გერმანიის ახალი კანცლერის ევროპული ტურნე - მას შინაც და გარეთაც უამრავი საქმე აქვს მოსაგვარებელი

რიკარდ იოზვიაკი

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი არჩევიდან სამი დღის შემდეგ ბრიუსელში ჩავიდა ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან შესახვედრად.

მერცზე დიდ მოლოდინებს ამყარებენ. მოელიან, რომ ის ახალ ენერგიას შესძენს გერმანიისა და ევროპის საგარეო პოლიტიკას.

სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ გერმანიის ახალი კანცლერის მოღვაწეობა უხერხულად დაიწყო. ისტორიაში პირველად, ბუნდესტაგს ორჯერ მოუწია მისი დამტკიცება, რადგან პირველ ტურში გასამარჯვებლად ექვსი ხმა დააკლდა.

ეს ვერ იყო ისეთი მტკიცე მხარდაჭერა, რაც ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერს სჭირდებოდა.

სავარაუდოდ, მერცის წინაშე არსებული ყველაზე აქტუალური საკითხია ქარიშხლიანი ურთიერთობა ამერიკულ ადმინისტრაციასთან, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ლიბერალური მსოფლიო წესრიგის თითქმის ყველა ასპექტს, რომელსაც გერმანიის ომისშემდგომი პოლიტიკა ათწლეულების განმავლობაში ეყრდნობოდა.

მერცმა უნდა შეკრიბოს ძირითადად ევროპული ქვეყნებისაგან შემდგარი „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის მხარდასაჭერად და, რაც მთავარია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დასაპირისპირებლად.

საშინაო თავის ტკივილებიც ბევრია - გერმანიის ეკონომიკას სტიმულირება სჭირდება. ის 2023 და 2024 წლებში შემცირდა და, სავარაუდოდ, არც წელს ექნება საქმე ბრწყინვალედ. საჭიროა პასუხის პოვნა პოპულისტური ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წინააღმდეგ, რომელმაც თებერვლის საყოველთაო არჩევნებში რეკორდული მაჩვენებლებით მეორე ადგილი დაიკავა და ახლა მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატებს უტოლდება პოპულარობით.

ასევე ნახეთ რა სურს გერმანიის ახალ კანცლერს და რას უნდა ელოდოს საქართველო

მან უკვე მოახერხა ცვლილებები შეეტანა ქვეყნის კანონებში, რომელიც ვალის აღების წესებს მეტისმეტად ხისტად განსაზღვრავდა. ახლა შესაძლებელი იქნება თავდაცვის ხარჯების გაზრდა და 500 მილიარდი ევროს დახარჯვა ინფრასტრუქტურაზე, რაც, მერცის იმედით, ეკონომიკას გამოაცოცხლებს და შეაჩერებს უკმაყოფილებას, რაც დამატებით წყალს დაასხამდა AfD-ს წისქვილზე.

თუმცა, როგორც ჩანს, ახლად დანიშნული კანცლერი სწორედ საგარეო ასპარეზზე შეეცდება ყველაზე ძლიერი ადრეული შთაბეჭდილების მოხდენას.

დამტკიცებიდან მალევე ის პარიზს, ვარშავას, ბრიუსელსა და ლონდონს ეწვია ევროპის ერთიანობის გასაძლიერებლად და ადრეული, სიმბოლური გამარჯვებების მოსაპოვებლად.

მერცს სურს გამოაცოცხლოს გერმანია-საფრანგეთ-პოლონეთის „ვაიმარის სამკუთხედი“ და წესით, არ გაუჭირდება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის დაყოლიება. ეს სამი ლიდერი საგარეო პოლიტიკის უმეტეს ასპექტში ერთ აზრზე არის.

ისინი მოითხოვენ ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდას, რუსეთის მიმართ მეტ სანქციებს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას და კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას. ელიან, რომ ბერლინი გერმანული Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისათვის გადაცემას დაამტკიცებს, რაც პოლიტიკურად შეუძლებელი იყო წინა მთავრობის დროს.

ასევე ნახეთ ფრიდრიხ მერცი კანცლერის სტატუსით პირველად საფრანგეთს ეწვია: "გერმანია-საფრანგეთის ახალი სტარტი" ევროპისთვის

წესით, არც დიდ ბრიტანეთთან უნდა გაჭირდეს უფრო მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის დამყარება. გამოცდილი იოჰან ვადეფულის საგარეო საქმეთა მინისტრად არჩევამ და პოპულარული სოციალ-დემოკრატი ბორის პისტორიუსის თავდაცვის მინისტრად დატოვება პარტნიორ ქვეყნებში პოზიტიურად შეფასდა.

მაგრამ ყველაფერი მარტივად ვერ ჩაივლის.

მერცს მოუწევს ცენტრალური ევროპის პოპულისტებთან - უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან ბრძოლა. ვიქტორ ორბანმა და რობერტ ფიცომ ხელი შეუშალეს ევროკავშირის მხრიდან უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის ზრდას და კრემლისთვის უფრო მკაცრი სასჯელების დაწესებას.

თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნება.

თეორიულად მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივე მათგანმა უმაღლესი თანამდებობა დაიკავა ისე, რომ მანამდე პოლიტიკური და აღმასრულებელი გამოცდილების თვალსაზრისით ორივე „აუტსაიდერად“ ითვლებოდა. ორივემ იცის, რა ხდება დიდი კომპანიების სამეურვეო საბჭოებში. გოლფის თამაშიც ორივეს უყვარს.

ბოლო დრომდე მერცი ტრანსატლანტიკოსიც გახლდათ, თუმცა, ბევრი გერმანელის მსგავსად, ისიც გააღიზიანა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის ევროპის მკაცრმა კრიტიკამ თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე; და იმან, თუ როგორ მოეპყრნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკს მარტში თეთრ სახლში ვიზიტის დროს.

არჩევნებში გამარჯვებისთანავე მერცმა მოუწოდა ევროპას აშშ-საგან დამოუკიდებლობისკენ. ცოტა ხნის წინ მან გააკრიტიკა ამერიკელი მინისტრები და მოუწოდა მათ, გერმანიის შიდა პოლიტიკაში ჩარევისგან თავი შორს დაეჭირათ. ეს იყო პასუხი ვაშინგტონის კრიტიკაზე გერმანიის შიდა სადაზვერვო სააგენტოს მიერ AfD-ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად კლასიფიცირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ კოალიციური შეთანხმება ხელმოწერილია, 6 მაისს ბუნდესტაგი ახალ კანცლერს უყრის კენჭს

თუმცა მთავარი მაინც პრაქტიკული ასპექტებია. ამ მხრივ კი მას ვაშინგტონის მხარდაჭერა ჯერაც კარგა ხნით სჭირდება. ის ტრამპს ჯერ ივნისის შუა რიცხვებში, კანადაში, დიდი შვიდეულის სამიტზე შეხვდება, შემდეგ კი იმავე თვის ბოლოს, ჰააგაში, ნატოს სამიტზე.

მერცს ამერიკისაგან ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: ერთია ამერიკის ერთგულება სამხედრო ალიანსის მიმართ, მათ შორის გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაგრძელება. მეორე კი მას ასევე სურს უზრუნველყოს, რომ ექსპორტზე ორიენტირებულ გერმანიის ეკონომიკას არ დაემუქროს ზედმეტად მაღალი ამერიკული ტარიფები, რომლებიც ამჟამად 8 ივლისამდეა შეჩერებული, რადგან ბრიუსელი და ვაშინგტონი პოტენციურ სავაჭრო შეთანხმებას განიხილავენ.

მერცზე ბევრი რამაა დამოკიდებული და ის თავს უფლებას ვერ მისცემს, კიდევ ახალი უხერხულობები შეემთხვეს.