4 ოქტომბერი - არჩევნები OSCE/ODIHR-ის გარეშე

4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

4 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ კენჭისყრა “მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე” მიმდინარეობდა და რომ პროცესს “მშვიდად და პოზიტიურად” აფასებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

“დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება რიგი დარღვევები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესახებ”, - აცხადებდნენ პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“. არჩევნებში მონაწილე მეორე ოპოზიციური პარტია “ლელო - ძლიერი საქართველო” აცხადებდა, რომ უკვე 12:00 საათისთვის 100-ზე მეტი საჩივარი ჰქონდათ დაწერილი.

4 ოქტომბერს, კენჭისყრის პროცესის მიწურულს, თვითმმართველობის არჩევნები გადაფარა თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა - როცა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრნენ და ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ. მალევე დაიწყო აქციის დაშლა.

ოპოზიციური პარტიების საჩივრების ჩამონათვალშია, მაგალითად:

  • ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაწანში, №22 უბანზე: უბნის შენობაში იმყოფება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებდა - უბანზე შესვლისა და გამოსვლის დროს.
  • რაჭაში, ონის №1 საარჩევნო უბანზე: დამკვირვებლებს ხელოვნურად უქმნიდნენ ბარიერებს - ეზღუდებოდათ გადაადგილება, რაც შეუძლებელს ხდიდა დარღვევებზე დროულ რეაგირებას.
  • მცხეთის №2 საარჩევნო უბანზე: ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად, იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლებს შესასვლელში ხვდებოდა.
  • ხულოს მუნიციპალიტეტში: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის

კანდიდატის, ავთანდილ აბულაძის შვილი, მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შესვლამდე ავტომობილში ისვამს და აძლევს მითითებებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხმის მიცემის დროს.

„გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებდა ასევე ცნობებს, რომ რეგიონებში ამომრჩევლებს თანხას ურიგებდნენ. ითქვა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გავრცელდება.

ასევე ნახეთ ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33,5% იყო
ასევე ნახეთ ცესკო: 17:00 საათისთვის ამომჩეველთა აქტივობა 32,5%-ია

ცესკოს მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში, 15:00 საათის მდგომარეობით, სულ 5 საჩივარი იყო შესული, დაკავშირებული: ფოტო-ვიდეოგადაღების წესის დარღვევასთან, კენჭისყრის შენობის მოწყობასა და საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვასთან.

“არსებითი დარღვევები არ ყოფილა ისეთი, რომელსაც შეეძლო პროცესისთვის ხელი შეეშალა”, - აცხადებს ცესკო და უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, რომ “ბიულეტენებმა წელსაც გაჟონა”. აცხადებენ, რომ ამაზე მხოლოდ პროცესის დისკრედიტაციაში “დაინტერესებული მხარე” მიუთითებდა.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება. ამასთან ბიულეტენი, ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებამდე, ამომრჩეველს კაბინიდან ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს, შესაბამისად - მარკერის კვალს, მისი არსებობის შემთხვევაში”, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა. მისი განმარტებით, არჩევანის გამჟღავნება შეუძლებელია ასევე ბიულეტენის ხმის მთვლელ მანქანაში შეცურებისას, რადგან წელს მანქანებზე დამონტაჟდა - “ჭრილის საფარიც”.

კენჭისყრის პროცესში დარღვევების პრევენციის მნიშვნელოვან მექანიზმად ცესკო ასახელებდა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელთა რიცხვი წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ასევე ნახეთ არჩევნებს 81 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება – 2021 წელს მათი რიცხვი 1000-ს აჭარბებდა

საერთაშორისო დამკვირვებლების დადებით შეფასებებს 4 ოქტომბერს აქტიურად ავრცელებდა პროსახელისუფლებო მედია. ისინი ამბობდნენ, რომ კენჭისყრის პროცესი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული, ძალდატანების გარეშე, მშვიდად მიმდინარეობდა და რომ ხალხიც დიდი ენთუზიაზმით მიდიოდა არჩევნებზე.

  • 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია - სულ 81 დამკვირვებლით;
  • 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი 78 საერთაშორისო ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული, ჯამში - 1800-ზე მეტი წარმომადგენლით.


წელს არჩევნებს არ აკვირდება ეუთო/ოდირი [OSCE/ODIHR] - რომლის დასკვნაც ყველაზე სანდოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. თავიდან „ქართულმა ოცნებამ“ მათ მოწვევაზე უარი განაცხადა, ხოლო როცა მოწვევა გადაწყვიტა, მოსამზადებლად საჭირო ყველა ვადა გასული იყო და დამკვირვებლებმა საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლეს.

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი“ (OSCE/ODIHR), 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 691 დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი.

არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.

ასევე ნახეთ პარტიები, დამკვირვებლები, მედია - არჩევნები 2025 რიცხვებში

კენჭისყრის უბნებზე გამოვლენილ დარღვევებს - პროცესის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში. მაკა ბოჭორიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნების ტენდენცია ამ არჩევნებზეც შეინიშნებოდა და მიზანი - არჩევნების ნეგატიურად წარმოჩენა იყო.

“ვაკვირდებით ამ პროცესს, ხდება და მცდელობები არის, რომ მოახდინონ დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია. დადგან და შექმნან ისეთი სურათი, თითქოს რაღაც არასწორად მიმდინარეობს იმ პროცესებში, რაც არჩევნებს უკავშირდება“, - განაცხადა “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე მისი თქმით, არჩევანს აკეთებენ საქართველოს მოქალაქეები, ისინი წყვეტენ - “თუ ვინ უნდა მართოს ქალაქი, სოფელი და ქვეყანა” და სწორედ ხალხის არჩევანს უნდა სცენ პატივი საერთაშორისო პარტნიორებმა.

“განსაკუთრებით იმ ქვეყნებისგან, სადაც ჩვენ ინტეგრაცია და ასოცირება გვინდა, ვგულისხმობ დასავლეთის ქვეყნებს, მოველი, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევნებს“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა. მათ შორის არის კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ამ არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ.

ამომრჩევლების ნაწილი არ წავიდა არჩევნებზე. ისინი შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე - მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" მიერ ორგანიზებულ "სახალხო კრებაზე"; რომელზეც ხელისუფლების ხალხისთვის გადაბარება გამოცხადდა.

ამის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრა და ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრა. ძალოვანებმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს.

ასევე ნახეთ შსს უნდა დაემორჩილოს ხალხს - პაატა ბურჭულაძემ დეკლარაცია წაიკითხა
ასევე ნახეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში დემონსტრანტები შეიჭრნენ