საპასუხოდ, ოპოზიციიდან, მაკა ბოჭორიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობის პერიოდი შეახსენა.
“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრს არ უხსენებია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ - 2024 წლის ნოემბერში - მიიღო გადაწყვეტილება 4 წლით, 2028 წლამდე შეეჩერებინა - ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი ნაბიჯის [გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა] გადადგმა; რასაც საქართველოში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.
25 ივნისს, სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი - უვიზო მიმოსვლას შეეხება, რადგან ეს “ახალი ინსტრუმენტია”, რომელიც, ოპოზიცია ლობირებით, შესაძლოა ბრიუსელმა არჩევნებზე გავლენისთვის გამოიყენოს.
"ეს მოახდენს გავლენას, თუ არ მოახდენს, მეორე საკითხია. ასევე ეგონათ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიცემით ამოყირავდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, შეიცვლებოდა ხელისუფლება და ეს იქნებოდა რევოლუციის საფუძველი. ასევე შეიძლება ეგონოთ... შეიძლება ეს ინსტრუმენტი [უვიზო მიმოსვლა - რ.თ.] გამოიყენონ, რაღაცნაირად არის რეზერვში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან კონკრეტული გვარებიც დაასახელა და მათ შორის - ორი ამჟამად დაკავებული პოლიტიკოსი - გიორგი ვაშაძე [“სტრატეგია აღმაშენებელი”], ზურა ჯაფარიძე [“კოალიცია ცვლილებისთვის”] და ასევე “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი - სალომე სამადაშვილი. სამადაშვილი მან რამდენჯერმე ახსენა, მათ შორის - იმ კონტექსტშიც ახსენა, რომ, თითქოს, ევროკავშირში ელჩის პოზიციაზე მუშაობისას, ის ბლოკავდა საქართველოს ევროინტეგრაციას. ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით ბოჭორიშვილის კიდევ ერთი ბრალდებაა - საქართველოსთვის სასარგებლო რეზოლუციის იგნორირება - “ევრონესტში”.
სალომე სამადაშვილმა 25 ივნისს განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ძალიან ეშინია უვიზო რეჟიმის გაუქმების და ახლა “ტყუილების კორიანტელს” აყენებს.
სამადაშვილმა მაკა ბოჭორიშვილს შეახსენა 8-წლიანი პერიოდი, როდესაც ევროკავშირში, საქართველოს საელჩოში მისი ხელმძღვანელი იყო და სწორედ ბოჭორიშვილს ევალებოდა მოქმედება - “ქართული ოცნების” ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
“მისი ვალდებულება იყო, ემუშავა ევროპარლამენტთან ივანიშვილის ლობისტების საწინააღმდეგოდ, დიდად გულმოდგინედ ასრულებდა ამ საქმეს. საერთოდაც დიდი 'მიშისტი' იყო. 2018 წელს, ბრიუსელში მუშაობდა ისევ და აქტიურად ლაპარაკობდა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის, ქართულ ოცნებასაც კარგად ლანძღავდა”, - წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუკზე.
ასევე ნახეთ ათიათასობით ქართველი პოლონეთში - უვიზო მიმოსვლის გაუქმება გადაწყვეტილია?“წულუკიანის კომისიის” სხდომაზე გამოკითხვისას, ერთი მხრივ, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ევროპელი პარტნიორები, მათ შორის, უვიზო რეჟიმთან მიმართებით, უსამართლოდ და უსაფუძვლოდ მოქმედებენ; ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს - უვიზო მიმოსვლის მინიჭება ადამიანის უფლებების დარღვევების გამო შეფერხდა. დეტალებით "ქართული ოცნების" განაყოფის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი - სოზარ სუბარი დაინტერესდა.
- მაკა ბოჭორიშვილი: “საქართველო იყო ბოლო, ვინც დაიწყო დიალოგი უვიზო მიმოსვლაზე [ევროკავშირთან], 2012 წელს. უკვე ის პერიოდია, როდესაც მოლდოვას ფაქტიურად ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი უვიზო მიმოსვლის დიალოგი; უკრაინაც დიალოგში იყო ევროკავშირთან და ეს ყველაფერი დაიწყო 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ… სწორედ მას შემდეგ მიეცათ უკრაინასაც და მოლდოვასაც, რომ გაეხსნათ ასოცირების მოლაპარაკებები, დაეწყოთ უვიზო მიმოსვლა და საქართველო იყო ბოლო, 2012 წელს”.
