როგორ ეხმარება ბრიტანეთში ვეიპების აკრძალვა უკრაინელ ჯარისკაცებს

გადაყრილი ელექტრონული სიგარეტები, ვეიპები

მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ივნისში ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი რისკების გამო ერთჯერადი ვეიპები აკრძალა, ვიაჩესლავ სემენიუკს ხელები გაეხსნა - ის ამ ჩამოწერილი ელექტროსიგარეტების ათასობით ბატარეას აგზავნის უკრაინაში, სადაც მათ ფრონტის ხაზისთვის ენერგობლოკებად აწყობენ.

უკრაინელი მოხალისე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ჩრდილოეთ ინგლისში, იორკშირის საგრაფოს ქალაქ ლიდსში ბოლო ათწლეულია ცხოვრობს, ამბობს, რომ ბრიტანელ ვეიპების მწარმოებლებს „აღარ შეუძლიათ მათი გაყიდვა, ასე რომ ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით. საქმე გაუადვილდეთ, რადგან დარჩენილი მარაგისთვის რამე ხომ უნდა მოეხერხებინათო“.

ერთჯერადი ვეიპების სარეკლამო დაფა აკრძალვამდე ბრიტანეთის ქალაქ ლიდსში.

ლიდსის უკრაინულ სათემო ასოციაციაში, რომელსაც სემენიუკმა 2022 წელს ჩაუყარა საფუძველი, ახლახან ამანათი - ახალთახალი ვეიპის ოთხი პალეტი მიიღეს. ოთხი პალეტი 10 000-ზე მეტ ელექტროსიგარეტია. მოხალისეების მცირე ჯგუფი ახლა ამ მოწყობილობების დაშლას იწყებს.

„ვიკრიბებით ჩემთან სახლში, ან ვისაც მასპინძლობა შეუძლია, ვსხდებით, ფილმს ვუყურებთ ან ღვინოს ვსვამთ“, - ამბობს სემენიუკი ვეიპების დაშლის შეკრებებზე. - „ოჯახური საღამოებს ჰგავს“,

ვიაჩესლავ სემენიუკი (მარცხნივ) სხვა მოხალისესთან ერთად ერთჯერადი ვეიპების დასაშლელად მზადდება.

გაერთიანებული სამეფოს სხვა ქალაქში მეწარმე ტომ ნაბიელეცი აგროვებს გამოუყენებელ ვეიპებს ლონდონის უკრაინულ სოციალური კლუბისთვის გადასაცემად. ეს კლუბიც უკრაინაში აგზავნის ბატარეებს. ნაბიელეცმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ახლა ერთჯერადი ელექტროსიგარეტის მოძიება მაღაზიებში უფასოდ არის შესაძლებელი, ვინაიდან „[გამყიდველებს] მათ გადამუშავება ფული უჯდებათ და აქ ბრიტანეთში ვალდებულნი არიან, რომ გადაამუშაონ“.

ნაბიელეცის თქმით, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა მაღაზიამ მას ვეიპები გადასცა, „სწრაფად გაავრცელეს ინფორმაცია საკუთარი მცირე ქსელის სხვა მაღაზიებში“, რომ შესაძლებელი იყო მარაგების უკრაინულ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის მიცემა.

ლვოვში მდებარე სახელოსნოში ქალი ლიდსიდან გამოგზავნილ ვეიპების ბატარეებს აწყობს ენერგობლოკისთვის.

სემენიუკის თქმით, ვეიპებს დიდ ბრიტანეთში შლიან, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ საბაჟო გადასახადები ევროპაში ტრანზიტისა და უკრაინაში შესვლისას. აქვთ გაკვეთილი, რომელიც ადრე შეძლებისდაგვარად ისწავლეს: ერთხელ დაუშლელი ვეიპები ნიდერლანდის საზღვრიდან დააბრუნეს. მძღოლს „ნიდერლანდებიდან ლიდსში უკან დაბრუნება, დატვირთვის ჩამოცლა და შემდეგ კვლავ უკან წასვლა მოუწია“, - ჰყვება ის.

უკრაინაში გაგზავნამდე ვეიპების ელემენტებს ზომების მიხედვით ალაგებენ.

უვარგისი, მაგრამ პოტენციურად კვლავ გასაყიდი ვეიპების საერთაშორისო ტრანსპორტირებას საბაჟო გადასახადები და უამრავი დოკუმენტების დართვა სჭირდება თან. თუმცა „ნარჩენებად“ მიჩნეული მასალა, მაგალითად, სემენიუკისა და სხვა მოხალისეების მიერ ამოღებული ფუჭი ბატარეები, საზღვრებს ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე კვეთს.

ბატარეებს სპეციალურად ფუთავენ, რათა ევროპაში გადაგზავნისას დაცული იყოს, რადგან პოლუსების შეხებამ შეიძლება მოკლე ჩართვა და ხანძარი გამოიწვიოს.

დიდი ბრიტანეთის ვეიპების ბატარეებით შექმნილი ენერგობლოკები. ფოტო გადაღებულია უკრაინაში.

უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, ბატარეებს ლვოვის მოხალისეთა ჯგუფი 3D პრინტერში დაბეჭდილ კორპუსებში ათავსებს - ასე იქმნება მრავალპორტიანი, გამძლე და მრავალჯერადი ენერგობლოკები. ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები ენერგობლოკებს „ნებისმიერ USB-ით მომუშავე მოწყობილობაზე“ იყენებენ, ამბობს სემენიუკი.

უკრაინელი ჯარისკაცი ბრიტანული ვეიპების ბატარეებით დამზადებული ერთ-ერთი ენერგობლოკით.

რუსეთშიც ვეიპების მომხმარებლებს ბატარეებისა და მავთულების ჩაბარებას სთხოვენ ჯარის საჭიროებისთვის. „ერთი ელექტროსიგარეტი = მტრის თავზე დრონიდან ერთის ჩამოგდებას!“ - ეწერა პოსტერზე სამარის უნივერსიტეტში. მცირე სერვომოტორებს, რომლებიც დრონებიდან საბრძოლო მასალას ყრიან, ერთი ერთჯერადი ვეიპის ბატარეაც ჰყოფნის.

გადაგდებული ერთჯერადი ელექტროსიგარეტები.

ელექტროსიგარეტის მოხმარება ბოლო ათწლეულში საგრძნობლად გაიზარდა - მსოფლიოში დაახლოებით 100 მილიონი მომხმარებელია. ეს მოწყობილობები, რომლებიც ნიკოტინიანი სითხის გაცხელებით ორთქლს წარმოქმნიან, ნაკლებად მავნედ ითვლება, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი, თუმცა მაინც შეიცავს ჯანმრთელობის მნიშვნელოვან რისკებს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გარემოზე მავნე ზეგავლენა დაასახელა ერთჯერადი ვეიპების აკრძალვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ლითიუმი იმ ელექტროსიგარეტებიდან, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად ყრიდნენ, საკმარისი იქნებოდა 5 000 ელექტრომანქანის ბატარეისთვის.

ასევე ნახეთ “ეს იქნება ძალიან, ძალიან რთული პერიოდი” - ნილ ჰაუერი. უკრაინის ფრონტის რეალობა