ახალი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია:

  • საზღვაო ძალების მოდერნიზაცია: დაგეგმილია თანამედროვე და მრავალფუნქციური ხომალდების, წყალქვეშა ნავების და სხვა საზღვაო ტექნიკის შექმნა და შეძენა.
  • ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა: მიზნად ისახავს საზღვაო ტექნიკის წარმოების სრულად რუსული კომპონენტებით უზრუნველყოფას, რათა შემცირდეს დამოკიდებულება უცხოურ ტექნოლოგიებზე.
  • გეოპოლიტიკური უსაფრთხოება: სტრატეგია ითვალისწინებს რუსეთის საზღვაო ძალების გაძლიერებას ისეთ რეგიონებში, როგორიცაა შავი ზღვა, არქტიკა და სხვა სტრატეგიული ზონები.
  • ინფრასტრუქტურის განვითარება: დაგეგმილია საზღვაო ბაზების და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოპერაციებისა და ლოგისტიკის ეფექტიანობა.


თუმცა როგორც სამხედრო ანალიტიკოსები შენიშნავენ, პუტინის მიერ მოწონებული პროგრამის სრული განხორციელება დამოკიდებულია როგორც ეკონომიკურ, ისე ტექნოლოგიურ და გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე:

ფინანსური რესურსები - რუსეთის ეკონომიკა შედარებით მდგრადად მოქმედებს სანქციების პირობებშიც, თუმცა ქვეყანა იმყოფება ფართომასშტაბიანი ომის მდგომარეობაში უკრაინასთან, რაც ზრდის საბიუჯეტო ხარჯებს და ამცირებს ფისკალურ შესაძლებლობებს; სამხედრო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლიდან, მაგრამ ეს თანხები ძირითადად ხმარდება სახმელეთო ოპერაციებს, რაც საზღვაო ფლოტის განვითარების დაფინანსებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. რუსეთს შეიძლება ჰქონდეს რესურსები სტრატეგიის ნაწილობრივი განხორციელებისთვის, მაგრამ სრულმასშტაბიანი გეგმის (მაგალითად, არქტიკასა და წყნარ ოკეანეში ფართო ფლოტის შენარჩუნება) დაფინანსება რთული იქნება არსებული ეკონომიკური მოცემულობიდან გამომდინარე.

ტექნოლოგიური რესურსები - დასავლეთის სანქციებმა მკვეთრად შეამცირა უცხოური ინვესტიციები და ტექნოლოგიურ მიღწევებზე წვდომა; რუსეთი მრავალ სფეროში ტექნოლოგიურად კვლავ დამოკიდებულია იმპორტზე – განსაკუთრებით ზუსტი ელექტრონიკის, მიკროპროცესორების, ნავიგაციის სისტემების, თანამედროვე გემთმშენებლობის კომპონენტების თვალსაზრისით. ჩინეთი და სხვა მოკავშირე ქვეყნები ნაწილობრივ ავსებენ გაჩენილ ვაკუუმს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის, როგორიც გლობალურ დონეზე სამხედრო-საზღვაო ფლოტის განვითარების სტრატეგიაა.

ასევე ნახეთ როგორ იქცა ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის "სასაფლაოდ"

მიზანი: ბრიტანეთის სამხედრო დიდება თუ პოტიომკინის ჯარი?

ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ახალი გეგმა ითვალისწინებს ახალი წყალქვეშა ნავების მშენებლობასა და ბირთვული ქობინების წარმოების გაზრდას, რის მიზეზადაც დასახელებულია რუსეთი, მისი აგრესია უკრაინაში და ნატოზე თავდასხმის საფრთხე. როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC წერს, ლონდონის გეგმები მართლაც მასშტაბურია, თუმცა ანალიტიკოსები იმასაც შენიშნავენ, რომ გამოცხადებული რეფორმებისთვის საჭირო ფული ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის და რომ ამ გეგმებს „პოტიომკინის სოფლების“ ელფერი დაჰკრავს.

"მსოფლიო შეიცვალა. ჩვენ წინაშეა გაცილებით სერიოზული და ნაკლებად პროგნოზირებადი საფრთხეები, ვიდრე ცივი ომის დასრულების შემდეგ ოდესმე ყოფილა — მათ შორის ომი ევროპაში, რუსეთის მზარდი აგრესია, ბირთვული იარაღის ახალი რისკები და ყოველდღიური კიბერთავდასხმები (ბრიტანეთის წინააღმდეგ)“, - დაწერა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის შესავალში.

ჯონ ჰილი

BBC-ის მიხედვით, დოკუმენტი ასახავს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის პოლიტიკის ხედვას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. მასში, გარდა იმისა, რომ რუსეთი დასახელებულია მთავარ საფრთხედ, უარია ნათქვამი ცივი ომის დასრულების შემდეგ დამკვიდრებულ მიდგომაზე, რომლის მიხედვითაც, ევროპის ქვეყნები ამცირებდნენ თავდაცვის ხარჯებს და გეგმავდნენ ოპერაციებს შორეულ ქვეყნებში მყოფი ტერორისტების წინააღმდეგ და, შესაბამისად, დიდად არ ზრუნავდნენ უშუალოდ საკუთარი საზღვრების დაცვაზე.

„ამჟამად ბრიტანეთი არ არის მზად მასშტაბური ომისთვის. მისი მარაგები ამოწურულია, ხოლო თავდაცვის სფეროში ინვესტიციები არასაკმარისია“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც აქცენტები გაკეთებულია არა XX საუკუნის ყაიდის არმიის რესტავრაციაზე, არამედ ომის ცვალებადი ხასიათის შესაბამისი ინოვაციური (ტექნოლოგიური) ჯარის შექმნაზე.

ანგარიშში გამოკვეთილია ხუთი სტრატეგიული მიმართულება:

  • ნატოს ლიდერობა;
  • ომისთვის მზადყოფნა;
  • ეკონომიკური ზრდა სამხედრო ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების შექმნის გზით;
  • უკრაინის ომის გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციები;
  • საზოგადოების მონაწილეობა ქვეყნის დაცვაში.

ოფიციალური ლონდონის სტრატეგიული მიმოხილვა ასევე ხაზს უსვამს მოკავშირეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ მთლიანად ამერიკაზე იყოს დამოკიდებული.

„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში ნატოს ევროპელი წევრები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ იმ მოწყვლადობას, რომელიც გამოიწვია ამერიკის იმედად ყოფნამ და ეროვნული სამხედრო ბიუჯეტების შემცირებამ. ამჯერად აქცენტი კეთდება მოკავშირეებთან თანამშრომლობაზე — პირველ რიგში საფრანგეთთან, მაგრამ ასევე გერმანიასთან, პოლონეთთან, იტალიასთან, ნორვეგიასა და ნატოს გარეთ მყოფ ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთი კორეა. ამ პროგრამებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, თუ გავითვალისწინებთ პოლონეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვნად ზრდას და ბუნდესვერის მოდერნიზაციისთვის გერმანიის ბიუჯეტში უკვე განსაზღვრულ ყოველწლიურ 100 მილიარდ ევროს, რომელიც მომავალში შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც“, - წერს BBC.

ასევე ნახეთ როგორ ემზადება პოლონეთი რუსეთთან ომისთვის

„ბრიტანელებს ჰყავთ შესანიშნავი ჯარისკაცები, შესანიშნავი შეიარაღებული ძალები და მათ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 2025 წლის თებერვალში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან თეთრ სახლში შეხვედრისას, - თუ დახმარება დასჭირდებათ, ყოველთვის ვიქნები ბრიტანელების გვერდით, კარგი? მაგრამ მათ დახმარება არ სჭირდებათ. <...> თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ რუსეთს?“

სამხედრო დისკუსიებში თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრიტანეთმა ავიამზიდების სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაგზავნის ნაცვლად, უპირველესად ყურადღება უნდა გაამახვილოს ატლანტიკის ჩრდილოეთ ნაწილის უსაფრთხოებაზე.

„ახალი გეგმის მიხედვით მთავარი გეოგრაფიული პრიორიტეტია ჩრდილოეთ ატლანტიკა, სადაც მოქმედებს გეგმა „ატლანტიკური ბასტიონი“, რომლის მიზანია რუსეთის ფლოტის შეკავება და შესაძლო დივერსიების აღკვეთა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოდერნიზაციაზე — მათ შორის, Astute class-ის შვიდი ატომური წყალქვეშა ნავის შეცვლაზე ახალი AUKUS კლასის თორმეტი წყალქვეშა ნავით და ასევე ნაღმსაწინააღმდეგო გემებისა და ფრეგატების რაოდენობის გაზრდაზე 14-დან 25-მდე“, - წერს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონის პოზიცია არ არის სტრატეგიის შეცვლის ერთადერთი მიზეზი: ბრიტანეთის მთავრობა ეჭვობს, რომ რუსეთი აგროვებს მონაცემებს კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე (გაზსადენებსა და საკომუნიკაციო კაბელებზე), ხოლო ზოგიერთი პოლიტიკოსის ვარაუდით, ამ სადაზვერვო მოქმედებებს, საბოლოო ჯამში, შესაძლოა დივერსიებიც მოჰყვეს.

დონალდ ტრამპი და კირ სტრამერი (მარჯვნივ). თეთრი სახლი, 27 თებერვალი, 2025.

სამხედრო ანალიტიკოს მარკ ურბანის თქმით, ბიუჯეტის 15-წლიანი შეკვეცების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბრიტანეთის სამეფო ფლოტს დაუბრუნდეს ძველი სიძლიერე ახალი ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების მშენებლობის გზით, ასევე ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტის, ავტონომიური სისტემებისა და დრონების გამოყენებით.

„გადადგმულია სტრატეგიული ნაბიჯი - პრიორიტეტად განიხილება ბრიტანეთის კუნძულების დაცვა“, - განაცხადა მარკ ურბანმა.

სტრატეგიის ავტორები არ ელოდებიან, რომ ბრიტანეთის არმიას მოუწევს კუნძულებზე გადასხმული დესანტის მოგერიება. შესაბამისად, დოკუმენტი არ ითვალისწინებს ცოცხალი ძალის (რომელიც ამჟამად 73 ათას ჯარისკაცს ითვლის) მნიშვნელოვნად გაზრდას. საყოველთაო გაწვევის ან რეკრუტირების ნაცვლად, აქცენტი კეთდება ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, შორი მოქმედების იარაღსა და დრონების გუნდებზე, რომლებმაც ჯამში ბრიტანეთის არმიის ეფექტიანობა 10-ჯერ უნდა გაზარდოს.

ბრიტანეთის ბიუჯეტიდან 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გამოყოფაა დაგეგმილი ახალი ბირთვული ქობინების შექმნისთვის და დამატებით ერთი მილიარდისა საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის. ასევე გათვალისწინებულია 7 ათასი ერთეული შორი მოქმედების შეიარაღების, მათ შორის რაკეტებისა და უპილოტო აპარატების წარმოება. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება F-35 გამანადგურებლების რაოდენობის გაზრდა, „ტაიფუნების“ კი მოდერნიზაცია. კიბერსივრცეში თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად იგეგმება „კიბერ-ელექტრომაგნიტური სარდლობის“ შექმნა.

მიმოხილვის გამოქვეყნებამდე მედიაში გაჟონა რამდენიმე იდეამ, თუმცა საბოლოო დოკუმენტში არ აისახა შემდეგი ორი რადიკალური წინადადება:

  • ბირთვულ არსენალში ტაქტიკური ბირთვული იარაღის დამატება და შესაბამისი თვითმფრინავებისა და ქობინების შეძენა აშშ-სგან;
  • თავდაცვის ადგილობრივი შენაერთების შექმნა 1941-1944 წლების მოდელის მიხედვით, რომლებიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას ემსახურებოდნენ და ძირითადად მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული.


როგორც BBC წერს, სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა შედგენილი იყო თავდაცვის პოლიტიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ და მათ რეკომენდაციებს დადებითად შეხვდნენ როგორც ექსპერტები, ისე პოლიტიკოსები. თუმცა ზოგიერთი პუნქტი დამკვირვებლებს არარეალისტურად მოეჩვენათ. მაგალითად, The Economist-ის სამხედრო მიმომხილველმა შაშანკ ჯოშიმ აღნიშნა, რომ არმიის „ეფექტიანობის ათჯერ გაზრდა“ თეორიულად ნიშნავს იმას, რომ ბრიტანულმა დივიზიამ (დაახლოებით 20-25 ათასი ჯარისკაცი) უნდა შეძლოს იმ რაოდენობის რუსული სამხედრო დაჯგუფების შეკავება, როგორიც უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.

„ეს არის ბოდვა“, — დაწერა ჯონ ფორმანმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა სამხედრო ატაშემ მოსკოვში.

ასევე ნახეთ მედიის ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, ბრიტანეთის ატომურ წყალქვეშა ხომალდებს უთვალთვალებდა

კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ლეიბორისტული მთავრობა, რომელიც ყველა რეკომენდაციის შესრულების პირობას იძლევა, მაგრამ თავდაცვის ბიუჯეტის სერიოზულად გაზრდაზე უარს ამბობს. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა 2024 წელს განაცხადა, რომ წინა მთავრობამ ბიუჯეტში 22 მილიარდის „ხვრელი“ დატოვა, რაც შეუძლებელს ხდის ხარჯების მკვეთრ ზრდას. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 2027 წლისთვის აპირებს თავდაცვის ბიუჯეტის (მშპ-ის) 2,3%-დან 2,5%-მდე გაზრდას, იმ იმედით, რომ 2034 წლამდე ეს მაჩვენებელი 3%-მდე ავა.

ექსპერტების შეფასებით, ეს არ არის საკმარისი შეიარაღებული ძალების სერიოზული მოდერნიზებისთვის. „პოლიტიკური რიტორიკა რომ იარაღი იყოს, ბრიტანეთი მიუდგომელი ციხე-სიმაგრე იქნებოდა“, - ირონიულად დაწერა Financial Times-მა.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ნატოს ივნისის ბოლოს სამიტზე ორგანიზაციის გენერალური მდივანი მარკ რიუტე, მოსალოდნელია, რომ წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდას მოსთხოვს - ან სულ მცირე, 3,5%-მდე მაინც. შეხვედრას დონალდ ტრამპიც დაესწრება. შესაბამისად, სამხედრო ბიუჯეტის გაზრდაზე უარი ლონდონს შესაძლოა სკანდალად და რეპუტაციულ კრახად ექცეს. როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ბრიტანელები, ერთი მხრივ, მხარს უჭერენ თავდაცვის ხარჯების გაზრდას, მაგრამ, მეორე მხრივ, უფრო მაღალი გადასახადებისთვის ისინი მზად არ არიან. მთავრობას კი ეშინია, რომ მისი ისედაც დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდება.

ასევე ნახეთ კირ სტარმერი: 2027 წლისთვის ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯები 2,5%-ს მიაღწევს

Times-ი სარედაქციო სტატიაში წერს, რომ შესაბამისი დაფინანსების გარეშე თავდაცვის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმების დაპირება, მტრის დაფრთხობის ნაცვლად, უკუშედეგს გამოიღებს: „რუსებმა კარგად იციან, რა არის პოტიომკინის სოფლები. შესაბამისად არ გაუჭირდებათ პოტიომკინის თავდაცვის პოლიტიკის ამოცნობაც.“

ბუნდესვერი 460 ათასი ჯარისკაცით

გერმანული Deutsche Welle-ც (DW) ბოლო ორი თვეა გერმანიის მთავრობის სამომავლო სამხედრო სამზადისზე წერს. გერმანიის შეიარაღებული ძალების (ბუნდესვერის) გენერალური ინსპექტორის, კარსტენ ბროიერის ვარაუდით, 2029 წლისთვის რუსეთი მზად იქნება ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმისთვის.

ასევე ნახეთ გლობალური სამხედრო ხარჯები რეკორდული ტემპით იზრდება

„რუსეთი მიმდინარე მოვლენებს განიხილავს უწყვეტ პროცესად. ამიტომ იღებს ზომებს, რომლებიც უკვე ძალიან ჰგავს ომს, თუმცა ბოლომდე ომიც არ არის. პირველ რიგში ვგულისხმობ ჰიბრიდულ ზომებს. იქმნება ვითარება, რომელიც ბოლომდე არც მშვიდობაა და არც - ომი. სწორედ ამგვარ რუხ ზონაში ვიმყოფებით ახლა რუსეთთან მიმართებით, - ამბობს გერმანელი გენერალი, - 2029 წელს რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას ნატოს. ამის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ რუსეთის გამალებული შეიარაღება, მაგალითად, წელიწადში 1500 ახალი ტანკი, რომელსაც ან აწარმოებენ, ან საწყობიდან გამოაქვთ. ამას დაუმატეთ 4 მლნ საარტილერიო ჭურვი. ეს ყველაფერი მთლიანად არ ხმარდება უკრაინასთან ომს, იგზავნება საწყობებში. გარდა ამისა, მომავალი წლიდან რუსეთი აპირებს თავის შეიარაღებული ძალების გაზრდას 1,5 მლნ ჯარისკაცამდე. გარდა ამისა, რუსეთში იქნება ახლი სამხედრო ოლქები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად დასავლეთზეა ორიენტირებული. თუ ყველაფერ ამას დავუმატებთ პუტინის გამონათქვამებს, მაშინ, ჩემი გათვლებით, 2029 წელია ის მიჯნა, როცა საკითხის მატერიალური მხარე და ჯარის პირადი შემადგენლობა ისეთ კონდიციამდე იქნება მიყვანილი, რომ ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა სავსებით შესაძლებელი გახდება. ძნელია სათქმელია, როგორია ამ თავდასხმის ალბათობა, თუმცა შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. და სწორედ ასეთი თავდასხმის შესაძლებლობის ფაქტი უნდა იყოს საკმარისი საპასუხო სამზადისის დასაწყებად. ჩვენმა მზადყოფნამ უნდა გახადოს შეუძლებელი თავდასხმა. მზადყოფნა შეკავების საუკეთესო საშუალებაა. უნდა გავზარდოთ შეიარაღებული ძალების რაოდენობა, ჩვენი გათვლებით 460 ათას ჯარისკაცამდე (სამხედროები+რეზერვისტები), რისთვისაც საჭირო იქნება სამხედრო სამსახურის რეფორმირება.“

ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორის, კარსტენ ბროიერის მსგავსად ბრიტანელი სამხედრო ექსპერტი, ედ არნოლდიც, ვარაუდობს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მაღალი ალბათობა არსებობს. DW-ის თქმით, ბრიტანელი ექსპერტი ომის დაწყების სავარაუდო თარიღად 2027 წელს ასახელებს, ამიტომ ის გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ გაატაროს შეიარაღებული ძალების რეფორმა და უზრუნველყოს ევროპელი მოკავშირეები იარაღით.

ასევე ნახეთ რიუტე: ნატოს ქვეყნებმა თავდაცვაზე უფრო გონივრულად უნდა ხარჯონ ან მშპ-ის 3,7 პროცენტი გაიღონ

„დაუშვებელია ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალების) მასშტაბური გადაიარაღების გადადება ათწლეულებით. რუსეთთან ომს უკვე 2027 წლისთვის უნდა ველოდოთ“, - უთხრა RUSI-ის უფროსმა მკვლევარმა ედ არნოლდმა გერმანულ სააგენტო dpa-ს 2025 წლის აპრილში.

არნოლდის ვარაუდით, ნატოს წევრი ქვეყნები შესაძლოა ჩათრეულნი აღმოჩნდნენ სამხედრო კონფლიქტში რუსეთთან მომდევნო ორ წელიწადში. „დიდი ალბათობით, ეს მოხდება სუვალკის დერეფანში, თუმცა ესკალაცია შესაძლებელია სხვა რეგიონებშიც“, - ამბობს ექსპერტი, რომლის მიხედვითაც, ბუნდესვერმა პირველ რიგში უნდა გაზარდოს მძიმე სამხედრო ტექნიკის არსენალი. მისი თქმით, საჭიროა რაც შეიძლება მეტი:

  • ტანკები Leopard 2 A8;
  • შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები TAURUS;
  • ჯავშანმანქანები Boxer;
  • საჰაერო თავდაცვის რაკეტები IRIS-T;
  • საზენიტო სისტემები Gepard.

ბრიტანელი ექსპერტის თქმით, გერმანიას შეუძლია ამ ტექნიკის წარმოების მნიშვნელოვანი გაზრდა ისე, რომ ბუნდესვერთან ერთად ევროპელი მოკავშირეებიც მოამარაგოს.

სამხედრო ექსპერტები ბერლინს ასევე მოუწოდებენ, გადახედოს გადაწყვეტილებას ამერიკული F-35 გამანადგურებლებისა და Patriot-ის ანტისაჰაერო სისტემების შეძენაზე, აშშ-ში პოლიტიკური ვითარების ცვლილებების გათვალისწინებით, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომმა აჩვენა, რომ ყოველთვის არ არის გადამწყვეტი ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების ფლობა: უკრაინის გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველთვის არ არის აუცილებელი საუკეთესო იარაღის ქონა. როგორც წესი, მიზნის მისაღწევად საკმარისია მტერზე ცოტათი უკეთესი იარაღი.

ექსპერტები მაგალითად ასახელებენ უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს), რომლებსაც ბრძოლის ველსა და მტრის ზურგში, თითქმის ყველგან (მათ შორის ყველაზე დაბალ დონეზეც) დიდი წარმატებით იყენებენ.

ასევე ნახეთ მარკ რიუტემ "ჩეთემ ჰაუსში" ალიანსის პრიორიტეტები წარმოადგინა: რუსეთს შეუძლია ხუთ წელიწადში მოემზადოს ნატოს წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად