Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკ რიუტემ "ჩეთემ ჰაუსში" ალიანსის პრიორიტეტები წარმოადგინა: რუსეთს შეუძლია ხუთ წელიწადში მოემზადოს ნატოს წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად


მარკ რიუტე
მარკ რიუტე

ნატოს ჰააგის სამიტამდე ორი კვირით ადრე, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ლონდონში, "ჩეთემ ჰაუსში" გამოსვლისას ილაპარაკა ალიანსის მიერ სასწრაფოდ გადასაჭრელ ამოცანებსა და მიზნებზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხესთან გასამკლავებლად:

"ჩვენ ავაშენებთ უკეთეს ნატოს, რომელიც იქნება უფრო ძლიერი, უფრო სამართლიანი და უფრო ლეტალური იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და მტერი ვერ მოგვიახლოვდეს.

რუსეთის გამო ომი დაბრუნდა ევროპაში.

ჩვენ აგრეთვე ვართ ტერორიზმის საფრთხისა და სასტიკი გლობალური კონკურენციის წინაშე".

რიუტემ ხაზი გაუსვა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის მასშტაბსა და მისი მუშაობის ტემპს:

"რუსეთი დაჯგუფდა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან.

ისინი აფართოებენ თავიან სამხედრო ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის ომის მანქანა სიჩქარეს კრეფს, კი არ ნელდება. რუსეთი ძალებს აღიდგენს ჩინური ტექნოლოგიით, აწარმოებს მეტ იარაღს და იმაზე სწრაფად, ვიდრე გვეგონა. საბრძოლო მასალის თვალსაზრისით, რუსეთი იმდენივეს აწარმოებს სამ თვეში, რამდენსაც მთელი ნატო - ერთ წელიწადში.

მისი თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზა მხოლოდ მიმდინარე წელს გამოუშვებს 1500 ტანკს, 3000 ჯავშნოსან მანქანას და 200 „ისკანდერის“ რაკეტას. რუსეთს შეუძლია, ხუთ წელიწადში მოემზადოს ნატოს წინააღმდეგ თავისი სამხედრო ძალის გამოსაყენებლად".

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩინეთის უპირატესობებზეც ილაპარაკა:

"ჩინეთიც ახორციელებს თავისი სამხედრო ძალების უდიდესი სისწრაფით მოდერნიზაციას და გაფართოებას.

მას უკვე ჰყავს მსოფლიოში უდიდესი საზღვაო ძალები და მოსალოდნელია, რომ მისი საბრძოლო სიმძლავრე 2030 წლისთვის 435 გემამდე გაიზრდება.

ჩინეთი ზრდის თავის ბირთვულ არსენალსაც. მას მიზნად აქვს 2030 წლისთვის ჰქონდეს 1000-ზე მეტი მოქმედი ბირთვული ქობინი".

ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ოცნებითა და ფიქრით ნატო თავს ვერ დაიცავს საფრთხეებისგან:

"ისტორიამ გვასწავლა, რომ მშვიდობის დასაცავად, ომისთვის უნდა ვემზადოთ.

სასურველზე ფიქრი ვერ დაგვიცავს.

საფრთხეს ოცნებით ვერ გავფანტავთ.

იმედი სტრატეგია არ არის".

რაც შეეხება ნატოს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდის ამოცანას, რიუტემ განაცხადა:

"მიმდინარე წელს ყველა მოკავშირე მიაღწევს თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვის ნიშნულს.

მოველი, რომ ჰააგის სამიტზე მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდებიან თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვაზე.

თავდაცვაზე ხარჯვის ახალი გეგმა ორი ნაწილისგან შედგება:

3,5% ჩაიდება ჩვენს ძირითად სამხედრო საჭიროებებში.

დანარჩენი წავა თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებში, ინფრასტრუქტურისა და საწარმოო შესაძლებლობების ჩათვლით".

მარკ რიუტემ მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ნატოს მიმართ საფრთხეს არ გაანეიტრალებს:

"ფაქტია, რომ საფრთხე არ გაქრება უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგაც კი".

გენერალურმა მდივანმა "ჩეთემ ჰაუსში" გამართულ შეხვედრაზე დამსწრეებს გაუზიარა გასულ კვირაში გამართული თავდაცვის მინისტერიალის შედეგებიც:

"გასულ კვირაში ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ ახალ ამბიციურ მიზნებზე. ზუსტი დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ჩვენ გვჭირდება 400%-იანი ზრდა საჰაერო და სარაკეტო დაცვაში. უკრაინაში ვხედავთ, როგორ ახორციელებს ტერორს რუსეთი ზევიდან. ჩვენ გავაძლიერებთ ფარს, რომელიც ჩვენს ცას იცავს.
ჩვენს სამხედროებს სჭირდებათ კიდევ ათასობით ჯავშნოსანი მანქანა და ტანკი, კიდევ მილიონობით საარტილერიო ჭურვი და უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ხელშემწყობი შესაძლებლობები, როგორიცაა ლოჯისტიკა, მომარაგება, ტრანსპორტირება და სამედიცინო მხარდაჭერა.

