უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საფრთხის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მიგრანტები. პოლონეთი საქართველოს ათობით ათასი მოქალაქისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რაზეც დიდი ფულადი გადმორიცხვებიც მეტყველებს.
ტუსკმა ორ ძირითად პრობლემაზე მიუთითა:
- საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა - ვარშავას არ სურს, უვიზოდ უმასპინძლოს იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც აუცილებელ სტანდარტებს არ იცავენ.
- ორგანიზებული დანაშაულის რისკები - "საქართველოს მსგავსი" ქვეყნებიდან. ვარშავა, უკვე თვეებია, მიუთითებს “იმპორტირებული კრიმინალის" კავშირზე საქართველოდან ჩასულ მიგრანტებთან.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ვარშავას შანტაჟსა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უპატივცემლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახელს პოლიტიკური მიზნებით იყენებს.
საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით 2017 წლიდან სარგებლობენ. სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმი ევროკავშირს 61 ქვეყანასთან აქვს. შეჩერების მექანიზმი კი, სხვადასხვა ფორმით, ბრიუსელმა უკვე გამოიყენა რუსეთის, ბელარუსისა და ვანუატუს შემთხვევაში.
თუკი პოლონეთში ჩასვლა გაძნელდება
52 წლის ზურა ამჟამად პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში მშენებლობაზე მუშაობს, ლეგალურად - აქვს სამუშაო ვიზა, რომელსაც პერიოდულად განახლება სჭირდება. ამბობს, რომ მაღალი ხელფასი არა აქვს, მაგრამ საქართველოში დარჩენილ ოჯახს - მეუღლეს, ორ შვილსა და დედას - თვეში 4 ათას ლარს მაინც უგზავნის, კრედიტს იხდის და ცოტა თავადაც რჩება.
„თვიდან თვემდე ყოფნით, სხვა რა გზა აქვთ. ბიჭი ცოტა რომ წამოიზრდება, ალბათ იმასაც წამოვიყვან... მანდ სამუშაო რომ ვერ ვიშოვე... და ვარ აქეთ უკვე მეხუთე წელია“, - შიგადაშიგ ოჯახის წევრები ზურასთან პოლონეთში ჩადიან, უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ - „იაფი ბილეთები როცა შეხვდებათ“.
„აი, ამ უვიზოს გაუქმებაზე რომ არის ლაპარაკი, არანაირად არ აწყობთ, ვინც აქაა. ზოგი რაღაც საქმეს იპოვის და 3 თვითაც მოდის ხოლმე, ცოტა ფული რომ წაიღოს“, - ზურას ქალაქში, როგორც გვეუბნება, „პატარა საქართველოა“.
პოლონეთში მართლაც ბევრი ქართველია. ბოლო წლებში ეს ქვეყანა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართველ მიგრანტებს ყველაზე მეტად იზიდავდა. ექსპერტები განმარტავდნენ - პოლონელები უფრო მაღალი ანაზღაურებისთვის სხვა ქვეყნებში გადადიან და პოლონეთი სამუშაო ძალას გარეთ ეძებსო.
თუმცა მაჩვენებლები თანდათან საგანგაშო გახდა ვარშავისთვის.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ცნობებით, პოლონეთში ითვლიან 3 მილიონ მიგრანტს, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება.
2023 წელს სოციალური უზრუნველყოფს სამსახურში [ZUS] მილიონ 300 ათასი მიგრანტი დარეგისტრირდა, მაშინ, როცა 2015 წელს მათი რიცხვი 200 ათასს არ აღემატებოდა. დარეგისტრირება აუცილებელი პირობაა მიგრანტთა ლეგალურად დასაქმებისთვის.
ZUS-ის სტატისტიკით, რომელსაც პოლონური მედია 2024 წლის დასაწყისში ავრცელებდა, უცხოელებს შორის ქართველები დასაქმებულთა სიდიდით მესამე ჯგუფს წარმოადგენენ, უკრაინელებისა და ბელარუსების შემდეგ.
2024 წლის დასაწყისისთვის პოლონეთში საქართველოს 26 219 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული, მაშინ როცა 2015 წელს - 1000-ზე ნაკლები.
ბოლო წლებში ქართველები ყველაზე იოლად საქმდებოდნენ მშენებლებად, ტაქსის მძღოლებად და პოპულარული იყო კურიერის ვაკანსიებიც. მაგრამ ახლა, „ზლოტის ვარდნისა და სამუშაოს ბევრი მძებნელის გამო“, ძველებურად კმაყოფილი აღარავინაა. პოლონეთში გადასვლა უღირდათ IT სპეციალისტებსაც, მაგრამ, პოლონური წყაროების თანახმად, მათთვის დაწესებული საშეღავათო პირობები ბოლო პერიოდში გაუქმდა.
თუმცა ვინც ეძებს, ჯერჯერობით მაინც პოულობს სამსახურს. ზურამ გვითხრა, რომ კვალიფიციურ კადრებს დასაქმება არ უჭირთ - თუკი უცხო ენებს ფლობ და სამშენებლო ნახაზების კითხვაც იცი, მშენებლობაზე საათში შესაძლოა 300 ზლოტიც [220 ლარი] შემოგთავაზონ. საწარმოებში დამწყებთათვის ანაზღაურება შედარებით დაბალია - 240-400 ზლოტი [170-290 ლარი] დღეში.
პოლონეთიდან ოჯახებს ბევრი არჩენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემთა ბაზის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია.
- 2025 წლის აპრილში, პოლონეთიდან საქართველოში 2 860 000 დოლარი გადმოირიცხა.
- 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2 890 000 დოლარი;
- 2019 წლის აპრილში - 2 530 000 დოლარი;
- 2017 წლის აპრილში - 120 000 დოლარი.
ტუსკმა კონკრეტულად საქართველოზე ილაპარაკა?
პოლონეთის მედიაში ფართოდ გაშუქდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრად 11 ივნისს ხელახლა დამტკიცებული დონალდ ტუსკის სიტყვები, წარმოთქმული პარლამენტში. მან ილაპარაკა, რომ აუცილებლად გასამკაცრებელია მიგრაციის პოლიტიკა რამდენიმე ქვეყნისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის “უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის ან გაუქმებისთვის საჭირო მომხრეთა უმრავლესობის შექმნისთვის" მუშაობს.
“ეს არ შეეხება მხოლოდ საქართველოს, მაგრამ ზოგადად, მე მტკიცედ ვუჭერ მხარს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ქვეყნებისთვის, რომლებიც - საქართველოს მსგავსად - უკვე არ აკმაყოფილებენ განსაზღვრულ [დემოკრატიულ] სტანდარტებს... და საიდანაც მიგრაცია უქმნის პირდაპირ საფრთხეს სამართლებრივ და საზოგადოებრივ წესრიგს ჩვენს ქვეყანაში თუ ევროპაში”, - პოლონეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ფრაგმენტებს მედია ავრცელებს. როგორც ჟურნალისტები წერენ, მან ბოდიშიც მოუხადა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ გაიზიარონ ევროპული ფასეულობები.
ვარშავა უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ მიგრაციის ნაკადების ზრდა ქვეყანაში დანაშაულის სტატისტიკას ზრდის და ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის წინაშე აყენებს. ამ პრობლემას ხშირად საქართველოდან ჩასულებთან აკავშირებენ.
12 ივნისს დონალდ ტუსკმაც აღნიშნა, რომ „სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის“ ბოლო პერიოდში პოლონეთიდან საქართველოს 50 მოქალაქე გააძევეს.
ორგანიზებული დანაშაულის მაჩვენებლების გაუარესება ერთ-ერთი კრიტერიუმია უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებს შორის. სხვა საფუძვლებია:
- თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა [50%-ზე მეტი] - წინასწარი ინფორმაციით, იგეგმება ამ მაჩვენებლის 20%-მდე შემცირება;
- რეადმისიის შეთანხმებასთან [წესების დამრღვევთა დაბრუნება] დაკავშირებული თანამშრომლობის მაჩვენებლების მიხედვით.
თბილისი ისევ შანტაჟზე ლაპარაკობს
უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე დისკუსია აქტუალური გახდა საერთაშორისო პარტნიორებსა და თბილისს შორის ურთიერთობების მზარდი დაძაბულობის ფონზე. „ოცნება“ კი ყოველ ჯერზე კრიტიკას შანტაჟს უწოდებს.
"ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში. თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე", - თქვა “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტუსკის საპასუხოდ 12 ივნისს.
“ეს რაიმე ღვთიური მანანა არის ეს უვიზო მიმოსვლა?!” - აპრილში ასე უპასუხა “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა პრივილეგიაა და მას შენარჩუნება სჭირდება.
12 ივნისს კი შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიზანი პოლიტიკური ქულების დაგროვება იყო, მისი მთავრობის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებული კენჭისყრის წინ და „მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის გამოყენება პოლიტიკური მიზნით და კონსერვატორულ ხაზზე დაჯდომის მცდელობა”.
არგუმენტად იმის მოყვანა, რომ „ქართველები რამეს აშავებენ პოლონეთში ან ბევრი არიან და ა.შ. არასერიოზულია. შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, მათ შორის პოლონეთში უცხოელი მიგრანტების ქცევიდან გამომდინარე და მათ შორის ნახავთ პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, რომელიც რაოდენობრივად და სხვადასხვა დარღვევებიდან გამომდინარე, სტატისტიკურად უფრო მეტია", - უთხრა პაპუაშვილმა მედიას.
პოლონეთის პრემიერს ხელი აქვს მოწერილი “ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნების [პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი] საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ არაერთ წერილზე, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა.
- პოლონეთს, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია “ქართული ოცნებისთვის”;
- პოლონეთს, ევროპის რამდენიმე ქვეყნისა და აშშ-ის მსგავსად, ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვები აქვს დაწესებული “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მოკავშირეებისთვის.
დანაშაული 90-იანი წლების სტილში
ტუსკის მთავრობამ ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა, რომ საჭიროა ბრძოლის გამკაცრება „იმპორტირებული დანაშაულის მზარდ ტალღასთან“ და მაშინაც აღინიშნა, რომ საყურადღებო პრობლემას საქართველოდან ჩასული მიგრანტები ქმნიან.
2025 წლის თებერვლის დასაწყისში პოლონური გაზეთი Rzeczpospolita წერდა, რომ პოლონეთში დაბრუნდა გასული საუკუნის 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი სასტიკი დანაშაულის ხელწერა და რომ „[მაშინდელი] ადგილობრივი განგსტერები ჩაანაცვლეს უცხოელებმა, აღმოსავლეთიდან“ და რომ მსგავსი ხელწერის დანაშაულები ჩადენილია ქართველი მიგრანტების მიერ.
გაზეთს მაგალითად მოჰყავდა გასულ წელს დაკავებული სამი ქართველის ჯგუფური დანაშაული - მათ ბრალად ედებოდათ ბრილიანტების მოპარვა და სავალუტო ჯიხურის ძარცვა. სტატიაში აღწერილი იყო ქუჩაში ძარცვაც, ძალადობის თანხლებით.
11 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა პრესკონფერენციაზეც განაცხადა, რომ უცხოელთა ორგანიზებულ დანაშაულს ვერ მისცემენ უფლებას, დაარღვიოს პოლონეთის უსაფრთხოება და რომ ეს აბსოლუტური პრიორიტეტია ყველა ძალოვანი სტრუქტურისთვის.
პოლონური მედია წერს, რომ მაშინ მინისტრმა დაადასტურა დანაშაულში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.
ოფიციალური სტატისტიკით, პოლონეთში დანაშაულის ჩამდენთა 5% უცხოელია.
რა პოზიციაა ევროკავშირში?
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 12 ივნისს განაცხადა, რომ გაერთიანების წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ ემხრობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ეს განცხადება ელჩმა გააკეთა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ.
უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკავშირის 15 წევრის თანხმობა სჭირდება. ცალკე აღებული ერთი ქვეყანა ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს. მას შეუძლია ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვები დააწესოს.
ელჩმა ჰერჩინსკიმ განმარტა, რომ დონალდ ტუსკმა გამოთქვა ერთ-ერთი მოსაზრება ბოლო არაერთი თვის მანძილზე მიმდინარე დისკუსიებიდან, თუ როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა საქართველოში შექმნილ ვითარებას.
„ჩვენ არ გვინდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, ქმედებებისა და კანონმდებლობისთვის, რომლებიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა“, - უთხრა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.
- ევროკავშირის ქვეყნების მიერ 2025 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით, უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეეზღუდათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს [“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები].
- რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ აპრილში ჰქონდა ინფორმაცია, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელები სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად ვიზებს იღებდნენ.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, 2025 წლის აპრილში რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უვიზო მიმოსვლის შეჩერება, DCFTA-ის გადახედვასთან და კანდიდატის სტატუსის გაყინვასთან ერთად, დაასახელა იმ ზომებს შორის, რომელთა გამოყენებაც თეორიულად შესაძლებელია - საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ.
ევროკავშირი ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების გაიოლების გეგმებს განიხილავს - ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც შენგენის ზონაში შესვლისას ამ უპირატესობით სარგებლობენ. მათ შორის არის საქართველოც.
გაუქმების საფუძვლებს, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ემატება „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები“, „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევები” და “ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა”.
ეს კრიტერიუმები ზუსტად იმ გამოწვევებს ასახავს, რომელთა გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მწვავე კრიტიკას იწვევს. თუკი ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, ექსპერტები მოელიან, რომ ადრე თუ გვიან უვიზო მიმოსვლა შეწყდება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
ფორუმი