- სოზარ სუბარი: რატომ, რატომ? 2008-ში რატომ არ დაიწყო საქართველომ და 2012-ში როდის დაიწყო?
- მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი პრობლემა იყო, ბატონო სოზარ, მაშინ. ძალიან ბევრი პრობლემა იყო. მათ შორის - ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. ვერ ვიტყვით, რომ ეს არ იდგა დღის წესრიგში. თუ გახსოვთ, ევროკავშირმა ინიციირება გაუკეთა ადამიანის უფლებათა დიალოგს მაშინ. ახლა საჯაროდ გვესაუბრებიან, რაღაც კამპანიებია… მაშინ ასე არ იყო, შეხვედრები იყო დახურული ძირითადად. ადამიანის უფლებათა დიალოგის ერთ-ერთი შეხვედრა ლამის დილამდე გაგრძელდა, 2011 წელს, თუ სწორად მახსოვს".
ეს პასაჟი მას უნებლიე აღიარებად ჩაუთვალეს.
“ანუ აღიარა ის, რაც მშვენივრად იცის თავადაც, რომ უვიზო მიმოსვლა საჩუქარი არ არის ... და ვალდებულებების შესრულების შედეგად ხდება მისი მინიჭება ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის. დღეს კი სწორედ მის [მაკა ბოჭორიშვილის] რეჟიმს ყავს პოლიტპატიმრების წყება ციხეში და მისი რეჟიმის პირობებში საქართველომ ჰიბრიდული დემოკრატიის რეჟიმიდან ავტორიტარული ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა”, - წერს ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარტიიდან "გახარია საქართველოსთვის" - თეონა აქუბარდია, ფეისბუკზე. ის აღნიშნავს, რომ - თავად „ქართული ოცნება“ ქმნის საფრთხეს „საქართველოს მოქალაქეთათვის ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრის საწინააღმდეგოდ!“.
სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 25 ივნისს, განიხილებოდა საკითხი - “2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები”.
მუქარა, ევროკომისარი
მაკა ბოჭორიშვილის მონათხრობით, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების შემდეგ, 2022 წლის მარტში, არაერთ შეხვედრაზე, ევროპარლამენტარებმა ცალსახად უთხრეს, რომ - მოლდოვა და უკრაინა მიიღებდნენ კანდიდატის სტატუსს, ხოლო საქართველო - არა და შემდეგ დააკვირდებოდნენ როგორ მოიქცეოდა ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე 85% და რა პასუხს მოსთხოვდა ხელისუფლებას.
“ეს წინადადება ცხადად აჩვენებდა იმას, რომ ევროინტეგრაცია - საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი - ვიღაცისთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეეცვალათ ნებისმიერი გზით… [2022 წელს] აღარ არსებობდა არანაირი, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილების კონსტიტუციური გზა და რა თქმა უნდა, სცენარი 2 - არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა, რაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო”, - თავდაპირველად, ბოჭორიშვილს გვარები არ დაუსახელებია; მოგვიანებით კი თქვა, რომ ერთ-ერთი მათგანი ამჟამად ევროკომისარია. გვარის დაზუსტებაში მას, სხდომის მიწურულს, სოზარ სუბარი დაეხმარა. მან ანდრიუს კუბილიუსს „დაუძინებელი მეგობარი“ უწოდა.
სადავო პარლამენტის კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი კი - ტერმინის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა:
"ალბათ, დროა, გადავიდეთ იმაზე, რომ დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა. ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი დასკვნა, ეს ძალიან მძიმე ინფორმაციაა, რაც თქვენგან მოვისმინეთ", - თქვა წულუკიანმა, სხდომის მიწურულს, ბოჭორიშვილის მონათხრობიდან მუქარის ეპიზოდის გამეორების შემდეგ.
ყოფილი ევროპარლამენტარი, “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ჯერ კიდევ მაშინ უჭერდა მხარს, როცა - ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებასაც ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა ყოველთვის მიუთითებდა - რეფორმების აუცილებლობაზე კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა თუ არჩევნების მიმართულებით.
„ქართული ოცნება“ ევროპელების ნდობას კარგავს - კუბილიუსმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სახელისუფლებო პარტია, 2021 წლის ივლისში ცალმხრივად გამოეყო „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა რეფორმებზე უარად მიიღეს. თანდათან კრიტიკამ უფრო მწვავე ფორმა მიიღო. "ქართული ოცნების" ნაბიჯებს ის ანტიევროპულად მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ საქართველო დემოკრატიულ ხელისუფლებას იმსახურებს.
„საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ - ნამდვილი დემოკრატია, სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, განსხვავებულ აზრს, სიტყვის თავისუფლებას და არ იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ დემოკრატიას, რადგან ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, ვერ გახდება კანდიდატი თუ პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის წევრებს. ასე იქცევიან დემოკრატიული მთავრობები ევროკავშირში", - მიმართა ანდრიუს კუბილიუსმა აქციის მონაწილეებს 2022 წლის 20 ივნისს, თბილისში, როდესაც უკვე გარკვეული იყო - საქართველო კანდიდატის სტატუსს იმ წელს ვერ მიიღებდა.
ის, რასაც წლების წინ კუბილიუსი ლაპარაკობდა, ახლა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი ნაწილის პოზიციაა. ევროკავშირის ქვეყნების მიერ 2025 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით, უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეეზღუდათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს [“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები]; ხოლო ცალკეულმა ქვეყნებმა, მათ შორის - ბალტიის ქვეყნებმა და გერმანიამ, ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვებიც დააწესა. ამ ეტაპზე შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. კვლავ ძალაშია ამერიკული სავიზო შეზღუდვები და სანქციები “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ. სანქცირებულია “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
2024 წლის მაისში, პრემიერ-მინისტრის რანგში, ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდა კიდევ ერთ ევროკომისარს, გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და მას მკვლელობის მუქარაშიც დასდო ბრალი. სუს-მა გამოძიება დაიწყო. კობახიძეს მაშინ კრემლიდანაც დაუჭირეს მხარი.
ასევე ნახეთ „ევროკავშირი კობახიძეს მოკვლით დაემუქრა“ - კრემლი საქართველოს პრემიერს ესარჩლებაევროპელებმა იციან - რა არის “გლობალური ომის პარტია”?
“ქართული ოცნების” საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები კარგად ხვდებიან - რა არის გლობალური ომის პარტია, რომელზეც ირაკლი კობახიძემ დაიწყო ლაპარაკი - თუმცა ისინი გაღიზიანებას მაინც გამოხატავდნენ.
“მე მახსოვს გაღიზიანება ასევე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, როდესაც ირაკლი კობახიძემ [“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი] პირველად ახსენა გლობალური ომის პარტია. ძალიან კარგად მიხვდნენ რაზე იყო საუბარი, ძალიან კარგად მიხვდნენ, ახლა რომ დიპ სტეიტად მოიხსენიებენ, რაზე იყო საუბარი და რისთვის იყო ეს ტერმინი გამოყენებული - სწორად რომ ყოფილიყო გაგებული”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა კომისიის სხდომაზე.
“საქართველოს მოსახლეობისთვის საკმაოდ რთულად დასაჯერებელია, რომ - კი ბატონო, ეს “ნაცები” გავიგეთ, რომ ასეთები არიან, მაგრამ ამ ევროპაში ყველა განაცებულია?! ეს დილემა ქართული საზოგადოების ნაწილს უდგას და აქ არის სწორედ, ალბათ, სადაც ქართული საზოგადოება საბოლოო პასუხს ეძებს… ” – “ქართული ოცნების” დეპუტატის, კომისიის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის მიერ დასმულ შეკითხვის ამ აქცენტს მაკა ბოჭორიშვილი სწორედ “გლობალური ომის პარტია”/”დიპ სტეიტის” ხსენებით გამოეხმაურა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ყველაფერი გასაგები იყო, გლობალური ომის პარტიის თემას მაინც “დაარტყეს”.
“...დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ საქართველოში, ყველგან არის მეტ-ნაკლებად. უბრალოდ არის ალბათ დაცვის მექანიზმები, საზოგადოების სიმყარეა, ალბათ და ჩვენი საზოგადოების სიმყარეც არის ნამდვილად ის ძალა, რაც ჩვენ გვაქვს და რის გამოც გვაქვს ჩვენ სტაბილურობა და შესაძლებლობა, რომ მშვიდობიან საქართველოში ვიყოთ. ეს ნამდვილად არის ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, პირველ რიგში… თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემები არის უცხო ევროპისთვის. მეტ-ნაკლებად ეს ჩანს და თუ კარგად დავაკვირდებით, ზოგ ქვეყანაში მეტად, ზოგ ქვეყანაში ნაკლებად, წავაწყდებით, რომ არის საკმაოდ დიდ ძალასთან ბრძოლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ ტრამპისთვის და რას ნიშნავს „ოცნებისთვის“„დიპ სტეიტმა“ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების რიტორიკაში თანდათან ჩაანაცვლა „გლობალური ომის პარტია“. ისინი “დიპ სტეიტის” “აგენტურად” ხედავენ პოლიტიკურ ოპონენტებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
"ოცნება" თავიდან აცხადებდა, რომ “გლობალური ომის პარტიას” ზეგავლენა ჰქონდა როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის მმართველ სტრუქტურებზე. ბოლო პერიოდში, ისინი აცხადებენ, რომ “დიპ სტეიტის” ბრძოლას უფრო ბრიუსელიდან გრძნობენ და წარმატებებს უსურვებენ აშშ-ის პრეზიდენტს “დიპ სტეიტთან” ბრძოლაში.
- საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად მიუთითებდნენ, რომ "გლობალური ომის პარტია" შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.
- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ “დიპ სტეიტთან” გამოცხადებული ბრძოლის ქვაკუთხედს წარმოადგენს ბრძოლა აშშ-ის ფედერალური მთავრობის “ჩრდილოვან” ბიუროკრატიასთან და გავლენიან პოლიტიკურ ელიტებთან.
დამაჯერებელი არგუმენტების გარეშე, საქართველოში, “გლობალური ომის პარტიის”/”დიპ სტეიტის” არსებობის დაჯერება ბევრს უჭირს.
ასევე ნახეთ "ეს არის "დიპ სტეიტის" აგენტების ბედი" - კობახიძე ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობაზეოპოზიციაში მოელიან, რომ ყველას, ვინც მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე ახსენა, „წულუკიანის კომისია“ აუცილებლად დაიბარებს და მათ შორის - სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც ბოჭორიშვილმა - ოპოზიციის მოკავშირედ, "ანტისახელმწიფოებრივ გეგმებზე" საუბრისას ახსენა. კომისიის სხდომაზე არმისვლა შესაძლოა დაკავების საფუძველი გახდეს - ისევე, როგორც ეს სხვა არაერთ შემთხვევაში იყო.
„არალეგიტიმურად შექმნილ ღალატის კომისიაზე გამოცხადებას არ ვაპირებ!“ - აღნიშნა კოალიცია “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, 25 ივნისს. მანამდე, მაკა ბოჭორიშვილმა ბოკუჩავაც ახსენა - როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მსურველი პოლიტიკოსი.
ასევე ნახეთ 6 კვირა, 7 დაჭერილი ოპოზიციონერი, თვითმმართველობის არჩევნები და ბიზნესის დუმილი"წულუკიანის კომისიის" სხდომაზე არმისვლის გამო, 14 მაისის შემდეგ, 6 კვირის განმავლობაში, უკვე 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაკავებული. ესენი არიან:
გიორგი ვაშაძე -“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი; დააკავეს 24 ივნისს, პატიმრობის ვადა - 7 თვე;
მამუკა ხაზარაძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი; დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე;
ბადრი ჯაფარიძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი; დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე;
ნიკა გვარამია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი; დააკავეს 13 ივნისს [გირაო არ გადაიხადა] - განაჩენი გამოცხადებული არ არის;
ნიკა მელია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი; დააკავეს 29 მაისს [გირაო არ გადაიხადა]; განაჩენი გამოცხადებული არ არის;
ზურაბ ჯაფარიძე - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი; დააკავეს 22 მაისს [გირაო არ გადაიხადა]; პატიმრობის ვადა - 7 თვე;
ირაკლი ოქრუაშვილი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი; დააკავეს 14 მაისს [გირაო არ გადაიხადა]; განაჩენი გამოცხადებული არ არის.