მოკავშირეები მეტ ინვესტიციას ჩადებენ სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებში.

ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, ამერიკის მოკავშირეები იყიდიან, სულ ცოტა, 700 ერთეულ F-35 ავიაგამანადგურებელს." რიუტეს განცხადებით, მოკავშირეები მეტ ინვესტიციას გეგმავენ აგრეთვე დრონებისა და შორის მანძილის სარაკეტო სისტემების წარმოებაში; თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებში, ინფრასტრუქტურის ჩათვლით:

"გზები, რკინიგზა და პორტები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები და სამხედრო გემები.

გვჭირდება სამოქალაქო სატრანსპორტო ქსელები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება სამხედრო მობილობის მხარდაჭერა, რომ საჭირო ძალები საჭირო ადგილას საჭირო დროს იყვნენ.

საშინაო ფრონტი და ფრონტის ხაზი ახლა ერთი და იგივეა.

ომი აღარ მიმდინარეობს სადღაც დისტანციაზე - ჩვენი საზოგადოებები და სამხედროები ამაში ერთად არიან.

მეტ ინვესტიციას ჩავდებთ სამოქალაქო მზადყოფნაში, რომ ჩვენი საზოგადოებები მზად იყვნენ იმ დღისთვის, რომელიც ვლოცულობთ, რომ არ დადგეს.

ნატო მუშაობს 24/7-ზე, რომ ის დღე არასდროს დადგეს."

ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ მეტი ინვესტიციის გარდა, საჭიროა წარმოების მასშტაბისა და ეფექტიანობის გაზრდა:

"ნათელია, რომ ალიანსში საკმარისს არ ვაწარმოებთ. თავდაცვაში ინვესტირების ზრდასთან ერთად საჭიროა გავზარდოთ თავდაცვითი წარმოება.

მეტი მოთხოვნა ნიშნავს მიწოდების გაზრდას და არა უფრო მაღალ ფასებს.

...გვჭირდება უფრო იაფი ელექტროენერგია, წვდომა კრიტიკულ მინერალებზე და მეტი ნოუჰაუ ინჟინერიაში.

სხვა შემთხვევაში, მშპ-ს 5%-ის თავდაცვაზე ხარჯვის დაპირება წარმოების ხარჯებად იქცევა და არა თავდაცვაში ინვესტიციად.

ასე რომ, გავზრდით და გავაფართოებთ ინდუსტრიულ ბაზას მთელ ალიანსში".

მარკ რიუტემ ხაზი გაუსვა თავდაცვით ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას:

"იმისთვის, რომ ჩვენს მეტოქეებზე წინ ვიყოთ, უნდა განვავითაროთ და შემოვიღოთ ახალი ტექნოლოგიები.

ისინი შეიძლება რომ იყოს ხარჯთეფექტიანი და მოიტანოს იგივე შედეგი, რაც ტრადიციულ სამხედრო „მძიმე მეტალს“ მოაქვს.

უკრაინის ბრძოლის ველზე, 400 აშშ დოლარის ღირებულების დრონების სწორად გამოყენებით ისინი ანადგურებენ რუსეთის 2 მილიონ აშშ დოლარის ტანკებს.

...ჰააგის სამიტი მკაფიო მოთხოვნას გაუგზავნის ინდუსტრიას და ინდუსტრიამ უნდა უპასუხოს ჩვენს ამბიციას".

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მარკ რიუტემ ყურადღება გაამახვილა, ალიანსის ევროპელი წევრების მიერ ტვირთის სამართლიანად განაწილებას შეეხებოდა:

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნატოს თითოეულმა წევრმა თავისი წილი ზიდოს, ვინაიდან ამერიკა ზიდავდა ტვირთის ძალიან დიდ ნაწილს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამერიკის მოკავშირეებს ფართე მხრები აქვთ, ევროპა და კანადა გააკეთებენ მეტს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის და ეს იქნება მხარდაჭერილი ამერიკის მტკიცე ერთგულებით ნატოს მიმართ.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას სისხლისღვრის შესაჩერებლად. უკრაინის ხალხი იმსახურებს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას.

ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის გრძელდება. ჩვენი ხანგრძლივვადიანი მხარდაჭერა არ ემსახურება ომის გაგრძელებას, არამედ უკრაინის დახმარებას, რომ დღეს თავი დაიცვას და მოხდეს ნებისმიერი აგრესიის პრევენცია მომავალში.

...ისტორიამ დაგვანახა, რომ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთობლივი მუშაობა გამარჯვების კომბინაციაა".

ნატოს მომდევნო სამიტი 24-25 ივნისს ჰააგაში იგეგმება. 4-5 ივნისს ბრიუსელში გაიმართა ნატოს თავდაცვის მინისტერიალი, რომელზეც განხილვის უმთავრესი საგანი ნატოს თავდაცვითი ინდუსტრიის გაფართოება იყო, როგორც უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების, ისე არსებულ საფრთხეებთან ალიანსის გამკლავების უზრუნველსაყოფად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG