„დღეს [22 ოქტომბერს] სუსში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი”, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა.
ითქვა, რომ იმსჯელებენ "მისი ქმედების კვალიფიკაციისა" და "აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე", რაც ბრალის წაყენებასაც გულისხმობს.
ასევე ნახეთ სუსი: ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა ასევე ნახეთ ამოღებულია 7 მილიონი დოლარი, ძვირფასი ნივთები, ნახატები... - სუსი ღარიბაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაზე2021 წლის თებერვალში, როცა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთხელ გაპრემიერება გადაწყდა, მისმა მაშინდელმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ღარიბაშვილი ასოცირდებოდა “ბევრ წარმატებულ პროექტთან”, “საქმის და გუნდის ერთგულებასთან”, “პროფესიონალიზმთან” და “ნატოსთან დაახლოებასთან”.
მდინარაძე ახლა სუსის უფროსია.
ირაკლი ღარიბაშვილის დაუსაბუთებელ ქონებასთან და კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვები და ვარაუდები წლების განმავლობაში ხვდებოდა მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის ყურადღების ცენტრში. ჟურნალისტური გამოძიებებით გამოაშკარავებულ ფაქტებს “ქართული ოცნება” უარყოფდა.
ამ ფაქტებისთვის სათანადო ყურადღება არც ანტიკორუფციულ ბიუროს არ მიუქცევია.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
- ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის პირველ ვადაში, ყველას დაამახსოვრდა ე.წ. კახურ კლანთან, ღარიბაშვილის სიმამრის, “თამაზაშვილების კლანთან” დაკავშირებული [მათ შორის - ნეპოტიზმის] ბრალდებები, რასაც 2013 წელს თავად ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ “მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის”.
- 2015 წლის თებერვალში, ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილს კორუფციასთან შეუგუებელი "ძალიან ღირსეული" პრემიერი უწოდა, თუმცა მაინც აღნიშნა, რომ არსებობდა შეკითხვები ნათესავების გამო.
2015 წლის დეკემბერში ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამ „დროული“ წასვლის გამო ივანიშვილის ქება დაიმსახურა. ექსპერტები მაშინ ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის ფავორიტს სამომავლოდ "ინახავდა”.
2012 წელს, 30 წლის ასაკში, ირაკლი ღარიბაშვილი უკვე იყო ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო 2013-2015 წლებში, იმ დროისათვის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მეთაური გახდა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შემდეგ.
"ქართული ოცნების" 6 პრემიერიდან ღარიბაშვილი პოსტზე, ჯამში, პარტიის დამფუძნებელმა ყველაზე ხანგრძლივი ვადით, 5 წლით დატოვა. ღარიბაშვილი გამოირჩეოდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ გულითადი მადლობების გადახდის სიხშირით.
პირველი პრემიერობის შემდეგ იყო პაუზა, მერე კი - 2019 წელს - ღარიბაშვილი ჯერ პარტიაში დაბრუნდა, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრად დანიშნეს; ვიდრე კვლავ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი [2021 წლის თებერვლიდან 2024 წლის იანვრამდე].
თავდაცვის მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილი შეცვალა თავისმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ახლა ასევე კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული. ამავე ბრალდებით არის დაკავებული მისი კაბინეტის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.
2025 წლის 17-18 ოქტომბერს, პროკურატურამ და სუსმა გამოაცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ჩხრეკა ჩატარდა სხვებთანაც და მათ შორის - სუსის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. საზოგადოებას უჩვენეს 10-მდე პირის 20-ზე მეტი მისამართიდან ამოღებული ოქროს ნაკეთობები, ზოდები, ძველი მონეტები, სხვა ძვირფასი ნივთები და მილიონები - დოლარსა თუ ლარში.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მამა მულტიმილიონერი ჰყავს - ვინ აპირებს სიმდიდრის შემოწმებას ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 200 000 ლარი აჩუქეს - დეკლარაციაკორუფციასთან დაკავშირებული ხმაური არასამთავრობო სექტორმა და მედიამ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების შემდეგაც განაგრძეს
- 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში ვაჟის ჩაყვანის დროს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისზე სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა; მოგვიანებით კი განმარტა, რომ რეისის საფასური პენსიონერმა მამამ გადაუხადა და ბიუჯეტის ხარჯით არ უსარგებლია. სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციამ ფაქტის გამოძიება მოითხოვეს, კორუფციის ნიშნების გამო. ამ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
- ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციიდან გაირკვა, რომ თბილისიდან მიუნხენში და უკან მგზავრობის ხარჯი - 109 500 ლარი - პრემიერის მშობლებმა გადაიხადეს და დამატებით, ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაჯდა.
- ამავე დეკლარაციით გაირკვა ასევე, რომ ოჯახური წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა.
- ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მისმა ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა, ბაკურიანში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5958 კვადრატული მეტრი ტყე 49 წლით სარგებლობის უფლებით მიიღო.
ყურადღებას იპყრობდა პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ძვირფასი საათებიც.
ხისტი პრემიერი
“არარაობა”, “საცოდავი”, “ნაძირალა”, “მანიაკი”, “მოღალატე” - ოპონენტებისა და ჟურნალისტების ლანძღვა და შეურაცხყოფა ირაკლი ღარიბაშვილის სტილი იყო.
როდესაც ის მეორედ გახდა პრემიერ-მინისტრი, ექსპერტებისთვის იყო ნიშანი, რომ იმხანად უკვე გამოკვეთილ პოლიტიკურ კრიზისში “ოცნება” კიდევ უფრო აგრესიულ პოლიტიკას ირჩევდა და მიზანს პოლარიზაციის შემცირება არ წარმოადგენდა.
სოციალურ ქსელებში ჩანდა, რომ მხარდამჭერების ნაწილი ახალი პრემიერისგან სწორედ ოპონენტების „დასრულებას“ ელოდება:
- „ირაკლი თუ გადატეხავს ნაცებს... წარმატებები და ველოდები მათ დასრულებას არავითარი კოჰაბიტაცია“;
- „დავით გარეჯის თემაც ირაკლისია...“;
- „რა ხანმოკლე აღმოჩნდა მაგათი (ოპოზიციის) სიხარული... წარმატებები ირაკლის“;
- „ახლა ნამდვილად იქნება ნაცების დასასრული“.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინ, როცა გაჩნდა ლოზუნგი „გარეჯი საქართველოა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მთავარი ოპოზიციური ძალის - „ნაციონალური მოძრაობის“ - გაუქმების საჭიროებაზე ალაპარაკდნენ, „კარტოგრაფების საქმის“ ფონზე ეს საკითხი თავდაპირველად სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წამოჭრა.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი თქმით, "სატანისტები" 4-5 ბავშვს უწოდა, "ფრანკლინის კლუბში" კი "ტვინს ურეცხავენ" ასევე ნახეთ „უმრავლესობის დიქტატურა“ - საქართველო სახიფათო გზაგასაყარზე? ასევე ნახეთ ღარიბაშვილი რუსეთთან წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს„ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა სიძულვილის ენით, დაპირისპირებისკენ მოწოდებებით”, “ძირგამომთხრელს უწოდებდა სამოქალაქო სექტორს” - სამოქალაქო სექტორში ასევე იხსენებდნენ, თუ როგორ უპირისპირდებოდა 2014 წელს პრემიერი ღარიბაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის დასახვეწად მებრძოლ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
შეთქმულების თეორიებით გაჯერებულ რიტორიკასაც მის დროს ჩაეყარა საფუძველი - დასავლელ პარტნიორებს ის "მეორე ფრონტის"გახსნის მოსურნეებად მოიხსენიებდა; ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე, რუსეთთან თანამშრომლობასა და საქართველოს ეკონომიკის აყვავების პერსპექტივებზე ლაპარაკობდა.
ღარიბაშვილმა ბრძოლა გამოუცხადა ლგბტ თემის უფლებებს, ხოლო პროევროპულ პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებს სატანისტები უწოდა.
„100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში, ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ ერთი რამ - მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ", - ამბობდა ის 2023 წელს.
დასავლელ პარტნიორებს ღარიბაშვილი “ფარდის ახდითაც” ემუქრებოდა, თუკი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პროცესები თბილისისთვის მიუღებელი სცენარით განვითარდებოდა. ერთ დროს თანაგუნდელების მიერ ნატოსთან დაახლოებისთვის ნაქები ღარიბაშვილი, ბოლო პერიოდში, ნატოს მიმართ სრულ სკეპტიციზმს გამოხატავდა.
მაგრამ 2025 წლის აპრილში, ღარიბაშვილი პოლიტიკიდან ისე წავიდა, რომ არ შეხებია დასავლეთის ქვეყნების სანქციები; როცა მისი ყოფილი გუნდიდან სანქციები საკმაოდ ბევრს დაუწესეს, მათ შორის - თავად ბიძინა ივანიშვილსაც [აშშ-დან].
- 2024 წლის 29 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, როგორც თავად თქვა, საკუთარი სურვილით გადადგა, თუმცა, როგორც პირველ ჯერზე, ამას არაფერი მოასწავებდა. ის ამაყობდა ეკონომიკის წინსვლით, [ხანმოკლე პერიოდით] ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და მშვიდობით.
- პრემიერის პოსტიდან მან ისევ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა. ამ დროს პარტიას უკვე ჰყავდა საგანგებო უფლებებით აღჭურვილი საპატიო თავმჯდომარეც - ბიძინა ივანიშვილი.
- 2025 წლის 25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიაც დატოვა; თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან დაკისრებული მისია პირნათლად შეასრულა და დროს ამიერიდან ოჯახზე ზრუნვას დაუთმობდა.
ოფიციალური საჯარო მადლობა მისთვის არავის გადაუხდია; საგანგებო ბრიფინგზე ის სულ მარტო იდგა.
ღარიბაშვილს თავიდანვე მრავლად ჰყავდა მხარდამჭერები, რომლებიც ამ მხარდაჭერას ღიად და ხმამაღლა გამოხატავდნენ. ბევრი მათგანი სწორედ ღარიბაშვილს თვლიდა "ქართული ოცნების" ძველი, ნამდვილი იდეების დამცველად.
ბოლო დღეებში კი, როცა საგამოძიებო უწყებებმა კორუფციის შესახებ ბრალდებებზე მიანიშნეს, მხარდაჭერა ასეთი მასობრივი და ხმამაღალი აღარ ყოფილა. ბევრი საერთოდ გაჩუმდა.
ასევე ნახეთ ზარალს თუ არ დაფარავ, ქვეყნიდან ვერასდროს გახვალ - "ქართული ოცნება" კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს